"საქართველო "
# 11 (1783)
8-21 ოქტომბერი, 2002 წელი

პუტინის მყიფე ბალანსირება ერაყსა და აშშ-ს შორის

წელიწადმა ჩაიარა პუტინის სიტყვიდან, რომლითაც მან რუსეთის საგარეო პოლიტიკა განსაზღვრა. მან მაშინ თქვა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ამერიკელთა მოქმედებას ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ და მათ მიერ შუა აზიის სამხედრო ბაზების გამოყენებას. როგორც არ უნდა ჰქონოდა მას მაშინ წარმოდგენილი რუსეთის საგარეო ურთიერთობათა განვითარება, იგი სავსებით კმაყოფილი ვერ იქნება დღევანდელი ვითარების. მისგან მოითხოვენ მხარდაჭერას ამერიკელთა მოახლოებული მეორე სამხედრო აქციას, - ამჯერად, ერაყის წინააღმდეგ, - რომელსაც რუსეთის თვალში ძალიან მცირედი გამართლება ან სიკეთე თუ მოეძებნება.

პუტინმა იცის, რომ მის პოზიციას ვერ ექნება დიდი გავლენა ამერიკელთა მოქმედებაზე. ამერიკელებმა ნათლად გააცხადეს თავის მზაობა, რომ სადამ ჰუსეინი განდევნონ თუნდ საერთაშორისო მხარდაჭერით და თუნდ მის გარეშე. მაგრამ პუტინმა იცის, რომ მის მოქმედებას შეიძლება მოკლევადიანი დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. თუ აშშ და ბრიტანეთი ძალიან მოითხოვენ უშიშროების საბჭოს მკვეთრ რეზოლუციას, რომელიც დაემუქრება ჰუსეინს, რუსეთს შეუძლია ვეტოს გამოყენება და მისი ძველი მეგობარი ერაყი უთუოდ სთხოვს მას ამას. მეორე მხრივ, ამის ქმნის მინიშნებამ შეიძლება დააჩქაროს სამხედრო მოქმედების დაწყება.

* * *

მიუხედავად ამ ბოლო დროის დაახლოებისა ამერიკასთან, რუსეთის მრავალათწლიანმა პროარაბულმა საგარეო პოლიტიკამ თავისი კვალი დატოვა. ჰუსეინისთვის ზურგის სწრაფად შექცევა წინააღმდეგობრივი ნაბიჯი იქნება მოსკოვის მხრიდან. თუკი მოსახდენია "რეჟიმის შეცვლა" ბაღდადში, მაშინ, პუტინის პოზიციიდან, უმჯობესია ეს მოხდეს აშშ-ის სწრაფი, ცალმხრივი და წარმატებული აქციის სახით.

მაგრამ თუ რუსეთი იძულებულია დიპლომატიურად ჩაებას საქმეში, მაშინ პუტინის გათვლები დაიწყება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის თემით, რაც მისი პოლიტიკის პრიორიტეტია მთელი ბოლო წლის მანძილზე.

ევროპის ყოყმანი ცოტას ნიშნავს. რუსეთის დაახლოება ამერიკასთან იმას ნიშნავს, რომ მას აღარ სჭირდებიან ევროპელი ლიდერები, რათა ლობირება გაუწიონ მის ინტერესებს ვაშინგტონში. რუსეთი, უფრო, იმისკენ იხრება, რომ ამერიკელები განიხილონ როგორც მოკავშირეები ევროპელებთან ურთიერთობაში. პუტინი ჯერ კიდევ ექსპერიმენტებს ეწევა, როგორ მოიგოს მაქსიმუმი ამერიკელებთან ურთიერთობიდან. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პუტინმა დაიწყო ამერიკის კეთილგანწყობის ძებნა. მან დახურა ორი სამხედრო ტაბა ზღვისგაღმა, მშვიდად შეირგო ამერიკელების გამოსვლა ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულებიდან და დააწყნარა თავისი მინისტრები, როცა ამერიკელებმა ინსტრუქტორები გაგზავნეს საქართველოში.

მაგრამ მაისის სამიტის ახლო ხანებში პუტინმა შეცვალა სტილი, რაკი დაასკვნა, რომ "კაი ბიჭის" პოზიცია ბუშთან საკმარის სანაცვლო შედეგს ვერ იძლევა. მან დაიწყო აშშ-ის გამოწვევის პოლიტიკა ზოგ საკითხში, მაგრამ არა ისე, რომ კითხვის ქვეშ დააყენოს თავისი ახალშეძენილი მეგობრობა ბუშთან. მან გამოავლინა მყარი განზრახვა, რომ განავითაროს ურთიერთობა ირანთან, კორეასთან და ერაყთან, რომლებიც "ბოროტების ღერძად" არიან შერაცხულნი ამერიკის მიერ. ამას წინათ დაიმუქრა სამხედრო მოქმედებებით საქართველოში, რომელსაც ბრალად დასდო ჩეჩენი მეომრების შენახვა. ეს პოლიტიკა არ ნიშნავს, რომ პუტინი არ მიემხრობა ამერიკელებს უშიშროების საბჭოში. მაგრამ იმას კი ნიშნავს, რომ მას უნდა დიდი ფასი დაიდოს.

ერთი დიპლომატი ამბობს, რუსეთს ჰსურს აშშ-ის მკაფიო განცხადება, რომ ისინი ცნობენ რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს ერაყში. ეს ინტერესი მოიცავს არანაკლებ 7 მლრდ დოლარს სახელმწიფო ვალს და დიდ სანავთობე და საინფრასტრუქტურო კონტრაქტებს, რომლებიც ჰუსეინმა რუსეთს აღუთქვა. რუსეთი იბრძვის ამერიკის დახმარების მოპოვებისთვისაც საქართველოში, სადაც იგი (რუსეთი) რთულ თამაშს ეწევა. ქართველებისადმი ბრალდების წაყენებით რუსეთი მას აკისრებს ბრალის ნაწილს იმაზე, რომ ჩეჩნეთის ომი ვერ დაამთავრა. იგი უტევს შევარდნაძესაც, რომელსაც ანტირუსული მიმართულებისად თვლის. მას უნდა, რომ აშშ-მა მასზე გავლენა იქონიოს და კომპრომისი ურჩიონ იმის ნაცვლად, რომ ზურგი მისცენ.

მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტი ისაა, რომ რუსეთი წინააღმდეგობას გაუწევს აშშ-ს გაეროში, მაგრამ იმ იმედით, რომ ურთიერთობა არ გაუფუჭდება. შესაძლოა ეს იმედი ახდეს კიდეც ("ფაინენშელ ტაიმსი").

რედაქციისაგან: გაზეთის გულუბრყვილო შეხედულება შევარდნაძის "ანტირუსული" მიმართულების შესახებ უცვლელად მოგვყავს, რათა მკითხველს შეეძლოს მსჯელობა, რა ძნელია მსოფლიოს ინფორმირება საქართველოს რეალური სიტუაციის შესახებ.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com