|
"საქართველო "
ვის არ აწყობს უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის არსებობა? ედიტა გაბელია
საკითხის ამგვარად დასმა, იქნებ, გამართლებული არც ყოფილიყო, რომ არა "უცნაურ" შემთხვევათა სერიალი... სატელეფონო ზარებმა და "გაფრთხილებებმა" შენობაში ბომბია ჩამონტაჟებული და არიქა, თავს უშველეთო, მთელი თბილისი შეაწუხა. მგონი, ორგანიზაცია არ დარჩა, სადაც მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ შეტყობინება არ მიეღოთ. საბედნიეროდ, დღემდე ყველა ზარი მხოლოდ ცრუ განგაში იყო, სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ ყველაზე მეტად "ტერორისტი ხუმარა" ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალს გადაეკიდა. ხან ქალის, ხანაც კაცის ხმა აფრთხილებს უნივერსიტეტის მესვეურთ, შენობაში ბომბია, თუ დროზე არ დაცლით, აფეთქდებითო. დაფეთებული სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები კიბეს აწყდებიან. ზედმეტი დატვირთვისგან იგი ზანზარებს და ირყევა. არც მისი ჩამონგრევაა გამორიცხული. თხუთმეტი ცრუ საგანგაშო ზარის შემდეგ ინსტიტუტის თანამშრომლებს და სტუდენტებს ზარის მიმართ "იმუნიტეტი" გამოუმუშავდათ. აუდიტორიის დაცლას აღარც ჩქარობენ ხოლმე. "რისკს ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ. ვცდილობთ, სტუდენტების ევაკუაცია მაინც დროზე მოვახდინოთ" _ აცხადებს ინსტიტუტის პრორექტორი ოთარ ჭურღულია. განსაკუთრებულ სიამოვნებას "ტერორისტი" დილის საათებში შუა ლექციაზე დარეკვით იღებს. ამ დროს უნივერსიტეტის სამივე კორპუსი სავსეა სტუდენტებით. სასწავლებელში ფიქრობენ, რომ ვიღაც სპეციალურად ქმნის ქაოსს. ვიღაცას ხელს არ აძლევს სოხუმის ფილიალის არსებობა, მაგრამ ვინ არის ეს, იქნებ, აფხაზი სეპარატისტები? ამის თქმის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ბატონი ოთარი აცხადებს, "სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, აფხაზ სეპარატისტებს არა მგონია, სიამოვნებდეთ ამ ფილიალის არსებობა, რადგან როცა აფხაზეთი დაგვიბრუნდება, უნივერსიტეტიც დაბრუნდება". იმასაც ამბობენ, ამ ფანდით სტუდენტები ერთობიანო. ფაქტია, თხუთმეტი სატელეფონო ზარი-გაფრთხილება მხოლო ლექციების ჩაშლით დასრულდა, რაც შეეხება ბომბს, ვერც უშიშროებამ და ვერც მისმა კარგად გაწვრთნილმა ძაღლებმა ვერ მიაგნეს. ერთი რამ შეძლეს, უნივერსიტეტის მესვეურებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს, შეიძლება, სადმე მართლა იყოს ბომბიო. კარგად ჩანს, ანონიმი ტერორისტითვის უშიშროება საშიშროებას არ წარმოადგენს, ხოლო თავად ტერორისტი კი ინსტიტუტისთვის მართლა დიდი საშიშროებაა... გამოსავალი რომ ვერ ნახეს, ანონიმი ზარების "ავტორს" თავად "შეებრძოლენ". უნივერსიტეტში ტელეფონი გამოირთო. "დაზარებული" ზუმარა რექტორატთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს. უტელეფონობამ შედეგი გამოიღო. უნივერსიტეტში სიმშვიდემ დაისადგურა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |