"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

საქართველო "ესენგედან" გამოვა! ოჰ, ეს საზარელი ტელეფონი უახლესი პერსპექტივა?!

როგორც ცნობილია, 1994 წლის 1 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა "ესენგეს" ("დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის") წესდებასთან საქართველოს მიერთების, ანუ მოდერნიზებულ, შერბილებულ და შესუსტებულ რუსულ იმპერიაში საქართველოს ჩათრევის აქტის, რატიფიკაცია. ეს აქტი იყო შევარდნაძის ერთ-ერთი ძირითადი რუსული დავალების შესრულება, ხოლო შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხროვის მანამდე გატარებული მოღალატური პოლიტიკა _ 1991-92 წლების გადატრიალების ორგანიზების, დასავლეთი საქართველოს მრავალგზისი აოხრების, აფხაზეთის ომის (არძინბას ხროვასთან ერთად) ორგანიზების და მასში სამხედრო ღალატის ჩათვლით _ ამ აქტისათვის საქართველოს მომზადებას, ანუ დაბეჩავებისა და ნებისყოფის დათრგუნვის სათანადო კონდიციამდე მიყვანას, წარმოადგენდა. იმ 126 ნაძირალის სახელი და გვარი, რომელთაც ხმა მისცეს პარლამენტის ამ აქტს, შევარდნაძის მეთაურობით, ცნობილია და მათ, უეჭველია, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა ელით, როგორც სახელმწიფოს მოღალატეებს. "ესენგეში" საქართველოს ყოფნის შედეგები ცნობილია. ეს არის (სხვა მრავალთან ერთად) საქართველოს მიბმულობა რუსული იმპერიის ეტლზე, რაც მისი საგარეო ურთიერთობების განვითარებისთვის უმძიმესი დაბრკოლებაა, და საქართველოში რუსეთის "მემშვიდობეთა" დგომა, რომლის პირდაპირი შედეგია 1700-ზე მეტი ადამიანის დახოცვა გალის რაიონში 1994 წლის აქეთ.

"ესენგეს" წესდების თანახმად, "ესენგედან" რომელიმე ქვეყნის გამოსვლა მოითხოვს ისეთი პირობების დაკმაყოფილებას, რომელიც შეიძლება გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდეს და ფორმალობათა შესრულებას, რომლებიც მოითხოვს დროს ერთი წლიდან და ზემოთ. ამიტომ საქართველოსთვის პრაქტიკულად ამ ახალი მონობიდან თავის დახსნის ერთადერთი გზა არსებობს: ესაა იმ აქტის უკანონობის დადასტურება, რომლითაც საქართველო "ესენგეს" წესდებას შეუერთდება, და ამ აქტის ბათილად ცნობა.

საქართველოს ეროვნული მიმართულების და, მაშასადამე, დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ პარტიებს ან მათ შემადგენელ პიროვნებათა ჯგუფს შეაქვს სარჩელი კონსტიტუციურ სასამართლოში ხსენებული აქტის, როგორც კანონსაწინააღმდეგოს, დაკვალიფიცირების შესახებ. ვაქვეყნებთ ამ დოკუმენტის კონცეპტუალურ სქემას და ველით შენიშვნებს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთაგან.

I. საქართველოს ყოფნის სნგ-ს შემადგენლობაში, რაც დაიწყო 1994 წლის 1 მარტის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დადგენილებით სნგ-ს წესდებასთან საქართველოს შეერთების შესახებ და გრძელდება დღემდე, როგორც საქართველოში რუსეთის "სამშვიდობო" ჯარის ყოფნის ხელშემწყობი პოლიტიკური ფაქტორი, როგორც საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობიდან გამომდინარე რუსული სპეცსამსახურების მოქმედების და, ამგვარად, საქართველოში არასტაბილურობისა და კრიმინოგენული ვითარების მუდმივად არსებობის ხელშემწყობი პოლიტიკური ფაქტორი, ჩვენ, მოსარჩელენი, დაზარალებულნი ვართ

_ ჩვენი სიცოცხლის დაცვის გაძნელების მიმართულებით, ვინაიდან მას მუდმივი საფრთხე ემუქრება იმ შემთხვევაში, როცა გვჭირდება გალის რაიონში ან გულრიფშის რაიონში ჩასვლა, როცა გვჭირდება აფხაზეთის დანარჩენ ნაწილში ჩასვლა, ცხინვალის ზონაში ჩასვლა ან მასზე გავლა, აგრეთვე მაშინ, როცა, ყოველდღიურობის პირობებში, ვცხოვრობთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ტერაქტებისა და დანაშაულებრივი ჯგუფების მუდმივი მოქმედების ვითარებაში. ჩვენი ამ დაზარალების ილუსტრაციაა გალის რაიონში რუსეთის "სამშვიდობო" კონტინგენტის ჩადგომის შემდეგ (1994) მისი პირდაპირი და არაპირდაპირი ხელშეწყობით 1700 მშვიდობიანი ქართველი მოსახლის მოკვლის ფაქტი.

_ ჩვენ საარსებო ეკონომიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიმართულებით, ვინაიდან ქვეყნის ქართველი მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტის დევნილობა უარყოფით ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენი ამ დაზარალების ილუსტრაციაა საქართველოდ 1800 ათასი ადამიანის ემიგრაციისა და საექსპორტო პროსტიტუციის ქვეყნად საქართველოს გადაქცევის ფაქტი.

_ ზნეობრივად, ვინაიდან საქართველოს ყოფნა სნგ-ში ჩვენ მიგვაჩნია და ჩვენს მიერ განიცდება როგორც რუსეთის კოლონიურ იმპერიაში საქართველოს კვლავ დაბრუნება და იმ სისხლის შეურაცხყოფა, რომელიც ქართველმა ერმა თავისუფლების მოპოვებისათვის დაღვარა,

_ პირადი თავმოყვარეობის დაუცველობის მხრივ, ვინაიდან, ჩვენის აზრით, რომლის არგუმენტაციასაც ქვემოთ მოვიყვანთ, და ჩვენი უყოყმანო რწმენით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა შევარდნაძემ და საქართველოს პარლამენტის იმ წევრებმა, რომელთაც 1.III 1994 წელს ხმა მისცეს საქართველოს შეერთებას სნგ-ს წესდებასთან, პოლიტიკური ანბანის არმცოდნედ და გულუბრყვილოებად ჩათვალეს საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ჩვენ, ამჟამინდელი მოსარჩელენი, როცა აშკარად კანონსაწინააღმდეგო ფორმით გაატარეს ეს საპარლამენტო აქტი.

ჩვენს მიერ განცდილი დაზარალების შედეგთა გამოსწორების მიზნით და ჩვენი შემდგომი დაზარალების შეწყვეტის მიზნით, რაც მიიღწევა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1 მარტის დადგენილების "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ბათილად ცნობით, ვთხოვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაადგინოს, არის თუ არა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1 მარტის აქტი "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს შეერთების რატიფიკაციის შესახებ მიღებული კანონდარღვევით.

კანონდარღვევები, რომლითაც მიღებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1 მარტის დადგენილება "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს შეერთების რატიფიკაციის შესახებ, სახელდობრ, შემდეგია:

1. საქართველოს 1992 წლის ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაშია "შეიარაღებული ძალების მოწყობისა და შეაიარაღებულ ძალებში გაწვევის წესების დადგენა" (მუხლი 7, პ.12) და "საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სამხედრო და საგანგებო წესების გამოცხადება და გამოცხადების დადასტურება" (მუხლი 17, პ.13), ხოლო სახელმწიფოს მეთაური არის საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალი (მუხლი 30), იგი "აცხადებს მობილიზაციას", "აცხადებს საომარ მდგომარეობას საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში" და "აცხადებს სამხედრო მდგომაროებას" (მუხლი 17). წინააღმდეგ ამისა, სნგ-ს წესდების თანახმად, "ვისშიმ ორგანომ სოდრუჟესტვა პო ვოპროსომ ობორონი ი ოხრანი ვნეშნის გრანიც გოსუდარსტვ-ჩლენოვ იავლიაეტსია სოვეტ გლავ გოსუდარსტვ" (მუხლი 14). სნგ-ს წევრი ქვეყნების "თავდაცვის მინისტრთა საბჭო" არის "ორგან სოვეტა გლავ გოსუდარსტვ პო ვოპროსომ ვოენნოი პოლიტიკი ი ვოენნოგო სტროიტელსტვა გოსუდარსტვ" (მუხლი 30) და სნგ-ს ჰყავს "გლავნოე კომანდოვანიე ობეძინიონიმი ვოორუჟენნიმი სილამი, ა ტაკჟე გრუპპამი ვოენიხ ნაბლუდატელეი ი კოლექტივნიმი სილამი პო პოდდერჟანიუ მირა ვ სოდრუჟესტვე".. სნგ-ს წესდების თანახმად, "რეშენიე ო სოვმესტნომ ისპოლზოვანიი ვოორუჟენნიხ სილ პრონიმაეტსია სოვეტ გლავ გოსუდარსტვ სოდრუჟესტვა ილი ზაინტერესოვანნიმი გოსუდარსტვ-ჩლენამი სოდრუჟესტვა ს უჩოტომ ნაციონალნოგო ზაკონოდატელსტვა" (მუხლი 12). საქართველოს ორგანული კანონის ციტირებული მუხლი 30 და "ესენგეს" წესდების მუხლი 14, რომელიც ადგენს, საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდლის ზემოთ სხვა "უმაღლესი ორგანოს" არსებობას, პირდაპირ (სიტყვიერ) ურთიერთწინააღმდეგობაშია, ხოლო სხვა ციტირებული მუხლები "ესენგეს" წესდებისა ერთის მხრივ და საქართველოს ორგანული კანონისა მეორეს მხრივ, ურთიერთწინააღმდეგობაშია მათგან გამომდინარე შედეგებით, სახელდობრ, იმით, რომ შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტების შემთხვევაში საქართველოსთვის მათზე რეგულირების ურთიერთგანსხვავებულ ხაზებს აკანონებენ. საქართველოს ორგანულ კანონსა და სნგ-ს წესდებას შორის ამ წინააღმდეგობის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ა) ან სნგ-ს წესდების ციტირებული მუხლების მოხსნით ბ) ან საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების მოხსნით გ) ან საქართველოს კანონში ან სნგ-ს წესდებაში იმის განსაზღვრით, თუ როგორ, რამდენად და რა მექანიზმით ზღუდავს სნგ-ს ორგანოთა უფლებამოსილება საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისას და პირუკუ. არც "ესენგეს" წესდებაში, არც საქართველოს ორგანულ კანონში "სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ", 1994 წლის 1 მარტს, ანუ "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს მიერთების საპარლამენტო აქტის მიღების მომენტში, ასეთი განსაზღვრებები შეტანილი არ იყო და არც შემდეგში ყოფილა. ამგვარად, "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს მიერთების საპარლამენტო აქტი მიღებულია ამ წესდებისა და საქარნთველოს ორგანული კანონის ურთიერთწინააღმდეგობის პირობებში. 2. საქართველოს ორგანული კანონით "სახელმწიო ხელისუფლების შესახებ", სახელმწიფოს მეთაური წყვეტს ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების საკითხებს (მუხლი 6. პ.1). წინააღმდეგ ამისა, სნგ-ს წესდებაში ნათქვამია, რომ სნგ-ს "სოვეტ კომანდუიუშიხ პოგრანიჩნიმი ვოისკამი" "იავლიაეტსია ორგანომ სოვეტა გლავ გოსუდარსტვ პო ვოპროსამ ოხრანი ვნეშნიხ გრანიც გოსუდარსტვ-ჩლენოვ ი ობესპეჩენია სტაბილნოგო პოლიჟენია ნა ნიხ" (muxli 31).

რამდენადაც ა) სნგ-ს წესდება საქართველოს "საზღვართა" ცნებაში გამოყოფს "გარეგან" საზღვრებს, ანუ საქართველოს საზღვრებს სნგ-ს არამონაწილე ქვეყნებთან, და

ბ) რამდენადაც სნგ-ს წესდება სნგ-ს ანიჭებს მონაწილეობის უფლებას ყველა სახის საზღვრების საკითხთა გადაწყვეტაში,

ამდენად სნგ-ს წესდებასთან საქართველოს შეერთება მოითხოვდა საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგი განსაზღვრებების ჩართვას:

ა) რაში მდგომარეობს საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები სნგ-ს გარეგან და მის არაგარეგან საზღვართა მიმართ,

ბ) რაში მდგომარეობს სნგ-ს უფლებამოსილებები ამავე საზღვართა მიმართ,

გ) როგორაა გამიჯნული საქართველოს პარლამენტის ეს უფლებამოსილებები სნგ-ს უფლებამოსილებებისაგან.

არც საქართველოს პარლამენტის მიერ "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს შეერთების რატიფიცირების შესახებ დადგენილების მიღების მომენტში, არც შემდეგ, არც "ესენგეს" წესდებაში, არც საქართველოს ორგანულ კანონში ეს განსაზღვრებები ჩართული არ ყოფილა. ამგვარად, ამ ორ დოკუმენტს შორის 1994 წლის 1 მარტს ეს წინააღმდეგობაც არსებობდა.

ამგვარად, საქართველოს შეერთება "ესენგეს" წესდებასთან 1994 წლის 1 მარტს მოითხოვდა ცვლილებების შეტანას იმ დროს მოქმედ საქართველოს ორგანულ კანონში "სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ", რომელშიც ცვლილებათა შეტანა, კანონით, შესაძლებელი იყო მხოლოდ პარლამენტის წევრთა სიითი რაოდენობის ორი მესამედით. მიუხედავად ამისა, დადგენილება "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს შეერთების რატიფიკაციის შესახებ მიღებულ იქნა უბრალო უმრავლესობით (126 ხმა, სიითი შემადგენლობა _ 236 წევრი), ანუ კანონის დარღვევით.

II. "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს ან რომელიმე სხვა დამოუკიდებელი ქვეყნის შეერთება არ არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს აკისრებს ამა თუ იმ შეთანხმებულ ვალდებულებათა შესრულებას ერთმანეთის წინაშე, როგორც სავსებით დამოუკიდებელ სუბიექტებს, რომელთა სუვერენიტეტი ამ ვალდებულებათა შესრულების შედეგად არ იკვეცება, არამედ ეს არის ამ ქვეყნების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების, სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა, მათი სტატუსის შეცვლა მათი დამოუკიდებლობის შეკვეცის მიმართულებით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა 90 პროცენტი, საქართველოს დამოუკიდებლობას ამ უკანასკნელის ყოველგვარი შეკვეცისა და შეზღუდვის გარეშე მხარი დაუჭირა რეფერენდუმის მონაწილეთა 99 პროცენტმა, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე საქართველოს მოსახლეობამ საერთო-სახალხო კენჭისყრით გამოთქვა თავისი აზრი და არჩევანი გააკეთა დამოუკიდებლობის სასარგებლოდ.

"რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 იანვრის კანონით, რომელიც მოქმედებდა 1994 წლის 1 მარტს, ანუ "ესენგეს" წესდებასთან მიერთების რატიფიკაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილების მიღების დღეს, ამ კანონის 27-ე მუხლის თანახმად, რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელი იყო მხოლოდ (ახალი) რეფერენდუმით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის არც ერთ ორგანოს თუ თანამდებობის პირს, მათ შორის არც პარლამენტს, არ ჰქონდა უფლება ისეთი გადაწყვეტილების მიღებისა, რომელიც ცვლის ან აუქმებს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის ისეთისა, რომელიც ცვლის მას (ამ გადაწყვეტილებას) საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შეკვეცის მიმართულებით.

1991 წლის 31 მარტიდან 1994 წლის 1 მარტამდე ახალი რეფერენდუმი ამ საკითხზე არ ჩატარებულა და, ამგვარად, ასეთი საკითხი ახალ რეფერენდუმზე არ გატანილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს შეერთების შესახებ და საქართველოს პარლამენტის დადგენილება ამ გადაწყვეტილების რატიფიკაციის შესახებ უკანონოა, იურიდიული ძალის არმქონეა და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

საქართველოს პარლამენტის მიერ "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს შეერთების რატიფიკაციის აქტი, ისევე როგორც სახელმწიფოს მეთაურისა და მინისტრთა კაბინეტის მანამდე მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილება, არღვევს და ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, სახელდობრ, შემდეგით: 1. "ესენგეს" წესდების მე-4 მუხლის თანახმად, მისი წევრი სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს საგარეო-პოლიტიკურ საქმიანობას, ეკონომიკურ, სოციალურ და მიგრაციულ პოლიტიკას, სამხედრო მშენებლობასა და მოქმედებას და საზღვრების დაცვას. აქ, კერძოდ, ნათქვამია, რომ პოლიტიკის ჩამოთვლილი და სხვა დარგები "ოტნოსიატსია" "კ სფერამ სოვმესტნოი დეატელნოსტი გოსუდარსტვ-ჩლენოვ, რეალიზუემოი ჩერეზ ობშიე კოორდინირუიუშიე ინსტიტუტი"

ეს ნორმა ზოგადია, ანუ იგი ეხება ამ დარგებში საქართველოს პოლიტიკას მთლიანად, აწ და მომავალში, და არა რომელსამე კონკრეტულად დასახელებულ ამოცანასთან მიმართებაში. რამდენადაც ქვემოთ ამავე წესდებაში (მუხლი 21) წერია, რომ "ესენგეს" "სოვეტ გლავ გოსუდარსტვ ... ობსუჟდაეტ ი რეშაეტ პრინციპიალნიე ვოპროსი, სვიაზანნიე ს დეატელნოსტუ გოსუდარსტვ-ჩლენოვ ვ სფერე იხ ობშიხ ინტერესოვ" და რამდენადაც ფორმულირება "რეშაეტ" წინააღმდეგობაშია ფორმულირებასთან "კორდინირუეტ" (მუხლი 22) და "ესენგეს" დახასიათებასთან, როგორც საკოორდინაციო ორგანოსი, ამდენად ისახება პოლიტიკის ზემოჩამოთვლილ დარგებში წევრ-სახელმწიფოზე "ესენგეს" დანარჩენ სახელმწიფოთა მეთაურების ზეწოლის მუდმივი შესაძლებლობა.

2. თუმცა "ესენგეს" წესდებაში (მუხლი 1) დეკლარირებულია, რომ სოდრუჟესტვო ნე იავლიაეტსია გოსუდარსტვომ ი ნე ობლადაეტ ნადნაციონალნიმი პოლნომოჩიამი", მისი შინაარსი შეიცავს იმის აშკარა ნიშნებს, რომ "ესენგე", ჩანაფიქრით, არის ქვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც სახელმწიფოებრივი ერთიანობისკენ მიისწრაფვის.

_ სნგ-ს წესდებაში გამოყენებული ტერმინოლოგია ამ "თანამეგობრობას" ახასიათებს არა როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეთა ერთობლიობას, არამედ როგორც მრავალმხრივ პოლიტიკურსა და იურიდიულ წარმონაქმნს, რომელიც მიისწრაფის შემდგომი "ინტეგრაციისკენ" (მუხლი 3) ანუ ყოველმხრივ პოლიტიკურსა და იურიდიულ ერთიან წარმონაქმნად ჩამოყალიბებისაკენ. სახელდობრ, ამ ტერმინოლოგიით სნგ-ში შემავალი სახელმწიფოები არიან არა "მონაწილე" სახელმწიფოები, არამედ "წევრი" ("ჩლენი) სახელმწიფოები (მუხლი 1), სნგ-ს "შექმნა" (სოზდანიე) მათი "გაერთიანებაა" ("ობედინივშიეისია") და არა მათ შორის "შეთანხმება" ან "ხელშეკრულება" (პრეამბულა), საზღვრებს სნგ-ში შემავალ სახელმწიფოსა და მასში არაშემავალ სახელმწიფოს შორის ეწოდება "გარე" ("ვნეშნიე") საზღვრები, ანუ ეს საზღვრები სნგ-ს საზღვრებად მიიჩნევა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სნგ-ს, თითქოს, ტერიტორია აქვს. ამავე დროს, სნგ-ს წესდება მოიცავს ფორმულირებას, რომელიც მიანიშნებს სნგ-ში ტერიტორიულ ცვლილებათა შესაძლებლობაზე, სახელდობრ, სნგ-ს პრინციპად დასახელებულია "ოტკაზ ოტ პროტივოპრავნიხ ტერრიტორიალნიხ პრიობრეტენიი" (მუხლი 3), რაც გულისხმობს სხვა, არა მართლსაწინააღმდეგო ტერიტორიული შენაძენების დასაშვებობას.

3. სნგ-ში საქართველოს ყოფნის და მისგან გამოსვლის მექანიზმი, წესდებით, გულისხმობს (მოიცავს) ისეთ ვალდებულებებს და შეიცავს ისეთ ფორმულირებებს, რომლებიც იძულებას წარმოადგენენ სნგ-ს ყოველი ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოს მიმართ. სნგ-ს წესდებით, მისი ერთ-ერთი სტრუქტურაა ეკონომიჩესკი სუდ... წესდებით "კ ვედენიუ ეკონომიჩესკოგო სუდა ოტნოსიტსია რაზრეშენიე სპოროვ, ვოზნიკაიუშიხ პრი ნევიპოლნენიი ეკონომიჩესკიხ ობიაზატელსტვ... ეკონომიჩესკიი სუდ ვპრავე ტოლკოვატ პოლოჟენია სოგლაშენიი ი ინიხ აკტოვ სოდრუჟესტვა პო ეკონომიჩესკიმ ვოპროსამ" (მუხლი 32). იმის გათვალისწინებით, რომ წევრი სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური ვალდებულების მოხდის ფაქტის დადგენაზე დამოკიდებულია მისი სნგ-დან გასვლის უფლება (მუხლი 10), ციტირებული ფორმულირება იმას ნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობას, ბოროტი ნებისა და ერთის წინააღმდეგ დანარჩენთა შეთანხმების შემთხვევაში, შეუძლია არ მისცეს საქართველოს სნგ-დან გასვლის საშუალება.

4. სნგ-ს წესდებაში ამ "თანამეგობრობას" მიღებული აქვს წესდების კონკრეტული პუნქტების ინტერპრეტაციის საშუალება, რაც მასში წევრის იძულებითი შეკავების შესაძლებლობას (უფლებას) ქმნის. სახელდობრ:

სნგ-ს წესდების თანახმად, წევრ სახელმწიფოთა შორის წარმოშობილი დავის ვერდარეგულირების შემთხვევაში "ონი მოგუტ პერედატ ეგო (სპორ) ვ სოვეტ გლავ გოსუდარსტვ" (მუხლი 17). ამ უკანასკნელის უფლებები ამგვარი დავის მიმართ განსაზღვრული არაა. ნათელია, რომ დავა ვერ გადაწყდება კონსენსუსით, რამდენადაც მხარენი უკვე ვერ შეთანხმდნენ, და განხილვას ვერ ექნება კოორდინაციის ხასიათი, როგორც ამას გულისხმობს "წესდების" განსაზღვრება გადაწყვეტილებათა მიღების შესახებ (მუხლი 1). ამგვარად, ხდება "საბჭოს" ნების თავს მოხვევა დავის ერთ-ერთი მხარისათვის.

აქვე (მუხლი 18) წესდება განსაზღვრავს: "სოვეტ გლავ გოსუდარსტვ პრავომოჩენ ვ ლუბოი სტადიი სპორა, პროდოლჟენიე კოტოროგო მოგლო ბი უგროჟატ პოდდერჟანიუ მირა ი ბეზოპასნოსტი ვ სოდრუჟესტვე, რეკომენდოვატ სტორონამ ნადლეჟაშუიუ პროცედურუ ილი მეტოდი ეგო ურეგულიროვანია", რაც იმას ნიშნავს, რომ სნგ-ს ტენდენცია ექნება მუდამ ის ინტერპრეტაცია აირჩიოს, რომელიც მის "რეკომენდაციას" სავალდებულო ხასიათს მისცემს.

5. სნგ-ს წესდების თანახმად, "გოსუდარსტვა - ჩლენი პრონიმაიუტ ვსე ვოზმოჟნიე მერი დლია პრედოტვრაშენია კონფლიქტოვ, პრეჟდე ვსეგო ნა მეჟნაციონალნოი ი მეჟკონფესსიონალნოი ოსნოვე, მოგუშიხ პოვლეჩ ზა სობოი ნარუშენიე პრავ ჩელოვეკა" (მუხლი 16). ამ მუხლის ორგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება. პირველი: წევრი-ქვეყნები კონფლიქტების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურსა და სხვა ზომებს იღებენ თავის ტერიტორიაზე. მეორე: ისინი ამგვარ ზომებს იღებენ ერთმანეთის ტერიტორიაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ-სახელმწიფოს არა აქვს უფლება თავის შიგნით ეთნიკური და კონფესიური ურთიერთობები მართოს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების მიხედვით.

6. "ესენგეში" წევრი ქვეყნების ყოფნის არათავისუფალ ხასიათზე მიუთითებს მისი მე-10 მუხლი, სადაც პირობადებულია "ესენგედან" წევრის გასვლა და დაწესებულია სანქციები მის მიმართ. სნგ-ს წესდების თანახმად, "ობიზატელსტვა, ვოზნიკშიე ვ პერიოდ უჩასტია ვ ნასტოიაშემ უსტავე, სვიაზივაუტ სოოტვეტსტვუიუშიე გოსუდარსტვა დო იხ პოლნოგო ვიპოლნენია" (მუხლი 9), რაც შეიძლება გაგებულ იქნას ისევ და ისევ ორგვარად: როგორც წევრი-სახელმწიფოს ვალდებულება, რომ "ესენგეში" ყოფნისას გაჩენილი ვალდებულება შეასრულოს, ან როგორც მისთვის უფლების წართმევა, რომ სნგ-დან გავიდეს მანამდე, სანამ ვალდებულება არ მოიხდება. ვინ და რა პროცედურით ადგენს ვალდებულების მოხდის ფაქტს, წესდებაში არ განისაზღვრება და, ამდენად, პრაქტიკულად, არის იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტა მოხდეს ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საზარალო მიმართულებით.

III. საქართველოს პარლამენტის სხდომაში, რომელმაც მიიღო დადგენილება "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს რესპუბლიკის მიერთების შესახებ, მონაწილეობდა ორი ათეული პირი, რომელთაც, კანონით, პარლამენტის წევრად ყოფნის უფლება აღარ ჰქონდათ, სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ კანონის თანახმად. პირველ რიგში ესენი იყვნენ ის პირები, რომელნიც დანიშნულნი იყვნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე სახელმწიფო მმართველობის სისტემაში. ამგვარად, საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებაც ესენგეს წესდებასთან საქართველოს შეერთების რატიფიკაციის შესახებ, ისევე როგორც პარლამენტის ასეთი უკანონობის მომცველი შემადგენლობის მიერ მიღებული ყოველი სხვა გადაწყეტილება, უკანონოა.

IV. პარლამენტის დადგენილების პროექტი "ესენგეს" წესდებასთან საქართველოს მიერთების შესახებ, რომელიც გამოიტანა სახელმწიფოს მეთაურმა შევარდნაძემ, არ იყო განხილული საგარეო საქმეთა კომისიის მიერ, რაც აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენდა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com