|
"საქართველო "
შორტებიან, შიშველ ქალს ეშმაკი "შთანთქავს"
შარვალი ისეთივე სამოსია, როგორც კაბა. მიუხედავად ამისა, შარვლით სიარული ქალს ცოდვად ეთვლება. კიდევ უფრო უარესია მოკლე შარვლები _ შორტები. სახელს რას დაარქმევ, მნიშვნელობა არა აქვს. არსი, რომ ის შიშველი დადის, კარგად იკვეთება. ლოცვაში არის ადგილი, "თუ მიხილოს მტერმან ჩემმან შიშველი, მშთანთქასო". ადამიანის მტერი ეშმაკია. ე.ი. ეშმაკი შთანთქავს კაცს, რომელიც შიშველია. აქ სექსუალურ გაღიზიანებაზე არაა საუბარი. აუცილებელი არ არის, კაცი მოკლე შარვლიანი ქალის დანახვაზე მოკვდეს, არამედ ეს ნიშნავს, რომ ის უკვე უარყოფს უფალს და მის ტაძარში შესვლას აზრი არა აქვს.
_ ქართული ეკლესია მოციქულებრივი წარმოშობისაა და ხელდასხმა უწყვეტია. რას ნიშნავს ეს? _ მოციქულებმა, რომლებიც მოვიდნენ საქართველოში და ქრისტიანობა იქადაგეს, დატოვეს ხელდასხმული სამღვდელოება _ ეპისკოპოსები, მღვდლები. ამის შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემოდა ხელდასხმა. საქართველოში ხელდასხმა უწყვეტია, მადლობა ღმერთს ამისთვის. ამის გამოა, რომ საქართველოს ეკლესია სამოციქულო ეკლესიად ითვლება.
_ წყევლა ყოველთვის მაწყევარს უბრუნდება? _ ბევრ ისეთ გადმოცემას, რომელსაც ჩვენი წინაპრები ყურადღებას უთმობდნენ და ცხოვრებაში იყენებდნენ, დღეს ცრურწმენა ჰქვია. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენი თანამედროვე ახლაც ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად ძაღლის ყმუილი ყოველთვის უარყოფით ემოციას იწვევს ადამიანებში. ამბობენ, ცხოველი უბედურების მოახლოებას გრძნობს და ამ დროს აუცილებლად ვინმე მოკვდებაო. მორწმუნე ადამიანს ვერც ძაღლის ყმუილი შეაშინებს და ვერც კატის ჩხავილი. როცა ადამიანი მტკიცედ არა დგას რწმენაში, მას ყველაფერი ეჩვენება. შიშს დიდი თვალები აქვსო, ნათქვამია. შეიძლება ძაღლი რაღაცას მართლა გრძნობდეს, რაღაცას ჩვენზე კარგად მართლა ხედავდეს, კარგი ყნოსვაც ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანზე უპირატესია. ძაღლი მაინც ცხოველია და მისი ქცევები, აზრები არაფერში არგია ადამიანს.
საეკლესიო დღესასწაულები 16 იანვრიდან 5 თებერვლამდე
18 იანვარი _ წინა დღე ღვთის განცხადებისა, მარხვა, წყლის კურთხევა. 19 იანვარი _ ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი _ განცხადება. დიდი აიაზმა. 27 იანვარი _ წმიდისა დედისა ჩვენისა ნინო მოციქულთა სწორისა, ქართველთა განმანათლებლისა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |