|
"საქართველო "
"AES თელასი" მე-9-10 ბლოკების აფეთქების შემდეგ 4-ჯერ მეტ მოგებას იღებს ელგუჯა ჩხაიძე, ფიქრია გოგოლაძე
ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს!
საქართველოში ამერიკული ფირმა AES თელასის-ის შემოსვლას თბილისის მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებდა. ყველას ეგონა, რომ AES-თელასი ჩადებდა ინვესტიციებს, მოახდენდა ქსელის რეაბილიტაციას, გააუმჯობესებდა ფულის ამოღებას და ბოლოსდაბოლოს ქალაქი განათდებოდა, ნაცვლად უკეთესობისა, თბილისი ისევ ჩაბნელებულია, AES-თელასი ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ ქალაქი არ გაანათოს და მაქსიმალური მოგება ნახოს. ტარიფების გაზრდა, თურქეთში ელ.ენერგიის ჩუმად გატანა და გაყიდვა, მაშინ, როცა ქალაქი ჩაბნელებულია, ქვეყნის წინაშე დანაშაულის ტოლფასია. ხოლო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის, ელ. სადგურის აფეთქება კი, რომელიც ქვეყანაში საბაზისო ელ. ენერგიას იძლევა, დივერსიაა. მართალია მე-9 და მე-10 ბლოკების აფეთქების შემდეგ, ჯერ გამოძიება არ დამთავრებულა, მაგრამ თუ ამას ის გამოიძიებს, ვინც ააფეთქა, ცხადია, ვერ იქნება ობიექტური. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულის დეპუტატს, საკრებულოს ენერგოკრიზისის შემსწავლელი საგანგებო კომიის წევრს, ბატონ ჯონდი ბაღათურიას ვესაუბრეთ. _ ფაქტია, რომ "AES თელასი" ყველაფერს აკეთებს გარდა იმ საქმისა, რაც მას ეხება, ანუ თბილისში ელ. ენერგიის განაწილებისა. პოლიტიკაშიც ჩანს მათი ინტერესები. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკოსების დიდი ინტერესები ჩანს თელასში. ხელისუფლებაში მოკალათებულ ჩინოსნებს ვგულისხმობ, უფრო კონკრეტულად მოქალაქეთა კავშირს. შევარდნაძე იქნება, ჟვანია თუ სააკაშვილი, მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ მაგათი შემოყვანილია ეს ფირმა და პირდაპირ ლობირებენ მის ინტერესებს. ამის უთვალავი მაგალითი არსებობს. დააკვირდით საერთოდ AES-თელასის ტაქტიკას. იმისთვის შემოვიდა, რომ ელ. ენერგია გაანაწილოს. ამის ნაცვლად ერთიმეორის მიყოლებით ხელში იგდებს გენერაციის ობიექტებს. მე-9-10 ბლოკებს, ხრამი 1-ს, ხრამი 2-ს. ცდილობს ვარციხეჰესი, ჟინვალჰესი ხელში ჩაიგდოს და ამ მიმართულებით მუშაობს, ელ. ენერგიის გადამცემ კომპანიას AES-ტრანსენერჯის ქმნის. იგი იღებს ექსკლუზიურ უფლებას თურქეთში ელ. ენერგიის გატანაზე. ახლა თავად გამოიტანეთ დასკვნა. ამას რად უნდა ბევრი მკითხაობა და მარჩიელობა. ფაქტია, რომ როცა თბილისის გამანაწილებელ კომპანიას მისცემ ექსკლუზიურ უფლებას, მხოლოდ მან გაიტანოს ელ. ენერგია თურქეთში, სადაც მისი ფასი 2-ჯერ მეტია ჩვენთან შედარებით, იგი ეცდება, მეტი მოგების ნახვას და თბილისის ნაცვლად თურქეთს გაანათებს. _ ბატონო ჯონდი, მე-9-10 ენერგობლოკების აფეთქების შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს დივერსიული აქტი იყო. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა... _ რა მოხდა მე-9 და მე-10 ბლოკებზე, ახლა ძნელი სათქმელია. ჯერ კიდევ დასადგენია, ეს უტვინობით და უვიცობით მოხდა თუ შეგნებულად. ფაქტია, ბინ ლადენი არ ჩამოსულა ამ ბლოკების ასაფეთქებლად. უკვე დადგენილია, რომ არავის აუფეთქებია ისინი. აფეთქება "AES თელასის" ბრალია, ან შეგნებულად გააკეთეს ეს ან შაუგნებლად. ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. ფაქტია, რომ ამათ თბილისის 24 საათიანი მომარაგების ვალდებულება მოეხსნათ. არის მეორე ფაქტორიც, გენერაციის ტარიფიდან 50%-იანი სეგმენტიდან ამოვარდა 5,5 თეთრიანი ელ. ენერგია და დღეს პრაქტიკულად 1,5 თეთრიანი ელ. ენერგიის განაწილება ხდება. ელ. ენერგიის ტარიფი შეამცირა ვინმემ? არა. ჰოდა, დღეს "AES თელასი" 4-ჯერ უფრო იაფ ელ. ენერგიას ყიდის ამ ბლოკების წყობიდან გამოყვანით. ზღაპარია, სომხეთიდან შემოაქვთ 500 მგვტ. ელ. ენერგიაო, სინამდვილეში, ეს რიცხვი სულ 120-ს უდრის. კავკასიონის გადამცემი ხაზი გაფუჭდა, მარტის ბოლოსთვის აღდგებაო. ამ დროისთვის თბოელექტროსადგური აღარც იქნება საჭირო. დადნება თოვლი, დაიწყება წყალდიდობა და ისევ 1,5 თეთრიანი ელ. ენერგია ექნებათ გასაყიდი. სავალდებულო მინიმუმს როგორც იქნება გაანაწილებს თბილისში, 24 საათიანი ვალდებულება მოხსნილი აქვს და რაც დარჩება იმას თურქეთში გაჰყიდის, კაცი ვერ დაუთვლის, რამდენი ენერგია გაყიდა თურქეთში. ზოგი ბრიყვი ამბობს, ბლოკების აფეთქება რაში აწყობდა, ზარალი ნახა, მაგის რემონტი ქვეყნის ფული დაუჯდებაო. იმას რემონტი არაფერი დაუჯდება, ადგება და მოითხოვს, ტარიფში ჩამიდეთო. დავუშვათ, სპეციალურად არ ააფეთქეს ეს ბლოკები. ჩვენ რატომ უნდა ვუხადოთ "AES თელასს" რემონტის ფული? რა ინვესტიციებს ახორციელებს იგი, არც ვიცით. შემოწმების უფლება არა გვაქვს. შემოდის ქვეყანაში ფული, მაგრამ რაში იხარჯება, ეს არის დასადგენი. ძალზე სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ ეს ფული პოლიტიკაში იხარჯება. იმ იდეოლოგიას ხმარდება, რომელიც არც საქართველოს აწყობს და არც აშშ-ს და მის პოლიტიკას ამიერკავკასიაში. მართალია "AES თელასი" ამერიკაშია რეგისტრირებული, მაგრამ ამას, ალბათ, არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს. "იტერაც" ამერიკაშია რეგისტრირებული, თუმცა საქვეყნოდ ცნობილი რუსული კომპანიაა. _ როცა AES თელასმა მე-9 და მე-10 ბლოკები შეიძინა, ხელშეკრულებაში არ ჩადებულა, რომ ისინი საქართველოს ამ სტრატეგიულ ობიექტების დაცვაზე აგებენ პასუხს?! _ ამ ბლოკების გამომუშავებული ელ. ენერგია ბაზისურია. AES-თელასი ამტკიცებს, რომ ეს ტერაქტი იყო, ე.ი. ვიღაცამ ააფეთქა. ახლა სამართალდამცავებს და AES-თელასს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევის საშუალება არ უნდა მივცეთ. ან ერთმა უნდა აგოს პასუხი, ან მეორემ იმისთვის, რომ ბლოკები დაუცველი იყო. არ იფიქროთ, ამ ბლოკების აფეთქება მარტო იმას ნიშნავს, მივაწოდებთ თუ არა მოსახლეობას ელ. ენერგიას. ყველაფერი ეს ეკონომიკური კოლაფსია. მე-9 და მე-10 ბლოკების აფეთქება ნიშნავს, რომ საბიუჯეტო თანხების ამოღება შემცირდება. თუ წარმოება-დაწესებულებები არ მუშაობენ, საიდან ამოიღებ თანხებს. მე ფსიქოლოგიურ და მორალურ ზარალზე აღარ ვლაპარაკობ, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა განიცდის. ნაღმის და ბომბის ნარჩენები არავის აღმოუჩენია. აფეთქება ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის გამო მოხდა. პირადად მე დარწმუნებული ვარ, ეს შეგნებულად გააკეთეს. საეჭვო დამთხვევები მაძლევს ამის თქმის საფუძველს. ყოველთვის ზამთარში გამოდის წყობიდან, შემდეგ მის რემონტზე იხარჯება მილიონები, ბოლოს კი იზრდება ელ. ენერგიის ტარიფი. _ ბატონო ჯონდი, AES-თელასს ინვესტიციები იქ არ ჩაუდევს, სადაც საჭირო იყო. მას მომხმარებლისგან თანხების ამოღება უნდა გაეუმჯობესებინა, ის კი ამტკიცებს, მე დახარჯული ელ. ენერგიის მხოლოდ 40%-ს ვიღებო. როგორ კომენტარს გაუკეთებთ ამ ფაქტს? _ ამ ზღაპრების მე არ მჯერა. ისინი სიმართლეს არ ამბობენ. ეს ერთი, მეორეც, ქსელის კომუნიკაციები უნდა გამოეცვალა. ქსელის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა. შუქი დღეში ორჯერ-სამჯერ მაინც ითიშება კაბელების დაზიანების გამო. ეს იმიტომ ხდება, რომ ინვესტიცია ამაში არ ჩაუდევს. კაბელები მოძველებულია, ვადაგასულია და ფეთქდება. აუდიტი ამბობს, რომ AES-თელასს არამიზნობრივი ხარჯები აქვსო. ეს 39 მლნ. მართლა ჰგონია ვინმეს, რომ ქეიფში აქვს დახარჯული? ეს ფული რაღაც მიზნით არის დახარჯული და მერეა ჩამოწერილი. AES თელასის ქმედებიდან იოტისოდენადაც არა ჩანს, რომ ის ამერიკის რეიტინგზე ზრუნავს. უფრო მეტიც, აშკარა ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა. ამას ნებით აკეთებს თუ უნებლიედ, რა მნიშვნელობა აქვს? რაც მოითხოვა, ყველა პირობა შეუსრულეს, ყველაფერი მიიღო და მაინც ვერ გაანათა თბილისი, მაინც ვერ მიაწოდა ქართულ წარმოებებს ელ. ენერგია. საბოლოოდ ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის იმიჯი შელახა და გვაჩვენა, "რა ცუდია" თურმე პრივატიზაცია. _ ამერიკის საელჩო ამაზე არ რეაგირებს? _ მივმართეთ ამერიკის საელჩოს, რომ არ გვინდა დეპრივატიზაცია, ხელშეკრულების დარღვევა. გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა AES-თელასი კონსტრუქციული გახდა, ალბათ, თითი დაუქნიეს საელჩოდან. გარკვეულ ხანს ასე გრძელდებოდა, მერე ისევ მოულოდნელად გააქტიურდნენ. ალბათ, ისევ ქართველებმა უთხრეს, აბა, მიდით, ბიჭებოო. მოქალაქეთა კავშირმა მოათავა შიდა კონფლიქტები და მოიცალა AES თელასისთვისაც. _ AES თელასის "აღზრდა" და გამოსწორება, როგორც ჩანს, შეუძლებელია... _ მართალი ბრძანდებით. იძულებაა საჭირო. ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, მაგრამ საკუთარი თვალით ხედავთ ყველაფერს. ორი წელი ვიბრძოდით და ავაღებინეთ ვალდებულება ელ. ენერგიის 24 საათიანი მოწოდების შესახებ, მაგრამ აგერ ბლოკები აგვიფეთქეს. ძლივს მივაღწიეთ იმას, რომ 23 თეთრამდე არ გავზარდეთ ტარიფი. ხელისუფლებაა AES-თელასის ამგვარი ქმედებით დაინტერესებული და აძლევს საშუალებას, სურვილისამებრ განახორციელოს ყველაფერი. ამ ხალხს ერთმანეთი სჭირდებათ. ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, ეს პროცესი არ დასრულდება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |