|
"საქართველო "
ჯვარს მისტიკური მნიშვნელობა ქრისტემდეც ჰქონდა
ბევრს ჰგონია, რომ ჯვარმა ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ შეიძინა მისტიკური მნიშვნელობა და ძალა, თუმცა ცნობილია, რომ მასზე საუბარი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში გვხვდება. როცა ეგვიპტიდან გამოჰყავდა მოსეს ებრაელები, უდაბნოში შხამიანი გველებისგან დაკბენილი ბევრი ადამიანი იხოცებოდა. მოსემ ჯოხზე დამაგრებული გველი აღმართა, რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა. თუ მოშხამული ადამიანი მისთვის შეხედვას მოასწრებდა, ის აღარ კვდებოდა. აქ რწმენა თამაშობდა მთავარ როლს. ჯვრის ფუნქციაზე საუბარი დიდხანს შეიძლება, მაგრამ თუ რწმენა არ ექნა ადამიანს, ჯვარს ძალა არა აქვს. ლურსმანზე რომ დავკიდოთ ჯვარი, ცხადია, მორწმუნე არ გახდება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, ჯვარი ჩვენშია, შიგნითაა და ჩვენ მივიღებთ იმ სასწაულმოქმედ ძალას, რომლითაც თავს დავიცავთ. ჯვარზე და ჯვრის ძალაზე ძველ აღთქმაში სხვაგანაც არის საუბარი. როცა აბრაამის ძმისშვილმა ლოტმა სიმთვრალეში თავის ქალიშვილებთან შესცოდა, მივიდა ბიძასთან და სიმართლე უთხრა. აბრაამმა მას ხის ნერგი მისცა და ასწავლა: უდაბნოში დარგე. თუ გაიხარებს, იცოდე, ღმერთმა შეცოდება გაპატია, თუ არა _ დაგსჯისო. დარგო ლოტმა ხე უდაბნოში. ცხადია, მორწყვა სჭირდებოდა. დღეში ერთხელ ახერხებდა წყლის მიტანას. ერთხელ გზად კაცი შეხვდა, რომელმაც სთხოვა, წყალი დამალევინეო. სჯული რომ არ დაერღვია, უარი ვერ უთხრა, ხესთან რომ მივიდა, ჭურჭელში წყალი აღარ იყო. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ნერგმა უწყლობით ხმობა დაიწყო. ლოტმა რჩევა აბრაამს ჰკითხა. ბიძამ ასწავლა, ჭურჭელს ორი ჯოხი დაადე ჯვარედინად, თუ ის კაცი ღვთისაა, ჭურჭელში წყალი დარჩება, ხოლო თუ ეშმაკია, გაჰქრებაო. ლოტმა შეასრულა დანაბარები. ბოროტი ძალა მართლა გაჰქრა. ნერგმა გაიხარა და უზარმაზარ ხედ გადაიქცა. შემდგომში სწორედ მისგან ყოფილა დამზადებული ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი დაამსჭვალეს. ამ ადგილას დღეს იერუსალიმში ქართული მონასტერი _ ჯვრის მონასტერია აღმართული.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |