|
"საქართველო "
შევარდნაძის რუსეთის აგენტობას ისიც ამტკიცებს, რომ დღესაც არ წამოსცდება ოფიციალურად, აფხაზეთში რუსეთი გვეომაო მარი დვალი
ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან
- ბატონო ნოდარ, როგორ ფიქრობთ, რატომ გადასცა შევარდნაძემ ჩეჩნები რუსებს, როცა შეეძლო არ გადაეცა? მან ხომ ეს მრავალი კანონდარღვევით გააკეთა. - ამოცანა კონკრეტულია. დღეს გვიჩვენეს, რა ვერაგულად გაწირა საქართველომ ჩეჩნები. ხვალ გამოიყვანენ თავის აგენტს გროზნოში და აყვირებენ "ქართველების შური ვიძიოთ". ზეგ დაიწყებენ საქართველოში სისხლიან დივერსიებს გრუ-ს ხელით და ჩეჩნების სახელით. გამჭოლი მიზანია ქართველებსა და ჩეჩნებს შორის კონფლიქტის მოწყობა. ეს - ამ კერძო შემთხვევაში. უფრო ფართო მიზანია საქართველოზე რუსეთის პირდაპირი დარტყმის ორგანიზება. - მაშ დღიდან დღეზე რუსულ დივერსიებს უნდა მოველოდეთ? - ეს ლოგიკურია. და ლოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, ეს სამარცხვინო ინციდენტი რომ არ მომხდარიყო. - რუსეთს დღეს დასავლეთი საქართველოს არ დააპყრობინებს. ამას თქვენც ამბობთ ხოლმე. მაშ რა აზრი აქვს რუსებისთვის ამ მუქარას და დაბომბვებს? - ორგვარი აზრი აქვს. ჯერ ერთი, რუსებმა იციან შევარდნაძის მონური ბუნება და მოელიან, რომ ამ მუქარით კიდევ ერთ იურიდიულ კაპიტულაციას გამოსტყუებენ. უფრო ზუსტად: კაპიტულაციას მოახდენს დაშინების გარეშეც, რადგან რუსეთის აგენტია, შიშს კი მხოლოდ ისიმულანტებს, თითქოს საქართველოს ინტერესებს კიდევ ერთხელ იმიტომ ყიდის, რომ ტყავს უფრთხილდება ან, - კიდევ უფრო სასაცილო, - თითქოს საქართველოს უფრთხილდება. მეორე აზრია: დღეს პუტინი ჩიხურ მდგომარეობაშია ერაყის საკითხში. თუ გაეროში ამერიკელებს მიემხრობა ერაყზე დარტყმის საკითხში, ამით ერაყსა და სხვა არაბულ ქვეყნებს დაკარგავს, როგორც მეგობრებს. თუ მათ წინააღმდეგ წავა, ვაი თუ ამერიკელებთან ურთიერთობა გაუფუჭდეს. ეს ძალიან არ უნდა. ამიტომ ერთი რჩება: გაეროში ერაყი არ გაწიროს, მაგრამ იმდენი გამბედაობა ისიმულანტოს ამერიკელების პირისპირ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება თვითონვე არ ისურვონ. "ფაინენშელ ტაიმსის" მასალაში, რომელსაც თქვენ ახლა აქვეყნებთ ამ ნომერში, სწორედ ამ ნიუანსზეა ლაპარაკი: რომ პუტინს ჰსურს, ამერიკელების თვალში ცოტა წონა მოიმატოს. - რა ლაპარაკი შედგება შევარდნაძესა და პუტინს შორის ხვალ კიშენოვში? - შევარდნაძე კიდევ ერთხელ ჩამოვა გალახული, დამცირებული. მას მეტის უნარი არა აქვს. მას არ შეუძლია პარტნერთან სხვანაირად ლაპარაკი, თუ არ დაქვემდებარების პოზიციიდან. არ შეუძლია თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ პარტნერის აგენტი არ არის. იგი რაღაცა მორიგ კაპიტულაციაზე წავა: ან სამხედრო ბაზების თაობაზე, ან "ერთობლივ სათავდაცვო სივრცეზე", ან რაღაცა კიდევ ახალ "ურთიერთკოორდინაციაზე", ან კიდევ რაღაცა ღორულ ღალატზე ჩეჩნების წინააღმდეგ. კვლავ განმეორდება მისი ჩვეული სქემა: ცარიელ ადგილზე რაღაცა რეალური კატასტროფის შექმნა, შემდეგ - გამოუვალი მდგომარეობის სიმულაცია, შემდეგ - "რა ვქნათ, უნდა დავთმოთ" და რაღაცა იურიდიული კაპიტულაციის გაფორმება. - "ფაინენშელ ტაიმსის" მასალაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, შევარდნაძე ნახსენებია როგორც რუსეთის მოწინააღმდეგე. რით ახსნით ამას? - არა იმით, რომ ეს მართლაც ასეა. არის პრესის ერთგვარი ეტიკეტი, თუ გნებავთ - თვალის სავალდებულო დახუჭვის რაღაცა დაუწერელი კანონები. თუ შევარდნაძე ამბობს, "გაუმარჯოს დასავლეთსო", მესამე ქვეყნის ჟურნალისტის მხრიდან უტაქტობაა ეს სიყალბედ ჩათვალოს, რადგან ის, ვინც ამას ამბობს, უკეთესია იმაზე, ვინც ამას არც ფიქრობს და არც ამბობს. იმის დამტკიცება, რომ შევარდნაძე რუსებისაა და არა სხვა ვისიმე, - მათ შორის, არც საქართველოსი, - ძალიან ადვილია. აბა კითხვა დავსვათ: რატომ შევარდნაძეს დღესაც კი არ წამოსცდება ოფიციალურად, რომ აფხაზეთში რუსეთი გვეომა. გვეომა არა ერთეული და ოცეული, ან თუნდაც ასეული პარტიზანის ხელით, არამედ ათეულობით ათასთა ხელით, რომლებიც მრავალ ეროვნებას ეკუთვნოდნენ, ძირითადად რუსულს, მაგრამ ყველანი, ერთი კაცივით, რუსეთის მოქალაქენი იყვნენ, რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩვენთან საომრად საგანგებოდ გაწვრთნილი, შეიარაღებული და პროპაგანდაგაწეული.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |