|
"საქართველო "
მირონ ფირცხელანი: "ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ შეწყდება, ვიდრე მთელი ენერგეტიკა უცხოელების ხელში არ გადავა" ირმა მაჭარაძე
- ბატონო მირონ, იმ უამრავი შეხვედრის შემდეგ, რასაც ენერგეტიკოსთა საზოგადოება ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მართავს, შეიცვალა თუ არა რამე ენერგეტიკაში? - სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. ახალი არაფერი ხდება. გრძელდება ქვეყნის და დარგის წინააღმდეგ მიმართული პროგრამის განხორციელება, რასაც დღევანდელი ხელისუფლება გეგმაზომიერად მიმართავს. მიუხედავად საზოგადოების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგობისა, სმკ-მა და იუსტიციის სამინისტრომ პირწმინდად შეასრულეს "ეი-ი-ეს თელასის" დაკვეთა ტარიფის მომატების შესახებ. ელექტროენერგიის ღირებულება დედაქალაქში 13,7 თეთრი გახადეს, რაიონებში 8,5 თეთრი. ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ჩუმი თანხმობით მოხდა. კიდევ უარესსაც გეტყვით, ამავე პრეზიდენტის 10 სექტემბრის ბრძანებულებით, დარჩენილი 5 ჰიდროელექტროსადგური განწესებულია გასაყიდად. ქონების მართვის სამინისტროს დავალება მიეცა, უახლოეს ხანში მოამზადოს ტექნიკური დოკუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, მისი მე-3 მუხლი პირდაპირ კრძალავს სტრატეგიული ობიექტების ნებისმიერი ფორმით გასხვისებას, მთავრობა ჯიუტად აგრძელებს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, საზღვაო და საჰაერო ფლოტის, გაზის კომუნიკაციების, წყალმომარაგების სისტემების და ა.შ. სხვადასხვა ფორმით გაყიდვას, მართვის უფლებით თუ იჯარით გაცემას. - როგორც მახსოვს, ამ ცოტა ხნის წინ, როცა თელასმა ტარიფის გაზრდა მოითხოვა, პრეზიდენტმა მოსახლეობას სიტყვა მისცა, ყველა ღონეს ვიხმართ, ეს თანხა მოსახლეობას კისერზე რომ არ დააწვესო. ტარიფი იმატებს, მაგრამ არავინ აღარ ამბობს, რომ ამას მოსახლეობა არ გადაიხდის. - ეს მტკნარი სიცრუე იყო. ამ თანხის დაფარვის წყარო არ არსებობს. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ქართველი ენერგეტიკოსების კუთვნილ თანხას, რომელიც ზამთრისთვის მზადებას და სახელფასო დავალიანებების დაფარვას უნდა მოხმარდეს. ნუ გაგიკვირდებათ, შარშანდელის მსგავსად, "ეი-ი-ეს თელასს" წინდაწინ თუ გადაუხდიან დაპირებულ თანხებს. შარშან, როცა "ეი-ი-ესმა" ტარიფის მომატება მოითხოვა, ქართველი ენერგეტიკოსების კუთვნილი 30 მლნ. ლარი სემეკმა მთავრობის თანხმობით, ფაქტობრივად, "ეი-ი-ეს თელასს" აჩუქა. - თუ ტარიფში შესულ სხვაობას მთავრობა უხდის "ეი-ი-ეს თელასს", მოსახლეობას რატომღა ახდევინებენ? - მართალია, აქ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. ტარიფი 1,3 თეთრით იზრდება, რასაც მოსახლეობა გადაიხდის, ერთ ამდენს კი ქართველი ენერგეტიკოსების "კისრიდან ამოიღებენ" და "ეი-ი-ესს" გადაუხდიან, რომ ტარიფი 15 თეთრი არ გახდეს. ეს თანხა წელიწადში 30 მლნ. ლარს შეადგენს დაახლოებით. - კი მაგრამ, ბოლოსდაბოლოს, როდემდე შეიძლება გაიზარდოს ტარიფი? ყველაფერს აქვს ამქვეყნად დასასრული. - ტარიფის ზრდა არ შეწყდება მანამ, ვიდრე მთელი ენერგეტიკა უცხოელების ხელში არ მოხვდება. საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იქნება გადახდის უუნარო. ყოველივე ეს იქით არის მიმართული, რომ ყველაზე იაფი და ეკოლოგირად სუფთა ენერგიის წყაროები (ჰიდროელექტროსადგურები) უცხოელების ხელში გადავა. მათ უკან კი "ახალი ქართველები", კერძოდ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური დივერსია ხორციელდება. ვერცერთი მეწარმე წარმოებას ვეღარ გამართავს, რადგან ნაწარმის თვითღირებულება იმდენად გაიზრდება, გასაღების ბაზარი აღარ ექნება. მეწარმეობა საბოლოოდ ჩაკვდება საქართველოში, თუ ასე გაგრძელდა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |