"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

ქოსატყუილა მთავრობამ პრეზიდენტი შეურაცხყო?

ჩვენი ქოსატყუილა მთავრობა იმდენად გათავხედებულია, თავად პრეზიდენტიც კი მოუტყუებია თურმე. ამის შესახებ შევარდნაძემ აღშფოთებით განაცხადა მთავრობის სხდომაზე. "ბავშვივით მიხაროდა, რომ ერთი-ორი თვის ხელფასსა და პენსიებს მიიღებდა ხალხი". "პრეზიდენტს თქვენ ტყუილი ათქმევინეთ" _ მიმართა მან მთავრობის წევრებს. ეს "სიხარული" კი პრეზიდენტს "საფოსტო ბანკის", რბილად რომ ვთქვათ, გაუმართავმა მუშაობამ მოაკლო. როგორც ყველასათვის ცნობილია, ადრესატისათვის დავალიანების გადახდა კვლავინდებურად "საფოსტო ბანკის" საქმეა, თუმცა დროებით, რადგან ადრე თუ გვიან, ეს საქმე ტენდერში გამარჯვებულ რომელიმე სხვა ბანკს უნდა გადაეცეს. მანამდე კი "საფოსტო ბანკი" უკვე მერამდენედ ხდება სიმწრით მოპოვებული ხელფასებისა და პენსიების თანხების შეჩერების მიზეზი. სად არის ძაღლის თავი დამარხული? პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ უპასუხისმგებლობაში კერძო ინტერესები და ბოროტმოქმედება დაინახა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილ პრეზიდენტს თანადგომა სახელმწიფო მინისტრმა გამოუცხადა და მან მომხდარი ფაქტის პროკურატრის მიერ შესწავლა მოითხოვა. "პრეზიდენტის და მოსახლეობის შეურაცხყოფა აღარავის უნდა ეპატიოს", _ განაცხადა მან და საქმეც დაიძრა. აღმოჩნდა, რომ კონტროლის პალატის მიერ ორჯერ შემოწმებული "საფოსტო ბანკის" საქმიანობა უარყოფითად იქნა შეფასებული, თუმცა ამისათვის თავის დროზე ყურადღება არავის მიუქცევია და ამ მოტყუება-დახუჭობანაში დაზარალებულები უბრალო მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომელნიც ამაოდ ელოდნენ ახალი წლის წინ კუთვნილი ორიოდე გროშის აღებას. კითხვა _ "ვინ არის დამნაშავე?" ისევ უპასუხოდ რჩება.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com