|
"საქართველო "
სამი თითის კომბინაცია - 2002 წლის საჩუქარი მოსახლეობას ხელისუფლებისაგან მაია საფარიშვილი
ბიუჯეტის შეუსრულებლობა ისე მყარად დაებედა ამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანას, მის შესრულებასაღარც მეკვლე შველის და აღარც საახალწლო ლოცვა-კურთხევა. ინგლისური წარმოშობის ეს სიტყვა ქართულად ტომარას, ჩანთას ნიშნავს. თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მას ერთპიროვნულად შეუცვალა მნიშვნელობა და ტყუილების ტომარად აქცია, ბიუჯეტის გარღვევაც ტრადიციად იქცა. "ბიუჯეტი, ბიუჯეტიო" _ ერთთავად პირზე აკერია ჩინიანს და უჩინოს, მაგრამ არა და აღარ დაადგა მის შევსებას საშველი. ყოველწლიურად იგი 300 მლნ. ლარით იკვეცება. არც გასული წლის ბიუჯეტი იყო გამონაკლისი. ერთ მილიარდიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 350 მლნ. ლარით შეიკვეცა. "ეს ბიუჯეტი კი არა, რბილად რომ ვთქვათ, ზღაპრის გუდაა. როცა ბიუჯეტში 5%-იანი ან თუნდაც 10%-იანი გარღვევაა, შეიძლება, რაღაც გაუთვალისწინებელ პროცესებს დააბრალო, მაგრამ როდესაც ბიუჯეტის მესამედი არ სრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას კომპეტენტური მთავრობა არა ჰყავს. საქართველოს მთავრობას ელემენტარულად არ შეუძლია არა თუ ერთი წლის, ერთი თვის ბიუჯეტის დაგეგმვაც. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა", _ ამბობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. განსაკუთრებული პოპულარობით 2002 წლის ბიუჯეტი სარგებლობს. პარლამენტში, როგორც ახლა ამბობენ, პოპულიზმის ზეობაა. ყველა ბიუჯეტის ხარჯების გადიდებას ითხოვს, თანაც ისე, რომ შემოსავლების არანაირი პრაქტიკული პერსპექტივა არ არსებობს, გარდა თეორიული შანსისა. არადა, მას შემდეგ, რაც სავალუტო ფონდმა 2002 წლის ბიუჯეტი შეალამაზა, კიდევ ახალი დამატებითი ხარჯების შიგ ჩადება საერთოდ მოუღებს ბოლოს ამ უკანასკნელს. საპროგნოზოდ ყველაფერი იქით მიდის, რომ მარტი-აპრილის თვეში ისევ დაიწყება ლაპარაკი სეკვესტრზე და ჩვენი ცხოვრება ისევ დაემსგავსება წინა პერიოდს, როდესაც მთავარი პრობლემა გაუცემელი ხელფასები, პენსიები, დაუფინანსებელი ხარჯები და სეკვესტრი იყო. ასე რომ, ჩვენი ხელისუფლება 2002 წლის სახსოვრად და საჩუქრად უკეთესი ცხოვრების ნაცვლად სამი თითის კომბინაციას უმზადებს მოსახლეობას.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |