|
"საქართველო "
რა ვერ გაიყვეს "ტრადიციონალისტებმა"და "მოქალაქეებმა"?!
ცეცხლი თივაში არ დაიმალებაო, ნათქვამია. არც "ტრადიციონალისტთა" და "მოქალაქეთა", რბილად რომ ვთქვათ, ურთიერთშელეპარაკების ფაქტი დაემალა ჟურნალისტთა თვალსა და ყურს. როგორც სანდო წყაროებმა გვაუწყეს, "ტრადიციონალისტები" და "მოქალაქეები" ერთურთს საკმაოდ სერიოზულად დაუპირისპირდნენ, იმდენად სერიოზულად, რომ ხელიც კი აიღეს ერთმანეთზე. თუმცა მორკინალთა კონკრეტული ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მართალია, ორივე მხარე გულდაგულ ფარავს ზემოთ აღნიშნულ ფაქტს, მაგრამ მათი ქცევის მიხედვით აშკარაა, რომ შავმა კატამ გაირბინა ამ ორ პარტიას შორის. არადა სულ ცოტა ხნის წინ ისინი საუბრობდნენ ერთობლივ, ძმურ ცხოვრებაზე, ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნაზე. ამ თემაზე საუბრისაგან ისინი თავს შორს იჭერენ და გაურბიან. ამბობენ, "ტრადიციონალისტებს" სანანებლად გაუხდათ ბურჯანაძის კანდიდატურის წამოყენებაო, რადგანაც ვიცე-სპიკერის სავარძელი ვერ მიიღეს სანაცვლოდო. თავად "ტრადიციონალისტები" უთანხმოების მიზეზად შეთანხმების დარღვევას ასახელებენ. მთავრობის ფორმირების პერიოდში "მოქალაქეები" და "ტრადიციონალისტები" შეთანხმებულან, რამდენიმე კანდიდატის ჩაგდებაზე და ეს შეთანხმება დარღვეულა. განსაკუთრებული გაღიზიანება და უკმაყოფილება "ტრადიციონალისტთა" მხრიდან მერაბ ადეიშვილის მინისტრის პოსტზე დანიშვნამ გამოიწვია. როგორც ისინი აცხადებენ "მოქალაქეებს" ისეთი რამ უკადრებიათ, პატიოსანი კაცი რომ არ იკადრებდა. ჯერ ადეიშვილის ჩაგდების პირობა დაუდევთ, მერე კი გადაუთქვამთ. "ტრადიციონალისტები" "აღორძინებასაც" უქიცინებენ კუდს და "მოქკავშირთანაც" ცდილობდნენ კარგი ურთიერთობის დამყარებას. ორი ბატონის მსახურად ყოფნა კი ძალიან ძნელია და სწორედ ამ სირთულეს აწყდებიან ისინი დღეს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |