"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

ამერიკელთა აზრი (რას გვიჩვენებს მისი გამოკვლევები)

თუმცა ჯერ ნათელი არაა, რისი იმედი ჰქონდაც 11.IX ტერაქტის ჩამდენთ, ნათელია, რომ ერთ-ერთ შესაძლო მიზანს _ ამერიკელთა დაშინებას, რათა ხელი ააღებინონ ახლო აღმოსავლეთის პროცესებში ჩარევაზე _ ტერორისტებმა ვერ მიაღწიეს. ამას მოწმობს გელაპის ცნობილი ინსტიტუტისა და რამდენიმე სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვები.

ტერაქტმა შეძრა ამერიკელთა დიდი უმრავლესობა. ათიდან შვიდმა განაცხადა, სიბრალულით დათრგუნული ვარო, ექვსმა _ ვიტირეო, ხუთმა _ ძილი გამიკრთაო. თუმცა მოელოდნენ ახალ დარტყმებს, უმრავლესობამ თქვა, ვცდილობ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეო. მხოლოდ ასიდან ერთმა იყიდა იარაღი. თუმცა პრესაში გავრცელდა პანიკა ჯილეხიანი წერილების და ამანათების გამო, 92%-მა თქვა, ჩემი კორესპონდენციის არ მეშინიაო.

ამერიკელთა 67% იწონებს ხელისუფლების კურსს ტერაქტთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი აქვს ომსაც და წარმოების ზრდის შეჩერებასაც. ამაში როლს თამაშობს აზრი, "მაგ ნაბიჭვრებს არ დავეჩაგვრინებითო".

ხუთიდან ოთხი კაცი მზადაა, რაღაცა სამოქალაქო თავისუფლებანი დათმოს უსაფრთხოების ხათრით. 77% მომხრეა პირადობის მოწმობისა ("იდენტობის კარტი") და 64% მხარს უჭერს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წარდგენას სამხედრო ტრიბუნალებისათვის. უმრავლესობა არაა მომხრე, რომ მთავრობამ უსმინოს სატელეფონო საუბრებს და სინჯოს ელექტრონული ფოსტის გზავნილობანი, აგრეთვე არ ემხრობა ქუჩაში ნებისმიერის გაჩერებას და გაჩხრეკას. უმრავლესობა წინააღმდეგია არაბი ამერიკელების განუკითხავი აყვანისა. 57% ფიქრობს, რომ პირადობის მოწმობები უნდა ატარონ ყველამ, 48% _ რომ უნდა ატარონ არაბებმა.

40% ითხოვს სამხედრო მოქმედების გაგრძელებას _ თვით ქალებიც კი (84%) და ლიბერალებიც კი (77%). 44% მოელის, რომ ომი და გამარჯვება ძნელი იქნება. 61% ემხრობა სახმელეთო ჯარის გამოყენებას, თუნდაც ათასობით ამერიკელი მოკვდეს. 87% მომხრეა ჯარის გამოყენებისა, თუნდაც ამას ახალი ტერაქტები მოჰყვეს, ან გადასახადების გაზრდა (84%), ან ნავთობის კრიზისი (79%).

92% მოელის ხანგრძლივ ომს (პირლ-ჰარბორის შემდეგ ასეთი მოლოდინი ჰქონდა 51%-ს). 56% თანახმაა, რომ ეს თუნდაც 5 წელიწადს გაგრძლედეს. 49% ამბობს, ომის გაფართოებას დავეთანხმებიო, 43% _ მომხრე ვარ ომის დამთავრებისა დამნაშავეთა დასჯითო. 78% მომხრეა შეიარაღებულ ძალთა გამოყენებისა სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად.

ამერიკელების კმაყოფილებას იწვევს მათი მხარდაჭერა სხვა ქვეყნების მიერ. 95%-ს ეს მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია, 87% ემხრობა მოქმედებას გაეროს საშუალებით. ბუშის მოქმედებისა კმაყოფილნი არიან.

ცხრილზე მოცემულია სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურათა და ორგანიზაციათა მოქმედების რეიტინგი მოსახლეობის თვალში.

ბუში - 84%

პაუელი - 82%

რამსფელდი - 80%

კონგრესი - 79%

მასმედია - 42%

საზოგადოებრივი აზრის ამ კვლევათა ჩამტარებელნი მაინც შეახსენებენ საზოგადოებას, რომ მათი მონაცემები არაა სავსებით იგივე, რაც საზოგადოების პრაქტიკული მოქმედების პროგნოზი. რადგან სხვადასხვა რამაა, ერთის მხრივ, იმის თქმა, რომ ომში მსხვერპლის გაღების მომხრე ხართ, და სხვაა, მეორეს მხრივ, ის, რომ ყოველდღე უყუროთ, როგორ ჩამოჰყავთ ომის ფრონტებიდან დაღუპული ცხედრები.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com