|
"საქართველო "
დემონსტრაციაც ასეთი უნდა!
ინგლისის სოფლელები კონფლიქტში არიან ქალაქელებთან. მათი ლოზუნგი, რომელიც 11 სექტემბრის უზარმაზარ მანიფესტაციაზე გამოიტანეს ლონდონში, ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს: "თავისუფლება და სარჩო" (მართლაც, თუ გინდა, რომ მთავრობამ თავი დაგანებოს და თქვენ საქმეებში არ ჩაერიოს, რა სვინდისით სთხოვთ მას სუბსიდიას? ხოლო თუ მთავრობის სუბსიდიას იღებთ, მაშინ რა უფლება გაქვთ იგი არ გარიოთ არც ერთ თქვენს საქმეში?), მაგრამ რეალურად ორივე მოთხოვნაში კონკრეტული შინაარსი დევს. სოფლის რეგულირების ახალმა, დამატებითმა წესებმა მართლაც შეზღუდა სოფლის მოსახლეობის ორიოდე ბიზნესი და სუბსიდიების მოხსნის გეგმა მართლაც, ცოტა არ იყოს, აშინებს ფერმერს, რომელიც იძულებული გახდა უფრო დაძაბულად იფიქროს სარჩოს მოპოვებაზე. ერთ-ერთი მწვავე მოთხოვნა ისაა, რომ ხელისუფლებამ ხელი აიღოს... მელაზე ნადირობის აკრძალვის გეგმაზე (თუმცა ამ სპორტს წელიწადში სულ 43 000 მელა ეწირება, ავტოტრანსპორტს - 100 000 და ფერმერთა საფანტს - 100 000). ვნებათა გახურებაში მონაწილეობს ისიც, რომ სოფლელებს არ უყვართ ლონდონი მისი მუშათა კლასით, იმიგრანტებით, უწლოვანთა ფეხმძიმობით და სხვა "ცივილიზაციისმიერი" სიკეთეებითურთ). და მაინც... 22 სექტემბრის 400 ათასიანი დემონსტრაცია ურთიერთკეთილმოსურნეობის, ღიმილის, სითბოს და, რაც მთავარია, პოლიციელებისა და მანიფესტანტების ურთიერთსიმპათიის საოცარი გამოფენა იყო. "ერაყს აღვადგენთ ერთიან დემოკრატიულ სახელმწიფოდ" ეს სიტყვები ეკუთვნის აშშ პრეზიდენტის მრჩეველს უშიშროების საკითხებში კონდოლეტა რაისს და ეხება იმ დროს, როცა სადამ ჰუსეინი უკვე გადაგდებული იქნება. ქალბატონმა რაისმა თავის ინტერვიუში "ფაინენშელ ტაიმსში" ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ "თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფალი მეწარმეობის ღირებულებები არ ჩერდება ისლამის კართან". აშშ დაინტერესებულიაო თავისუფლების წინსვლითა და დემოკრატიზაციით ისლამის სამყაროში". მან თქვა, რომ "ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბაჰრეინი, კატარი და გარკვეულწილად იორდანია" "ბევრნი არიან რეფორმისტული ელემენტები", რომელთა ხელშეწყობა ამერიკელების სურვილს შეადგენს. მან მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, მიიღოს "მკაფიო რეზოლუცია, რომელიც მოიცავს ამ რეზოლუციის შესრულებინების ეფექტიან ზომებს".
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |