"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

ეკა კვალიაშვილი: "ფონოგრამის პრობლემა მე არ მეხება, მთელი ცხოვრება ცოცხლად ვმღერივარ"

ია წინამძღვრიშვილი

_ რას საქმიანობს ეკა კვალიაშვილი დღეს?

_ ახლა არაფერს, თუმცა საახალწლოდ ისეთი დაკავებული ვიყავი, ჭამის დროც არ მქონდა. ვმუშაობდი გადაღებებზე, ჩაწერებზე. ჩემი საღამოსათვის ვემზადებოდი, რომელიც 6 იანვარს "მირაჟში" ჩატარდა.

_ კონცერტებში არცთუ ისე ხშირად მონაწილეობთ. ეს დროის უქონლობის გამოა, თუ არ თვლით საჭიროდ?

_ მიმაჩნია, რომ თინეიჯერულ კონცერტებს ჩემი პროგრამა არ შეესაბამება.

_ ადრე თქვენ საქართველოში არ ცხოვრობდით, კიდევ ხომ არ აპირებთ ქვეყნიდან წავლას?

_ დიახ, ადრე კვიპროსზე ვცხოვრობდი. ახლა პარიზში მაქვს მიწვევა. შემდეგში ძალიან მინდა ესპანეთში წასვლაც.

უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რამაც ყველა დაღალა. ჩემი ცხოვრების დევიზი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი არაა. საქართველოში კი ყველა თავისთვის ცხოვრობს, ერთეულების გარდა. ჩვენს ქვეყანას ყველა რაღაცას აგლეჯს პირადი კეთილდღეობისათვის. გამეფებულია გაუმაძღრობა. რაც აქ ხდება ამაზრზენია.

საქართველო ულამაზესი ბრილიანტია, რომელიც ნაგავში ჩააგდეს, მას კი მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. ადრე რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ არსად წავიდოდი. ახლა შესაძლებელია წავიდე. იქიდან კი, ცოტა სხვანაირად ჩამოვალ.

_ როგორი იყო თქვენი მუსიკალური კარიერა დასაწყისში და როგორია ახლა, ანუ დრომ რა შეცვალა?

_ როცა სიმღერა დავიწყე, პატარა ვიყავი. არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. უფროსები უმცროსებს წინსვლაში გვეხმარებოდნენ. იყო რადიოკონცერტები, ტელევიზიაში გადაღებები და ბევრი რამ. მე, მთელი ცხოვრება ორკესტრთან ცოცხლად ვმღეროდი, საკუთარ თავთან ვმუშაობდი. ვიზრდებოდი, როგორც მომღერალი, ხდებოდა ჩემი დახვეწა, რაც თავისთავად პროგრესია. დღეისათვის ჩემი ხმის ტემბრი, მუსიკალური აზროვნება, შესრულების მანერა, ვოკალური მონაცემები ზენიტშია. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ეს საჭიროა.

_ რომელ კომპოზიტორთან თანამშრომლობთ? თვითონ თუ გიცდიათ საკუთარი რეპერტუარის ავტორობა?

_ მაქვს ბევრი საკუთარი სიმღერა, ასევე სხვადასხვა კომპოზიტორის ნამუშევრებიც. ვთვლი, რომ ერთფეროვნება მსმენელისათვის მოსაწყენია.

_ მუსიკის გარდა გაქვთ თუ არა სხვა პროფესია და შესაბამისად, სამსახური?

_ დამთავრებული მაქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ტელემექანიკის ფაკულტეტი, მაგრამ ამ პროფესიით არცერთი დღე არ მიმუშავია.

_ ფონოგრამების აკრძალვასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ?

_ ეს ჩემი პრობლემა არ არის. მე მთელი ცხოვრება ცოცხლად ვმღეროდი და ამის შემდეგაც ასე ვიმღერებ. ეს მე არ მეხება.

_ ადრე პოპულარული სიმღერების გადამღერებაზე რას იტყვით?

_ ეს მთელს მსოფლიოში დაშვებულია. სტივ უანდერის სიმღერა ჯორჯ მაიკლმა იმღერა, ბარბარა სტრეიზანდის სიმღერა ლილი ივანოვამ, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა. პოპულარული სიმღერების გამეორება შესაძლებელია და არც ისე ცუდია, მაგრამ საკუთარი ხელწერა და მსმენელისათვის სიახლის შეთავაზება უკეთესია.

_ დუეტისათვის პარტნიორს რის მიხედვით ირჩევთ? მაგ.: რატომ შეარჩიეთ თამთა გოგუაძე და საერთოდ, რამდენად მოგწონთ დუეტის შესრულება?

_ თამთასთან დუეტი აქვსო, ჭორია. ის რაღაც პერიოდი ჩემთან მეცადინეობდა და ალბათ, აქედან გავრცელდა. დუეტი მრავალფეროვნებისათვის კარგია, მაგრამ ჩემთან სიმღერა ადვილი არ არის. მუსიკა ჩემთვის აბსოლუტურად სხვა სამყაროა. "??? ???? ???". ფერები, ტონები, სილამაზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსტრაქციაა, მაგრამ ჩემთვის _ დალაგებული აბსტრაქცია. მუსიკაში ისე ღრმად შევდივარ, რომ ეს იგივე მედიტაციაა ჩემთვის. დუეტი ჩაფიქრებული მაქვს, მაგრამ ჯერ არავისთვის მითქვამს, არც არავის მოვლაპარაკებივარ, რადგან გადაფიქრება გამორიცხული არ არის.

_ ვინ ზრუნავს თქვენს გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე?

_ მე ვზრუნავ საკუთარ თავზე. ერთადერთი თმას ჩემით არ ვიჭრი, რადგან საკუთარი სტილისტი მყავს.

_ აპირებთ თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას თქვენს კარიერაში ან პირად ცხოვრებაში?

_ აბსოლუტურად განსხვავებული რეპერტუარის გაკეთება მაქვს ჩაფიქრებული, თუმცა ჩემგან არანაირი სტილი არ გაუკვირდებათ, რადგან მთელი ცხოვრება სოულს ვმღერი. ახლა რომ მოდაშია "გაჯაზებული" სიმღერა, ამას მე 15 წლის ასაკში ვასრულებდი, ჩანაწერები ახლაც მაქვს. ადრე რომანსების საღამო გავაკეთე ოპერის თეატრში, 2 საათი ვმღეროდი. ეს საქველმოქმედო კონცერტი იყო უდედმამო ბავშვებისათვის. 6 თვეში მინდა, რომ ახალი რეპერტუარი მქონდეს. ამისი დასკვნითი წერტილი ტრილოგიის III ნაწილი იქნება, რომელსაც მსმენელს დიდი ხანია ვპირდები. არ ავჩქარდი იმიტომ, რომ ეს მელოდია ჩემს აზროვნებაში ნელ-ნელა ყალიბდებოდა. ზუსტად ვიცი, სად რა ინსტრუმენტმა უნდა დაუკრას და როგორი იქნება იგი ბოლოს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ყველაფერი უფლის ნებაა.

_ რა ახარებს ეკა კვალიაშვილს ყველაზე მეტად?

_ მახარებს ის, რომ ყველა კარგად მყავს და ცოცხალი ვარ. როცა პრობლემები მაქვს, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ შვილი მეზრდება, მყავს მეგობრები, მაქვს ჩემი ბუდე, ჩემი საქმე, დამსახურება ჩემი ხალხის წინაშე. მახარებს ის, რომ თბილისის ქუჩებში თამამად დავდივარ. ხალხში გარევის არ მერიდება, ვმგზავრობ სამარშრუტო ტაქსით და არანაირი დაცვა არ მჭირდება. აქ ჰოლივუდი არ არის, სადაც ვარსკვლავები ლიმუზინებით დადიან. ეს არის ბლეფი, მარიაჟი, რომლითაც ვერავის მოატყუებ. ამას ხალხის სიყვარული სჯობია, ვისთვისაც მღერი.

_ თქვენი თაყვანისმცემლები როგორ გამოხატავენ თქვენდამი პატივისცემას?

_ თვალებით და ღიმილით. ხალხი ჩემთვის შეუფასებელია. 26 მაისს სოლო კონცერტი მქონდა ფილარმონიაში ყოველგვარი დაცვის გარეშე. თუ ვინმეს შემოსვლა უნდოდა და ფული არ ჰქონდა, მათთვის დამეყენებინა დაცვა? ჟურნალისტებმაც დამისვეს ამის თაობაზე კითხვები, რომლებიც კითხვითვე შევუბრუნე _ ვისგან უნდა დამიცვან? მე ვთვლი, რომ ჩემზე ტერაქტს არ განახორციელებენ, იმიტომ, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, ან ბიზნესმენი. მე მომღერალი ვარ და ხალხისთვის ვმღერი, ამიტომაც არ მჭირდება დაცვა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com