|
"საქართველო "
"პუტინის სიგიჟე"
ამ სათაურით და ქვესათაურით "რუსეთისთვის უკეთესი იქნება, საქართველოს სტაბილობას რომ ხელს შეუწყობდეს" ბრიტანული "THE ECONOMIST" აქვეყნებს წერილს რუსეთის აგრესიული ანტიქართველიზმის ახალი ეტაპის შესახებ. "იმათ, ვინც პუტინს გამოსვლებს უწერს, თავი, უთუოდ, ამერიკული საგარეო პოლიტიკის კარგ მცოდნეებად წარმოუდგენიათ" - წერს ჟურნალი, - "ისინი მიისწრაფიან, რომ ყოველი ახალი ამერიკული იდეის კოპირება, უფრო ზუსტად კი - კარიკატურირება მოახდინონ, მათ, უდავოდ, ხელი ურევიათ იმ მკაცრი წერილის შედგენაშიც, რომელიც პუტინმა გაეროს გაუგზავნა და რომელშიც იგი აყალიბებს თავის არგუმენტებს, რათა გაამართლოს თავისი ინტერვენცია მეზობელ საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელის მთავრობა არ გაწმენდს თავის ტერიტორიას იქ შეფარებული ჩეჩენი ტერორისტებისაგან". "რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ, ისევე როგორც ამერიკას ერაყში, რუსეთს აქვს უფლება საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს, თუნდაც მარტომ, სამხედრო აქცია იმ ნაციის წინააღმდეგ, რომელიც, მისი აზრით, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ისევე, როგორც ამერიკელებს ავღანეთში, რუსებსაც, მისი აზრით, შეუძლია თავისი აქცია გაამართლოს იმის დამოწმებით, რომ ვერშემდგარი სახელმწიფოები შესაძლებელია იქცნენ ჩირქოვან კერად, რომელიც ხიფათს უქმნის სხვათა უსაფრთხოებას. პუტინი გამოთქვამს განზრახვას, რომ, ბუშივით, ექსტრემალურ (უკიდურეს) ვითარებაში წინმწსრობი (PRE-EMPTIVE) აქცია ჩაატაროს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოსა და მზარდ საშიშროებას ქმნის. თვით რეჟიმის შეცვლაც კი, მისი აზრით, ვერ გამოირიცხება. "ყველა ამ არგუმენტთა ნარევი პუტინისა და მის თანაშემწეთა მიერ გამოყენებულ იქნა თავისი ამასწინანდელი მრავალჯერ გამოთქმული მუქარის გასამართლებლად, რომ სამხედრო აქციას მოახდენენ საქართველოს მიმართ. საჰაერო რეიდებს უკვე ჰქონდა ადგილი, - ასე იტყობინებიან ქართველები, - ხოლო რუსები ბუნდოვანად მიგვანიშნებენ, რომ შესაძლოა სახმელეთო იერიშებიც მოხდეს. ქართველებს ჰბრალდებათ რუსეთის უშიშროების ხელყოფა, რადგან ისინი არ ახორციელებენ ან ვერ ახორციელებენ ეფექტიან ქმედებებს ჩეჩენ მებრძოლთა წინააღმდეგ, რომელთაც, შესაძლებელია, მოკავშირეებად სხვაგნით მოსული მუსლიმანი ექსტრემისტები ჰყავთ და ბანაკი შორეულ პანკისის ხეობაში მოუწყვიათ. თუ თქვენ პრობლემას ვერ წყვეტთ და ვერ გვაძლევთ გარანტიას, რომ საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა ვერ მოხდება, მაშინ ამას ჩვენ ვიზამთო - ასეთია კრემლის გაცხადებული პოზიცია. ამასობაში კი რუსული მედია შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების ესკალაციას ახდენს. ყოველივე ამის ნათელი იმპლიკაცია (ყოველივე ამისგან მკითხველის და მაყურებლის მიერ გამოსატანი დასკვნა) არის ის, რომ, რუსული დარტყმის პროცესში, დიდად არავინ იდარდებს, თუ საქართველოს ხელისუფლების ცვლილება მოხდება. "თუ რუსეთის ამ არგუმენტებში ერთი მარცვალი სიმართლე მაინც არის, იგი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო, - რომელიც სრულებითაც არ არის ვერშემდგარი სახელმწიფო, - მართლაც თავის სასაზღვრო მხარეებში გასაჭირის მქონე სახელმწიფოა. მართლაც, მის ორ რეგიონში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - თბილისის მთავრობის მინაწერს ძალა სრულებით არა აქვს. სხვა მხარეებშიც კი ამ მთავრობას ბრძოლა უხდება, რათა გადასახადები აკრიფოს და კანონი გაატაროს. ეს სახიფათო ვითარებაა. იქ, სადაც კანონი არ მოქმედებს, გაჩენილ ვაკუუმს ნარკოკონტრაბანდა, იარაღის კონტრაბანდა და სხვა კიდევ უფრო მომაკვდინებელი ხდომილებები ავსებს. ჟურნალი განაგრძობს: "მაგრამ რუსეთს ამ არგუმენტაციაში უზარმაზარი ხარვეზი აქვს. თუ საქართველოს სახელმწიფო სრულყოფილად ვერ ფუნქციობს პანკისში ან სადმე სხვაგან, ეს დიდწილად იმიტომ ხდება, რომ რუსეთი თვით უთხრის თანმიმდევრულად ძირს მის ამ ფუნქციობას. ესოდენ გამძლე მინი-სახელმწიფოები საქართველოს საზღვრებში (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და, გარკვეულწილად, აჭარა) მთავრობას უპირისპირდებიან იმის წყალობით, რომ მოსკოვში ძლიერი მეგობრები ჰყავთ. საქართველოში 150-იოდ სამხედრო მრჩევლის გაგზავნით ამერიკა ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყნის უშიშროების ძალებს. მაგრამ ამ პროგრამასაც კი აქამდე ხელს უშლიან რუსეთთან კავშირში მყოფი ქართველი მოხელეები. თუ რუსებს მათი სამხრეთი საზღვრის უსაფრთხოება აწუხებთ, მათთვის უმჯობესია გააძლიერონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა იმის ნაცვლად, რომ გამეტებით ურტყან მას. საქართველო არც არამზადა სახელმწიფოა, არც (ჯერჯერობით) ვერშემდგარი სახელმწიფოა, ქართველებს არც გარეშეები სჭირდებიან იმისთვის, რომ მათ რეჟიმთა ცვლა მოუგვარონ. ბაძვა მაამებლობის ერთ-ერთი ფორმაა. მაგრამ არ უნდა შეატყუებინოთ არავის თავი პარალელების დანახვაში იქ, სადაც არანაირი პარალელები არ არსებობს.
(THE ECONOMIST, 21-27.IX,2002).
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |