|
"საქართველო "
ნოდარ დალაქიშვილი: "ოსური მხარის კრიმინალებთან ქართული მხარის კრიმინალების და ე. წ. "კაი ბიჭების" ალიანსის არაერთი ფაქტი ფიქსირდება" ნანა ძველაია
ინტერვიუ შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსთან, პოლიციის გენერალ-მაიორ ნოდარ დალაქიშვილთან
- ბატონო ნოდარ, ცხოვრებამ საკმაოდ რთული უბანი არგუნა შიდა ქართლის სამხარეო სამსახურის თანამშრომლებს. მხარის ოთხი რაიონი და კიდევ, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები უშუალოდ ესაზღვრებიან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას, რაც ძაბავს ოპერატიულ მდგომარეობას და გამუდმებით დღის წესრიგში დგას აქ მომხდარი დანაშაულებრივი მოვლენები. როგორი ვითარებაა დღეს? - ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა მთელი ქვეყნის პრობლემაა. იურიდიულად გაუკონტროლებელი ტერიტორია სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. ორივე მხარის დამნაშავეთა სამყარო საკმაოდ ეფექტურად იყენებს ამას. ჩამოყალიბებულია ქართული და ოსური მხარის კრიმინალური სამყაროს ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც ახდენენ მოტაცებული ავტომანქანების რეალიზაციას, ნარკოტიკების ბრუნვას და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ძაბავენ სიტუაციებს. ამას ემატება კონტრაბანდული, აღურიცხავი ტვირთების შემოდინება ჩრდილოეთიდან. ხეობებში და მოსაზღვრე სოფლებში ყაჩაღური თავდასხმების ჩამდენთა ძირითადი ნაწილი, უშუალო შემსრულებლები კონფლიქტის ზონიდან არიან და თავსაც იქ აფარებენ. რომელ პატრიოტიზმზეა ლაპარაკი, როცა ხელთა გვაქვს ინფორმაციები ოსური მხარის კრიმინალებთან ქართული მხარის კრიმინალების და სხვა ე.წ. "კაი ბიჭების" ალიანსების არაერთ ფაქტზე. შედეგი - ადამიანის გატაცებები, მკვლელობები, ყაჩაღობები. დღევანდელი სიტუაციის შემხედვარეს, ზოგიერთ ცნობილ ეროვნულ მოღვაწეებს, ალბათ საფლავშიც არ ექნებათ მოსვენება. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთთანამშრომლობას, მაგრამ როცა საჭიროა დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავება და სხვა საპროცესო მანიპულაციების შესრულება, უკვე ბარიერებს ვაწყდებით, თითქმის ყველა მძიმე დანაშაულის ჩადენაზე გვაქვს რეალური ოპერატიული თუ ძიებით დადასტურებული მონაცემები, მაგრამ კონკრეტულ პირებთან ვერ ვმუშაობთ. მეტიც, ძებნილებიც მშვიდად არიან ცხინვალსა და მის რაიონში. უკიდურესად დაძაბულია მდგომარეობა დიდი ლიახვის ხეობაში. სადაც დაფიქსირდა სერიული მკვლელობები სხვადასხვა ნიადაგზე, ყველა მათგანი განსაკუთრებულ კონტროლზეა და არც გახსნის პერსპექტივებია დაკარგული, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ კონკრეტული და დადასტურებულ ბრალდების გარეშე ვერავის დააკავებ. რეალური იმედი გვაქვს, რომ ხეობაში მომხდარი მძიმე დანაშაულებები გაიხსნება. ჩვენ შევძელით ერთ-ერთი სერიოზული ყაჩაღური ჯგუფის დაკავება. მაგრამ, მათ საკმაოდ დიდი კავშირები აღმოაჩნდათ ოსურ მხარესთან და ამ მიმართულებით უკვე ჭირს მუშაობა. კიდევ ერთი, ხეობაში დისლოცირებულმა, ქურთის შს განყოფილების პირადმა შემადგენლობამ უნდა გაითავისოს ის, რომ წესრიგის დაცვა ხეობაში მათი საქმეა და მათ მაგივრად ამას არავინ გააკეთებს. განყოფილება ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული და თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს - კანონთან მიმართებაში ყველას ერთნაირად მოეთხოვება. აქ არც მეზობლობაა და არც ნათესაობაა შემამსუბუქებელი. მთავარმა სამმართველომ ხეობის ხელმძღვანელობასთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განყოფილებას სრულყოფილი სახე მიეღო. საჭიროა, მხოლოდ, პირადი პასუხისმგებლობის და პროფესიონალიზმის ამაღლება. ერთი სიტყვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი და მისი სტატუსი უნდა გადაწყდეს, მისი გაჭიანურება უფრო გაართულებს სიტუაციებს და ჩვენც, ალბათ, მოგვეცემა საშუალება კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები ჩავატაროთ იქ, სადაც საჭირო იქნება. - თქვენ, როგორც სამხარეო სამართველოს უფროსი, რას მიაქცევდით ყურადღებას 2002 წელს? - ველოდებით რეფორმებს, ყოველივე ამას კი სჭირდება ფინანსური უზრუნველყოფა. რა უნდა ვთქვათ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, რომელიც ფაქტობრივად არა გვაქვს, ელემენტარულად არ არის ტრანსპორტი. კავშირგაბმულობის საშუალებები, შეიძლება ამის გარეშე ნორმალურ ქვეყანაში პოლიციის მუშაობა? უკიდურესად უჭირს პოლიციის დანაყოფებს და პირად შემადგენლობას. - მაშინ, ალბათ, ბევრი თანამშრომელი უნდა ტოვებდეს პოლიციის რიგებს. მგონი, ასე არ არის... - რატომ არ გარბიანო - იტყვის მავანი. სად გავიქცეთ, ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს, იმედით ვუყურებთ მომავალს. რა, რატომ სხვები არ გარბიან, სხვა სამსახურში თავზე გადასდით ცხოვრება თუ? ვინც დღეს სახელმწიფო სამსახურს არ ტოვებს, დასაფასებელი ის არის სწორედ. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ისევე როგორც არანაკლებ სხვა უწყებებში, ჩვენთანაც არის პრობლემები კადრებში. გვაკლია პროფესიონალები, მაღალი შეგნების და ინტელექტის მუშაკები. მაგრამ ერთი მითხარით, საიდან უნდა მოვიდეს ასეთი კადრები. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, არ ვიცი, როგორი იყო სასწავლო პროცესები. და კიდევ - მივაქციოთ ყურადღება - ახალგაზრდებში უაღრესად გაიზარდა კრიმინალური მენტალიტეტი, პატივისცემა ე.წ. "შავი სამყაროს" - "ქურდული სამყაროსადმი", გაიზრდებიან ესენი და მიხვდებიან მცდარ აზრს, მაგრამ გვიან იქნება. ამას ყურადღება თითოეულმა ოჯახმა უნდა მიაქციოს. ნარკომანიამ ხომ დაანგრია ყველაფერი, მხარის რაიონებში თითქმის კატასტროფული მდგომარეობაა, მაგრამ ერთი ფაქტის გარდა ვერ მახსენდება, რომ მოსულიყოს ოჯახის წარმომადგენელი და ეთხოვოს შველა. იქნება ერთად დროზე მივხედოთ და მთლიანი თუ არა, ნაწილობრივი შედეგი მაინც მივიღოთ. რეალური პოზიცია დღეისათვის კი ასეთია - თუ პოლიციაში ნარკოტიკების მოხმარებისათვის მოხვდება ვინმე, ამუშავდება დაცვის მექანიზმი, ხელის დაფარება და სხვა. არის პოლიციის მხრიდან დარღვევები, მაგრამ ამასაც ერთად უნდა ვებრძოლოთ. მე თვითონ მაქვს წინააღმდეგობრივი გრძნობა მასზედ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელიც ციხეში გაუშვათ - იქ გამოსწორება ილუზიაა, აი, ჩამოყალიბება კი - რეალობაა. მაშ რა გავაკეთოთ? ქვეყანაში სისტემა ამ მიმართებით ჯერ არ არის სრულყოფილი. კიდევ ერთი სირთულე, დღეს, როცა უნდა ებრძოლო ნარკოტიკების გამსაღებელს, ნარკომანებმა სხვა გზა გამონახეს. თითქმის ყველა გამსაღებლად იქცა. ათასნაირი გზებით შეიძლება მოძრაობა ცხინვალისკენ, დაწყებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ფეხით დამთავრებული, რაც შეეხება ნარკოტიკების გამსაღებელს - მათ მიმართ უნდა შეიქმნას საზოგადოებაში მიუღებლობის ატმოსფერო. მე თუ მკითხავთ, გამკაცრების თვალსაზრისით, მათ მიმართ სასჯელის ზომაც უნდა შეიცვალოს. - მოსახლეობის ერთი ნაწილი პოლიციის მიმართ უნდობლობას და გაუცხოებას განიცდის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? - ამას ბევრი მიზეზი აქვს. იყო პერიოდი, როცა პოლიციის მიმართ ხალხი ნდობას და პატივისცემას გამოხატავდა. დღეს პოლიცია, რაღაც ურჩხულად და მონსტრად არის წარმოდგენილი. არის დარღვევები და არიან დამრღვევები. უნდა ვთქვა, რომ პოლიცია არცერთ ქვეყანაში არ უყვართ. დამოკიდებულება ყველგან სხვადასხვა კრიტერიუმებით განისაზღვრება. მაგრამ ფაქტია, ხელს არ უშლიან და ასე ვთქვათ, ცივი გონებით ეხმარებიან. დღეს ყველას უნდა ყაჩაღის, მკვლელის, მძარცველის, თუ ავტომანქანის გამტაცებლის, ნარკოტიკის გამსაღებლის მხილება და დაკავება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს არცერთი საპროცესო საკანონმდებლო მოთხოვნა. ძირითადი - მოწმე ანუ დამსწრის ფუნქცია, რომლის ინსტიტუტიც - ვიყოთ გულახდილნი, არ არსებობს. გადამეტებულმა ლიბერალიზმმა საზოგადოებას გული გაუტეხა. ნდობის ფაქტორი დააკარგვინა. ხელთა გვაქვს უნდობლობის მეტად საშიში სინდრომი. მე გულახდილად გეტყვით - კრიმინალებს აქვთ დასაყრდენი მოსახლეობაში, ანუ ის, რაც პოლიციას არ აქვს. ერთი მაგალითი - რამდენიმე ხნის წინ შეიარაღებული ყაჩაღობის დროს, პოლიციელმა ტაბელური იარაღით წინააღმდეგობა გაუწია ყაჩაღებს, ერთ-ერთი მათგანის მიმართ მოახდინა გასროლა და დაჭრა ფეხის არეში. პოლიციელი ზურგიდან გასროლით ვერაგულად მოკლეს. დაჭრილმა შემდგომში, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, არაერთი სოფელი გაიარა და თავი შეაფარა. დამერწმუნეთ - ის იტყოდა, რომ პოლიციელმა დაჭრა და მისთვის გარანტირებული იქნებოდა დახმარებაც და თავშესაფარიც. მაგრამ მათ რომ პოლიციელი მოკლეს, ეს პოლიციის და პროკურატურის გარდა არავის აფიქრებს. მკვლელი დღემდე დაუკავებელია. ასეთი დამოკიდებულების არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია. წესრიგისათვის ბრძოლაში საჭიროა ერთიანი, მტკიცე პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დამერწმუნეთ - მეტად საშიში სინდრომები ვითარდება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |