|
"საქართველო "
ზეწოლა გაეროზე და გაეროს ზეწოლა სადამ ჰუსეინზე
ძალთა განლაგება ასეთია: ამერიკელები ითხოვენ გაეროსგან ახალ რეზოლუციებს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებისა და შენახვის ინსპექტირების თაობაზე. სიახლე ძველ რეზოლუციებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ აქ უნდა ფიგურირებდეს ძალის გამოყენება, როგორც სანქცია, იმ შემთხვევაში, თუ სადამმა ინსპექტორები არ შეუშვა ან რეალური მუშაობის საშუალება არ მისცა. რუსული პოზიცია ისაა, რომ ახალი რეზოლუციები საჭირო არაა, არამედ ძველიც კმარა. 11 სექტემბერს ბუშის "კარგად მოფიქრებულმა და შთამბეჭდავმა" სიტყვამ გაეროში მრავალი ქვეყანა, მათ შორის - უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიც დაარწმუნა ახალი რეზოლუციების საჭიროებაში. ზოგმა არაბულმა ქვეყნებმაც კი გადაწყვიტეს, რომ თუ იარაღის გამოყენებას ექნება გაეროს თანხმობა, მაშინ თავის ტერიტორიასაც კი გამოაყენებინებენ შემტევ ძალებს. პასუხად სადამმა ხერხი იხმარა და ნება დართო 4 წლის განდევნილი ინსპექტორების დაბრუნებას ერაყში. ამის შემდეგ კამათი ეხება მხოლოდ იმას, რამდენად სანდოა ეს ნებართვა ანუ რამდენად გაუხსნის ერაყი ინსპექტორებს თავის ობიექტებს. რუსეთის პოზიცია ფასდება როგორც "უპასუხისმგებლო". დასავლეთს მიაჩნია, რომ რაკი აქამდე ჰუსეინი ცდილობდა თავისი ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი ან მისი წარმოების შესაძლებლობები დაემალა "რაც კი შეეძლო", იგი ამას ამჯერადაც შეეცდება. ერთადერთი გზაა იგი აიძულოთ, რომ გულწრფელი იყოს, არის სამხედრო მუქარა, რომელიც მოიცავს ორ ელემენტს: ერთია რეალური ძალის კონცენტრაცია ერაყის გარშემო, მეორეა გაეროს რეზოლუციის არსებობა, რომელიც ამ ძალის გამოყენებას გულისხმობს. უფრო მეტიც: არაა გამორიცხული, რომ ინსპექტორთა მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდეს შედეგიანი, თუ მათ გვერდით ეყოლებათ ჯარისკაცები, რომლებიც მათ იქ შეაღწევინებენ, სადაც სადამს არ უნდა. ამერიკელებისა და ინგლისელების მიერ ამ რეზოლუციის (ან: ორი ასეთი რეზოლუციის) მოთხოვნა სარისკოა იმ მხრივ, რომ შეიძლება ამას რუსეთის, საფრანგეთისა და ჩინეთის წინააღმდეგობა მოჰყვეს, მაგრამ გაეროს ქმედუნარიანობის გაცოცხლების ეს მცდელობა რისკად ღირს. თუ საფრანგეთი და რუსეთი უარს იტყვიან ამ რეზოლუციის მიღებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ "ეს მრავალგზისი მატყუარა და მკვლელი" - სადამ ჰუსეინი კიდევ ერთ ცრუ შეპირებას წამოისვრის, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ისინი აქამდისაც გულწრფელნი არ ყოფილან. მაგრამ უფრო მოსალოდნელია, რომ "გულმოდგინე დიპლომატია შეძლებს მათს დაყოლიებას" ამერიკელების ხაზზე. ბუშის არჩევანია "მიაღწიოს თანხმობას გაეროს მხრიდან თუ იმოქმედოს გაეროს გარეშე?" (და არა "მიიღებს იგი გაეროს თანხმობას და იმოქმედებს, თუ ვერ მიიღებს თანხმობას და მოქმედებაზე ხელს აიღებს?").
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |