"საქართველო "
# 11 (1783)
8-21 ოქტომბერი, 2002 წელი

შემაძრძუნებელი სიმართლე რუსეთში ექსტრადირებული ჩეჩენი პატიმრების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტს ე. შევარდნაძეს

საქართველოს გენერალურ პროკურორს ნ. გაბრიჩიძეს იუსტიციის მინისტრს რ. გილიგაშვილს

თქვენ ქართველი ხალხის სახელით ჩაიდინეთ დანაშაული, რომლისთვისაც არც გამართლება არსებობს და არც შენდობა. თქვენ სამართლის ნორმების დარღვევით ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში თავშეფარებული დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლები, რომლებმაც ჩვენს ერს და მის ხელისუფლებას ნდობა გამოუცხადეს და იარაღი ჩააბარეს, გადაეცით მათი ერის მოსისხლე მტერს, რუსეთს, რომელშიც მათ მოელით მხოლოდ წამება და სიკვდილით "დასჯა". თქვენი ეს ქმედება არის ღალატი საქართველოს წინაშე და მთლიანად კავკასიის წინაშე. ჩვენი ქვეყნის სახელს და კავკასიის ერთა ურთიერთობას მომავალში მძიმე ხიფათი შეუქმენით.

თქვენი ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია შემდეგია:

1. ადვოკატებს არ შეატყობინოთ, რომ საპატიმროდან პატიმრების გაყვანა ხდებოდა. მათ დაუმალეს ინფორმაცია, ვინ გაიყვანეს და სად იმყოფებიან.

2. პატიმრები გაიყვანეს ღამის საათებში, 04 საათზე;

3. პატიმრების გამოსაყვანად ციხეში შევიდა იუსტიციის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი ავტომატებით, შინაგანაწესის დარღვევით. ამის "გასამართლებლად" შეთხზული ოფიციალური ვერსია - თითქოსდა იზოლატორში მყოფ ჩეჩნებს ხელთ "რკინები და აგურები" ჰქონდათ, აბსურდულია, ვინაიდან იზოლატორის პირობების მიხედვით ეს შეუძლებელია;

4. 04 საათიდან 12 სააამდე პატიმრები პირქვე დამხობილები გააჩერეს მანქანაში, უჭმელად და უტუალეტოდ;

5. პატიმრების გადაცემა მოხდა მათი ბრალეულობის დამტკიცების გარეშე. ყველას ერთნაირად ჰქონდა მიწერილი "5 რუსი სამხედრო მოსამსახურის მოკვლა და 6-ის დაჭრა";

6. დარღვეული იყო რუსი გამომძიებლების მიერ საქართველოში მყოფი პატიმრების ამოცნობის პროცედურა. მათზე რუსეთის მხრიდან წარმოდგენილი "საქმეები" ეხებოდა სხვა პირებს, არარსებული სახელ-გვარებით. მათი ნამდვილი სახელ-გვარები რუსეთის მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებში არ ფიგურირებდა. საქართველოში მყოფი ჩეჩენი პატიმრების სურათები და სახელები და გვარები რუსეთის მხარეს გადასცა მხოლოდ საქართველოს მხარემ. მათი სურათები, რომლებიც საქმეშია, გადაღებულია თბილისის ციხეში. არავითარი კომპრომატი გადაცემული პატიმრების შესახებ რუსეთის მხარეს არ წარმოუდგენია ზემოხსენებული აშკარად ყალბის გარდა და არც ჰქონდა გადაცემის მომენტში;

7. რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში დაპატიმრებული ჩეჩნების "ამოცნობა" ზემოხსენებული ფოტოსურათების მიხედვით მომხდარია პროცედურის დარღვევით. "ამომცნობი" პატიმრებს დაუსახელეს მხოლოდ გვარით, რომელიც მათთვის უცნობია. პატიმრები ურყოფენ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას;

8. ციხის ადმინისტრაციას, დაცვას და ნათესავებს არ შეატყობინეს, სად წაიყვანეს პატიმრები;

9. ერთი გატაცებული პატიმარი მძიმედ დაჭრილი გაიყვანეს ციხის საავადმყოფოდან (ჭრილობა მუცლის არეში);

10. საზღვარზე გადმოსვლის დროს ჩეჩნებს ჰქონდათ სამი ავტომატი და რამდენიმე ხელყუმბარა, რომლებიც ექსპერტიზამ შეამოწმა (ააფეთქა). მიუხედავად ამისა, რუსეთის მხარე ტელევიზიით აჩვენებს თითქოსდა ამ ჩეჩნებისთვის "ჩამორთმეულ" იარაღს ხელყუმბარების ჩათვლით, რაც რუსეთის მიერ წარმოებული ძიების სიყალბეზე მიუთითებს აგრეთვე;

11. ჩეჩენთა "ამოცნობის" ჩვენების სიყალბეს ამხილებს მისი ცნობა თითქოს "ერთ-ერთ" მათგანს ბრძოლის დროს ცალ ხელში ოკ ეჭირა, მეორეში "ჟგე", რაც აბსურდია;

12. სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში გაიგზავნა ადვოკატების განცხადება გადაცემის შეჩერების აუცილებლობის დასაბუთებით. საპასუხო დოკუმენტი, რომელიც ითხოვს გადაცემის შეჩერებას, სტრასბურგიდან მოვიდა დაუყოვნებლივ. საქართველოს ხელისუფლებამ ამ გარემოებათა იგნორირება მოახდინა.

თქვენს დანაშაულს ამძიმებს ის, რომ თქვენ არ მოითხოვთ რუსეთისაგან საქართველოს დამბომბავი და საქართველოს მოქალაქის მკვლელი მფრინავის გადმოცემას და არც იმ რუსეთის მოქალაქეების (ეროვნებით რუსების) გადმოცემას, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ქართველების გენოციდში აფხაზეთში.

საქართველოს სახალხო ფრონტი

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება

5 ოქტომბერი, 2002 წელი.

P. S. მოსალოდნელია, საქართველოს მიერ 5 ჩეჩნის გაწირვას რუსეთის სპეცსამსახურები გამოიყენებენ საქართველოში დივერსიების მოსაწყობად ჩეჩნების სახელით.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com