|
"საქართველო "
ნეტარ არიან მორწმუნენი...
რადგანაც საქართველომ განვითარების დემოკრატიული გზა აირჩია, მოსახლეობაცა და პოლიტიკოსებიც ცდილობენ, ამ დემოკრატიული გზით შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. მიაქცევდით, ალბათ, ყურადღებას ამ ბოლო პერიოდში თბილისში მომრავლებულ სახელდახელოდ მოწყობილ ადგილებს, სადაც ქალბატონები დგანან და გამვლელ-გამომვლელს სთხოვენ, ხელი მოაწერონ ამა თუ იმ მოთხოვნაზე. ხელისმომწერთა რაოდენობაც ცოტა არ არის, მაგრამ როგორია შედეგი? შარშანდელი დეკემბრიდან იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნების კომიტეტი აგროვებს ხელმოწერებს მოთხოვნით, უშიშროების ყოფილ მინისტრს მოეხსნას ყველა ბრალდება და მან საქართველოში დაბრუნებისთანავე ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღოს. კომიტეტი ირწმუნება, რომ უკვე ორმოცდაათიათასმა ადამიანმა გაიზიარა ეს მოთხოვნა. მაგრამ გვაეჭვებს ის, რომ ამ ორმოცდაათიათასი ადამიანის "ღაღადისი" "ისმინოს" საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა და ინტერპოლმა. მაშ, რისთვის გროვდება ხელმოწერები? _ გაურკვეველია. ასევე გაურკვეველი დარჩა ორგანიზაცია "მერანის" მიერ შვიდასი ათასი ხელმოწერის შეგროვების დანიშნულება, რომელიც მოუწოდებდა მომხრეებს გადამდგარიყო პრეზიდენტი. როგორც იტყვიან, ეს მოთხოვნა პრეზიდენტმა ერთ ყურში შეუშვა (ან შეუშვა კი?) და მეორედან გამოუშვა. ყველაზე საინტერესო ვახტანგ რჩეულიშვილისა და მის თანაპარტიელ სოციალისტთა ბოლო დროს დაწყებული აქციაა, რომელიც ასე ხმიანდება "საქართველო ჩემი სამშობლოა, რუსეთი ჩემი მეზობელი". ნამდვილად ჭეშმარიტებას ღაღადებენ სოციალისტები. საქართველოში მცხოვრებთათვის საქართველო ნამდვილადაა სამშობლო (იქნებ არა?) და რუსეთის მეზობლობა კი ღმერთმა გვარგუნა. თუმცა რაში სჭირდებათ ამ "ღაღადისის" ხელმოწერით დამოწმება, ეს გაურკვევლია. უახლოეს დღეებში ხელმოწერათა შეგროვებას დაიწყებს კიდევ ერთი საპარლამენტო ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის", პირველი მცდელობა პარლამენტართა შორის შეკრებილიყო ხელისმომწერთა საკმარისი რაოდენობა, არ გამართლდა. როგორც ჩანს, პარალმენტარებს ეშინიათ "საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომლის მოთხოვნითაც გამოდიან ფრაქციის წევრები და ახლა ისინი 200 ათასი მოქალაქის ხელისმოწერის შეგროვების რთული პროცესის დაწყებას აპირებენ. ამაზე იტყვიან, "ნეტარ არიან მორწმუნენი"-ო...
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |