"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

რამდენიმე კითხვა ავთანდილ ჯორბენაძეს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრს,

მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ ჯორბენაძეს

განათლების ეროვნული კავშირის გამგეობის

მიმართვა

ბატონო ავთანდილ, 1999 წელს ევროპის საბჭოთა საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს დაეკისრა ვალდებულება 2001 წელს მიეღო სამართლებრივი ბაზისი, რომელიც დაუშვებდა 1944 წელს სსრკ თავდაცვის სახელმწიფოს კომიტეტის დადგენილების საფუძველზე სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ საქართველოს სსრ ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ბოგდანოვკის რაიონებიდან და აჭარის ასს რესპუბლიკიდან უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის სს რესპუბლიკებში ჩასახლებულ სსრკ მოქალაქეთა რეპატრიაციას საქართველოში. აღნიშნულმა ვალდებულებამ წარმოშვა კითხვები. გთხოვთ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გვიპასუხოთ და გადმოგვცეთ სათანადო ინფორმაცია შემდეგ კითხვებზე:

1. 1918-1921 წლებში ზემოთ აღნიშნულ პირთაგან ვინ მიიღო მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სეპარატისტული ე.წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის სახელმწიფოს შექმნის მცდელობაში?

2. ზემოთ აღნიშნულ პირებს სსრკ მოქალაქის პასპორტის #5 გრაფაში _ ეროვნება, რა ეროვნება აქვთ მითითებული?

3. 1989 წელს ზემოთ აღნიშნულ პირთაგან ვინ მიიღო მონაწილეობა უზბეკეთის სსრ ფერღანას ოლქში უზბეკთა და თურქთა შორის მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტში?

4. სსრკ სამართალმემკვიდრე სახელმწიფოს _ რუსეთის ფედერაციას აქვს თუ არა დაკისრებული რაიმე ვალლდებულება ზემოთ აღნიშნულ პირების მიმართ?

5. ევროპის საბჭოს წევრმა, 1959 წლის ციურიხ-ლონდონის შეთანხმებით კვიპროსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის ერთ-ერთმა გარანტმა სახელმწიფომ _ თურქეთის რესპუბლიკამ _ 1974 წელს თურქული უმცირესობის უფლებების დაცვის საბაბით განახორციელა ინტერვენცია ევროპის საბჭოს წევრ კვიპროსის რესპუბლიკაში, დაიკავა მისი ტერიტორიის 36%, სადაც 1983 წლიდან მოქმედებს სეპარატისტული ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელთანაც იმავე ევროპის საბჭოს წევრ თურქეთის რესპუბლიკას აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. მიუთითებს თუ არა ეს ფაქტი იმაზე, ევროპის საბჭოს წევრობა არ ნიშნავს წევრი სახელმწიფოსათვის მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას ევროპის საბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოს მხრივ?

6. ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, რუსეთს, სომხეთს დააკისრა თუ არა ვალდებულება ამ ქვეყნებიდან 1944-1945 წლებში დეპორტირებული მოსახლეობის _ გერმანელების, უნგრელების, თურქების რეაბილიტაცია და რეპატრიაცია?

7. საქართველოს მოქალაქეებმა _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის რაიონების მოსახლეობამ რაიმე ფორმით გამოხატა თუ არა სურვილი ზემოთ აღნიშნული პირების მათთან ჩასახლებისა?

8. გადაწყვიტა თუ არა საქართველომ სეპარატიზმის პრობლემა, დააბრუნა თუ არა საკუთარ კერებში ასეულ ათასობით მოქალაქე, აღადგინა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა?

გთხოვთ ოფიციალურ პასუხს.

პატივისცემით, განათლების ეროვნული კავშირის თავმჯდომარე

გიორგი ამაშუკელი



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com