|
"საქართველო "
ყაზახეთი _ ჩვენი დიდი მეზობელი
გაზეთი "ფაინენშელ ტაიმსი" ვრცლად აანალიზებს XXI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური შეჯახების _ ყაზახეთის ნავთობისათვის ბრძოლის _ მიმდინარეობასა და პერსპექტივას. ეს პერსპექტივა, რა თქმა უნდა, განუყრელად დაკავშირებულია იმ პოლიტიკური ბრძოლის პერსპექტივასთან, რომელიც საერთოდ შუა აზიაში სტრატეგიული დამკვიდრებისათვის ხდება. შუა აზია, რომელიც მსოფლიო ხმელეთის ცენტრია და ახლო მომავალში ევრაზიაში შესაძლებელი ყველა დიდი ფრონტის პოტენციური ზურგია, უახლოესსა და ახლო მომავალში განსაზღვრავს საქართველოსთვის სასიცოცხლო არაერთი პრობლემის ბედსაც, სადღეისოდ და მრავალი ათეული წლის მანძილზე. ამიტომ გაზეთ "საქართველომ" 2.IX.2001 წ. თავს უფლება მისცა, ემსჯელა სუპერძალების სასიცოცხლო ინტერესზე ამ რეგიონისადმი, რასაც მსოფლიო-ისტორიული სიტუაციის ანალიზი უკარნახებდა, და თავისი "დიაგნოზი" გამოეთქვა: რომ შუა აზიაში დამკვიდრება ის პირველი მიზანია, რომელიც დასავლელ სუპერძალას აქვს. არ გავიდა ორი კვირა და შუა აზიის აეროდრომებზე მართლაც დაიწყო მძიმე ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავების დაჯდომა, რომელთაც დედამიწის ამ ნაწილს ახალი ისტორიული ვითარების დადგომა აუწყეს. გაზეთი "საქართველო" აგრძელებს თავის ხაზს _ დასავლეთის კომპეტენტური პრესის მასალათა მიმოხილვით საშუალება მისცეს მკითხველს, მსოფლიო პოლიტიკის ძირეული პროცესების მიმართულება და მექანიზმები დაინახოს. ყაზახეთი, თავისი რესურსებისა და თავისი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, დღეს ე. წ. "პოსტსაბჭოთა სივრცის" ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა (საქართველოსგან განსხვავებით). მის მდგომარეობას მრავალი სხვადასხვა განზომილება აქვს. მაგრამ ჩვენ, ბუნებრივია, ყველაზე არსებითითა და თვალში საცემით _ ნავთობით _ დავიწყოთ.
I. ნავთობის რაოდენობა.
თენგიზის საბადო, "თენგიზშეროილის" კონსორციუმის ანგარიშით, შეიცავს 730-1125 ათას მილიონამდე მარაგს. დღეს დადასტურებულია, რომ ქაშაგანის ოფშორული (საზღვაო) საბადო თენგიზზე უფრო მდიდარია. "ეჭვი არაა, რომ ჩრდილო კასპია დიდი ახალი ნავთობის რეგიონია. მას აქვს ასობით მომცრო საბადო, რომლებიც სეისმურად დადგენილია, მაგრამ შემოწმებული არ არის". მარტო ქაშაგანის საბადო "ყველაზე დიდია იმ საბადოთა შორის, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე დამუშავებულა მსოფლიოში". კასპია სულ 5 დიდ საბადოს შეიცავს. დანარჩენი ოთხია თენგიზი (ყაზახეთი), ყარაჩაღანაგი (ყაზახეთი), ასტრახანის საბადო (რუსეთი) და ვოლგის დელტისა (რუსეთი). ჯამში, "ჩრდილო კასპია არის ნავთობის ყველაზე დიდი პროვინცია XXI საუკუნისა" დღეს ყაზახეთის ექსპორტია 40 მლნ ტონა ნავთობი წელიწადში. აქედან 28 მლნ ტონა მოდის აღთაუდან ნოვორსიისკში ჯერ გემით, მერე ნავთობსადენით. მისი პატრონია კონსორციუმი ჩOჩ _ ჩასპიან Oილ ჩონსორტიუმ. მომავალში მასში უნდა გაიაროს 67 მლნ-მა წლიურად, (შედარებისთვის: სუფსაზე გადის 18 მლნ ტონა, ძირითადად _ აზერბაიჯანის ნავთობი). ამ გზით ნავთობის მიტანა ნოვოროსიისკამდე ჯდება იმის 1/3, რაც რკინიგზით დაჯდებოდა. ყაზახეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს 2015 წლამდე ექსპორტი 450 მლნ ტონამდე გაზარდოს, მაგრამ პარტნერ ფირმებს ეს ცოტა გადამეტებული ჰგონიათ. ჯამურად, ყაზახეთის ნავთობის სიუხვე "ცუდ სიზმრებს უქადის ოპეკს" ("ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა ორგანიზაციას", რომელიც არაბულსა და ლათინურ ამერიკულ ქვეყნებს მოიცავს). ამგვარად, გაზეთი" ფაინენშელ ტაიმსი" ადასტურებს იმას, რაც საქართველოში გაზეთ "საქართველოს" გარდა არავის აღუნიშნავს და რაც ამომწურავად ხსნის დასავლეთის ინტერესს შუა აზიის ნავთობისადმი (სხვა, კიდევ უფრო დიდ დასავლურ ინტერესზე ამ რეგიონში აქ აღარ ვლაპარაკობთ): დასავლეთის ამოცანაა შუა აზიის ნავთობის გამოყენება არა მხოლოდ ფინანსური მოგებისთვის, არამედ, პირველ ყოვლისა, ნავთობის მსოფლიო ფასთა რეგულირებისათვის, როდესაც მსოფლიოს მორიგი ენერგოკრიზისი, ანუ საწვავის ფასების ხუთჯერადი და შვიდჯერადი აწევის ორგანიზება მოხდება. დღეს არსებული ნავთობსადენები _ ნოვოროსიისკისა და სუფსისა _ გაზეთის სიტყვით, ყაზახეთის საჭიროებისათვის უკმარია. ახალ ნავთობსადენთა აშენება გარდუვალია. რა იქნება მათი მიმართულება და დანიშნულების ადგილი? ამას საქართველოსთვისაც და მისი მეზობლებისთვისაც არსებითი მნიშვნელობა აქვს.
II. ნავთობის საექსპორტო გზები
ყაზახეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი მიზანია ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გავიდეს, ხოლო რომელი გზით გავა, ეს მათთვის არსებითი არ არის. ამ დემონსტრაციული მიუკერძოებლობის მიღმა დიდ ინტერესთა რეალური ჭიდაობა დგას. ამ ჭიდაობაში, გაზეთის აზრით, რუსეთთან მეგობრობის მსურველი ყაზახეთის ჩუმი არჩევანია რუსეთის და ირანის გზა. დღეს რუსეთის გზით (როგორც უკვე ითქვა) _ აღთაუდან ნოვოროსიისკამდე _ მიედინება 28 მლნ ტონა ნავთობი წლიურად, ხოლო სამომავლოდ ეს ნავთობსადენი წლიურად 67 მლნ ტონას გადატუმბავს. რაც შეეხება ირანს, იქით ჯერ ნავთობსადენი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ყაზახეთის სურვილია, მისი ნავთობის რაც შეიძლება დიდი ნაწილი ირანის იაფი გზით გადიოდეს. მაგრამ ამ გზის მინუსი (არა ყაზახეთისათვის, არამედ გამტანისათვის) ისაა, რომ იქიდან ნავთობმა კვლავ ზღვით უნდა იაროს. მან უნდა გაიაროს, სხვათა შორის, ჰორმუზდის სრუტე, არასტაბილური არაბული ქვეყნების გარემოცვაში, და, ამდენად, ამით არ მცირდება დასავლეთის დამოკიდებულობა ამ ქვეყანათა განწყობილებაზე. რუსეთს შეუძლია თავისი ტერიტორიით ნავთობი გაიტანოს ან გაატაროს, ერთის მხრივ, ბალტიის პორტებისკენ და საკუთარი პორტისაკენ ფინეთის ყურეში _ პრიმორსკისკენ, _ რომელიც მან სპეციალურად საკუთარი ნავთობის გასატანად ააშენა, მეორეს მხრივ ბულგარეთის პორტი ბურგასისკენ, საიდანაც იგი ხმელეთით გავა ევროპელი მომხმარებლისკენ ან ხორვატიის და საბერძნეთის პორტებისაკენ. ჯამში, რუსეთი დაინტერესებულია მისი გზით ყაზახური ნავთობის რაც შეიძლება დიდი ნაწილი გავიდეს. მაგრამ ორივე ეს გზა _ რუსულიცა და ირანულიც, რომელიც ჯერ არ არსებობს _ უგულებელყოფს დასავლეთისას, რომელსაც ბაქო-ჯეიჰანის გზის სახელით ვიცნობთ. აშშ მთავრობა მძლავრად იცავს გრძელსა და ძვირ ნავთობსადენს, რომელიც იწყება ყაზახეთის გაუყინავ პორტ აღთაუსთან, ზღვას კვეთს (გემით) ბაქოსკენ, გაივლის აზერბაიჯანს, საქართველოს, აღმოსავლეთ თურქეთს და ჩადის ჯეიჰანში (რომლიდანაც ადრე ერაყის ნავთობი გაჰქონდათ) ხმელთაშუა ზღვაზე. ეს გზა თუმცა გვერდს აუვლის ბოსფორს, რომელშიც თურქეთი ეკოლოგიური საბაბით აფერხებს ნავთობის ზიდვას, სამაგიეროდ გადის ქურთისტანზე და მის მოუსვენარ მთიანეთზე. "ეს გზა, _ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი _ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ სამხრეთ კასპიაში ბევრად მეტი ნავთობი იყო, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა". გაზეთის აზრით, (რასაც წინამდებარე რუკა ერთვის) ეს პროექტი დაფინანსებადია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: "თუ ყაზახსტანი მზადაა, მოიცეს იმის გარანტია, რომ დღეში 80 ათას ბარელ ნავთობს გამოუშვებს ამ ნავთობსადენით", მაშასადამე, ფაქტობრივად, გააგრძელებს ნავთობსადენს ათირაუმდე (ყოფ. გურიევი კასპიის ზღვის ჩრდ. ნაპირზე), სადაც იგი შეძლებს თენგიზისა და ქაშაგანის საბადოთა მონაპოვარი ნავთობიც მიიღოს". წერილის სიტყვით, "ეს შეიძლება მოხდეს" მიუხედავად ფულის დამდები კომპანიების სკეპტიციზმისა ამისი ეკონომიკური შესაძლებლობის თაობაზე (მაშასადამე, მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული მოსაზრებით!). მეორეს მხრივ, ყაზახი ხელისუფალნი "უფრო და უფრო ცხადს ხდიან", რომ შემდგომი ნავთობსადენების გატარება მათ ირანისკენ ურჩევნიათ. ამ თვალში საცემი მიკერძოების ერთი მოტივი ნათელია: ირანის ჩრდილოეთი, სადაც თეირანია და სადაც ამ ქვეყნის 65 მილიონიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს, პერსპექტიული ბაზარია ყაზახეთის სხვა საქონლისთვის _ ხორბლისა, ფოლადისა და სხვა ნაწარმისათვის (რადგან, როგორც ქვემოთ ვიტყვით, ყაზახეთის ხელისუფლება ზრუნავს, რათა მისი ქვეყნის ეკონომიკამ ცალკერძი "სანავთე" მიმართულება არ მიიღოს). მაგრამ კმარა ეს მოტივი ისეთი ძლიერი მთავრობის პირდაპირი ნებისადმი წინ აღსადგომად, როგორიც აშშ-ს მთავრობაა, თუკი, ამ ფაქტორის გარდა, საქმეში რუსეთის აქტიური ძალისხმევა არ მონაწილეობს? ამ კითხვას გაზეთი სამომავლოდ ღიას ტოვებს. იგი წერს, რომ 11 სექტემბრამდე განვითარების ასეთი პერსპექტივა, რასაც ყაზახები თავისი ირანული პოლიტიკის განვითარებაში ხედავენ, "წარმოუდგენელი იქნებოდა" ირანისადმი აშშ-ს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო. მაგრამ 11.IX-ის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. "ამერიკულ-რუსული დაახლოების მიერ გამოწვეული ცვლილეები, შესაძლოა, ყველაზე მკვეთრად ამ რეგიონში ჩანდეს". ამ ძირითად მიმართულებათა გარდა შესაძლებელია ნავთობსადენთა გაყვანა აგრეთვე ჩინეთისკენ და (ავღანეთში დასტაბილების შემდეგ), _ პაკისტანისა და ინდოეთისკენ.
III. ეკონომიკა მთლიანად და პოლიტიკა
ნაზარბაევს "ფაინენშელ ტაიმსის" ანალიტიკოსი ახასიათებს როგორც "ავტორიტარულ პრეზიდენტს", რომელსაც ბრალად ედება, რომ მან "თავისი ოჯახისა და ბიზნესის ოლიგარქთა მცირე ჯგუფის ხელში თავი მოუყარა თითქმის მთელ სიმდიდრესა და ძალაუფლებას". ყაზახეთის დიდ პოტენციალთან ერთად მის როლს რუსეთის თვალში ბოლო დრომდე განსაზღვრავდა ის, რომ იგი იყო "ბუფერი" რუსეთსა და შუა აზიის უფრო "ტურბულენტურ" (არამდგრად) რესპუბლიკებს შორის". ამ სუსტად დასახლებულ უზარმაზარ ქვეყანაში სულ 15 მლნ სული ცხოვრობს, ყაზახები ოდნავი უმრავლესობა არიან. ნაზარბაევის ლოიალობა მოსკოვისადმი, მისი "ესენგეში" ყოფნის ჩათვლით, განპირობებულია იმით, რომ, თუ მოსკოვმა მოინდომა, ნაზარბაევი ვერ დაიმორჩილებს თავის რუსსა და სხვა არაყაზახ მოსახლეობას. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ყაზახეთიდან გავიდა 2 მლნ რუსი და სხვა არაყაზახი _ ძირითადად, იმიტომ, რომ აქ ტარდება ყაზახი კადრების მომზადების და ხელმძღვანელ თანამდებობებზე რუსების მათით ჩანაცვლების პოლიტიკა. რუსების პოზიციები მართვაში დღესაც დიდია, მაგრამ გადამწყვეტ ძალას მაინც ყაზახებმა მიაღწიეს. რუსეთის წილად მოდის ყაზახეთის იმპორტის 51% და ექსპორტის 20%. ეკონომიკის ზრდა უსწრაფესია: 9% და 13% ბოლო ორ წელიწადში. პრეზიდენტს ბოლო დროს გაუჩნდა "ახალგაზრდა თურქებად" წოდებული ოპოზიცია (ეს XX ს-ის დამდეგის დემოკრატიულ-ნაციონალისტური სტამბოლური პარტიის სახელია, რომელმაც თურქეთში სულთნობა დაამხო), რომელიც მისივე მმართველი წრიდან წარმოდგება და როგორც ადმინისტრაციული, ისე ბიზნესური წრეების წარმომადგენელთაგან შედგება. გაზეთის სიტყვით, ნაზარბაევი მათ ძალიან რბილად და კეთილმსურველურად ეპყრობა. როგორც ვხედავთ, ანალიტიკოსი ნაზარბაევს ხატავს ნაკომუნისტარ ეროვნულ ლიდერად, რომელიც თავის კომუნისტური წარმოშობის არადემოკრატიულ ძალაუფლებას ხელს არ უშვებს, მაგრამ მას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის იყენებს. თვით დედაქალაქის გადატანაც 1000 კმ მანძილზე, ალმა-ათადან ასთანაში, იმისთვის მოხდა, რომ დედაქალაქი მჭიდრო რუსული დასახლების ზონას გასცლოდა. ამ მხრივ ყაზახსტანის კონტრასტი საქართველოსთან თვალსაჩინოა. ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი ამ კონტრასტს აღმრავებს და აზუსტებს. ანალიტიკოსი ეკონომიკურ პოლიტიკას ახასიათებს თავისი მიმოხილვის ორ თავში: "ნავთობით მოპოვებული სიმდიდრე მთელ ეკონომიკაზე ვრცელდება" და "ზრდის სტაბილური ინერცია, როგორც ჩანს, შენარჩუნდება". ნაზარბაევის ეკონომიკური პოლიტიკის დედაძარღვია იმპორტის ჩანაცვლება საკუთარი ნაწარმით: ნავთობდოლარებმა უნდა დააფინანსონ ეს ჩანაცვლება და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა. უცხო ინვესტორებისთვის, რომლებიც ფულს დებენ ნავოთბსა, გაზსა და სხვა ბუნებრივ რესურებში, ეს ნიშნავს მზარდ ზეწოლას, რათა რესურსები ადგილობრივ შეიძინონ. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული საბჭოს აზრით კი (EBღD), წინააღმდეგ ამისა, ეკონომიკური გამრავალფეროვნება (დივერსიფიკატიონ) მოითხოვს "შემოტანაზე ბარიერების შემცირებას და "წითელი ლენტის" მოხსნას, კანონმდებლობის "გაუმჯობესებას" უცხოური ინიციატივის სასარგებლოდ და "ადგილობრივი მმართველობის გაძლიერებას". პრაქტიკულად, ყაზახეთის პირობებში ეს ნიშნავს პირობების შექმნას როგორც ადგილობრივ, ისე უცხო მეწარმეთათვის, რომ ადგილზე აწარმოონ ნავთობისა და გაზის საჭურველი, სამშენებლო მასალები, აგრეთვე საკვები და მოხმარების სხვა საგნები. "თუმცა ყაზახეთში შინაგანი ბაზარი ვიწროა (საშუალო ხელფასია 200 დოლარი თვეში), ადგილობრივ მეწარმეს ეხმარება კონკურენციის სიშორე. ახლოა და იაფია მხოლოდ თურქული და რუსული საქონელი, რის გამოც დღეს ყველა ლურსმანი და სამშენებლო ლითონი რუსეთიდან მოდის. "ჩანაცვლების" მიმართულებით ყველაზე დიდ შრომას ეწევა ინდური ფირმა, რომელიც ცდილობს, სანავთობე მილების წარმოება ყაზახისტანში ააწყოს (და რომელმაც უარი თქვა რუსთავის ქარხნის ყიდვაზე, არამედ მის ნაცვლად რუმინული ქარხანა იყიდა), მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფირმა საჭიროებს გარანტიას, რომ უცხო ინვესტორი მის ნაწარმს იყიდის, რასაც, თავის მხრივ, ინვესტორებთან სახელმწიფოს წინასწარი გარიგების მექანიზმი სჭირდება. "ფაინენშელ ტაიმსში" აღწერილი ამ ეკონომიკური პოლიტიკის თვალში საცემი კონტრასტი იმასთან, რისი მოწმენიც საქართველოში ვართ, კიდევ უფრო მკვეთრდება, თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ანალიტიკოსი ყაზახეთის მიერ მიღწეული წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს "ფრთხილ საფინანსო და ფულად მენეჯმენტსაც" სახელმწიფოს მხრიდან. ამ მიღწევათა ხარისხს ქვემოთ ცხრილში დავინახავთ. კითხვას "გაგრძელდება თუ არა ყაზახეთის ეკონომიკური ზრდა?" ანალიტიკოსი "ჰო"-ს პასუხობს, თუმცა ყაზახეთის მიღწევები, გარდა დიდი უცხო ინვესტიციების ფაქტორისა, განპირობებულია ძირითადად კონკრეტული დარგობრივი მიღწევებით. საქართველოსთან კონტრასტს ეს არ არბილებს, რადგან სპეციფიკური მომგებიანი პოზიციები, როგორიცაა, მაგალითად, სატრანზიტო ტრანსპორტისა და წყლის ენერგიის გამოყენებისა, საქართველოს ძალიან დიდი აქვს. აი, არმდენიმე ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებელი (2000 წლის) მთლიანი შინაგანი პროდუქტი (მშპ) _ 18,3 მლრ დოლარი მშპ ერთ სულზე _ 1196 დოლარი ინფლაცია წლიური _ 9,6% სავაჭრო (დადებითი) ბალანსი _ 2765 მლნ დოლარი
IV. საგარეო პოლიტიკა "ფაინენშელ ტაიმსის" ანალიზიდან, რომელიც ამ თემას ეხება, კარგად ჩანს, რომ ნაზარბაევის ხელისუფლება არ იღებს ხელს თაყვანისმცემლურ რიტორიკაზე რუსეთის მიმართ, თუმცა ამავე დროს მკვეთრად გამოთქვამს თავის ერთგულებას საერთაშორისო _ და, კერძოდ, ისლამური _ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ამოცანისადმი, რაც ასევე ცალსახად მეტყველებს, რომ შუა აზიაში დასავლეთის მრავალმხრივი გეოსტრატეგიული დამკვიდრების პროცესი მისთვის მისაღებიცაა და მისასალმებელიც. კიდევ ერთი _ და არსებითი _ ტენდენცია: "დემოკრატიული" ახალთაობანი _ რომელთაც, რასაკვირველია, მომავალი ეკუთვნით _ კანონზომიერად, უფრო მედასავლეთენი არიან, ვიდრე წინა თაობა.
V. დემოკრატიული ახალთაობა როგორც უკვე ითქვა, ესენი ნაზარბაევისვე ადმინისტრაციულ-ბიზნესური კომპლექსის წარმონაშობნი არიან. მათი ფრაზეოლოგია დემოკრატიის თემაზე და მათი ცნებათა აპარატი იმდენად სტანდარტულია, რომ საზოგადო პოსტაბჭოური კურსის ელემენტად უფრო ჩანს, ვიდრე სპეციფიკურ ადგილობრივ მოვლენად.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |