|
"საქართველო "
კვლავ შეიარაღებათა კონტროლის საკითხი
ჟურნალი "The Economist" კრიტიკულად შეწუხებულია ბუშის ადმინისტრაციული პოლიტიკის გამო რიგ პუნქტებში, რომლებიც შეიარაღებათა შეზღუდვისა და კონტროლის ამოცანებს ეხება. ბუში, ჟურნალის სიტყვით, მასობრივი განადგურების იარაღს თავისი ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საშიშროებად თვლის, რის გამოც მან უარი თქვა 1972 წელს დადებულ ABM-ის ("ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო") ხელშეკრულებაში ყოფნაზე შესაძლო ახალი მომცრო თავდამსხმელებისაგან, სახელდობრ, ჩრდილო კორეისა და ერაყისაგან აუცილებელი თავდაცვის ქონის აუცილებლობის მოტივით, მაგრამ ამავე დროს იგი ორიენტაციას იღებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებაზე უარის თქმაზე მისი ნაკლოვანებების გამო, ნაცვლად იმისა, რომ, პირუკუ, ამ ნაკლოვანებათა გასწორებას ეცადოს. ლაპარაკია, სახელდობრ, ისეთ შესწორებებზე, რომლებიც საერთაშორისო კონტროლისგან გაქცევის გზას გადაუკეტავენ სადამ ჰუსეინს, რომელმაც საერთაშორისო ინსპექციას თავისი დანაშაულებრივი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები და საწარმოები დაუმალა. სხვა ხელმომწერი ქვეყნები, ჟურნალის სიტყვით, განწყობილნი იყვნენ კიდევ დამსხდარიყვნენ სათათბიროდ და განეხილათ კონტროლის გაძლიერების წინადადებები, ამერიკელთა ჩათვლით, რათა კონტროლის ნამდვილად ეფექტიანი მექანიზმი შეექმნათ, მაგრამ ამერიკელებმა ცალმხრივად უქციეს ზურგი ამ შედარებით ოპტიმისტურ გეგმას. ჟურნალი ამტყუნებს ბუშის ადმინისტრაციის უარსაც შეთანხმებაზე ბირთვული იარაღის გამოცდათა ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ, თუმცა იმაში ეთანხმება ამერიკის პრეზიდენტს, რომ ამ უკანასკნელმა, დღევანდელი სახიფათო სამყაროს პირობებში, ამერიკის არსებული იარაღშემზღუდველი ვალდებულებების რადიკალური გადათვალიერება გადაწყვიტა. მაგრამ არსებული პოლიტიკა, ჟურნალის აზრით, მაინც ეჭვს აღძრავს, რომ იგი ავლენს "სახიფათო იდეოლოგიურ ანტიპათიას იარაღის ყოველივე სავალდებულო კონტროლისადმი". ყოველივე პოლიტიკის ან შეთანხმების შემოწმება, ჟურნალის თქმით, მხოლოდ ერთ პრაქტიკულ კითხვას სვამს: ხელს უწყობს თუ უშლის იგი უსაფრთხოებას? ჟურნალი არ დავობს იმის თაობაზე, რომ 1972 წელს "სხვა დროში და სხვა მოწინააღმდეგის წინაშე" დადებული შეთანხმება დღეს ამ ტესტს ვეღარ უძლებს. მაგრამ იმის გადაწყვეტაც, თუ როგორ მოვიქცეთ ამის შემდეგ _ შევაკეთოთ ხელშეკრულება ახალი დამატებებით, გადავაგდოთ იგი თუ რუსეთთან ახალი ურთიერთგაგება ვეძებოთ, _ ესეც ამავე პრაგმატულ კითხვას უნდა ემყარებოდეს. ჟურნალის სიტყვით, განზრახვის განცხადება, რომ აშშ 1972 წლით შეთანხმებიდან გამოვა, კარგი იყო როგორც რუსეთზე ზეწოლის და მისი ახალი გამგებიანობის სტიმულირების საშუალება. მაგრამ ამ განცხადების შესრულებას ეს პლუსი აღარ აქვს, იგი, ჟურნალის აზრით, მხოლოდ "შეაიარაღებათა დოღის" განახლებისკენ გვიბიძგებს. ჟურნალის აზრით, ეს ნაბიჯი შესაძლებელია ხელს უწყობდეს რუსეთ-ამერიკის შეთანხმებას, რომ _ რაკიღა თითო ბომბდამშენისა და თითო რაკეტისაგან დაცვის გარანტიას ვერ ქმნიან _ პარალელურად გაატარონ შეიარაღების შეკვეცა თავ-თავიანთ ქვეყნებში. თუმცა ბუშს, ჟურნალის მტკიცებით, უნდა ეს შეთანხმება ხელის ჩამოთრმევის ფორმით გაატაროს, ჟურნალი უმჯობესად თვლის ყოველივეს ცალსახა წერილობით გაფორმებას, რომელიც მხარეებს მომავალში შეთანხმების დარღვევის ცდუნებისგან გაათავისუფლებს. ასეთმა მკაცრად ფორმალიზებულმა შეთანხმებებმა, ჟურნალის სიტყვით, დიდად ხელი შეუწყო სადამ ჰუსეინის მოთოკვას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საქმეში, ჩრდილო კორეისას _ პლუტონიუმთან დილეტანტური თამაშის საქმეში, სამხრეთ აფრიკისა, არგენტინისა და ბრაზილიისას _ მათს ბირთვულ პროგრამებზე ხელის აღების საქმეში, ინდოეთისა, სამხრეთ კორეისა და ირანისას _ მათი დიდი ხნის დაფარული ქიმიური იარაღის პროგრამების გამხელისა და გაუქმების საკითხში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |