|
"საქართველო "
ომი, ფაქტობრივად, უკვე მოგებულია. და კიდევ ზოგი სხვა რამ...
ამერიკელთა ომი ავღანეთში დაახლოებით იმავე აბსოლუტური უპირატესობით მიმდინარეობს, რომლითაც ღირსახსოვარი "უდაბნოს ქარიშხალის" ოპერაცია წარიმართა 1990 წელს. მოხდა ის, რაც ამერიკელებს უნდოდათ, და არ მოხდა არაფერი ის, რაც მათს ღია ან ჩუმ მტრებს უნდოდათ. აი, როგორ აღწერს ამ მდგომარეობას ბრიტანული თჰე Eცონომისტ: "ამერიკულმა ჯარებმა არ განიცადეს ის დამცირება, რაც საბჭოთებმა განიცადეს 1980-იან წლებში; დაბომბვა არც ამაო აღმოჩნდა, არც უგნური; არ შედგა "ჰუმანიტარული კატასტროფა"; სხვა ისლამური ქვეყნები... არ მოიცვა ხალხის რისხვამ დასავლეთის წინააღმდეგ; ამერიკელებმა არც "გამეტებით დაარტყეს", არც "თავხედურად" და "ტრიუმფალისტურად" დაიჭირეს თავი. ისინი მოიქცნენ ფხიზლად, ორგანიზებულად, მათ მხარი დაეჭირათ, მათი მოქმედება გადამჭრელი იყო და თვალსაჩინოდ წარმატებულიც." (ჩვენი მხრიდან დავძენთ: არ შედგა არც საქართველოზე რუსეთის ღია სამხედრო დარტყმა ავღანეთში ამერიკელთა სამხედრო "ჩაფლობის" ფონზე, რომლის პროვოკაციულ მომზადებას ამ ომის დაწყების მომენტისთვის უკვე რამდენიმე თვის ისტორია ჰქონდა. "საქართველოს" რედაქცია). ბუშის მიერ 7.V გამოსვლაში განსაზღვრული ამოცანა _ "მოთმინებით შევაგროვოთ მიღწეული წარმატებები" _ დღეს ამერიკელებისა და მათი მოკავშირეებისათვის დღის წესრიგში დგას. ამერიკელების მოპოვებული წარმატება, ჟურნალის თქმით, "ორლესულია: ერთის მხრივ, ამერიკის შეუდარებელი სამხედრო უპირატესობა აიძულებს მის მოძულეებს (ესენი კი მსოფლიოში არ გამოილევიან), მასზე დარტყმის არატრადიციულ გზები ეძებონ (თვით ქიმიურის, ბაქტერიოლოგიურისა და ბირთვულის ჩათვლით). მეორე მხრივ, მსოფლიომ დაინახა, რომ ამერიკელებს ამგვარ მოძულეთა დასაძლევად საშუალება აქვთ, მათ შეფარებას მესამე სახელმწიფოს არ აპატიებენ და თავისი ქვეყნის გარეთ ომს არ უფრთხიან. ამით მიღწეულია მთავარი: ყველამ, თვით მოჭოჭმანეთა ჩათვლით, იცის, რომ ამერიკის მომხრედ ყოფნა სჯობია მის მოწინააღმდეგედ ყოფნას. ჟურნალი თვლის, რომ ფაქტობრივად ცალმხრივი გადამწყვეტი მოქმედების პრინციპი, სხვათაგან მხარდაჭერის (და არა თანასწორი მონაწილეობის) ფონზე, რასაც აშშ-მა ამ ომში მიმართეს, ერთადერთი გამართლებულია წმინდა სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგრამ ამერიკელებს მსოფლიოს ფართო მხარდაჭერა და თანამშრომლობა სჭირდებათ. "გულების მოსაგებად" იმ ფართო სივრცეში, რომლებშიც დღეს მათი სასიცოცხლო ინტერესები დევს, მაგრამ სადაც მათ ბევრი აკლიათ, რომ საყოველთაო სიმპათიის საგანი იყონ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |