"საქართველო "
# 10 (1782)
ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2002 წელი

წლის თერთმეტი ნომინანტი

მაია საფარიშვილი

ნათქვამია "საქმემან შენმან გამოგაჩინოსო". როგორ "გამოაჩინა" ქართველი პოლიტიკოსები მათმა საქმებმა? ამ კითხვაზე საპასუხოდ გაზეთმა "საქართველომ" ჩაატარა კონკურსი "ყველაზე, ყველაზე, ყველაზე". შედეგად გამოვლინდა ათი გამარჯვებული ათ ნომინაციაში. აი, ისინიც.

1. ყველაზე მშვიდობისმოყვარე მინისტრი

დუმილი რომ ოქროა, ყველაზე მეტად ქართველ მინისტრთაგან თავდაცვის მინისტრმა ბატონმა დავით თევზაძემ გააცნობიერა და იგი წლების განმავლობაში ატარებდა ყველაზე მდუმარე მინისტრის ტიტულს. გასულსმა წელმა კი მას კიდევ ერთ ნომინაციაში მოუტანა გამარჯვება. ეს გახლავთ ტიტული ყველაზე მშვიდობისმოყვარე.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე გახშირდა "უპრაგონოდ" მფრინავი აპარატების თარეში, რომელნიც თქვენ წარმოიდგინეთ მხოლოდ სუვერენული ქვეყნის საზღვრებს კი არ არღვევდნენ, ბომბებსაც ყრიდნენ ამ ტერიტორიაზე. როგორ არ ეხვეწნენ, როგორ არ ემუდარნენ თავდაცვის მინისტრს, გამოეყენებინა თავისი უფლება და ამ აპარატებიდან თუნდაც ერთი ჩამოეგდო, მაგრამ ბატონი თევზაძე პროვოკაციას არ წამოეგო, მშვიდობა ამჯობინა მეზობელი რუსეთის განაწყენებას. იგი ჩვენს ნომინაციაში ყველაზე მშვიდობისმოყვარე თავდაცვის მინისტრად დასახელდა.

2. ყველაზე მომთმენი მინისტრი

"მოთმინებითა შენითაო" ღაღადებს ბიბლია. და ამ ღაღადისს ყველაზე მეტად განათლების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე კარტოზიამ (ალეკო, როგორც შინაურები და მათთან გათანაბრებული პირები ეძახიან) უგდო ყური. არ გვეგულება კაცი საქართველოში, რომელსაც ბატონი ალეკოს მსგავსი მოთმინების ფიალა ექნება. ეს ფიალა იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ მასში ჩაეტია: კრიტიკა (ზემოდან) და სუსტ მინისტრად მონათვლა, ლევან ბერძენიშვილის მიერ მისი (ბატონი ალეკოს) "განათლებულ ბიჭად" მონათვლა, გიგა ბოკერიას რეპლიკა ბატონი კარტოზიას "არამზადობის" შესახებ. ეს ყველაფერი მინისტრმა უდრტვინველად აიტანა და დღესაც ამაყად ატარებს განათლების მინისტრის ეკლიან გვირგვინს (რას აღარ მოითმენს კაცი 60 მილიონი დოლარის გრანტის გამო).

სწორედ ამ დიდი მოთმინებისათვის ბატონ ალეკო კარტოზიას ყველაზე მომთმენი მინისტრის ტიტული ერგო.

3. ყველაზე ჯიუტი მინისტრი

ღმერთო, რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე! რაღას არ ამბობდნენ ბატონ ზურაბ ნოღაიდელზე, როცა ის ფინანსთა მინისტრად დანიშნეს. ესაო, მისი ფინანსების ცოდნა, მხოლოდ ხურდა ფულის დათვლის უნარით შემოიფარგლებაო, მაგან ფინანსები კი არა და ფიზიკაც არ იცისო (ბატონი ნოღაიდელი ფიზიკოსია განათლებით). მაგრამ დახეთ, როგორ გაამართლა! როგორ იანგარიშა, მიამატა და უფრო მეტად გამოაკლო ჩვენს ბიუჯეტსა? მაშ, როგორ გეგონათ, თავს ვერ გაართმევდა, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ნდობას ვერ გაამართლებდა? დააკვირდით, რა მოკლე დროში აითვისა ფინანსისტობაცა და კიდევ რამე-რუმებიც თავისი სეკვესტრითა?! მერედა როგორი მიზანსწრაფული და ჯიუტია. რომ თქვა "არაო", ქნა "არა". დაასეკვესტრა და მორჩა! ერთი-ორი ასეთი ფინანსისტი ნამდვილად სჭირდება აშშ-ს, თუმცა ეს იქეთ იყოს. ისევ ჩვენს ნომინაციას დავუბრუნდეთ. ამ სიმტკიცისათვის, (მდაბიურად რომ ვთქვათ) სიჯიუტისათვის, იგი ჩვენს ნომინაციაში მოხვდა ყველაზე ჯიუტი მინისტრის სახელით.

4. ყველაზე "მომპარავი" ("ქურდი") (ექს)მინისტრი

ეჰ, ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ საქართველოში "ქურდები" და "მომპარავები" დაილივნენ, რომ ეკონომიკის ექს-მინისტრისთვის არ დაეთვალათ და ჩამოეანგარიშებინათ "ნაპარავი" (თუ ნაქურდალი)? რას გაუგებ საქართველოს! მიუხედავად მომრავლებული ქურდ-ბაცაცებისა ყველაზე "მომპარავი" ("ქურდი") ექს-მინისტრის წოდება ეკონომიკის ექს-მინისტრს ვანო ჩხარტიშვილს ხვდა წილად.

ამ ნომინაციის საფუძვლად ისევ ბატონი ლევან ბერძენიშვილის შეფასება გამოდგა გადამწყვეტი. სწორედ მან შეაფასა ექს-მინისტრი კაცად, რომელმაც "ყველაზე მეტი მოიპარა". ქართულმა მართლმსაჯულებამ დაადასტურა ბერძენიშვილის "ვარაუდი", თუმცა სასჯელი ექს-მინისტრისათვის არ დაუწესებიათ.

მართლაც, რომ მისალოცი ტიტულია, არა?

შეგონება!

(მოიპარეთ ბატონებო! ჩვენს ქვეყანაში ეს ქმედება, თუ ის ჯგუფურ ყაჩაღობაში არ გადაიზრდება, არ ისჯება!).

5. ყველაზე მხიარული და ყველაზე მაგარი...

ამ ტიტულის კანდიდატურის შერჩევაში დიდი დრო არ დაგვიკარგავს, რადგან შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ კახაბერ (კახა) თარგამაძეს ლიდერის პოსტი ამ კუთხით არავისთვის დაუთმია.

გავიხსენოთ ბატონი კახას სატელევიზიო გამოსვლები, პრესკონფერენციები და დავრწმუნდებით, თუ რა მხიარული ბუნების ადამიანია იგი. ზოგიერთმა ბოროტენიანმა (გვარს არ დავასახელებთ, ყველასთვის ცნობილია) ისიც კი თქვა, თუკი "ბავშვი სამი წლის შემდეგ სულ იცინის გამუდმებით, უნდა შემოწმდეს, თარგამაძე კი აქამდე იცინისო". ჩვენ ის მოუშორებელი ღიმილი, რომლითაც ბატონი კახას სახე მუდამ გაცისკროვნებული იყო მხიარულ გუნებად ჩავუთვალეთ და ყველაზე მხიარული მინისტრის წოდება მივანიჭეთ.

რაც შეეხება ბატონი ექს-მინისტრის სიმაგრეს, ამაში საზოგადოება დარწმუნდა ნამდვილად. მისი სკამის "ფესვები" ისე ღრმად იყო გადგმული, რომ მხოლოდ რყევამ არ უშველა და მიწის ძვრა გახდა საჭირო სკამიდან მის ჩამოსაგდებად. ყველაზე მხიარულმა მინისტრმა ერთ ნომინაციაში პირველობა არ იკმარა და მეორე ნომინაციაც დაისაკუთრა. როდესაც საკუთარ თავს რკინის უწოდა. ასე რომ, ყველაზე მაგარი მინისტრიც ბატონი კახა გამოდგა.

6. ყველაზე უჩინარი

"ჩვენ უჩინონი, ჩვენ უჩინონი, თქვენ ჩინიანთა ბუზად გგონივართ". თუმცა რა შუაშია, ფიქრმა წამიღო. უკაცრავად, ბატონებო. საქმე მაშინაა საქმე, როცა კაცი უჩინრად აკეთებს, აკი ბიბლიაში სწერია "შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენაო". სწორედ ამ უჩინო საქმეებზე გვინდა ორიოდ სიტყვა ვთქვათ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ვალერი ვაშაკიძე ერთი უჩინო კაცია. არა, უჩინო "ჩინის" გაგებით, ჩინი როგორ არ აქვს ბატონ ვალერის. ჰოდა, ეს უჩინო კაცი უჩინო ლტოლვილებზე და მათ განსახლებაზე უჩინრად ზრუნავს. არც პოლიტიკურ ბატალიებში ერთვება, არც ზედმეტად კოკობზიკობს ტელეეკრანებზე. ლტოლვებიც სულ განსახლებული ჰყავს. (აკი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრია). ყველა იმ "დიდი" საქმეებიდან გამომდინარე, რასაც ბატონი მინისტრი ლტოლვილთა განსახლებისათვის აკეთებს, არ შეიძლება არ მივანიჭოთ ის, რაც ნამდვილად ეკუთვნის _ ყველაზე უჩინარი მინისტრის წოდება.

7. ყველაზე მუსიკალური

მადლობა შენ უფალო! რამდენი ნიჭიერი ადამიანი ჰყავს საქართველოს. ნიჭიცაა და ნიჭიც. როცა ერთ ადამიანში ამდენი შესაძლებლობა იყრის თავს, ქვეყნისთვისაც ხომ ბედნიერებაა და ბედნიერება. მიმიხვდით ალბათ, ვიზეც გვაქვს საუბარი. ბატონ ირაკლი მენაღარიშვილზე. რომლის ნიჭმა გააოცა არა მხოლოდ საქართველო, უკვე დიდი ხანია გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და "გაიმართა მსოფლიო მერიდიანზე". ბატონი ირაკლი პროფესიით ექიმი გახლავთ (მაინც როგორ მოქმედებს გენი. ბატონი ირაკლი და ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები ყოფილან თურმე), მან დიდი ძალა შეალია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანდაცვაზე ზრუნვას. შემდგომ, როდესაც გულმა დიპლომატობისკენ გაუწია, საკუთარ სისხლსა და ხორცს დაუთმო ასპარეზი და თავად საქართველოს საგარეო საქმეთა მოგვარებას შეუდგა. ამ საქმეშიც დიდი ცოდნა გამოამჟღავნა. როგორც მკითხველს მოეხსენება, როცა ადამიანი სათავეში საგარეო საქმეთა სამინისტროს უდგება, აუცილებლად "მუსიკალური ნიჭი და განათლება" უნდა ჰქონდეს. არც ამ სფეროში დაუჩაგრავს ბუნებას ბატონი ირაკლი. მთელი მისი დიპლომატიური საქმიანობა აგებულია ნოტების გაგზავნაზე. ამ ბოლო დროს კი, რაც რუსეთმა საქართველოს დაბომბვა დაიწყო, არ გამოლევია საქმე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მის საჭეთმპყრობელს. ყოველი ბომბის ჩამოგდება ახალი ნოტას გაგზავნას უდრის. ჰოდა, ზის ბატონი ირაკლი. ჩამოაგდებენ ბომბს, გაგზავნის ნოტას, კიდევ ჩამოაგდებენ, კიდევ გაგზავნის. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრისაგან შესანიშნავ კომპოზიტორსაც მივიღებთ. ეს უკვე რუსეთზეა დამოკიდებული. ეს სამომავლოდ, ახლა კი, როგორც ყველაზე მუსიკალურ მინისტრს, ჩვენი მილოცვა ბატონ ირაკლის!

8. ყველაზე თბილი და ენერგიული...

მინისტრის სახელის ტარების ღირსი, ალბათ, დამეთანხმებით, ნამდვილად გახლავთ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, ბატონი დავით მირცხულავა. იგი იმდენად "თბილად" ატარებდა საქართველოს სათბობისა და ენერგეტიკის მინისტრის წოდებას, რომ შეუძლებელი იყო, ჩვენს ნომინაციაში არ მოხვედრილიყო. გასულ წლებზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ ბატონი მირცხულავა იმ თბილ და ენერგიულ ადამიანთა მცირე რიცხვს განეკუთვნება, რომელიც თავის გარშემო მყოფთათვის უცნაურად ასხივებს სითბოსაც და ენერგიასაც, რაც ზოგჯერ სიცივის ტოლფასი ხდება, ალბათ ამიტომ ზოგიერთნი (პარლამენტარებს ვგულისხმობთ) იმპიჩმენტით ემუქრებოდნენ. ისინი, ალბათ, ბატონი მირცხულავას გარშემო არ ტრიალებდნენ და ამიტომაც მისი სითბო და ენერგია მათზე ვერ განაწილდა.

რაც შეეხება სათბობსა და ენერგიის ნაკლებობას, ამაში ალბათ მირცხულავა ჩვილივით უცდოველია და თუ არა მისი მცდელობა საქართველოს ზაფხულის მძიმე დღეებშიც კი არ ექნებოდა გათბობა და შუქი?!

9. ყველაზე დაზარალებული პოლიტიკოსი

თუ ამ ნომინაციაში გასულ წლებში ბატონი ჯგუშია ლიდერობდა, წელს მას ბატონმა ჯოჯუამ ნამდვილად აჯობა. თუკი ჯგუშიას ეს ტიტული მისი ფიზიკური შეურაცხყოფის სიმრავლისათვის მიენიჭა, ბატონ ჯოჯუას გამარჯვება დაზარალების ხარისხის სიმაღლის გამო ერგო. იგი იმდენად დააზარალა (ფიზიკურად) სოსო ალავიძემ, რომ წინა პრეტენდენტს ნამდვილად აჯობა (ეს, ალბათ, ალავიძის ფიზიკური მომზადებისა და დიდი გამოცდილების ბრალია).

10. ყველაზე "მტლად დადებული" გენერალური პროკურორი

იმ გენერალურ პროკურორთა შორის, რომელნიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს გია მეფარიძე ყველაზე "მტლად დადებულად" მიიჩნია კომპეტენტურმა კომისიამ. მეფარიძე მტლად არა მარტო ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს დაედო, არამედ შსს და უშიშროების მინისტრებსაც.

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...

მიხვდით, ალბათ, ეს ტიტული როგორც გასულ წლებში,წელსაც ბატონ პრეზიდენტს ერგო, რადგან ზემოთჩამოთვლილ ნომინაციებში იგი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com