|
"საქართველო "
ოჯახი რომ ბედნიერი იყოს... ნანა გელოვანი
- მამა ზაქარია, ჩვენ ვისაუბრეთ ქორწინების დროს ჯვრისწერის აუცილებლობაზე. თუმცა, ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად ეს, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. ჯვარდაწერილი ოჯახებიც ინგრევა ხოლმე. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბედნიერი ოჯახი შევქმნათ? - სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. მოდით, ჯერ ვთქვათ, როგორია ბედნიერი ოჯახი. ადამიანური წარმოდგენით, ეს ალბათ, მოსიყვარულე ცოლ-ქმარია, რომელთაც ჰყავთ შვილები. ქმარი დადის სამსახურში, ცოლი უვლის ოჯახს, შვილები ბეჯითად სწავლობენ. საღამოს ყველა ერთად იკრიბება და თითოეული მათგანი ცდილობს სხვას ასიამოვნოს. ამ ადამიანებს ყველაფერი საერთო აქვთ, ჭირიც და სიხარულიც. თუ ცოლ-ქმრული კავშირის საფუძველი ცხოველი ქრისტიანული სარწმუნოებაა, ოჯახური ტვირთის ტარება მსუბუქად ხდება. ოჯახი რომ ბედნიერი იყოს, მეუღლეებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლება-მოვალეობანი. ოჯახური ბედნიერებისათვის ზრუნვა სწორი არჩევანით იწყება. კეთილი ცოლი ღვთის მადლია: "ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება. ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს. კარგი ცოლი კარგი ხვედრია, წილად ერგებათ უფლის მოშიშებს" (ზირაქ. 26, 1-3). იგივე შეიძლება ითქვას ქმარზე. ქმარი თავია ცოლისა და როგორი ქმარიც შეხვდება ქალს, ისე წარიმართება მისი ცხოვრება. ადამიანის ცხონება ძალიან ძნელია. შვიდ საიდუმლოთაგან ქორწინება ერთ-ერთია, რომელიც აუცილებელია ცხონებისათვის. არჩევანი რომ სწორი იყოს, მომავალ მეუღლეში უნდა ვეძებოთ წმინდა გული და კეთილი ზნეობა და არა გარეგნული სილამაზე და სიმდიდრე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ჯერ უნდა მოიფიქრო, ვინ იქნება შენი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი და მერე უნდა იქორწინო. ქორწინების შემდეგ კი არ უნდა დაიწყო ფიქრი, ეს ვინ მოვიყვანე, ან ამას ვის გავყევიო. ბედნიერი რომ იყოს ოჯახი, მეუღლეებმა თავისი მოვალეობები უნდა იცოდნენ. - რა მოვალეობები აკისრიათ მათ? - ოჯახის ტვირთი უნდა გაინაწილონ. ცოლქმრობა მარტო ლოგინის ურთიერთობით არ განისაზღვრება. ეს არის ურთიერთზრუნვა, თანადგომა, მეურნეობის გაძღოლა და შვილების აღზრდა. - რა ევალება ქმარს? - "ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე არს თავი ეკლესიისა" (ეფ. 5.23) - ბრძანებს წმინდა მოციქული პავლე. ეს მეთაურობა პირველი და უმთავრესი უფლება-მოვალეობაა ქმრისა. მან ისე უნდა შეიყვაროს ცოლი, როგორც ქრისტემ ეკლესია (ეფ. 5.25). ამასთან ერთად ქმარი მოვალეა, იზრუნოს ოჯახის წევრების სულიერ და ფიზიკურ საზრდოზე. - რა მოვალეობები აკისრია ცოლს? - "ცოლნი თავისთა ქმართა დაემორჩილნენ, ვითარცა უფალსა" (ეფ. 5.22). ცოლი მოვალეა, უყვარდეს ქმარი და იყოს მისი მორჩილი. მორჩილება ზნეობაა, ბატონ-ყმობას და მონობას კი არ ნიშნავს, ცოლი და ქმარი ერთმანეთის მორჩილი და გამგები უნდა იყოს და ერთმანეთის პატივისცემით და სიყვარულით უნდა უძღვებოდეს ოჯახს. - როცა მეუღლეები კამათობენ, თუ ქმარი არასწორია, მაინც ცოლმა უნდა დაუთმოს? - როცა ადამიანი არასწორად ფიქრობს და იქცევა, ე.ი. ეშლება და ვერ ხვდება. ამიტომ ჯობია, გარკვეული დროით დაველოდოთ, სანამ არ მიხვდება, რომ ეშლება. ცოლს სპეციფიკური მიდგომა უნდა ჰქონდეს ქმართან, როცა იგი გარეთ ვინმეზე ბრაზდება და ვერაფერს ეუბნება, სახლში ცოლზე იყრის გულის ჯავრს. ქალი არ უნდა აჰყვეს იმ წუთში გაბრაზებულ ქმარს. მერე განიმუხტება კაცი, დაშოშმინდება, მივა და ისევ მოეფერება მეუღლეს. თუ აჰყვება ქალი, კაცი სულ გადაირევა, და არაფრის გამო შეიძლება ცუდი შედეგიც მივიღოთ. - ხშირად ამბობენ, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა მხოლოდ ქალს ევალება, კაცს კი ყველაფრის უფლება აქვს... - როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში. ღალატი ღალატია და მრუშობა - დანაშაული. ეს ცოდვა, ღვთის წინაშე არც ერთს არ ეპატიება, პასუხი ორივეს ერთნაირად მოეთხოვებათ. - ბევრი მამაკაცი მიიჩნევს, რომ ცოლი შინ უნდა იჯდეს... - დღევანდელ სიტუაციაში ეს ცოტა ძნელია. ისე ცხადია, სჯობია, დედა ბავშვების აღზრდაზე ხარჯავდეს ენერგიას და არა ვაჭრობაზე. მარტო ოჯახის პატრიოტებად ვზრდით შვილებს და ქვეყნის წინაშე პატრიოტული მოვალეობები გვავიწყდება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |