|
"საქართველო "
სენსაციური სათაურები... მუქთად! ნიკოლოზ იოსებიძე
არა, მე რეკლამის წინააღმდეგი როდი ვარ, არც ისე რეგვენი ვარ, რომ იმდენი არ მესმოდეს, რეკლამის გარეშე ვერაფერს ვერ გაასაღებ. რა თქმა უნდა, აქ გასაღებაზეა საუბარი, თორემ, რაც საუკეთესოა, იმას ქება-დიდება და გასაღება არ სჭირდება. მიტროფანე ლაღიძის (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული) წყლების ბადალი, მსოფლიოში არ არსებობდა და არც ახლა არსებობს, მაგრამ მე არ მახსოვს, ვინმეს მისი რეკლამა გაეკეთებინოს. უბრალოდ ეწერა "ლაღიძის წყლები", მაგრამ ფუტკარივით ესეოდა ხალხი. ვინც კი ერთხელ მაინც იგემა, შინაური იყო თუ გარეული, საუკეთესო სიტყვებს არ იშურებდა მის საქებად. ახლა გადაივსო მთელი თბილისი უგემოვნებოდ და უნიჭოდ შესრულებული სარეკლამო აბრებით. რბილ დივანზე წამოწოლილი ხარებით თუ ძროხებით, ავეჯისა თუ სხვა საოჯახო ნივთების ფოტოებით, სიგარეტების და ალკოჰოლური სასმელების ქება-დიდებით, თან იმის შეხსენებით, რომ "ნიკოტინი მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის". იმას კი არავინ აცხადებს, რამდენი ხალხი იწამლება და არც თუ ისე იშვიათად იხოცებიან კიდეც, სხვადასხვა დასახელების არაყით. რა "ჭკვიანური" და "დამაჯერებელია" "ორბიტის" რეკლამა: "არაფერზე არ დათანხმდეთ "ორბიტის" გარდა! - აცხადებს ეკრანიდან გაღიმებული მშვენიერი ქალიშვილი და თეთრ კბილებს აელვარებს. აკი, არც დავთანხმდი ჩემს მეგობრებს, დაბადების დღეზე რომ იაპონური, საუკეთესო ტელევიზორი მოერთმიათ, და როცა მკითხეს, რა გიყიდოთო? "რა თქმა უნდა, "ორბიტი"-მეთქი". ღმერთმა ააშენოს მათი ოჯახები, რაც იმის ღეჭვა დავიწყე, ოთხი საღეჭი და ორი სარძევე კბილი ამომივიდა 65 წლის ასაკში. ისე ვამტვრევ კბილით თხილს და კაკალს, გარეულ ტახსაც შეშურდება. ყველაზე უფრო მაინც პრეზერვატივებისა და "ოლვეის ულტრას" რეკლამა მხიბლავს, ოღონდ იმაზე მწყდება გული, რომ ხმარების წესს პრაქტიკულად არ უჩვენებენ. პირველად რომ ვნახე გაზეთ "24 საათის" რეკლამა, ისე მომეწონა, ერთი საათი ვიცინოდი. მერე, როცა ყოველ ხუთ წუთში ერთხელ დაიწყეს მისი ჩვენება, დალაქიც შემზიზღდა, სადალაქოც, სამართებელიც, მაკრატელიც და, რა თქმა უნდა, "24 საათიც". განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალ-გაზეთების გასაღების მიზნით ყდებზე გამოტანილი სენსაციური სათაურები. ამ სათაურებისა და წერილების შინაარსი, არცთუ ისე იშვიათად, არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მკითხველს აინტერესებს მაგალითად როგორ მიუყვანა ვახტანგ კოტეტიშვილს (ჩემთვის ერთ-ერთ სათაყვანებელ პიროვნებას) კატამ ნაშა. თუ კატამ ბატონ ვახტანგს კატა მიუყვანა ნაშად, ნამდვილად გაუჭირდება ორთავეს, მით უმეტეს, თუ უსაფრთხოების წესების დაცვა არ იცის ბატონმა ვახტანგმა. თუ კატამ ნაღდად კაი ნაშა მოუყვანა, მე მგონი, არც ეს იქნება ბატონი ვახტანგისათვის დიდად ხელსაყრელი, ვინაიდან იმ ასაკშია, რომ ნაშას "კაშა" ურჩევნია. "თემურ ჭყონია პოლიტიკოსებს უჩივის, სოფო ჭყონია კი - ქართველ მამაკაცებს". ამის წამკითხველი კაცი იმ წუთას იტყვის: "სასწაულია, პირდაპირ, ვინც პირველი დამნაშავეა საქართველოს დაქცევა-გადაშენებაში, იმას ეფერება, სანამ 7 თვის ბავშვივით ხელით გადასაყენებელი არ გახდება, მანამდე მოითხოვს მის პრეზიდენტად ყოფნას და სხვა პოლიტიკოსებს რას ერჩისო? ან სოფო ჭყონიას რა აქვს გასაყოფი ქართველ მამაკაცებთან?! სხვათა შორის, მეც ხშირად მომდის ხოლმე აზრად სენსაციური სათაურები და ვფიქრობ, არ იქნება ურიგო თუ პრესის მუშაკები გამოიყენებენ. კი, ბატონო, ამ სათაურების 99% ტყუილია, მაგრამ ხომ სენსაციურია. თუ სენსაციურია, ე.ი. კარგია! და თანაც მუქთაა! აი, ჩემი ფანტასტიკის ნაყოფიც: "რატომ დააჯილდოეს წაგებული ომის "გმირები" მედლებითა და ორდენებით?!"; "არიან თუ არა ღირსეულნი მათ შორის, ვისაც "ღირსების ორდენი" არ გააჩნია?"; "არიან თუ არა არაკორუმპირებული პირები მთავრობაში, პარლამენტში, პოლიციაში, თავდაცვაში და სხვა სამთავრობო დაწესებულებებში?"; "სატელევიზიო რეკლამების გარდა, კიდევ რა იწვევს ნევროზებსა და ფსიქოზებს?"; "სად აპირებს ქართველი ხალხი გადასახლებას, ქართული მიწების მთლიანად გაყიდვის შემდეგ?", "ჯარი მეტი გვყავს, თუ დეზერტირი?"; "როგორ მოხვდა ერეკლეს დროინდელი ზარბაზნები ჩვენს შეიარაღებაში და მათზე ხომ არ არის გამოთქმა: "თუნდ მუგუზალი დაადე, მაინც არ გავარდებაო"?"; "ვინ "ხელმძღვანელობს ხოლმე შაბათობებს ხაზინის გასუფთავების დროს?"; "რამდენი ქართველი პედერასტი გათხოვდა ჰოლანდიაში და არის თუ არა მათ შორის ვინმე ორსულად?"; "ვალი რომ ჯოჯოხეთს ანათებდეს, საქართველო გაჩახჩახებული იქნებოდა"; "გვეყოლებოდა თუ არა პრეზიდენტი, მუცელი რომ მოშლოდა შევარდნაძის დედას?"; "რატომ ჰქვია ანტიქართულ მოძრაობას "თავისუფლების ინსტიტუტი" და ვის თავისუფლებაზე ზრუნავენ ისინი?"; "რას ეტყვის საიქიოში დავით აღმაშენებელს გიორგი გადამშენებელი?"; "ვის წისქვილზე ასხამს წყალს, სიღატაკით წყალწაღებული ხალხისათვის სასმელი წყლის გაძვირება?"; "რა ენაზე ლაპარაკობდა ალექსანდრე მაკედონელის ქართველი ბებია"; "ვისი პრეზიდენტია ედუარდ შევარდნაძე, თუ არ არსებობს საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო?"...
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |