|
"საქართველო "
რომან რურუა: "თუ პატრიოტი ხარ, დაიცავი შენი ქვეყანა მთავრობისაგან" ნანა ძველაია
_ ბატონო რომან, საქართველო ათწლეულების განმავლობაში განებივრებული იყო სპორტული წარმატებებით ფეხბურთში, ჭიდაობაში. როგორღაც ისე მოხდა, წინსვლა და გამარჯვება არქივს ჩაბარდა. აღარ გვყავს ნამდვილი ვარსკვლავები: რურუა, კარტოზია, ბლაგაძე. რატომღაც ამ პრობლემაზე სასაუბროდ დღეს ბევრს არც სცალია. _ მართალი ბრძანდებით. დღეს ქართულ ჭიდაობაში საკმაოდ მძიმე სურათია. საუბედუროდ, ამ ვითარებასთან დაკავშირებით აზრად არავის მოსვლია, დაკვირვება მოეხდინა, ანალიზი გაეკეთებინა. ამ თემაზე არავინ საუბრობს. წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია, თუ წარსულის ანალიზს არ გააკეთებ, არ გაიაზრებ, შემდეგ ეტაპზე როგორ უნდა მოიქცე. მე 60-იან წლებში მგონი ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი კლასიკურ ჭიდაობაში 1978 წლამდე. უზარმაზარი შრომა დამჭირდა შედეგის მისაღებად. 1961 წელს ბოლო მსოფლიო ჩემპიონი ქორიძე გახლდათ. თუ რურუას გვარს მსოფლიო ჩემპიონთა სიიდან ამოვიღებთ, ჩემპიონიდან ჩემპიონამდე წყვეტა 18 წელი იქნება. ეს დრო დასჭირდა ახალი მსოფლიო ჩემპიონის დაბადებას. 1978 წელს გამოჩნდა ვახტანგ ბლაგაძის გვარი ამ რანგში. 1979 წლიდან მე ჩავუდექი სათავეში ამ საქმეს. ამის შემდეგ წამოვიდნენ ჩემპიონები. მე ეს ხალხი გამყავდა საერთაშორისო არენაზე. შედეგები თვალნათლივ ჩანდა. იმ დროისთვის (1978-98 წლებში) საქართველოს 5 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა. _ ნიჭიერი სპორტსმენები ოდითგან მოსდგამდა საქართველოს. ცხადია, ნიჭი არ გადაშენებულა, მაგრამ... მოჭიდავეები ბევრი გვყავს, ვარსკვლავები თითქმის არა, რატომ? _ ჩემპიონს და ვარსკვლავს აღზრდა უნდა. ეს დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. არიან ნიჭიერი მოჭიდავეები დღესაც, მაგრამ მათ პატრონი არა ჰყავთ. რომც მოინდომოს ვინმემ მათი პატრონობა, არ გაახარებენ, მოსპობენ, დაკორტნიან. განსხვავებულ აზრის ქონას არ აპატიებენ. მაშინ ვარსკვლავების ყოლით სახელმწიფო იყო დაინტერესებული. მწვრთნელები მართლა აკეთებდნენ საქმეს, გარკვეულ დონემდე მაინც. სახელმწიფოებრივი და პროფესიონალური მიდგომა სჭირდება ყველაფერს. საუბედუროდ, დღეს სახელმწიფოს ამისთვის არ სცალია. პროფესიონალი კიდეც რომ გამოჩნდეს ახალი იდეებით, რა დროს სპორტიაო, თავიდან მოიცილებენ. _ პროგრესის მისაღწევად რეცეპტი, ალბათ, უთუოდ არსებობს. როგორია იგი თქვენი აზრით? _ რა გითხრათ?! თქვა პრეზიდენტმა, მე გავაკეთებ პროგრამას სპორტის განვითარებასთან დაკავშირებითო, მაგრამ ჰაერში გამოეკიდა მისი სიტყვები. ბევრმა ცალ ყურში გაატარა მისი ნათქვამი. მე დღესაც ველოდები შედეგს. საერთოდ ქვეყნის პრეზიდენტი რომ იტყვის, გარშემომყოფმა ხალხმა უნდა განახორციელოს იგი. _ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად თქვენი მოსვლის შემდეგ რამე შეიცვალა? მართალია, ახალი მოსული ბრძანდებით ამ თანამდებობაზე, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ახალი ცოცხი კარგად ჰგვის! _ ძნელი სათქმელია, მაგრამ თითქმის ვერაფერი გავაკეთე. მართალია, ახალი ცოცხი კარგად ჰგვისო, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას არ მაძლევს, საკუთარ თავზე ავიღო არსებული პრობლემების მოგვარება. მე ვნახე საქართველოს პირველობაზე სპორტსმენთა დონე და დასკვნაც გავაკეთე, საჭიროა, ყველა წონითი კატეგორიიდან პირველი ხუთეულის ამორჩევა, მათი შედეგების გაანალიზება. სხვაგვარად შეუძლებელია ნაკლის პოვნა, შეცდომების გამოსწორება. მივეცი დავალება: მსოფლიოში საუკეთესო ხუთეულის ტექტნიკური, ტაქტიკური მდგომარეობის მონაცემები მოიპოვეთ და თქვენი მოსაზრებით დაახასიათეთ ისინი. მერე ჩვენი ხუთეულის მონაცემები აიღეთ და მეტოქისას შეადარეთ-მეთქი. ამის შემდეგ შეიძლება შედეგის მიღება, მაგრამ არა ერთ თვეში და ერთ წელიწადში. ამას დრო უნდა. ამ ბავშვებს ჩვენ პირდაპირ მოუმზადებლად მივუგდებთ ხოლმე მოწინააღმდეგეებს. თუ მეტოქე შესწავლილი არ გყავს, ადვილი შესაძლებელია წააგო კიდეც. სპორტსმენებს უნდა ვამზადებდეთ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ტექნიკურად, ტაქტიკურად. ძველები რომ შევცვალო ახლით, თაობა არ არის რომ მოვიყვანო. კაცმა რომ თქვას, ძველები მაინც დასაფასებლები არიან. რატომ, იცით? ხელფასი არა აქვთ და მაინც რაღაცას აკეთებენ, ინტუიციით მოქმედებენ. _ გამოსავალი არ არსებობს? _ როგორ არა. ჯერ მწვრთნელების აღზრდა უნდა დავიწყოთ. ამას 1-2 წელი მაინც დასჭირდება. მერე უნდა დავიწყოთ სპორტსმენების შერჩევა. 8 წელი მაინც დასჭირდება მსოფლიო ჩემპიონი რომ მოამზადო, გამოზარდო. ეს მთელი ცხოვრებაა. მე ჩემი გეგმები მაქვს. თუ მათთვის ხორცშესხმის საშუალება მომეცა, აუცილებლად გავაკეთებ იმ პროგრამას, რაზეც მთელი ჩემი მოღვაწეობის მანძილზე ვოცნებობდი. _ პრობლემა, რომელიც ჭიდაობის და საერთოდ სპორტის წინაშე დგას, ზოგადი სატკივარიდან მომდინარეობს. პოლიტიკური ვითარება განაპირობებს ამგვარ შედეგებს? _ კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ პოლიტიკოსთა უმეტესი ნაწილი ლაი-ლაითია მოსული პარლამენტში. ფაქტობრივად, მათ ცხოვრებაში ლაპარაკის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, ოფლი არ მოუდენიათ. ისეთი კანონების მიღება ხდება ხოლმე, რაც საერთოდ არ გვაწყობს. პრეზიდენტიც ადამიანია, მას ამ ყველაფერზე უნდა დაელაპარაკო, დაუმტკიცო, რა არის საჭირო და აუცილებელი, რა უვარგისი და უკანონო. თუ შეისმენს ხომ კარგი, თუ არადა მის სამსახურში არ უნდა დადგე. შენი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყო. თუ პრეზიდენტი ხელს უშლის სასიკეთო ცვლილებს, იცის, ქვეყანაში რა ხდება და ქმედით ზომებს არ იღებს, უნდა გამოვცვალოთ. გაედინება საქართველოდან მთელი ინტელექტი, ნიჭი, გონება, ყველაფერი, რაც კარგი არის. ჭიდაობაში ქართველ კაცს რომ უზარმაზარი ნიჭი გააჩნია, ეჭვიც არავის ეპარება. მაგალითია თუნდაც წლევანდელი მსოფლიო პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში. 8 წონით კატეგორიიდან 3 მსოფლიო ჩემპიონი ქართველია. ეს დაახლოებით 40%-ს უდრის. სამწუხაროდ, აქედან საქართველოში მცხოვრები არცერთი არ გახლავთ. მეოთხე მსოფლიო ჩემპიონიც გვყავს, კლასიკურ ჭიდაობაში. ეს მუხრან ვახტანგაძე გახლავთ. საბედნიეროდ, ის მაინც ცხოვრობს საქართველოში. ყველაფერი მშვენივრად იცის პრეზიდენტმა, მაგრამ, თითს არ ანძრევს, არ უნდა და იმიტომ. პრეზიდენტ კენედის მკვლელობის სასამართლო პროცესზე ამგვარი ფრაზა ითქვა: "თუ პატრიოტი ხარ შენი ქვეყნისა, დაიცავი იგი მთავრობისაგან". ეს დღეს საქართველოზეც შეიძლება ითქვას. დღევანდელ მთავრობას ჭკუა რომ ჰქონდეს, საკუთარი თავის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს. მათ ხელი უნდა შეუწყონ თავისზე უკეთესი მთავრობის მოსვლას, მხოლოდ ამით თუ გამოისყიდიან თავის დანაშაულს. _ ვითარებას საკმაოდ მწვავედ აფასებთ, თუმცა მაინც და მაინც აქტიური პოლიტიკოსის იმიჯით არ სარგებლობთ, რა განაპირობებს ამას? _ იმდენად ღრმა ფესვებია ჩემსა და საზოგადოებას შორის, რაც ნებისმიერი ქართველის მიმართ სიყვარულში და ურთიერთპატივისცემაში გამოიხატება, საშუალებას არ მაძლევს, ტკივილი და სიმწარე მივაყენო ჩვენს მოქალაქეებს ან ჩემს კოლეგა პარლამენტარებს. მე მივხვდი, არ შეიძლება ვინმეს იმგვარად ვაწყენინო, რომ სამუდამოდ დაამახსოვრდეს. ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ. ალბათ, ჩემი ხვედრი ასეთი გახლავთ. მიყვარს საქმის ორგანიზება და პირნათლად შესრულება. იგივეს ვთხოვ ჩემს გვერდით მდგომ ადამიანებს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |