"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

წამება და საფრანგეთის მართლმსაჯულება

83 წლის ფრანგმა გენერალმა ოსარესმა თავის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ მოგონებებში გათქვა "საიდუმლოება", რომ 1954-62 წლების ალჟირის ომის დროს ინფორმაციის მოპოვების მიზნით წამების გამოყენებაში მონაწილეობა მიუღია. გენერალს გულწრფელად მიაჩნია, რომ ისეთ ყოველმხრივ მძიმე საქმეში, როგორიც ომია, მოწინააღმდეგის ნებისყოფისა და სულიერი სიძლიერის ის გამოცდაც, რასაც წამება წარმოადგენს, ერთ-ერთი მეთოდია გამარჯვების მიღწევის სხვა მეთოდთა შორის. "ბინ ლადენი რომ ხელთ ჩამივარდებოდეს, ამას უყოყმანოდ ვიზამდი. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მსოფლიოს ყველა არმია წამებას იყენებს" _ აცხადებს გენერალი.

დღეს გენერალი პარიზის სასამართლოს წინაშეა, როგორც "სამხედრო დანაშაულისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების გამომჩენი". კანონი მისთვის მოითხოვს 5 წლის პატიმრობას და 300 ათასი ფრანკის გადახდევინებას. პროკურორი მხოლოდ 100 ათასი ფრანკის მოთხოვნით დაკმაყოფილდა.

გენერლის მოგონება რომ დაისტამბა, პრეზიდენტმა შირაკმა განაცხადა, რომ იგი "ზარდაცემულია" და მხცოვან გენერალს საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო _ საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვა. ჟურნალი "The Economist" კითხვას სვამს, რატომაა, რომ გენერალი უფრო ისჯება ჩადენილ ქმედებათა ცნობისათვის, ვიდრე თვით ქმედებათათვის. კანონიერი საფუძველი შემდეგია: 1968 წელს მოხდა 1954-62 წლების ომისას ჩადენილი ყველა დანაშაულის ამნისტირება; საფრანგეთში მკვლელობისთვის ხანდაზმულობის ვადად დაკანონებულია მხოლოდ 10 წელი; ხოლო "ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულთა" კატეგორიაში შედის მხოლოდ ნაცისტურ პერიოდში ჩადენილი ან _ უახლესი განსაზღვრებით _ 1994 წლის შემდეგ ჩადენილი (რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში ჩადენილი გენოციდი "ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული" არ ყოფილა. რედ. შენიშვნა). ჟურნალის აზრით, თქმული მოწმობს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას ურჩევნია დაივიწყოს 1954-62 წლებში ჩადენილი დანაშაულობები, რადგან ამით არასასურველი ჩრდილი მიადგება მრავალ პიროვნებას. მათ შორის საფრანგეთის წინა პრეზიდენტს ფრანსუა მიტერანს, რომელიც 1957 წელს საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი იყო.

გენერლის დღევანდელ კონტაქტს სასამართლოსთან არანაირი კავშირი არა აქვს საფრანგეთის მთავრობის რაიმე ნაბიჯებთან. მისით სასამართლოს დაინტერესება განაპირობა, ერთის მხრივ, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების, მეორეს მხრივ, წამებულთა ნათესავების აქტივობამ.

ჟურნალი კითხვას სვამს, ნანობს თუ არა გენერალი თავისი მოგონებების გამოქვეყნებას? თვით გენერალი იმ აზრისაა, რომ "არსებობს დუმილის მოვალეობა, რომლითაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სიმხდალე ინიღბებოდეს, და არსებობს ამბის თხრობის მოვალეობაც".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com