"საქართველო "
# 11 (1783)
8-21 ოქტომბერი, 2002 წელი

სადამ ჰუსეინის კონტრზომა

სადამ ჰუსეინის კაპიტულაციამ - ნამდვილმა თუ მოჩვენებითმა - ბევრი რამ შეცვალა, ჯერ ერთი, მან "შვებით ამოსუნთქვა" გამოიწვია არა მხოლოდ ერაყელებში, რომელთაც დარტყმა ასცდათ (დროებით მაინც), მეორეც, მან მსოფლიოს ფართო წრეებს აჩვენა, რომ ამერიკელებს არ შესუსტებიათ ინტერესი გაეროს პოზიციისადმი და მის შესაძლებლობათა გამოყენებისადმი. გარდა ამისა, არაბებს ესიამოვნათ არაბული დიპლომატიის მიღწევა, რომელსაც მანამდე ბრალად სდებდნენ უუნარობას, ერთის მხრივ, ამერიკელების გაჩერების საქმეში, მეორე მხრივ კი სადამის დაყოლიების საქმეში, რომ ხელი აიღოს თავის ბირთვულ, ქიმიურ თუ ბაქტერიოლოგიურ ამბიციებზე. შვება იგრძნეს ამერიკელების მოკავშირეებმაც, რომელთაც, სულ ცოტა, მოფიქრებისა და ამოსუნთქვის დრო მიეცათ იმ შემთხვევისათვის, თუ მორიგება ვერ მოხდება და ცოტა ხნის შემდეგ ომი მაინც მოხდება.

სადამ ჰუსეინი იმით არბილებს თავის კაპიტულაციას, რომ ხაზს უსვამს, ეს ჩემი თანხმობა (ინსპექტორთა შემოშვებაზე) "პირველი ნაბიჯია" სიტუაციის მთლიანი დარეგულირებისათვის, რაშიც იგი ერაყზე დღეს არსებული სავაჭრო (საექსპორტო და საიმპორტო) სანქციების მოხსნას გულისხმობს. (აქამდე იგი ხაზს უსვამდა, რომ ინსპექტორთა არდაშვებას ერაყის ტერიტორიაზე არანაირი კავშირი არა აქვს სანქციების არსებობა-არარსებობასთან). ერაყელი დიქტატორის ეს ნაბიჯი თვით ერაყშიც და სხვა არაბულ ქვეყნებშიც ფასდება, როგორც ძლიერი საჭადრაკო სვლა, რომელმაც "ამერიკელთა აგრესიული ბუნება" და "ერაყის საქმის სიმართლე" მსოფლიოს დაანახვა. მაგრამ ამავე დროს ყველას ესმის, რომ ეს სადამის უკანასკნელი კოზირია. ერაყელების "მშვიდი სურვილია" დიქტატორის მოცილება და მისი წყალობით ერაყზე დადებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა, მაგრამ ეს სურვილი ვერ შეედრება თავისი ძალით მათს სურვილს, რომ კიდევ ერთხელ არ იგემონ ამერიკული იარაღის ძალა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com