"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

აფხაზეთს არ მივცემთ მტერს (ვებრძვით საქართველოსათვის აფხაზეთის წართმევის უახლეს გეგმას) გაეროს გენერალურ მდივანს ბატონ კოფი ანანს

ასლი: საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნების მთავრობებს

მიმართვა

მსოფლიოს ყველაზე კომპეტენტურ ანალიტიკოსთა პროგნოზით, რუსულ-ჩეჩნური მოლაპარაკება, რომელიც დაწყებულია და ძალიან ძნელად მიდის, დამთავრდება კომპრომისით: ჩეჩნეთი ნომინალურად (ანუ სახელით) დარჩება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტობრივად დამოუკიდებელი იქნება, ანუ

ა) ჩეჩნეთის ჩეჩნურ ხელისუფლებას ექნება ფართო რეალური უფლებამოსილებები თავისი ქვეყნის შიგნით და

ბ) ჩეჩნეთში განლაგებული იქნება რუსეთის მცირე ძალები, რაც ჩეჩნებს საშუალებას მისცემს მდგომარეობა თვითონ აკონტროლონ.

როგორც ირკვევა, რუსეთს უნდა ამავე პირობებით შეთანხმება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და "აფხაზეთს", ანუ არძინბას ხროვას შორის. ამით პუტინის ხელისუფლება, ჯერ ერთი, დაიცავს თავის პრესტიჟს საკუთარი შოვინისტი ამომრჩევლის წინაშე, რაკი დაანახვებს, "ჩეჩნეთიც რუსეთის შემადგენლობაში შევინარჩუნეთ და ქართველებსაც აფხაზეთი წავართვითო", მეორეც, იგი მსოფლიოს აჩვენებს, "ცენტრისა" და "პერიფერიის" ურთიერთობისათვის ზოგადი ფორმულა ვიპოვე და ამით კაცობრიობის სტაბილიზაციას ჰუმანისტური ღვაწლი დავდეო. ეს რომ სწორედ ასეა, იქიდან ჩანს, რომ რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მზადაა აღარ გამოიყენოს თავისი ვეტოს უფლება, რომლითაც იგი აქამდე ბლოკავდა ამ საბჭოს ყველა შესაძლებელ ნაბიჯს აფხაზეთში მეტ-ნაკლებად სამართლიანი დარეგულირების მიმართულებით.

დღეს განზრახულია აფხაზეთის სტატუსის (ანუ მისი სამართლებრივი მდგომარეობის) იმგვარი ფორმულირება (გაეროს დონეზე), რომლითაც იგი იქნება "სუვერენული სახელმწიფო (ან: "სუვერენული სახელმწიფო წარმონაქმნი") საქართველოს შემადგენლობაში". სიტყვას "სუვერენული" მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს: იგი ნიშნავს "საგარეო ურთიერთობებში დამოუკიდებელს და თავის შიგნით უზენაესს". ამგვარად, გაეროს რეზოლუციის ამ პროექტით აფხაზეთი ხდება რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც თავის დროებით ყოფნას საქართველოს შემადგენლობაში იმისთვის გამოიყენებს, რომ შეცვალოს აფხაზეთის მოსახლეობის შემადგენლობა, ანუ შემოასახლოს ე.წ. "მუჰაჯირები" და თურქეთის სხვა მოქალაქეები, ადიღეელები, კაზაკები და სხვა რუსები და ამნაირად მიღწეული უმრავლესობით რამდენიმე წლის შემდეგ ჩაატაროს რეფერენდუმი საქართველოსაგან აფხაზეთის გამოყოფის საკითხზე.

საქართველოს მარიონეტულ "ხელისუფლებას", რომელმაც იცის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ არ იქნება, ეს ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ საქართველოს არ ჰკიდია. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, ეს არ დავუშვათ და ამას არც დავუშვებთ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ფორმულის ავტორია რუსეთი და მან, საქართველოს მოღალატე პრეზიდენტისა და მისი ხროვის დახმარებით, მასზე დაითანხმა ე.წ. "მეგობარი" ქვეყნები. დღეს ეს ფორმულირება "შეთანხმებულია მხარეთა შორის", ანუ შევარდნაძის ხროვასა და არძინბას ხროვას შორის, თუმცა ეს უკანასკნელი, მოსაჩვენებლად, ერთხანს "წინააღმდეგობის გაწევას" აპირებს. აქტიურად ანტიქართულ როლს ასრულებს ამ შეთქმულებაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოში დ. ბოდენი, რომელმაც უფრო ადრე, საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელად თავისი ყოფნის წლებში, თავი გვაჩვენა როგორც ოსი სეპარატისტების ხელშემწყობმა, ცილისმწამებელმა და საქართველოსთან ულტიმატუმის ენით ლაპარაკის მცდელმა.

სამწუხაროდ, დასავლეთის წამყვანი ქვეყნების პოზიცია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, მის მთლიანობაში, ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებთან დღეს შეუთავსებელია. ერთის მხრივ, ისინი წინააღმდეგნი არიან აფხაზეთის სეცესიისა (საქართველოსგან გამოყოფისა) და, უფრო ზოგადად, კავკასიონის სამხრეთით რუსეთის გავლენის აგრესიული შემოღწევისა, რასაც ისინი არასოდეს აღარ დაუშვებენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ისინი მზად არიან საქართველოს იმგვარი შინაგანი მოწყობის მხარდაჭერისათვის, რომლის დროსაც საქართველო, როგორც ერთიანი სახელმწიფო, ფიქციად იქცევა. ამ უკანასკნელი პოზიციის განმსაზღვრელია ორი ფაქტორი. პირველი: საქართველოს მარიონეტული მოღალატე ხელისუფლების პრორუსული პოზიცია, რომელიც საქართველოსთან დასავლეთის დემოკრატიული განვითარებული ქვეყნების მოკავშირეობას შეუძლებელს ხდის. მეორეა "გლობალისტურად" წოდებული პოლიტიკური ტენდენცია, რომლის ხარვეზსაც _ საქართველოს ეროვნულ ინტერესთა თვალსაზრისით _ წარმოადგენს უარყოფითი დამოკიდებულება ეროვნული სახელმწიფოსადმი, როგორც ადამიანთა თანაცხოვრებისა და თვითორგანიზაციის ფორმისადმი, საერთოდ. "მეგობარ" ქვეყანათა შორის საქართველოს სახელმწიფოს იმ სასიცოცხლო ინტერესებისადმი გამგებიანობით, რომლებიც საქართველოს შინაგან მოწყობას ეხება, გამოირჩევა საფრანგეთი, რისთვისაც საქართველოს პატრიოტებს მისდამი მადლიერება გვმართებს.

საქართველოს ეროვნული მიმართულების და, მაშასადამე, დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კერძო პირები არ დავუშვებთ, რომ განხორციელდეს და წარმატებით დაგვირგვინდეს ზემოხსენებული საერთაშორისო შეთქმულება საქართველოსთვის მისი ეთნიკური ტერიტორიის განუყრელი ნაწილის _ აფხაზეთის _ წართმევის მიზნით. თანახმად ჩვენი მოქმედების ზოგადი პრინციპისა _ ჩვენს თავზე ავიღოთ ყველა იმ შრომითი, საბრძოლო და საგარეო-პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა, რომელსაც საქართველოს მოღალატე კორუმპირებული და უზურპატორული ხელისუფლება არ ჭრის და ვერ ჭრის _ ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ გაეროს ღია წერილით, რომელშიც დასაბუთებული იქნება, რომ ზემოთ ნახსენები პროექტი აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრისა და ამ განსაზღვრის დაგეგმილი პროცედურა დიამეტრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს (იგი არის ჩარევა საქართველოს შინაგან საქმეებში), საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებადაცვით ნორმებს და მსოფლიოში კონფლიქტთა პროფილაქტიკის ზოგად ინტერესებს. ჩვენ განვუმარტავთ ჩვენს ბუნებრივსა და საპატიო მოკავშირეებს _ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს _ რომ დასავლური ინტერესებისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთადერთი თანმიმდევარი დამცველი საქართველოში არის ქართველი პატრიოტი, რომლისთვისაც საქართველოს ფაქტობრივი დაშლის ზემოხსენებული გეგმა მიუღებელია. ჩვენ გვინდა, ჩვენი წინამდებარე ღია წერილი გაეროსადმი და ჩვენი მომდევნო პუბლიკაციები ანალოგიურ თემებზე განიხილებოდეს როგორც ზნეობრივი და იურიდიული მოტივაცია იმ პრაქტიკული მოქმედებისა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის ამ ხიფათისაგან.

წინამდებარე ტექსტი გაეროსადმი წერილის მიახლოებითი მონახაზია. ვაქვეყნებთ მას წინასწარ, რათა საზოგადოებას მასზე აზრის გამოთქმა და შენიშვნების მოწოდება შეეძლოს "საქართველოს" რედაქციის მისამართით. ტექსტის შედგენის პირველი იპნიციატივა ეკუთვნის აფხაზეთიდან დევნილთა ორგანიზაციას "დაბრუნებას", შემდეგ მასზე მუშაობაში მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყველა ხელმომწერი ორგანიზაციები.

აღძრულ საკითხზე შედგება ღია დისკუსია, სადაც მოწვეულნი იქნებიან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელნი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com