"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

ალტერნატიული თვალსაზრისი

"ფაინენშელ ტაიმსის" ზემოთ ციტირებული მიმოხილვის თვალსაზრისი ის იყო, რომ შუა აზიის ნავთობის მარაგთა ამუშავება "ოპეკს" (Oრგანიზატიონ ოფ Pეტროლეუმ Eხპორტინგ ჩონტრიეს _ ნავთობის გამტანი ქვეყნების ორგანიზაცია) წაართმევს ან შეუზღუდავს იმის საშუალებას, რომ ნავთობის მსოფლიო ფასები თავის ნებაზე მართონ. თჰე Eცონომისტ" თუ ალტერნატიულ დასკვნებს არა, საკითხისადმი მიდგომის განსხვავებულ გზას მაინც გვთავაზობს. ჟურნალი ფიქრობს, რომ "ოპეკის" თითქმის ერთპიროვნული მბრძანებლობა ნავთობის ბაზარში დაუძლეველია, მაგრამ უბედურებას არ წარმოადგენს, და რომ დასავლეთი მას უნდა შეეწინააღმდეგოს, მაგრამ თავისი სტრატეგია გადამწყვეტი გამარჯვების იმედზე არ უნდა ააგოს.

ორ წერილში _ "ნავთობმანები" და "სახიფათო მანია" _ რედაქცია დასავლეთის ცალსახა ორიენტაციას ნავთობზე, როგორც ენერგიის ძირითად წყაროზე, ნარკომანიას ადარებს (მეტაფორულად) და არაბულ ნავთობზე დამოკიდებულობის როგორც ეკონომიკურ, ისე ტექნოლოგიურ ალტერნატივებს იხილავს.

საქართველოსთვის ყველა შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, ზუსტად იცოდეს ნავთობის მსოფლიო კონიუნქტურა, რათა შეეძლოს თავის დიდ პარტნერთა ნაბიჯების გაგებაც და პროგნოზირებაც ამიერკავკასიაში, შუა აზიაში და უფრო ფართოდ.

ამერიკა დამოკიდებულია არაბულ ნავთობზე, ამიტომ იგი სასიცოცხლო ინტერესად რაცხს იქ სიწყნარის დაცვას, რაც მეტ და მეტ ძალისხმევად უჯდება. საკითხავია: ღირს თუ არა ამერიკელების სამხედრო დგომა საუდის არაბეთში, რასაც, ზოგის აზრით, არასტაბილობა უფრო მოაქვს, ვიდრე სტაბილობა. ვინც ამბობს, "არ ღირსო", გულისხმობს, რომ ამერიკელების წამოსვლით არ შენელდება ნავთობის დენა ამ ქვეყნებიდან. "ოპეკის" წამყვანი წევრი, საუდის არაბეთი ხომ ყველაზე დიდი მარაგის მფლობელია და მისი ნავთობის ამოტუმბვა, რომელიც ზედაპირთან ახლოს ძევს, ხომ ყველაზე იაფი ჯდება! ამიტომ, _ უნდა თუ არა ეს ამერიკას _ მისი იაფი ნავთობი მაინც იდენს დასავლეთისკენ, მათ შორის ამერიკისკენ და მისი მოკავშირეებისკენ, რომელთა ნავთობმომარაგების უზრუნველყოფა, ასე თუ ისე, ამერიკელების ინტერესებსა და მოვალეობას შეადგენს! ეს მართლაც ასე იყო (უფრო ზუსტად _ ჩანდა) 11 სექტემბრამდე, მაგრამ ახლა აღარც არის და აღარც ჩანს. სახელდობრ: თუ საუდის არაბეთს დაუეფლა მთავრობა, რომელიც თალიბანივით იქნება განწყობილი, მას შეუძლია, ჯერ ერთი, მოგება "ფეხებზე დაიკიდოს" და ურწმუნო დასავლეთი ნავთობის ბლოკადით დასაჯოს, მეორეც, მას შეუძლია, სულაც, მრავალი წლით წყობიდან გამოიყვანოს ნავთობის მოპოვების მთელი სისტემა, თავისი ჭაბურღილებითურთ, მით უმეტეს, თუ ბირთვული იარაღიც ექნა, ამ დიდი ოპერაციის "თანმხლები" წვრილი პრობლემების მოსაგვარებლად!

დღეს ნავთობის ცნობილი მსოფლიო მარაგი ასეა განაწილებული (მილიარდ ბარელებში) იხ. რუკა #1

აზია და ოკეანია - 44,0

ყოფ. სსრკ - 63,3

აფრიკა - 74,8

ევროპა - 19,1

სამხრ. და ცენტრალური ამერიკა - 95,2

ჩრდ. ამერიკა - 64,4

ახლო აღმოსავლეთი - 683,6

დასავლეთისთვის მიუღებელია (რადგან დღევანდელ ვითარებაში, როგორც ჩანს, შეუძლებელია) შეურიგდეს იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნავთობის მიწოდება შეუწყდეს (მიუხედავად იმისა, რომ, როგორც რუკაზე ვხედავთ, საკუთარი რესურსებიც მოეპოვება). ამგვარად, აღმოსავლეთს დასავლეთზე ზემოქმედების ბერკეტი აქვს. დასავლეთს, თავის მხრივ, ხელთ აქვს გარკვეული ბერკეტები, რათა აღმოსავლეთზე ისე არ იყოს დამოკიდებული, როგორც ამ უკანასკნელს უნდა. ასეთი ბერკეტი ორია. პირველი, რომლისაც აღმოსავლეთს საკმაოდ ეშინია, არის ტექნოლოგიური პასუხი ენერგეტიკული კრიზისის საშიშროებაზე, სახელდობრ, ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძებნა და პოვნა ერთის მხრივ და შედარებით ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადასვლა წარმოების ფართო ასპარეზზე მეორეს მხრივ. მეორეა ნავთობის სხვა, არა "ოპეკისეული" წყაროების ძებნა და პოვნა. ის ჭიდილი, რაც შუა აზიის ნავთობის გარშემო (მაგრამ, ხაზს ვუსვამთ: არა თვით შუა აზიის გარშემო. რედ. შენ.) მიმდინარეობს, დასავლური ენერგეტიკის ამ მეორე ამოცანის კონტექსტში თავსდება. როგორია მდგომარეობა ამ "ფრონტზე"?

რაც შეეხება დასავლეთის ინტერესთა ტექნოლოგიურ დაცვას, მას, ჯერ ერთი, ის აძნელებს, რომ არაერთ სფეროში (მაგ. ტრანსპორტში, სადაც დასავლეთის დამოკიდებულობა ნავთობზე განსაკუთრებით მწვავეა), ამის გაკეთებას დროც უნდა, და არა მხოლოდ ძალისხმევა, მეორეც, ის, რომ მენავთობე აღმოსავლეთის "მშრალზე დასმაც" თავის მხრივ სახიფათოა, რადგან ეს მის დამშევას და სოციალურ გამწარებას ნიშნავს. მაგრამ ამ მიმართულებით მძლავრი წინააღმდეგობის შესაძლებლობას დასავლეთის მხრიდან ჟურნალი რეალურად თვლის, ამასთან, აქცენტს აკეთებს არა ამ მიმართულებით გასაწევ ხარჯებზე (რაც მცირე ამონაგებს მოიტანს ფინანსურად), არამედ საგადასახადო პოლიტიკაზე, რომელიც ტექნოლოგიური პროგრესის სტიმულირებას მოახდენს. მაგალითად, მიზანშეწონილი იქნებოდა დაბეგვრის გადატანა შემოსავლებიდან გამონაბოლქვი ნახშირბადის რაოდენობაზე, ანუ არა იმაზე, რამდენი მოიგეთ, არამედ იმაზე, რამდენი ნახშირბადით დააბინძურეთ გარემო.

ხოლო რაც შეეხება "არაოპეკისეულ ნავთობს", იგი თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკურ ბრძოლაში, მაგრამ მისი შესაძლებლობა უფრო მცირეა, ვიდრე ჩანს. დამახასიათებელია ფაქტი: საუდის არაბეთმა (რომელიც კვლავაც არის და მომავალშიც დარჩება ნავთობის ძირითად მომწოდებლად და ფასის დამდგენად "ოპეკში"), ჟურნალის სიტყვით, ამ ცოტა ხნის წინ ხელიდან გაუშვა ბაზარზე ზეწოლის დიდი შანსი ნავთობის მოპოვების მკვეთრი შემცირების სახით, როცა მას მძლავრად ხელი შეუშალა რუსეთის უარმა, ანალოგიური ნაბიჯი გადაედგა (რაშიც, თავის მხრივ, კარგად ჩანს, რამდენად უსიტყვოდ "მიმხრობილი" ჰყავს აშშ-ს რუსეთი პოლიტიკის არსებით საკითხებში). ეს რომ მომხდარიყო, დასავლეთისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა. მაგრამ, ამავე დროს, ამ დარტყმასთან ბრძოლა დასავლეთისთვის ბევრად გაადვილებული იქნებოდა, ჟურნალის სიტყვით, იმის წყალობით, რომ დასავლეთს ნავთობის არაოპეკური წყაროებიც აქვს.

ნავთობის ფასების ავარდნა-დაცემას, რაც ესოდენ აღელვებს და ართობს მსოფლიოს ფართო საზოგადოებას დღეს, თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს და ჟურნალი ამ პროცესის საკმაოდ წარმტაც და ფერუხვ სურათს ხატავს. საუდის არაბეთში, სადაც ნავთობი ყველაზე იაფი მოსაპოვებელია, მისი ზედაპირზე ამოტანა ერთი დოლარი ჯდება, ასე რომ რაც გინდ ამატოთ ზედ მოგებისა და სხვა ხარჯების პროცენტები, ჯამი მაინც საკმაოდ დაბალი დაგრჩებათ. სხვაგან ნავთობი უფრო ძვირი ჯდება. ასე რომ, შედეგად, ბარელის მსოფლიო ფასმა გასულ წელს საშუალოდ 27 დოლარი შეადგინა. ჟურნალის სიტყვით, ნავთობის ამ ფასებს ადგენს "არა გეოლოგია და არა მოთხოვნისა და მიწოდების თამაში, არამედ, პირველ ყოვლისა, "ოპეკის" _ ამ ცუდად დისციპლინირებული კარტელის _ "მოპრიანება", რომელშიც წამყვან როლს საუდის არაბეთი თამაშობს". ამჟამად რომ ბარელი ნავთობის ფასი 17 დოლარზე ჩამოვიდა, ეს, ჟურნალის აზრით, შედეგია ერთის მხრივ არაბულ ქვეყნებსა და რუსეთს შორის საერთო ენის ვერმონახვისა (იხ. აქვე ზემოთ), მეორე მხრივ მსოფლიო ეკონომიკის ზოგადი დროებითი "ანემიისა", რაც საგრძნობი რეცესიის (შეკვეცის) მდგომარეობამდეა მისული. მსოფლიოში, ჟურნალის სიტყვით, დღეს ერთი კაცია, _ ავად ცნობილი ბინ ლადენი _ ვისაც ძალუძს დაგისახელოთ ნავთობის, მისი აზრით სამართლიანი ფასი, რომელიც სტაბილური უნდა იყოს. ესაა 144 დოლარი ბარელი. #1 ტერორისტს, თურმე, რამდენიმე წლის წინ გამოუცია პროკლამაცია, სადაც იგი ამტკიცბს, რომ ამერიკელები, თურმე, სჩადიან "უდიდეს ქურდობას ისტორიაში", როცა თავის სამხედრო დგომას საუდის არაბეთში იყენებენ ნავთობის ფასთა დაბალი დონის შესანარჩუნებლად, რომ მათმა "ნაქურდალმა" უკვე 36 ტრილიონ დოლარს მიაღწია და თითო სული მუსლიმანისა მათ უკვე 30 ათასი დოლარი ჰმართებთ. 11.IX-ის შემდეგ ამერიკის მესვეურნი იძულებულნი არიან და იქნებიან ამ "იდეოლოგიას" ჯეროვანი ყურადღება დაუთმონ, რადგან თუმცა აშშ მზადაა თავისი კანონიერი სანავთობო ინტერესები, მის საკუთრებაში მყოფი ობიექტების სახით, უცხო ქვეყნებშიც დაიცვას სამხედრო ძალით, მთავარი ხიფათი ტერორისტული აქტები კი არაა, დივერსიულის ჩათვლით, არამედ ის, რაც ნავთობის მოწოდების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვის ტრანსპორტის სფეროში.

დღეს პროგნოზი, ერთი სიტყვით, ასეთია.

დღეს საუდის არაბეთი ნავთობის მსოფლიო მარაგის მეოთხედს ფლობს, მისი ოთხი მეზობელი _ თითო მეათედს. ვინაიდან "ოპეკი" ნავთობს, ჯერჯერობით, თავდაჭერილად ყიდის, მისი წილი მსოფლიო ექსპორტში არის მხოლოდ 40%. ეს არაა საკმარისი მსოფლიო ფასების სრული კონტროლისთვის, მაგრამ საკმარისია მათზე ძლიერი ზეგავლენისათვის. ნავთობის სხვა, "არაოპეკისეული" მარაგები გამოლევადია. ეს განსაკუთრებით სახიფათოა აშშ-სთვის, რომელიც, ჯერ ერთი, ყველაზე დიდი მომხმარებელია, მეორეც (როგორც ითქვა უკვე ზემოთ) დე-ფაქტო გარანტორია ამ რესურსით მომარაგებისა ყველა თავისი მოკავშირისთვის. ბუნებრივია, რომ საუდის არაბეთის ხელისუფალნი უარყოფენ მათი მხრიდან ყოველგვარი ზეწოლის ან ნავთობის მოწოდების რაიმე შეფერხების შესაძლებლობას. პირიქით: ჩვენ გვაქვსო ამოღების გაზრდის რეზერვი იმ შემთხვევისათვის, თუ კრიტიკულმა სიტუაციამ (როგორიც იყო, მაგალითად, ირანის რევოლუცია) ეს საჭირო გახადაო. მაგრამ ისიც უდავოა, რომ ამ განცხადებას ძალა აქვს მხოლოდ იმ მთავრობის ხელში, რომელიც მას აკეთებს.

ჟურნალის სიტყვით, ახალ საბადოთა "დრამატულმა" აღმოჩენებმა "ოპეკის" საუფლოს გარეთ მდგომარეობა ვერ გადატეხეს და ვერ გადატეხენ. საამისოდ მათ მასშტაბი არ ჰყოფნით. მაგრამ მათი ძალა ფასთა რეგულირებაში, ანუ "კრიზისებისაგან" დაცვაში, მაინც დიდია. ერთ-ერთი მოსაზრებაა, რომ შესაძლებელია "არაოპეკისეული" დიდი ნავთობის მოპოვების ახალი ტალღის აღზევება, _ კასპიის ნავთობით დაწყებული და მექსიკის ყურის ღრმა წყლებით დამთავრებული _ თუ ნავთობკომპანიებმა ამისთვის უახლოეს 10 წელიწადში ტრილიონი დოლარის გაღება შესძლეს. არის მოსაზრებაც კანადის "ტაოტა ქვიშების" (ტარ სანდს) ფართო გამოყენების შესახებაც, მაგრამ ამასაც, ისევ და ისევ, უდიდესი დაბანდებები უნდა, რომელსაც, თავის მხრივ, აძნელებს ბაზრის გაურკვევლობა, სადაც ყოველ წუთს შესაძლებელია მოხდეს ფასების კვლავ დავარდნა ნავთობის ამოღების ნებსითი გადიდების შედეგად.

ზომები, რომელთა მიღებასაც ჟურნალი მთავრობებს ურჩევს, მოიცავს ნავთის მფლობელთაგან ამოღების არშემცირების გარანტიათა ყიდვას, მარაგთა შექმნას (რაც დღემდე ძალიან მიჩქმალული საქმეა) და ენერგიის (კერძოდ, ნავთობპროდუქტთა ენერგიის) დაზოგვის არსებული ტექნოლოგიების გავრცელებას კანონმდებლობითი ბერკეტების გამოყენებით. ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის (NAშ) დასკვნით, მხოლოდ უკვე არსებული დამზოგავი ტექნოლოგების გამოყენებით შეიძლება უმტკივნეულოდ დაიზოგოს საწვავის 20%. ფიქრობენ, რომ ამ პრინციპით შესაძლებელია აშშ დღევანდელი დღიური იმპორტი _ 11 მლნ. ბარელი (მსოფლიო წარმოების ერთი მეშვიდედი) _ 5-6 მილიონზე იქნას დაყვანილი. დამზოგავი ტექნოლოგიების განვითარებისა და გავრცელების სტიმულირებას რომ საკანონმდებლო ბერკეტებიც ადვილად მოეძებნება, ეს ზემოთაც უკვე ითქვა.

დასკვნები საქართველოსთვის ნათელია. "არაოპეკისმიერი" ნავთობის ძებნა მსოფლიოს ფასთა რეგულირების მიზნით დასავლეთისთვის სასიცოცხლო პრობლემად რჩება და საქართველოს გეოგრაფიული როლიც (როგორც მინიმუმი!) ამ საქმეში თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას სტაბილურად შეინარჩუნებს. ეს შუა აზიაში დასავლეთის ინტერესის ერთ-ერთი კომპონენტია (მაგრამ _ ხაზს ვუსვამთ _ არც ერთადერთი და არც მთავარი). თქმულიდან ის ჩვენი "ოპეკის" ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით არასასიამოვნო დასკვნა გამომდინარეობს, რომ ისინი ჩვენ შეიძლება მათთვის არასასურველი "მეტოქე" ენერგეტიკული გიგანტის ელემენტებად გვთვლიდნენ. მაგრამ ამ მოსაზრების საპირწონედ მათ შეიძლება მეგობრულად განემარტებოდეთ ის, რომ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთში დასავლეთის მრავალმხრივი "ფორპოსტის" როლის განვითარება მათთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ასეთ როლში მქონე მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ფუნქციონირება, რომელიც მათს რეგიონში მდებარეობს. ასე რომ საქართველოს შეუძლია _ ამიერკავკასიაშიც და მის გარეთაც _ კონსტრუქციული მეგობრული ურთიერთობა იქონიოს თვით უმწვავესი კონფლიქტების დღევანდელ მხარეებთანაც კი, მონაწილეთა სასარგებლოდ და მშვიდობის სასარგებლოდ, ოღონდ _ უნდა დავსძინოთ _ მხოლოდ ჭკვიანი და თავისი ქვეყნის ერთგული ხელისუფლების ხელში.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com