|
"საქართველო "
რუსეთის ძველი და ახალი იმედები ავღანეთში
"გამოაცხადეთ, გავიმარჯვეო, და შინ დარჩით" _ თუმცა ერთი შეხედვით შეიძლება გეჩვენოთ, რომ რუსეთი ავღანეთის ომში ამ პრინციპით მოიქცა, სინამდვილეში, თჰე Eცონომისტ-ის აზრით, საქმე ასე არაა. მართალია, რუსეთს ბოლო დრომდე არც შეიარაღებული ძალა გაუგზავნია ავღანეთში, არც დიდი როლი უთამაშია ბონის მოლაპარაკებაში ავღანეთის დროებითი ხელისუფლების ფორმირების შესახებ (თუმცა, ბონის მოლაპარაკება მაინც მისთვის მისაღები შედეგებით დამთავრდა), იგი მაინც ფრთხილად ისწრაფის, ავღანეთში თავისი გავლენა ნაწილობრივ მაინც აღადგინოს. მისი ინტერესი ამ ქვეყნისადმი, პირველ ყოვლისა, იმას ემყარება, რომ ავღანეთი მასთან ახლოა და, ამდენად, სახიფათოა: ისლამური ფუნდამენტალიზმისა ეშინიათ შუა აზიის ყოფ. რესპუბლიკებსაც, რომელთაც რუსეთი, ასე თუ ისე, თავის "მახლობელ საზღვარგარეთად" თვლის, და თვით რუსეთსაც. მეორეც, რუსეთს უნდა სიტყვა ეთქმოდეს ავღანეთის მომავალ გადაწყვეტილებებში გაზისა და ნავთობის სადენთა გატარება-არგატარების შესახებ, რაც რუსეთს არა მხოლოდ ეკონომიკურად აინტერესებს, არამედ სტრატეგიულადაც. ჯერჯერობით, ანტიტერორისტული ომი, თითქოს, რუსეთისთვის მისაღები გზით მიდის. ავღანეთის მთავარი მინისტრები პრორუსული "ჩრდილო ალიანსიდან" არიან (რომელსაც რუსეთი წლების მანძილზე აიარაღებს და აფინანსებს). ერაყისთვის დასავლეთს, ჯერჯერობით, არ დაურტყამს. რაც შეეხება ამ ომის რუსეთისათვის არასასურველ მხარეებს _ იმას, რომ შუა აზიაში ახალი ძალის დამკვიდრება დაიწყო და ამერიკელები ავღანეთში არ ჩაეფლნენ ისე, როგორც ვიეტნამში ჩაეფლნენ და რუსეთი ავღანეთში ჩაეფლო (რითაც, სხვათა შორის, აქვე დავსძინოთ, რუსეთს ჩაეშალა ამიერკავკასიაზე ღია დარტყმის დიდი ხნის ნამზადი გეგმა), _ ამ რუსეთისათვის უხერხულ გარემოებებს მაინცდამაინც არავინ იმჩნევს. "შინაგანი ოპოზიცია რუსეთის 180 გრადუსით შეტრიალებული საგარეო პოლიტიკისადმი, რომელმაც ამერიკულ ჯარებს შუა აზიაში შესვლის საშუალება მისცა, ჩაჩუმებული იქნა და არაეფექტიანი აღმოჩნდა" _ წერს ჟურნალი. პუტინმა რომ თავისი დამყოლი პოლიტიკით მიმდინარე პროცესებში ამერიკელები მოიმადლიერა და სანდო მოკავშირის "იმეჯი" შეიქმნა, ეს, ჟურნალის აზრით, მას დაეხმარება ამერიკელებთან შემდგომ მოლაპარაკებებში "ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ფინანსების შესახებ". ავღანეთში პუტინს რბილი ფორმით დაბრუნების იმედი აქვს, პირველ ყოვლისა, ქვეყნის ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ ავღანეთში რუსები არც ისე სძულთ, როგორც, თითქოს, უნდა სძულდეთ ათწლიანი ომის შემდეგ, და ამის (საქართველოსთვის კარგად ცნობილი) მიზეზია ის უბედურებები, რაც ავღანეთს შემდგომში, რუსეთის წასვლის შემდეგ დაატყდა. ესაა კიდევ 15 წლიანი შიდა ომი და 3 წლის წყალდიდობა, 4 მილიონი ავღანელის ლტოლვილობა და კიდევ 7 მილიონის, ანუ დარჩენილთა ერთი მესამედის, მწვავე შიმშილობა. ბავშვების მეოთხედზე მეტი ვერ აღწევს 5 წლამდე. გოგოების მხოლოდ 6% დადის სკოლაში, ხოლო დატოვებულ ნაღმებზე წელიწადში 500 კაცი იღუპება. ექიმთა უმრავლესობა გასულია ქვეყნიდან, ხოლო მასწავლებელთა 85% _ ან გასული, ან დახვრეტილია. ამიტომაც ქალაქელი და ნასწავლი ავღანელები საბჭოურ რეჟიმს იგონებენ როგორც, სულ ცოტა, ნაკლებ ცუდს, ვიდრე ის ქაოსი და ფანატიზმია, რაც შემდეგ დამყარდა, "უფროსი თაობის ავღანელებს გულწრფელი სითბოთი ახსოვთ უზარმაზარი დახმარება, რომელიც იქ შედიოდა 60-მან და 70-იან წლებში". იმ დროს აგებულ ყველაზე მაღალ გვირაბს, რომელიც 1992 წელს დაზიანდა, რუსები ახლა აღდგენას უპირებენ. მაგრამ ამ მომგებიან ფონზე, ჟურნალის სიტყვით, არსებობს "საშიშროება", რომ რუსეთი კვლავ მოინდომებს ავღანეთის საქმეებში ხელის რევას, თუნდ მისთვის სასურველ სამხედრო მეთაურთა შეიარაღების სახით. რუსეთი უფრო ძლიერ დაეხმარა თავის მომხრე ავღანელებს ქაბულის წინასწარშეუთანხმებელ დაკავებაში, ვიდრე ამერიკელებს ესიამოვნებოდათ, და მან მოულოდნელად ჩასხა იმავე ქაბულთან, ქალაქის სიახლოვეში "ჩრდილით მოსილი" უწყების _ საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მოზრდილი კონტიგენტი (100 კაცამდე), რომელსაც, თითქოს, ჰუმანიტარული დახმარების შემოტანის მომზადება ავალია. ასე რომ, რუსულ-ამერიკულ ურთიერთღიმილს ამ ტერიტორიაზე და მის მიდამოებში დროებითი ხასიათი აქვს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |