"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

აფხაზეთს არ მივცემთ მტერს (ვებრძვით საქართველოსათვის აფხაზეთის წართმევის უახლეს გეგმას)

თქვენო აღმატებულებავ გენერალურო მდივანო

თითქმის რვა წელიწადია, რაც გაეროს უშიშროების საბჭოში მიმდინარეობს მსჯელობა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის /საქართველო/ სტატუსის განსაზღვრის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ამ შინაგანი საკითხის საერთაშორისო განხილვისათვის სხვაგვარად, თუ არ

_ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 1992-93 წლებში წარმოებული გამოუცხადებელი ომისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის რუსეთის მიერ ოკუპაციის _ ანუ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის აღკვეთისა და დამნაშავეთა დასჯის _ პრობლემის კონტექსტში, ან

_ ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ დაცვის ამოცანის კონტექსტში.

საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ შევარდნაძის მეთაურობით მიზანდასახულად უმალავს ქართველ ხალხს და საქართველოს საზოგადოებას გაეროში მიმდინარე მოლაპარაკებათა შინაარსს და თავის პოზიციას ამ მოლაპარაკებაში, რადგან ეს პოზიცია, თავის არაპოპულარობასთან ერთად, ხასიათდება სრული შეუთავსებლობით სამართლიანობისა და სამართლებრიობის ცნობილსა და საყოველთაოდ მიღებულ პრინციპებთან და მორალის ნორმებთან. წინამდებარე მიმართვის ხელისმომწერთ _ საქართველოს ეროვნული მიმართულების და, მაშასადამე, დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს _ გვსურს, გაერომ იცოდეს, რომ მიუხედავად დუხჭირი და ტრაგიკული ყოფისა, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, საქართველოს საზოგადოებრივი აზრი არასდროს არ დასთანხმებია და არ დაეთანხმება ამ პოზიციას, ვინაიდან იგი კანონსაწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს ინტერესთა წინააღმდეგ მიმართულად და უცხო ქვეყნის _ რუსეთის _ მიერ ნაკარნახევად მიაჩნია, და რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არც ჩვენთვის, არც ჩვენი ქვეყნისათვის დამავალდებულებლად შევარდნაძის მიერ ან მისი მომხრე უმრავლესობით დაკომპლქტებული დღევანდელი პარლამენტის მიერ დადებულ ხელშეკრულებებს და გარიგებებს აფხაზეთის /საქართველო/ თემაზე.

მხედველობაში გვაქვს, კერძოდ, შემდეგი საკითხები, რომლებსაც ეს ხელშეკრულებები და გარიგებები ეხება ან შეიძლება შეეხოს.

I. წინააღმდეგ გაეროში წარდგენილი წინადადებისა, რომ საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის /საქართველო/ სტატუსის განსაზღვრა მოხდეს აფხაზეთიდან (საქართველო) დევნილი ქართველი მოსახლეობის დაბრუნებამდე თავის სახლებში, ჩვენ სრული კატეგორიულობით მოგახსენებთ, რომ ეს დაუშვებლად მიგვაჩნია, ვინაიდან

ა/ აფხაზეთის (საქართველო) სტატუსის შესახებ მოლაპარაკებათა წარმოება და გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია მონაწილეთა (სუბიექტთა) იმ შემადგენლობით, რომლითაც იგი დღეს წარმოებს. თუმცა აფხაზეთის (საქართველო) აფსუური ("აფხაზური") მოსახლეობა ყველა შემთხვევაში არის აფხაზეთის (საქართველო) სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი სუბიექტი და თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებაში მისი მონაწილეობის იურიდიული ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგიდასთან მისი წარმომადგენლების ჯდომის ჩათვლით, ამ მოლაპარაკებაში მისი წარმომადგენლობა არძინბასა და მისი ჯგუფის მიერ დაუშვებელია მორალურად, ისევე როგორც დაუშვებელია ბინ ლადენის მიერ არაბი ხალხის წარმომადგენლობა ან დაუშვებელი იქნებოდა აიხმანის მიერ გერმანელი ხალხის წარმომადგენლობა. არძინბასა და მისი ჯგუფის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე და ადამიანობის წინაშე _ გენოციდი და ეთნიკური წმენდა _ საქართველოსთვის ცნობილია და დამნაშავეთა მიმართ მხოლოდ იმიტომ არაა დღემდე აღძრული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ, რომ დიქტატორი პრეზიდენტი შევარდნაძე შიშობს, საქმის აღძვრის შემთხვევაში არ გამომჟღავნდეს პირადად მისი როლი ომის პროვოცირებაში არძინბასთან ერთად და საქართველოს შეიარაღებულ ძალთა წინააღმდეგ ჩადენილ ღალატში, რომელთა მთავარსარდალიც იგი იყო, აგრეთვე არ გამომჟღავნდეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში გამოუცხადებელი ომის წარმოების ფაქტი. აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარებული ეთნიკური წმენდის ფაქტი ცნობილია ეუთოს მიერ და ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არაა იგი ცნობილი აგრეთვე გაეროს მიერ. არძინბასა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფისთის აფსუა ("აფხაზი") ხალხის წარმომადგენლობის დაკისრება ზემოხსენებულ მოლაპარაკებაში იქნებოდა აფსუა ("აფხაზი") ხალხისთვის მათი დანაშაულის გაზიარებინება, რაც, საფიქრებელია, არ იქნებოდა სავსებით სამართლიანი ამ ხალხის, როგორც მთელის, მიმართ.

ბ) იგივე არძინბას ჯგუფი არ შეიძლება მოლაპარაკებაში მონაწილეობდეს აფხაზეთის წარმომადგენლად, რადგან იგი არც ლეგიტიმური ხელისუფალია აფხაზეთისა მას შემდეგ, რაც იქ მოსახლეობის 46 პროცენტის, ანუ ქართველების მიმართ გენოციდი და ეთნიკური წმენდა ჩაატარა, არც იმის მტკიცების საფუძველი აქვს, რომ აფხაზეთში (საქართველო) დღეს დარჩენილი მოსახლეობა მას მხარს უჭერს ფაქტობრივად.

გ) საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის (საქართველო) სტატუსის განსაზღვრაზე გადაწყვეტილების მიღების და, შესაბამისად, ამ თემაზე წარმოებული ნებისმიერი მოლაპარაკების მონაწილე სუბიექტი არის, ამა თუ იმ იურიდიული ფორმით, აფხაზეთის (საქართველო) ქართველი მოსახლეობა, რომელიც ამ ტერიტორიის მოსახლეობის 46 პროცენტს შეადგენს. დღეს ეს მოსახლეობა თითქმის მთლიანად განდევნილია აფხაზეთიდან (საქართველო) იქ ჩატარებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად და, ამგვარად, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის _ მოლაპარაკებებში მონაწილეთა პოზიციაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ამგვარად, აფხაზეთში (საქართველო) დევნილთა დაბრუნებამდე ისეთ პირობებში, როცა შეუძლებელი იქნება მათ პოლიტიკურ ნებაზე ზემოქმედება ტერორით, აფხაზეთის (საქართველო) სტატუსის განსაზღვრა პრინციპულად შეუძლებელიცაა და დაუშვებელიცაა.

ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ აფხაზეთის (საქართველო) სტატუსის განსაზღვრის ამოცანა დღეს, აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის, ანუ მოსახლეობის 46 პროცენტის, აგრეთვე დანარჩენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის არყოფნის პირობებში, იქ უკანონო იმიგრანტების დიდი მასის არსებობის პირობებში, იქ არძინბას დანაშაულებრივი ჯგუფის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში და იქ რუსეთის საკუთრივ დამპყრობელი ჯარის, ანუ არა მხოლოდ გაეროს ეგიდით იქ მყოფი "სამშვიდობო ძალების" დგომის პირობებში დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას. ეს განსაზღვრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კანონიერი უფლების და აფხაზეთის მოსახლეობის კანონიერი უფლების, კერძოდ _ აფხაზეთის მთელი (და არა მხოლოდ აფსუური ("აფხაზური") მოსახლეობის კანონიერი უფლების _ გათვალისწინებით უნდა მოხდეს და იგი უნდა მოხდეს მხოლოდ ისეთ პირობებში, როცა შინ დაბრუნებული იქნება აფხაზეთიდან ტერორის საშუალებით გამოდევნილი მოსახლეობა და მას სიცოცხლის დაცვის დამაკმაყოფილებელი გარანტია ექნება, როცა აფხაზეთიდან გაყვანილი იქნება აგრესორის (რუსეთის) იქ უკანონოდ მდგომი შეიარაღებული ძალა, როცა იქ არ იქნება დანაშაულებრივი, კერძოდ, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ჩამდენი არძინბას ხელისუფლება და როცა იქ არ იწარმოებს გამოუცხადებელი ომი რუსეთის მხრიდან ტერიტორიის დაბომბვის, რუსეთის რუსი და არარუსი მოქალაქეების საქართველოს წინააღმდეგ საომრად შემოგზავნის, აფსუა (აფხაზი) მოსახლეობის ქართველებთან საომრად შეიარაღებისა და გაწვრთნის, რუსეთის რეგულარული ჯარის პირდაპირი საბრძოლო მონაწილეობის, არძინბას დანაშაულებრივი მმართველობისათვის სადაზვერვო მონაცემებით, ინსტრუქტაჟით, ფინანსებით და ტყვია-წამლით დახმარების სახით1).

აფხაზეთის პრობლემის მოგვარების იურიდიულად, პოლიტიკურად და მორალურად დამაკმაყოფილებელი ნაბიჯების თანმიმდევრობა მხოლოდ (დაახლოებით) ამგვარი შეიძლება იყოს:

1. რუსეთის მიერ აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიის ოკუპაციის შეწყვეტა მისი შეიარაღებული ძალის გაყვანის სახით.

2. (პარალელურად) აფხაზეთში (საქართველო) რუსეთის სამხედრო აგრესიის შეწყვეტა.

3. რუსეთის მიერ უკვე წარმოებული გამოუცხადებელი ომის, მისი ინსპირაციითა და დაცვითQქართველი მოსახლეობის გენოციდისა და წმენდის, მისი ხელშეწყობით დღეს მიმდინარე ქართველი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობისა და აფხაზეთში (საქართველო) უკანონო იმიგრაციის ორგანიზებული სტიმულირების ფაქტის ცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო და სხვათა) მიერ.

4. (პარალელურად) მთლიანად საქართველოში რუსეთის აგრესიის შეწყვეტა მთელი საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის სახით, საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 1 ივნისის #125 დადგენილების შესაბამისად "საქართველოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 1995 წლის 31 დეკემბრამდე გაყვანის შესახებ"

5. (პარალელურად) რუსეთისაგან საქართველოსთვის მოყენებული მორალური და მატერიალური ზარალის განსაზღვრა და მისი ანაზღაურების საკითხის ოფიციალური დასმა, აგრეთვე დამნაშავეთა წინააღმდეგ საქმის აღძვრა, აფხაზეთში მომხდარი გენოციდისა და ეთნიკური წმენდისათვის, აგრეთვე ცხინვალის ზონაში მომხდარი ეთნიკური წმენდისათვის დამნაშავეთა დასჯა.

6. აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურიდიქციის რეალური აღდგენა (სასურველია _ საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგრამ არა უშუალოდ მეზობელი სახელმწიფოების, მონიტორინგით).

7. დევნილი მოსახლეობის დაბრუნება

8. აფხაზეთში (საქართველო) დროებითი სახელისუფლებო წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები განდევნილი მოსახლეობის მონაწილეობით და საერთაშორისო მონიტორინგით

9. აფხაზეთის (საქართველო) სტატუსის განსაზღვრა და აფხაზეთში სახელისუფლებო წარმომადგენლობითი ორგანოების მთელი სისტემის არჩევა დადგენილი სტატუსის შესაბამისად.

II. წინააღმდეგ უშიშროების საბჭოსათვის მიწოდებული მოსაზრებისა, რომ, სამართლიანობისა და მშვიდობიანობის ინტერესებში, მიზანშეწონილია მოხდეს აფხაზეთის სტატუსის ამაღლება ფედერაციის სუბიექტის სტატუსამდე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნებოდა უსამართლობა ქართველი ხალხის მიმართ და ისეთი სიახლე საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობაში, რომელიც არ გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმებიდან2). ამასთან, ეს იქნებოდა არა სტაბილიზაციის, არამედ, პირიქით, დესტაბილიზაციის ფაქტორი. ხსენებული წინადადება, როგორც ვთქვით, ემყარება ყალბ წანამძღვრებს, რომ

_ აფხაზეთი /საქართველო/ არის იმ ხალხის ქვეყანა, _ და, ამასთანავე, მხოლოდ იმ ხალხის ქვეყანა _ რომელიც თავისთავს უწოდებს "აფსუას", ხოლო ქართველები და მათი მაგალითით სხვა ხალხებიც უწოდებენ "აფხაზს", და რომ

_ ქართველები ამ ტერიტორიაზე მოსული ხალხია, რომელმაც ეს ქვეყანა, ამა თუ იმ ფორმით, დაიქვმდებარა და ამჟამად თავისი სახელმწიფოს შიგნით ჰყავს.

სინამდვილეში ქართველი ხალხი ამ ტერიტორიის ერთადერთი ავტოხთონი ხალხია, ანუ ის ხალხი, რომელმაც ეს ტერიტორია ხელუხლებელი ტყეების მდგომარეობიდან განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში გადაიყვანა, ხოლო ქართული ენა ის ერთადერთი ენაა, გარდა ბერძნულისა ყოფილი საპორტო ბერძნული კოლონიების ტერიტორიაზე, რომელზედაც აქ შუა საუკუნეთა ეპიგრაფიკა არსებობს. ეთნონიმს "აფსუა" არა აქვს ლინგვისტური კავშირი ეთნონიმთან "აფხაზი" (იხ. ?. ???????????) და ტოპონიმთან "აფხაზეთი", რომელიც ცნობილია VIII საუკუნიდან როგორც ხან დღევანდელი აფხაზეთის, ხან მისი ერთი ნაწილის, ხან მთლიანად დასავლეთი საქართველოს აღმნიშვნელი. ხალხი აფსუა, ადიღეური მოდგმისა, ჩრდილოეთი კავკასიიდან გადმოსახლდა კავკასიონის ქედის სამხრეთით, საქართველოში, ჯერ, სპორადულად, XIIIAსაუკუნიდან, ხოლო შემდეგ, მასობრივად, XVII-XVIII საუკუნეებში, როცა ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა თურქული ლაშქრობების შედეგად. სახელი "აფხაზი" ამ იმიგრანტ ადირეურ ტომებს დაერქვათ (ქართველების მიერ) იმიტომ, რომ პროვინციას, რომელშიც ისინი დასახლდნენ, "აფხაზეთი" ერქვა3).

თქმულიდან გამომდინარეობს _ და გაეროს უშიშროების საბჭო ვალდებულია, ეს იცოდეს, როცა აფხაზეთის (საქართველო) თემაზე მსჯელობს, _ რომ აფხაზეთში რუსების მიერ დანერგილი და აფსუა ("აფხაზი") მოსახლეობის საკმაოდ ფართო წრის მიერ ფართოდ ატაცებული ლოზუნგები _ "სმერტ გრუზინამ" და "გრუზინი, ვონ იზ აფხაზიი", რომლებიც განხორციელდა კიდეც იმავე რუსეთის ინიციატივითა და დახმარებით 1992-93 წლებში _ ზემოხსენებულ ყალბ ისტორიულ წანამძღვარს ემყარება, სახელდობრ, იმ თეზისს, რომ ქართველები აფხაზეთში მოსული და აფხაზეთის დამკავებელი ხალხია, თუმცა ამ "დაკავების" ფორმასა და თარიღს, თუნდ ათასწლეულის სიზუსტით, ვერავინ უთითებს.

მეორე ყალბი წანამძღვარი, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში წარმოებული მოლაპარაკებები ემყარება, ისაა, რომ აფხაზეთის ნება იგივეა, რაც აფსუა /"აფხაზი"/ მოსახლეობის ნება, ხოლო აფსუა მოსახლეობის ნება იგივეა, რაც არძინბასა და მისი თანამზრახველი ჯგუფის ნება. სინამდვილეში აფსუა ("აფხაზი") მოსახლეობის /რაგინდარა "ერთსულოვანის"/ ნება არაა აფხაზეთში ერთადერთი. გარდა ამ მოსახლეობის ნებისა, რომ აფხაზეთს (საქართველო) განიხილავდეს როგორც თავისი ცხოვრების მატერიალურ ბაზას და თავისი ყოველმხრივი პოლიტიკური, კულტურული და ნებისმიერი სხვა სახის თვითრეალიზაციის ასპარეზს, აწ და მარადის, რაც სავსებით ბუნებრივი და კანონიერია, არსებობს ამავე ტერიტორიის ავტოხთონური ხალხის _ ქართველი ხალხის _ ამდენადვე4) ბუნებრივი და კანონიერი ნება, რომ ამ ტერიტორიას განიხილავდეს როგორც თავისი ყოველმხრივი ეროვნული თვითრეალიზაციის ასპარეზს დღეს და უსასრულო მამავალში, და ეს ნება მხოლოდ აფხაზეთში მოსახლე ქართველების ნება კი არაა, არამედ მთელი ქართველი ხალხის ნება, რომლისთვისაც, როგორვ ვთქვით, ეს ტერიტორია მისი ეთნიკური ტერიტორიის ნაწილია. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე არის მის ყველა მაცხოვრებელთა კოლექტიური /ერთობლივი/ ნება, განურჩევლად იმისა, თუ როდის დასახლდა აქ ესა თუ ის პირი და როდემდე აპირებს სახლობას: სახელდობრ, ნება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოება, იყოს ცოცხალი და კეთილდღიანი. ეს სამი ნება ურთიერთიგივეობრივი არაა, მაგრამ მათ შორის არც შეურიგებელი წინააღმდეგობა არსებობს. შესაძლებელია მათ შორის არა მხოლოდ კომპრომისის მიღწევა, არამედ მათი ჰარმონიზაციაც, რისი მიღწევის ერთადერთი შესაძლებელი ფორმაც ისაა , რომ აფხაზეთის (საქართველო) ხელისუფლების ნება, როგორიც არ უნდა იყოს ამ ხელისუფლების შექმნის დემოკრატიული პროცედურა, ასახავდეს ამ სამ ნებას, და რომ, ამგვარად, აფხაზეთის, როგორც მთელის, ნება ფორმირდებოდეს, როგორც ამ ნებათა ტოლქმედი და არა როგორც მოსახლეობის 17 პროცენტის, სახელდობრ, აფსუების ("აფხაზების") ნება.

ამგვარად, დღეს თავს უფლებას ვაძლევთ, გავამახვილოთ თქვენი აღმატებულობის ყურადღება იმაზე, რომ აფხაზეთის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, და მისი მოსახლეობის ნების გამომხატველად მხოლოდ ან უპირატესად აფსუა ("აფხაზი") მოსახლეობის ნების მიჩნევა არის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგის ლეგალიზაციის მცდელობა, ნათელია, რომ გენოციდის შედეგის დაკანონებას პრაქტიკა, ან თუნდაც ერთი პრეცედენტი, მოახდენს გენოციდის სტიმულირებას მთელს მსოფლიოში მრავალი წლით და, შესაძლოა, ათწლეულითაც.

თქმულიდან გამომდინარეობს შემდეგი:

1. არ არსებობს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური და არც მორალური საფუძველი არც იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ეთნიკური ტერიტორიის ნაწილი _ აფხაზეთი _ გამოეყოს საქართველოს, როგორც ცალკე სახელმწიფო, და ამით საქართველოს მისი ტერიტორიის ნაწილი წაერთვას, არც იმისთვის, რომ აფხაზეთი საქართველოს დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებული იყოს მხოლოდ ფედერაციის წესით. ფედერაცია გულისხმობს მის (ფედერაციის) სუბიექტთა მიერ ცენტრისათვის იმ უფლებათა რაღაცა ნაწილის დელეგირებას, რომლებიც ამ სუბიექტის პირველადი, ანუ "თანდაყოლილი", ბუნებისგანვე იმთავითვე მიკუთვნებული არასაჭოჭმანო უფლებებია, ცენტრისა კი არა. აფხაზეთის მიწა-წყლის მიმართ, რომალზეც, როგორც ვთქვით, ქართველი ხალხი ავტოხთონურია და სახელმწიფოებრიობის უწყვეტი ისტორიის მქონეა უძველესი დროიდან 1857 წელს მომხდარ ძალადობით ანექსიამდე რუსეთის მიერ, ქართველი ხალხის ძირეული უფლებები ამ ტერიტორიის მიმართ პირველადია და არა ისეთი, რომელიც სხვისგან დელეგირებას საჭიროებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელში ამ ტერიტორიის მიმართ ყველაზე ფუნდამეტურ უფლებათა არსებობა, როგორიცაა მის სიმდიდრეთა ფლობისა და განკარგვის, მისი სამხედრო საჭიროებისათვის გამოყენების და ა. შ. უფლებები, არ სჭირდება მათი დელეგირება სხვა სუბიექტის მიერ3). რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიურ სტატუსს საქართველოს სახელმწიფოს შიგნით, ანუ ისეთ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ მოწყობას, როცა სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას თავისი პირველადი უფლებების რაღაცა ნაწილი დელეგირებული აქვს ავტონომიური ერთეულის ხელისუფლებისათვის, მას აქვს სრული სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური საფუძველი, სახელდობრ, ის საფუძველი, რომ საქართველოს ამ ნაწილში ცხოვრობს არა ერთი ხალხი, რომელსაც დედამიწაზე სხვა სამშობლო არა აქვს, არამედ ორი ასეთი ხალხი _ ქართველები და აფსუები /"აფხაზები"/ _ და ამ ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე პრობლემების არსებობა განაპირობებს ორგანიზაციის სპეციფიკური ფორმის _ ავტონომიის _ საჭიროებას*.

2. აფხაზეთში არსებული მძიმე პრობლემების გადაჭრა გულისხმობს არა მხოლოდ თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა სწორსა და სტაბილურ გამიჯვნას, არამედ, პირველ ყოვლისა, "სოხუმის" ანუ აფხაზეთის (საქართველო), როგორც მთელის, ნების ფორმირების წესის განსაზღვრასაც. შესაბამისად, პირველხარისხოვანი და პირველადი ამოცანაა აფხაზეთის შინაგანი მოწყობის განსაზღვრაც, მასში დემოგრაფიულ პროცესთა რეგულირების უფლებამოსილებათა იმგვარი გამიჯვნის ჩათვლით, რომელიც გამორიცხავს ფარულ დემოგრაფიულ მეტოქეობას ამ ტერიტორიაზე ან მის რომელსამე ნაწილში მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შეცვლის მიზნით.

III. ჩვენთვის ცნობილია, როგორც მოვლენათა მონაწილეებისა და თვითმხილველებისთვის, რომ აფხაზეთში (საქართველო) 1992-93 წლებში წარმოებული ომი იყო ქართულ-რუსული და არა ქართულ-აფსუური ("აფხაზური") ომი და რომ ქართველი მოსახლეობის გენოციდი, რომელიც ახლაც გრძელდება (მხოლოდ გალის რაიონში, სადაც დგანან რუსეთის "სამშვიდობო ძალები" გაეროს მანდატით, 1993 წლიდან დღემდე მოკლულია 1800 მშვიდობიანი მოსახლე, ქართველი ეროვნებისა, ანუ მთელი დღეს იქ მყოფი მოსახლეობის 3.6 პროცენტი), ორგანიზებულია და ჩატარებულია ძირითადად რუსეთის მიერ.

სახელდობრ, რუსეთის მხრიდან უშუალოდ ბრძოლაში მონაწილეობდნენ

_ რუსეთის სამხედრო მოსამსახურენი, რომელნიც ტექნიკას მართავდნენ

_ რუსეთის "დათხოვნილი" სამხედრო მოსამსახურენი, რომელნიც "დაქირავებულებად" იყვნენ გამოცხადებულნი.

_ რუსეთის სამხედრო ნაწილები (345-ე ავიასადესანტო პოლკი და სოხუმის ბატალიონი),

_ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მზადდებოდნენ და იარაღდებოდნენ რუსეთში და იგზავნებოდნენ საქართველოში, როგორც "დაქირავებულნი" (კაზაკები, სხვა რუსები ან არარუსული მოკავშირენი, ადიღეელები, ყაბარდოელები, ოსები, მცირე რაოდენობით _ ჩეჩნები)

_ სამხედრო "კონსულტანტებად" და "ინსტრუქტორებად" წარმოდგენილი (არაოფიციალურად) რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია

_ ამარაგებდა არძინბას ჯგუფის შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებით, საჭურველით, ტყვია-წამლით, სხვა სამხედრო მასალებით, საწვავით,

_ აძლევდა მათ სადაზვერვო ინფორმაციას

_ თავის საპროპაგანდო აპარატის საშუალებით აწარმოებდა "საპროპაგანდო ომს" მათ მხარეზე

თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ე. შევარდნაძის მეთაურობით არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება რუსეთის აგრესიის შესახებ საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ვთვლით, რომ გაეროსთვის ეს გარემოებები ცნობილი უნდა იყოს, ვინაიდან მას აფხაზეთში (საქართველო) არსებული ვითარების მონიტორინგისათვის თავისი დამკვირვებლები ჰყავს*. წინამდებარე წერილით ჩვენ გვსურს გაცნობოთ, თქვენო აღმატებულებავ გენერალურო მდივანო, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციას ვთვლით აგრესორად საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ არ ვურიგდებით და არ შევურიგდებით რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ყოფნას აფხაზეთში, არ ვცნობთ და ვერ ვცნობთ რუსეთის "ხელშემწყობის" ფუნქციას აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტში და რუსეთის _ ან რომელიმე სხა მეზობელი ქვეყნის _ "სამშვიდობო" ჯარების დგომას საქართველოში. არ ვცნობთ აგრეთვე ქართველი პარტიზანების აღიარებას "ტერორისტებად", რადგანაც პარტიზანული ბრძოლა დღეს, როცა საქართველოს უცხო ქვეყნის (რუსეთის) აგენტურა მართავს შევარდნაძისა და მისი ჯგუფის სახით, ქართველი ხალხისთვის ეს ერთადერთი მისაწვდომი საშუალებაა, რათა დაიცვას თავისი თანამემამულეების სიცოცხლე და წინააღმდეგობა გაუწიოს ორგანიზებულ მასობრივ მკველობებს.

IV. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აფხაზეთის (საქართველო) სტატუსის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ფიგურირებს "არგუმენტი", რომ, ვინაიდან აფსუებს ("აფხაზებს") ჩადენილი აქვთ დიდმასშტაბიანი დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ და , ამდენად, "მოსალოდნელია" ქართველებმა შურისძიება მოინდომონ, აფსუებს ("აფხაზებს") უნდა მიეცეთ და დაუკანონდეთ ისეთი შეიარაღებული ძალა, რომ ქართველებმა, სურვილის შემთხვევაში, ეს ვერ შეძლონ, _ სხვა სიტყვით, აფსუებს ("აფხაზებს") საქართველოს სახელმწიფოში ყოფნის პირობებში უნდა მიეცეთ და დაუკანონდეთ ისეთი შეიარაღებული ძალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დამსჯელი ორგანოებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად იქნება მოწოდებული. ჩვენ ამ განზრახვას _ თუკი იგი არსებობს _ საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ძირის გამომთხრელად ვთვლით. შურისძიების არიდება შეიძლება და უნდა მოხდეს მხოლოდ დამნაშავეთა დასჯით კანონის მიერ რეალისტური კომპრომისით და წესრიგის დამცველი ორგანოების მიერ წარმოებული ქმედითი კონტროლით და არა აფსუებისათვის ("აფხაზებისათვის") ხელოვნური საბრძოლო უპირატესობის მინიჭებით5).

V. ჩვენ, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა, უნდობლობას ვუცხადებთ გაეროს გენერალური მდივნის პირად წარმომადგენელს საქართველოში ბატონ ბოდენს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ მისი მუშაობიდან ჯერ ეუთოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ მის დღევანდელ ფუნქციაში. ჩვენთვის ცნობილია მისი საქართველოს სახელმწიფოსადმი მტრული, სისტემეტურ დეზიმფორმაციაზე აგებული და დიპლომატის ეთიკასთან შეუთავსებელი მოქმედება ცხინვალის ზონაში ოსური დიასპორის სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს მიწა-წყალზე საკუთარი "ქვეყნის" _ რუსი ბოლშევიკი ოკუპანტების მიერ 1922 წელს შექმნილი და საქართველოს პირველივე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიერ მისი არჩევისთანავე გაუქმებული "სამხრეთ ოსეთის" _ კიდევ ერთხელ შექმნას გულისხმობს. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ ბ-ნი ბოდენი აფსუა ("აფხაზ") სეპარატისტთა კრიმინალურ ჯგუფს არძინბას მეთაურობით ურჩევს, აფხაზეთის (საქართველო) სტატუსზე მოლაპარაკებათა პროცესში მოახდინონ თავის ხელში მთელი უფლებამოსილების კონცენტრირება აფხაზეთში (საქართველო) დემოგრაფიულ პროცესთა საკონტროლოდ, რათა შემოასახლონ საქართველოში რუსეთის და თურქეთის მოქალაქეთა მასა და ამით აფხაზეთის სეცესიას დემოგრაფიული ნიადაგი მოუმზადონ. ჩვენ ბატონ ბოდენს ვთვლით რუსეთის ერთერთ აგენტად საქართველოში და თქვენ გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, საქართველო მისი სამსახურისგან გაათავისუფლოთ, რათა არ გახდეს საჭირო საქართველოში კიდევ ერთი მწვავე კონფლიქტი მოსახლეობასა და მარიონეტულ ხელისუფლებას შორის, რათა ბატონი ბოდენი პერსონა ნონ გრატა-დ იქნას გამოცხადებული.

VI. ჩვენი სურვილია, რომ პირადად თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, და გაეროს მოგეხსენებოდეთ, რა პრინციპებს ემყარება აფხაზეთში (საქართველო) არსებული შინაგანი კონფლიქტის საბოლოო და სამუდამო დარეგულირების ჩვენის აზრით ოპტიმალური გზა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ

ა) საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ მიუცილებელ მიზნად, კონსტიტუციის დონეზე, უნდა იყოს მიჩნეული არა მხოლოდ ყოველი მოქალაქის, მათ შორის აფსუას ("აფხაზის") სრული თანასწორობა კანონის წინაშე, არამედ, აგრეთვე, აფსუა ("აფხაზი") ხალხის სრული ეროვნული (ეთნიკური) მარადიულყოფის ამოცანა და მისი სრული ყოველმხრივი თვითრეალიზაციის ამოცანას, რისი გარანტიაც უნდა ჩადებული იყოს

_ აფხაზეთის (საქართველო) ადმინისტრაციულსა და ტერიტორიულ მოწყობაში, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული კომპაქტური დასახელების ფაქტორს და საშუალებას აძლევს, კანონით დადგენილი ჩამონათვალით, ადგილობრივ ხელისუფლებას, მისი წარმომადგენლობითი არჩევითი ორგანოების სახით, შეზღუდოს იმიგრაციული პროცესები საქართველოს კანონმდებლობისა და აფხაზეთის ავტონომიის კანონმდებლობის შესაბამისად.

_ აფხაზეთის (საქართველო) ბიუჯეტის კანონით მკაცრად განსაზღვრულ განაწილებაში ტერიტორიული და მიზნობრივი პრინციპით.

_ აფხაზეთისათვის (საქართველო), როგორც მთელისათვის, და აფხაზეთის შიგნით ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეულებისათვის, მათი არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოების სახით, დელეგირებული უფლებამოსილებების სწორ განსაზღვრაში კანონის მიერ

ბ) აფხაზეთის (საქართველო), როგორც მთელის, სტატუსი უნდა იყოს ავტონომია8): უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების კუთვნილი ფუნქციების კანონით განსაზღვრული ნაწილი დელეგირებული უნდა იყოს მთლიანად აფხაზეთის (საქართველო) და აფხაზეთის შემადგენელი ერთეულების არჩევითი ხელისუფლებებისადმი. აფხაზეთის ავტონომია არ უნდა იყოს აფსუების ("აფხაზების"), როგორც აფხაზეთის (საქართველო) მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილის, ავტონომია, არამედ ეს უნდა იყოს აფხაზეთის, როგორც მთელის, ავტონომია. აფხაზეთის (საქართველო), როგორც მთელის, ნების მატარებელია აფხაზეთის დემოკრატიული წესით არჩეული წარმომადგენლობითი უმაღლესი ორგანო. აფხაზეთის (საქართველო), როგორც მთელის, უფლებამოსილებები გამიჯნულია საქართველოს, როგორც მთელის, უფლებამოსილებებისაგან (მას დელეგირებული აქვს ამ უკანასკნელისაგან მის უფლებამოსილებათა კანონით (კონსტიტუციით) დადგენილი ნაწილი) და აფხაზეთის (საქართველო) შემადგენელი ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილებებისაგან, რომლებითაც აღჭურვილია ამ ერთეულების არჩევითი ხელისუფლებები, სოფლის საკრებულოთი დაწყებული და ზევით.

გ) გარდა ზემოხსენებული ტერიტორიული სპეციფიკური უფლებამოსილებებისა, აფსუა ("აფხაზ") ხალხს, ისევე როგორც ქართველ ხალხს და საქართველოში კომპაქტურად ან გაბნეულად მაცხოვრებელ ყველა სხვა ეროვნულ (ეთნიკურ) ჯგუფს, ქართველების ჩათვლით აქვს ფუნქციური ავტონომიის უფლება, ანუ ყველა სახის ორგანიზაციული ერთიანობის შექმნის უფლება ყველა შემთხვევაში და ყველა მიზნით საქართველოს კანონით აკრძალულთა გარდა

დ) აფსუა ("აფხაზი") ხალხი, გარდა ზემოხსენებული ტერიტორიული და ფუნქციური ავტონომიის პრინციპების განხორციელებისა, მთლიანად საქართველოს ცხოვრებაში მონაწილეობს მოსახლეობის ყველა სხვა ეროვნულ (ეთნიკურ) ჯგუფებთან, ქართველების ჩათვლით, თანამშრომლობს მხოლოდ პირად არჩევანზე დაყრდნობით ანუ ურთიერთშემავსებლობის, და არა ურთიერთგამიჯვნის პრინციპით.

წინამდებარე პრინციპების რეალიზაცია მრავალი მცირე და შედარებით დიდი დეტალის დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ მათი არსი

_ ის, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.

ის, რომ აფხაზეთი არა მხოლოდ აფსუების ("აფხაზების") ქვეყანაა, არამედ იგი, აგრეთვე, ამ ტერიტორიის ავტოხთონური მოსახლეობის, ქართველების ქვეყანაა, დღესდღეობით რუსეთის მიერ დაპყრობილი და ოკუპირებული,

_ ის, რომ ქართველი ერის ამოცანა და მისი მოვალეობა შთამომავლობის წინაშე არის ამ ტერიტორიის განთავისუფლება,

_ ის, რომ 1992-93 წლების ომი და მისი დღევანდელი გაგრძელება იყო და არის არა ქართულ-აფსუური ("აფხაზური") ომი, არამედ ქართულ-რუსული, რომ ქართველი მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა არის რუსეთის და მისი ნების აღმასრულებელი არძინბას ხროვის დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დასჯილ იქნეს,

_ და, დასასრულ, ის, რომ ამ ტერიტორიის მომავალი არის ჰარმონიული და დემოკრატიის ყველა ნორმის მიხედვით ორგანიზებული სამუდამო ერთიანი თანაცხოვრება ქართველებისა და აფსუებისა, ორივე ხალხის სრული და ყოველმხრივი თვითრეალიზაცია ამ ტერიტორიაზე,

ჩვენ მიერ გადახედული ვერ იქნება. იმედს გამოვთქვამთ, რომ გაერო და მისი წევრი სახელმწიფოები არ დაზოგავენ ძალისხმევას, რათა მთელი საჭირო სიღრმით ჩასწვდნენ კონფლიქტის მიზეზებსა და მის ისტორიას და აღმოუჩინონ საქართველოს ის დახმარება, რაც აგრესიის მსხვერპლ სახელმწიფოს ეკუთვნის აგრესორისაგან დაცვის მხრივ მაშინაც კი, როცა აგრესორი ერთ-ერთი მსოფლიო სუპერ ძალაა7).

დანართი.

1) აფხაზეთის (საქართველო) 1992-93 წლების ომი აფხაზეთის სტატუსის განუსაზღვრელობის ან ამ სტატუსთან დაკავშირებული რაიმე პრობლემის გამო არ დაწყებულა. სტატუსის საკითხი იყო მხოლოდ ერთ-ერთი საბაბი. აფხაზეთის პრობლემა ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონისა, წარმოშვა მთლიანად საქართველოს სტატუსის პრობლემამ, ანუ საქართველოს, ქართველი ერის რუსეთისაგან გამოყოფის სურვილმა და ამისთვის ბრძოლამ. აფხაზეთის (საქართველო) ომის ორგანიზება და წარმოება რუსეთის მხრიდან არის სასჯელი, რომელიც მიიღო ქართველმა ერმა თვითგანსაზღვრის უფლების რეალიზაციისთვის, ანუ უფლებისა, შექმნას დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო. 1921 წელს რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ტერიტორიებიც წაართვა. იგი ეხლაც ამას აპირებს. აფხაზეთის ტრაგედიის მიზეზებიც აქ უნდა ვეძებოთ და მოვლენათა განვითარების პერსპექტივებიც ამ თვალსაწიერიდან უნდა დავინახოთ.

ამიტომ აფხაზეთის (საქართველო) სტატუსის განსაზღვრის საკითხის დასმა, როგორც პრობლემის მოგვარების წინაპირობისა, არსებული მდგომარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებად მხოლოდ ან უპირველესად ქართული და აფხაზური მხარეების აზრის მიჩნევა ნიშნავს რუსეთის სახელმწიფოს მიერ აფხაზეთში (საქართველო) განხორციელებული აგრესიის, ქართული მოსახლების გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ფაქტობრივსა და იურიდიულ შენიღბვას, ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ დანაშაულში აგრესორის პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური და მატერიალური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას3).

აფხაზეთს (საქართველო) არასდროს არ გააჩნდა ცენტრისათვის გადასაცემი რაიმე სუვერენული უფლება, ანუ, როგორც აფხაზეთის (საქართველო) სტატუსის ზოგიერთი პროექტის ავტორი ამბობს _ "თანდაყოლილი" უფლება, რომელიც ტერიტორიას ეხება.

1991 წლის მონაცემით (საბჭოთა სტატუსით) აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა. დღემდე არც ერთ უფლებამოსილ ორგანოს ეს სტატუსი არ შეუცვლია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით (1921წ.), აფხაზეთი "სოხუმის ოლქის" სახელით არის ავტონომია. სუვენერული სტატუსი აფხაზეთს არც იმპერიის შემადგენლობაში ჰქონია და არც თურქეთის მიერ დაპყრობის ქვეშ. ისტორიულად ის ყოველთვის ქართული სახელმწიფოს ნაწილი იყო, შუასაუკუნეებში _ ქართული ფეოდალური ერთეული.

1921-31 წლების ე.წ. "სახელშეკრულებო" სტატუსის დეკლარირება უკანონო საბჭოთა ხელისუფლების ბოლშევიკური რევკომების მიერ მოხდა, და არა რაიმე წარმომადგენლობით ორგანოს მიერ. 1921 წლის 5 ივლისს ბოლშევიკების კავბიუროს პლენუმმა მთელი კავკასიის კომუნისტებს აფხაზეთში ავტონომიის შექმნის ამოცანა დაუსახა, ხოლო 1925 წლის აფხაზეთის "კონსტიტუცია", რომელსაც ეფუძნება არძინბას ხროვის მიერ გამოცხადებული "სუვერენიტეტი", აფხაზეთის ე.წ. საბჭოების ყრილობამ, როგორც დღეს იტყვიან, პირველი წაკითხვით მიიღო და იგი ძალაში არც შესულა, რადგან: 1) თავად ყრილობის დადგენილებაში წერია, რომ წარმოდგენილი პროექტი დამატებით უნდა დამუშავდეს; 2) კონსტიტუცია არ გამოქვეყნებულა.

საბჭოთა კავშირის 1924 წლის პირველი იმპერიული კონსტიტუციით _ უმაღლესი საბჭოთა სამართლებრივი აქტით _ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში. ასეა ყველა შემდგომ სსრკ კონსტიტუციებშიც2).

აფხაზეთისთვის (საქართველო) ფედერაციის სუბიექტის ან ავტონომიის სტატუსის მინიჭებას და მის უფლებამოსილებათა განსაზღვრას სჭირდება მხარედ ორი არჩევითი ორგანო: საქართველოს პარლამენტი და აფხაზეთის (საქართველო) ხელისუფლების უმაღლესი არჩევითი ორგანო.

არძინბას რეჟიმი ასეთად ვერ ჩაითვლება, რადგან: 1) იგი არ არის აფხაზეთის (საქართველო) მთელი მოსახლეობის მიერ არჩეული; 2) იგი არის აფხაზეთის (საქართველო) ქართული მოსახლების გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ანუ ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულის თანამონაწილე. რუსეთის ეს დანაშაული გრძელდება გალის რაიონში მიმდინარე გენოციდის სახით და არძინბას რეჟიმის თანამონაწილეობაც გრძელდება.

3) თქმულიდან ჩანს, რამდენად უმართებულოა ანალოგიის დანახვა ერთის მხრივ რუსულ-ჩეჩნურ ურთიერთობასა და მეორეს მხრივ ქართულ-აფსუურ ("აფხაზურ") ურთიერთობას შორის. ჩეჩნეთი რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანაა, აფხაზეთი კი ქართველი ხალხის ეთნიკური ტერიტორიაა, სადაც ეს ხალხი ავტოხთონურია (ყველაზე ძველი მკვიდრია)5). წესდების მე-6 თავს ეყრდნობა გაეროში აფხაზეთის (საქართველო) საკითხის განხილვის დღევანდელი ფორმატი. დედნის ერთ-ერთ ენაზე მისი სათაურია: "?????? ??????? ??????". გაეროს წესდება მიუთითებს წევრი სახელმწუფოს მოთხოვნისამებრ საკითხების გენერალურ ასამბლეაზე, კომიტეტებში, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში განხილვის შესაძლებლობას, ამასთან, პროცედურაზე ყოველგვარი ვეტოს გარეშე. ამგვარად, გაეროს წესდება და პრაქტიკა ცალსახად მიგვანიშნებს, თუ, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, როგორ და სად შეიძლება მსოფლიოს მოხსენდეს საქართველოს და მისი მოსახლეობის პოზიცია.

გაეროს ინსტიტუტებთან ერთად, ანალოგიური უფლებამოსილებით აღჭურვილია ევროპული უფლებადაცვითი სტრუქტურები. საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, სტატუსი საკმარის საშუალებებს იძლევა მიზანმიმართული, პრინციპული. თანმიმდევრული და კვალიფიციური მოქმედების შემთხვევაში აგრესიული რუსული ფაქტორის მოკლე ვადაში და უსაფრთხოდ გასანეიტრალებლად. საერთაშორისო პოლიტიკური, სამართლებრივი, დიპლომატიური დემარშები რუსეთის აგრესიის, მის მიერ ჩატარებული გენოციდის და ეთნიკური წმენდის დასაფიქსირებლად არსებითად საკმარისი პირობაა აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში რუსეთის, როგორც გადაულახავი დაბრკოლების, ფაქტორის მოსახსნელად.

რუსეთის დესტრუქციული როლი აფხაზეთში სტაბილიზაციის საქმეში ჩანს იმით, რომ იგი იყენებს თავის ვეტოს უფლებას უშიშროების საბჭოს გადაწტვეტილებათა დასაბლოკავად, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს წესდების მე-5 თავის 27-ე პუნქტის თანახმად. "კამათში მონაწილე მხარემ" თავი უნდა შეიკავოს კენჭისყრისაგან. რუსეთი რომ არა თუ "მოკამათე მხარეა", არამედ ომის მონაწილე მხარეა, ამის უარყოფას, ალბათ, გაერო არ ისურვებს4) დღეს აფსუა ("აფხაზი") ხალხის ადიღეელებისაგან განსხვავებულ ეროვნულ (ეთნიკურ) თვითიდენტიფიკაციას, როგორც ცნობილია, საფრთხე ელის: პოლიტიკური მოტივებით ძლიერდება მისი თვითდენტიფიკაცია წინარესამშობლოს (ადიღეს) მოსახლეობასთან, რაც სიმბოლიკაშიც აისახება. თუ ეს აღდგენილი ერთობლივი თვითდენტიფიკაცია მიღებული იქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ აფსუა ("აფხაზი") მოსახლეობა საქართველოში კვლავ დიასპორის მდგომარეობას უბრუნდება, როგორც შემოსახლებიდან პირველ ხანებში იყო. ამ წინააღმდეგობიდან გამოსავალს აფსუურ ("აფხაზურ") ანტიქართულ მოძრაობას აძლევს ის იდეოლოგია, რომ აფსუები კავკასიონის სამხრეთით "ყოველთვის" ცხოვრობდნენ (ფეოდალური კულტურის და წყობის ქართულენოვან ქვეყანაში ცხოვრობდნენ XIX ს-ის შუამდე ისე, რომ ცხოვრების თემური წესი შემოინახეს ბარშიც და არა მხოლოდ მთაში, თუმცა დაწინაურებული ფეოდალური გვარები ჰყავდათ!), ხოლო ქართველები ამ ტერიტორიაზე "მოსულნი" არიან6). სტატუსთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომელიც ჯერ პრივატულ საუბრებს არ გასცილებია: ქართველებმა სხვა რა ვქნათ, აფსუებმა ("აფხაზებმა") ხომ ომი მოგვიგესო. თეორიულადაც კი ძნელად წარმოსადგენია ის პირობები, როდესაც აფსუებს ("აფხაზებს"), თავისი მცირე რიცხობრივი მონაცემებით, დამუკიდებლად, ან თუნდაც ჩრდილოკავკასიელთა და ადგილობრივი არაქართველი მოსახლეობის თანადგომით შესძლებოდათ ომში გამარჯვება. ეს გამარჯვებული "ომი" რუსული ომი იყო და არის. ამჯერად ამ მითითებულ კულუარულ არგუმენტს ვახსენებთ იმიტომ, რომ ყველა ასეთი მოსაზრება შემდეგ საჯაროდაც ითქმის ხოლმე. არსებითი ისაა, რომ აფხაზეთის სტატუსი უნდა განისაზღვროს მოსახლეობის ნების გამომხატველი არჩევითი ინსტიტუტის არსებობის პირობებში, ხოლო აფხაზეთში მომხდარი უნდა შეფასდეს როგორც რუსეთის სახელმწიფოს აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ7). სოხუმის დღევანდელი მთავრობის "აფხაზურ მხარედ" დაფიქსირება, მომხდარის "აფხაზურ-ქართულ" კონფლიქტად ან ომად მიჩნევა, აფსუური ("აფხაზური") მხარის მეომარ მხარედ ცნობა, ქართველი მოსახლეობის გენოციდის მიჩქმალვა, ეთნიკური წმენდის გაურკვეველი ფორმულირება და ამასთან ერთად ომში გამარჯვებულად აფსუური ("აფხაზური") მხარის მიჩნევა, რუსული გეგმით, გამოიწვევს მოლაპარაკებაში ახალი საერთაშორისო ნორმების ფაქტორის შემოსვლას, რომლებიც დეკოლინიზაციის სამართლებრივ რეგულირებას ეხებიან. Aამ გეგმის თანახმად, ჩაითვლება, რომ აფხაზეთმა აწარმოა ომი დამოუკიდებლობისათვის და გაიმარჯვა, ხოლო ეთნიკური წმენდის მიზეზად (თუ სხვა არ არსებობს) მიჩნეული იქნება საომარი მოქმედებებისაგან დამარცხებული მხარის მოსახლეობის თვითგანრიდება, ჩატარებული გენოციდი კი ჩაითვლება მხოლოდ ეთნიკურ მკვლელობებად. ამიტომ აღარაფერი დარჩება აფხაზეთის დამოუკიდებლობის "სამართლიანობის" აღიარებამდე, მით უმეტეს, რომ მოსკოვის ცნობილი 1994 წლის შეთანხმებები ცნობენ ქართულ მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილის დაბრუნების უფლებას, ვისაც საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ამას "ქართულმა" მხარემ მოაწერა ხელი და წლების განმავლობაში სტატუსის განსაზღვრის პირობად გაეროს რეზოლუციიდან რეზოლუციაში, სხვასთან ერთად, სწორედ ეს ფორმულირება გადადის. საკითხის ამგვარი დაყენება ყოვლად დაუშვებელია. საომარი მოქმედებების სწორი სამართლებრივი და პოლიტოკური შეფასება მათი მიმდინარეობის დროსაც იყო აქტუალური და დღესაც ასეთად რჩება. აფხაზეთის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე ომს დავარქმევთ მის ნამდვილ სახელს _ რუსეთ-საქართველოს ომს. აქედანვე გამომდინარეობს ის, რომ აფხაზეთის დღევანდელი სტატუსი, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალების და არძინბას ხელისუფლება ახორციელებენ აფხაზეთში სისხლიან საოკუპაციო რეჟიმს, ვერ შეიცვლება ვერც ავტონომიურითა და ვერც ფედერაციულით. ამ საოკუპაციო სტატუსისადმი ვერანაირი სხვა დამოკიდებულება ვერ დაიშვება გარდა მისი ლიკვიდაციისა, დეოკუპაციის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, რასაც რუსეთისაგან აგრესიის და გენოციდით მოყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი მოსდევს.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საყოველთაო აქტის პირველი თავის 1, რომელიც ეხება ერთა თვითგანსაზღვრის პრინციპებს, მკაფიოდ მიუთითებს, რომ "1. ყველა ხალხს აქვს თვითგანსაზღვრის უფლება. ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად ამყარებენ თავის პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას, და რომ 2. ყველა ხალხს თავისი მიზნების განხორციელებისათვის შეუძლია თავისუფლად განკარგოს თავისი ბუნებრივი სიმდიდრე და რესურსები." ვინაიდან აფხაზეთი საქართველოა, აფხაზეთი ქართველი ერის ბუნებრივი სიმდიდრის _ მიწა-წყლის _ განუყოფელი ნაწილია. Aაფხაზეთში ისტორიის ყველა ეტაპზე, ცხოვრობდა ავტოხთონური ქართული მოსახლეობა, რასაც ამომწურავად ადასტურებს უმდიდრესი ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, ლიტერატურული, რელიგიური მონაცემები. აქ ისტორიის მანძილზე არსებობდა მხოლოდ ქართული _ და არანაირი სხვა ან სხვაენოვანი _ სახელმწიფოებრიობა. Dდღეს აფხაზეთიდან ტერორის გზით და აფსუა ("აფხაზი") მოსახლეობის სახელით განდევნილია ავტოხთონური, ქართველი მოსახლეობა, ისტორიულად "აფხაზებად" (და არა აფსუებად) წოდებული მოსახლეობის ერთადერთი ბიოლოგიური მემკვიდრე. ამიტომ ქართული სახელმწიფოს ამოცანა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: აფხაზეთის _ საქართველოს ამ განუყოფელი ისტორიული ნაწილის _ ოკუპანტი რუსეთისგან დაბრუნება, აფხაზეთში რეალური ისტორიული აფხაზების, ანუ ქართველების, დაბრუნება9). მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ავტონომიური სტატუსისთვისაც (მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ ეს ავტონომია აფსუა ("აფხაზი") ხალხის ინტერესთა დაცვის მიზნით დგინდება) პოტენციურად არსებობს შეპასუხება მსოფლიოს პრაქტიკასთან შესაბამისობის თვალსაზრისით (სახელდობრ: ავტონომია დგინდება იმ ეთნოსისათვის, რომელიც უმცირესობაა სახელმწიფო მასშტაბით, მაგრამ უმრავლესობაა ადგილობრივი, ანუ ამ მოცემული ტერიტორიის მასშტაბით. სხვაგვარი მოქცევა ნიშნავს ამ უმცირესობისათვის პოზიტიური დისკრიმინაციის დადგენას, რაც ძნელი შესათანხმებელია დღეს მსოფლიოში მიღებულ პრინციპებთან. ჩვენ ავტონომიის გაუქმების წინააღმდეგნი ვართ. აფხაზეთს უნდა განესაზღვროს ისეთი სტატუსი, როგორიც მას 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით ჰქონდა: "მუხლი 107. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს _ აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათუმის მხარეს) ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) _ ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა." "მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებული ავტონომიური მმართველობის დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით".

აფხაზეთის შესახებ ეს მუხლები უცვლელად უნდა გადავიდეს საქართველოს კონსტიტუციაში და შექმნილ იქნეს ცალკე კანონი, რომელსაც საფუძვლად ედება რამდენიმე პრინციპი: ა) საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქართველოს ხელისუფლების კომპენტეციების უცვლელად დარჩენა; ბ) საქართველოს კანონების უზენაესობა აფხაზეთის ავტ. საკანონმდებლო აქტებთან შედარებით. კანონთა კოლიზიის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება; გ) აფსუა ("აფხაზი") ხალხის ეროვნული განვითარების საკანონმდებლო და ორგანიზაციული გარანტიები; დ) აფსუური ("აფხაზური") ენის სახელმწიფო სტატუსი აფხაზეთში; ე) აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოების დაკომპლექტებაში გარდა არჩევითისა ყველა მცხოვრების თანასწორუფლებიანი მონაწილეობა.

აფხაზეთის სახელწოდება უნდა იყოს "აფხაზეთის ავტონომია" ("რესპუბლიკის" ჩამოშორება სრულებით არ ნიშნავს უფლებამოსილებათა შეკვეცას ან დღევანდელი იურიდიული სტატუსის დაქვეითებას).

თუმცა საერთაშორისო პრაქტიკაში ავტონომიის დადგენილი უნიფიცირებული ფორმა არ არსებობს, არამედ მისი ფორმები ეფუძნებიან ხოლმე ამა თუ იმ რეგიონის ან მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის სპეციფიკურ ისტორიულ, გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ, კულტურულ თუ სხვა მახასიათებლებს. ავტონომიათა ძირითადი საერთო მახასიათებელი მაინცის არის, რომ ესა თუ ის ტერიტორია არ იძენს სახელმწიფოს ნიშანს. იგი ფართო თვითმართველობის საფუძველზე ახორციელებს საკუთარ განმგებლობას კანონით დადგენილ უფლებამოსილებების შესაბამისად ცენტრალური ხელისუფლება არის ავტონომიური უფლებების მიმნიჭებელი, ხოლო ტერიტორია და მისი მოსახლეობა ამ ავტონომიის მიმღები. აფხაზეთის ავტონომია შინაარსით რეგიონული ავტონომია იქნება, უმცირესობის კულტურული (და, ზოგადად, ფუნქციური) ავტონომიის ყველა ძირეული ელემენტით. მისი არსებობა განპირობებული იქნება შემდეგი სპეციფიკური პრინციპებით: ა) განსაკუთრებული სტატუსის აუცილებლობა საომარი ვითარებისა და ოკუპაციის შედეგების სრული ლიკვიდაციისათვის (ეს დროებითი მახასიათებელია, ერთჯერადი ამოცანიდან გამომდინარე). ბ) გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი მოსახლეობის დამკვიდრების საგანგებო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებათა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემა ადგილობრივ ორგანოებზე; (ესეც დროებითი მახასიათებელია ამავე მიზეზით) გ) აფსუა ("აფხაზი") ხალხის დღეს არსებულიკომპაქტური განსახლების მიჩნევა ამოსავალ და საორიენტაციო ფაქტად. მისი, როგორც ეთნიკური უმცირესობის, ინტერესების რეალიზაცია უნდა ხდებოდეს მნიშვნელოვანწილად მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისუფლებამოსილებათა შესაბამისი განსაზღვრის მეშვეობით; დ) აფსუა ("აფხაზი") ხალხის თვითორგანიზაცია, ადგილობრივი არჩევითი ორგანოების ფორმის პარალელურად, აგრეთვე ფუნქციური (და, კერძოდ, კულტურული) ავტონომიის ფორმით; ე) 1921 წლის კონსტიტუცია საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საფუძველია. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი პრინციპული მნიშვნელობის გარემოება. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთმა აღიარა "სოხუმის ოლქი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში უპირობოდ შემავალად." საქართველოს პირველი პარლამენტის არჩევნების კანონითაც აფხაზეთი სოხუმის ოლქად იწოდება. ავტონომია, როგორც აფხაზეთის სტატუსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაადგინა. ამას ორივე მხარის წარმომადგენელთა შეთანხმება უსწრებდა წინ, ეს მოხერხდა საქართველოსათვის უმძიმეს ვითარებაში და, რაც მთავარია, ურუსეთოდ. აფხაზეთის ეს სტატუსი შეესაბამებოდა იმდროინდელ მსოფლიო სამართლებრივ სტანდარტებს და ეთანადება დღევანდელსაც. წარსულის გამოცდილება სწორი სახელმწიფოებრივი აზროვნების პრეცედენტს გვთავაზობს. არა გვგონია, ამავე მიდგომის განხორციელებას ამჟამადაც სერიოზული გართულებები მოჰყვეს იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის განსაზღვრა კი არ იქნება აბსურდული წინმსწრები პირობა აფხაზეთის დაბრუნებისა, არამედ, პირიქით, აფხაზეთის რეალური დაბრუნება გახდება აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის მიზეზი და საფუძველი. ამგვარად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად, სტატუსის თემას უნდა მიეჩინოს მხოლოდ ერთ-ერთი (და არა ერთადერთი და პირველი) ადგილი აფხაზეთთან მიმართებაში გადასაწყვეტი საკითხების ჩამონათვალში. ეს იქნება მართებული სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი მიდგომა.

შენიშვნა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გატარებულ სხვადასხვა არაპოპულარულ, ქართული სახელმწიფოებრიობისა და მოსახლეობის ყოფისათვის მეტად საზიანო ღონისძიებებს ჩვენში ხშირად მიაწერენ დასავლური დემოკრატიის ქვეყნების პოზიციებს თუ რეკომენდაციებს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საბჭოთა წყობილებისა და საბჭოური ტოტალიტარული ცნობიერების არსი და მისი ინერციის ძალა დასავლეთს ბოლომდე გაგებული არა აქვს. ამით აიხსნება დასავლეთის სახელმწიფოთა ბევრი პოლიტიკური მარცხი, როგორც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ისევე პოსტკომუნისტურ ეპოქაში. დღეს გაეროს უყურადღებობამ ქართველი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ფაქტისადმი და მასობრივ მკვლელთა (არძინბასა და მისი ხროვის) დანაშაულის მიტევების ტენდენციამ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დღემდე მიღებულ დოკუმენტებში ჩანს, შეიძლება გამოიწვიოს ქართველი ხალხის მასობრივი სკეპტიკური დამოკიდებულება დემოკრატიული სამყაროს, როგორც პრაქტიკული ქმედუნარიანობისადმი, ისე მორალური თანმიმდევრულობისადმი. შესაძლებელია გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ დემოკრატიული დასავლეთისათვის სულ ერთია აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნება, თუ არა. ოღონდ, მდგომარეობა იყოს ხანგრძლივად სტაბილური და ხალხი გაჩუმებული ანუ ილუზორულად "თანახმა", ვინაიდან ქართველი ხალხისა და, ქათული სახელმწიფოს პოლიტიკური ნება ამ შემთხვევაში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. რუსეთი ვერანაირად საქართველოს მის ტერიტორიებს ვერ ჩამოაშორებს, თუ ამას თავად ქართველი ხალხი არ შეეგუა და საქართველოს ხელისუფლება არ დაეთანხმა. რუსეთი ცდილობს არა მხოლოდ საქართველოს ხელახალ ანექსიას ახალი "კავშირის" ფორმით, არამედ ამავე დროს, აფხაზეთის წართმევას მიღწეულის იურიდიულ გაფორმების სახით. Eეს რუსეთის გეგმით, უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით და საქართველოს სურვილით. რათა ვერავინ მსოფლიოში ვერ შეედავოს ვერც ახლა, ვერც მომავალში. დროის გაჭიანურება და ქართველი ხალხის შემზადება-შეგუება აფხაზეთის გამოცალკევების შენიღბული, შემდგომ კი აშკარა იურიდიული გაფორმებისადმი, სახელმწიფოებრიობისადმი საზოგადოებრივი ნიჰილიზმის მიღწევა ამ გეგმის განხორციელების უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს. ნაირ-ნაირი სასტატუსო პროექტები, მათ გარშემო გამართული დისკუსია და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთის შეხედვით, გაუგებარი კაპიტულანტური მოქმედება, საფიქრებელია, ამ რუსული გეგმის განხორციელებისკენ არის მიმართული.

ეს მკაფიოდ ხილული ტენდენცია, როგორც ვთქვით, იწვევს იმ საგანგაშო შედეგს, რომ საზოგადოებაში ხელსაყრელი გარემო ექმნება უარყოფით განწყობილებებს საზოგადოდ დასავლეთისა და დასავლური ღირებულებების მიმართ. ხდება კომუნისტური, ტოტალიტარული ცნობიერების, პრორუსული ორიენტაციის რეანიმაცია; ვითარდება უნდობლობა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისადმი. ყოველივე აღნიშნული ჩინებულად ეწერება რუსულ ნეოიმპერიალისტურ ინტერესებში საქართველოს მიმართ.

ვფიქრობთ, მდგომარეობა საქართველოსთვის გამოუვალი არ არის. საერთაშორისო სამართალი არასოდეს არ გაამართლებს აგრესიას, ქართველების გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას, თუ ამ დანაშაულთა მსხვერპლის, საქართველოს ხელისუფლება პრინციპულად და თანმიმდევრულად მოითხოვს ამ დანაშაულთა განხილვას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. დღეს ეს არ ხდება და ვერ მოხდება, რადგან საქართველოში რუსული ხიშტით მოსული უზურპატორული დიქტატურა ბატონობს, მაგრამ, ჩვენის აზრით, გაეროსთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. საქართველო, მხოლოდ მაშინ იქნება სტაბილური, როდესაც მიაღწევს სამართლიანობას: დაიბრუნებს აფხაზეთს, აფხაზეთში დაბრუნდება დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობა (ასევე მოხდება ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში), ქვეყანა გახდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, სუვენერული სახელმწიფო. ეს ნება ქართველ ხალხში არსებობს და მისი შეცვლა, ვფიქრობთ არ მოხდება.

მიგვაჩნია, რომ მსოფლიოს ხალხთა და სახელმწიფოთა ორგანიზაციები, რომელნიც მოწოდებულნი არიან დედამიწაზე სამართლიანობის დაცვისათვის და რომელთა ისტორიაც II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არ იწყება, ვალში არიან ამ სამართლიანობის დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებული მსხვერპლის _ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე. ამის საილუსტრაციოდ კმარა თუნდაც ერთი კერძო ფაქტი. ეს გახლავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის (ხელაიას) მიმართვა გენუის კონფერენციისადმი 1922 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მეორე ანექსიის ერთი წლის თავზე, სადაც იგი წერს, რომ რუსი ოკუპანტების პოლიტიკა საქართველოში აუცილებლად მიიყვანს ქართველ ერს "ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე" და ამ გენოციდური პოლიტიკის მრავალრიცხოვან მეთოდთა შორის ასახელებს იმასაც, რომ "ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-ტყეს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ".

საქართველოს პატრიარქის მიმართვა უპასუხოდ დარჩა და მის განადგურებას ოკუპანტი ხელისუფლების მიერ მდუმარედ აევლო გვერდი მსოფლიო საზოგადოების მიერ. დღეს საქართველოს წინააღმდეგ იგივე პოლიტიკა გრძელდება იმავე, თუმცა არსებითად გამდიდრებული მეთოდებით. ვფიქრობ, გაერო ან საქართველოს სამართლიან ინტერესებს უნდა იცავდეს ამ ვითარებაში, ან, თუ ეს არ ძალუძს, უარი უთხრას პირდაპირ და არაპირდაპირ დახმარებაზე იმ დანაშაულებრივ ძალებს, აგრესიული რუსეთის ჩათვლით, რომელნიც სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ გაეროს ავტორიტეტის გამოყენებას ცდილობენ.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com