|
"საქართველო "
პუტინი დასავლეთის მოყვარეა თუ მტერი?
(რუსეთის ამასწინანდელმა საქციელმა ბევრნი შეაეჭვა. პუტინი ხომ არ ყოყმანობს დასავლეთთან დაახლოებაზე, ალბათ, ასე არაა) ქვესათაურის იმედიანი კილო სავსებით არშეესაბამება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ამ ჟურნალის პოზიციას. აქ ვკითხულობთ: "ერთი წლის წინ უცაბედი დამკვირვებლის თვალში ასე ჩანდა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პუტინმა დასავლეთთან დაახლოება გადაწყვიტა. დღეს ამავე დამკვირვებლის თვალში შეიძლება საქმე სხვაგვარად ჩანდეს. თუ მაშინ რუსეთმა მყარად დაუჭირა მხარი ამერიკელების ომს ტერორიზმის წინააღმდეგ, ახლახან რუსეთმა, თითქოს, პოზიცია შეიცვალა: იგი გულგრილად ახსენებს ერაყში შეჭრის იდეას და შემაშფოთებლად თბილად ეკიდება ამერიკელების მიერ "ბოროტების ღერძად" მოხსენიებულ სახელმწიფოებს, აგრეთვე უფრო და უფრო აგრესიულია საქართველოს მიმართ, სადაც ჩეჩენმა მეამბოხეებმა თავშესაფარი ნახეს". "გასულ კვირას პუტინმა პანკისის დაბომბვაც დაიმუქრა (რის ფარულად გაკეთებასაც ქართველები მას ბრალად სდებდნენ აქამდე) იმის გამო, რომ იქ შესაძლებელია ჩეჩნებმა თავშესაფარი ნახონ. კრემლის პოლიტიკის ზოგ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ პუტინი იმ კონსერვატორთა ზეწოლის გამო, რომლებიც მისგან რუსეთის ინტერესთა დაცვას ითხოვენ, პუტინი გაცვლას სთავაზობს ზარბაზნებზე დაიმედებულ ბუშს: ჩვენ შენს მტერს დაგაბომბინებთ, შენ კი ჩვენი დაგვაბომბინეო". "მაგრამ სინადვილეში პუტინის შინაური კრიტიკოსებიც და გარეშეებიც საქმეს ამარტივებენ. არც მისი ძველი პოზიცია, არც ახალი არაა "მუხლის ახტომის" მარტივი რეაქცია, როგორადაც ჩანს. პუტინი საგარეო პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ყოველსავე სხვაში, პრაგმატიკოსია, ამიტომ მან ამერიკელებთან და ევროპელებთან უფრო მჭიდრო კავშირების ძებნა დაიწყო ჯერ კიდევ 11 სექტემბრის ტერაქტამდე და თან - საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთისთვის უფრო დიდი როლის ძებნაც. მის მიერ ამერიკელების მხარდაჭერამ ჯილდო მოუტანა: აშშ-მაც და ევროკავშირმაც რუსეთს "საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის" სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ნატო-რუსეთის საბჭოს შექმნა მაისში იმის ნიშანი გახდა, რომ რუსეთმა მტრის მდგომარეობიდან დასავლეთის მოკავშირის მდგომარეობისკენ გადაინაცვლა. რუსი "მაგარი ხაზის" მომხრენი მაინც ჩივიან, პუტინმა რუსეთის მსოფლიო მდგომარეობა დათმოო, მაგალითად, ამერიკელებს დაანება ჯარების შეყვანა შუა აზიაში და დიდად არ შეეწინააღმდეგა ბალტიის ქვეყნების შესვლას ნატოში. რამდენიმე კვირის წინ კი მან ფეხებზე დაიკიდა ამერიკელები იმით, რომ შეჰხვდა კორეელ დიქტატორს და ლაპარაკი აქვს 40 მილიარდ დოლარიან სავაჭრო ხელშეკრულებაზე ერაყთან და კიდევ 5 ბირთვული რეაქტორის აშენებაზე ირანში. "მაგრამ რუსეთისა და კორეის პრეზიდენტები ადრეც შეხვედრილან (და ეს უკანასკნელი საერთოდაც ამჟამად მეტ ვისმე ჰხვდება, ვიდრე ადრე ჰხვდებოდა). რაც შეეხება ერაყთან ხელშეკრულებას, იგი თვით ერაყელთა ინიციატივაა და შესაძლოა ისინი მის ზომას ცოტა აზვიადებენ კიდეც. ასეა თუ ისე, რუსეთის ტრადიციულ მოკავშირეებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება პუტინის მხრიდან პრაგმატული ნაბიჯიც არის და აზრიანიც - არა მხოლოდ ინვესტიციების გამო, რომლებიც დიდი არ იქნება, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი შესაძლოა შუამავლად იყოს ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთსა და ჩრდ. კორეას შორის, როცა ეს უკანასკნელი იმ ჭკუაზე მოვა, რომ თავის ჩაკეტილობაზე ხელი აიღოს. რუსეთის მონდომებასაც, რომ ერაყის კონფლიქტი უომრად გადაიჭრას, თავის პრაგმატული ფესვები აქვს. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა ერთ-ერთი ბერკეტია, რომლითაც გაღარიბებულ რუსეთს ჯერ კიდევ რაღაცის მიღწევა ძალუძს, ამიტომ მას არ უნდა, რომ ეს საბჭო იგნორირებული იქნეს". მაგრამ პრაგმატიზმს სხვაგვარი მუშაობაც ძალუძს. წლების მანძილზე ლუკაშენკომ აუარებელი დათმობა დასტყუა რუსეთს თავისი მოთხოვნით ორი ქვეყნის გაერთიანების შესახებ, რაც ოდნავ შენიღბული საშუალება იყო იმისა, რომ ლუკაშენკო ორივე რუსეთის პრეზიდენტი გახდეს. მაგრამ ამ მოდიქტატორო კაცს დასავლეთში მეგობრები არ ჰყავს და, დიპლომატთა მოწმობით, იგი მის მოხელეებსაც კი სძულთ. ამ ბოლო ხანებში იგი აშკარად ყელში ამოუვიდა პუტინს. ამიტომ ამ ორი თვის წინ ლუკაშენკოს წინადადებებს მან თავისი დაუპირისპირა: არსებითად, რუსეთს ბელარუსის 7 რეგიონი გადავაყლაპოთო, რითაც ბელარუსის პრეზიდენტი ზედმეტი ხდება. ცოტა ხნით ადრე მანამდე რუსულმა და ბელარუსულმა პრესამ დაბეჭდა ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ტექსტი, სადაც ბორის ნემცოვი ერთ ბელარუს ოპოზიციონერ ლიდერს ატყობინებდა, რომ კრემლი თანაუგრძნობს ლუკაშენკოსთვის ძირის გამოთხრის ცდას. როგორც ჩანს, პუტინი არ ისწრაფის ტრადიციული მეგობრებისკენ იმის გამო, რომ ისინი ტრადიციული მეგობრები არიან. საქართველოში არსებული სიტუაცია უფრო შემაშფოთებელია. პუტინმა თავისი დაბომბვის მუქარა ისეთ დროს მოარგო, როცა 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავიც იყო და გაეროში ბუშის მკაცრი გამოსვლის მომენტიც. გაეროში ერაყზე მსჯელობის მანძილზე რუსეთმა არაერთხელ წამოწია თავისი ჩეჩენი მეამბოხეების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის თემა, რითაც უეჭველად უნდოდა პარალელის გავლება და თვით ამერიკელი მოხელეებიც აღიარებენ, რომ ტერორთან ურთიერთობის მათმა გამოცდილებამ ისინი უფრო მგრძნობიარენი გახადა რუსეთის ტერორის თემისადმი". "მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ რუსეთს გარიგება უნდა: ხელი გამითავისუფლეთ საქართველოში და ხელს გაგითავისუფლებთ ერაყშიო. იმ დროს როცა ბუში, ალბათ, სიამოვნებით დაარტყამდა ერაყს, სრულებითაც არაა ნათელი, რომ პუტინს მართლაც უნდა სრულმასშტაბიანი დარტყმა ჩრდილოეთ საქართველოზე. ჯერ ერთი, ეს მძიმე (საშარო) საქმე იქნებოდა. "არ მგონია, რომ რუსეთს უნარი ჰქონდეს სუფთა ქირურგიული ოპერაციებისა პანკისში" - ამბობს კარნეგის ფონდის მოსკოველი წარმომადგენელი დიმიტრი ტრენინი. პუტინის თამამი პოზა შესაძლებელია სხვა არა იყოს რა, თუ არ დათმობა საკუთარი "ქორებისადმი", რომლებიც ფიქრობენ, რომ მას მეტი სიმკაცრე ჰმართებს საქართველოს მიმართაც, რომლის პრეზიდენტს მტრები ჰყავს მოსკოვში, და ამერიკელთა მიმართაც". "ისიც შესაძლებელია, რომ ამ მოქმედებაში თვით პუტინის სასოწარკვეთა გამოიხატებოდეს. მისმა სიმკაცრემ ჩეჩნების მიმართ იგი თავდაპირველად პოპულარული გახადა ამომრჩევლებში. მაგრამ მისმა სისუსტემ, რომელმაც კონფლიქტი ვერ დაამთავრებინა, შეიძლება ცუდად იმოქმედოს მის მდგომარეობაზე 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. შესაძლებელია, საბოლოოდ, რომ მას ვერ უბიძგონ უკიდურესი ზომებისკენ, თუმცა მისი ბოლოდროინდელი ტაქტიკა, ფრიად დანაშაულებრივად (თHUGGIშH) გამოიყურება. მაგრამ ამერიკელებს შეუძლიათ, რომ ამ ტაქტიკის დაგმობის ნაცვლად ორივეს - რუსეთსაც და საქართველოსაც - დაეხმარონ თანამშრომლობის აწყობაში პრობლემის გადაჭრის საპოვნელად".
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |