"საქართველო "
# 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი

ეს საძულველი, საძულველი, საძულველი ილია ჭავჭავაძე! ილია - 165

ილია ჭავჭავაძისადმი ზოოლოგიურ სიძულვილს საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. მრავალს სძულდა იგი იმიტომ, რომ ადამიანთა ცუდ ნაწილში, საერთოდ, გაღიზიანებას იწვევს დიდი ხნის "უგვირგვინო მეფობა", რომელსაც თან არ ახლავს თუნდაც მინიმალური დამსჯელი და მაიძულებელი აპარატი (ასეთი ლოგიკის მაგალითები მსოფლიო ისტორიამ მრავალი იცის). სოციალ-დემოკრატებს იგი სძულდათ იმიტომ, რომ სოციალისტური იდეოლოგიისთვის, საერთოდ, ეროვნული თვითშეგნება და მასზე დამყარებული მოვალეობის შეგნება მოუგერიებადი და, ამდენად, ყველაზე სახიფათო მტერია. ქართველი სოციალ-დემოკრატებისათვის ამ მოტივს ზედ ისიც დაემატა, რომ 1905-1907 წლების რუსეთის ოთხსავე დუმაში მათ რევოლუციური შეტევის მედროშეობის "იმეჯი" ჰქონდათ და ამით მთელი იმპერიის დემოკრატიულ ინტელიგენციაში ფანტასტიკური მასშტაბის სახელი მოიმკეს (ამ თემაზე იხ. ხარიტონ შავიშვილის მოგონებები ფრანგულ ენაზე), რის შემდეგაც ბუნებრივად იფიქრეს "დღეს რაც ვართ, ჩვენ ვართ. ეს ვადაგასული თავადი დროა მოვიცილოთ, რომ თავისი ეროვნული მცნებებით ფეხებში აღარ გვებლანდებოდეს პოლიტიკური ძალაუფლებისკენ მიმავალ პროლეტარებსო". მოიცილეს კიდეც - ოხრანკის ორგანიზაციით და საკუთარი ხელით (ან, თუ გნებავთ, საკუთარი ხელით და ოხრანკის ორგანიზაციით). გასაბჭოების შემდეგ ორჯონიკიძე-მახარაძის ხროვის კომუნისტებმა იგი პირდაპირ მტრად მიჩნიეს (სავსებით სამართლინად) და მისი ხსოვნის ამოფხვრის პროგრამის განხორციელებას შეუდგნენ. მაგრამ სტალინმა (პირადად) გააჩერა და ილიას, როგორც დიდი დემოკრატის, ოფიციალური კანონიზაცია მოახდინა. დღეს ადამიანთა გარკვეულ წრეში (რომელსაც, ძირითადად, ისეთი ახალგაზრდები და უფროსები შეადგენენ, რომელთაც თავის გამოჩენის სხვა საშუალება არა აქვთ გარდა იმისა, რომ ყველაზე მოკლე დროში მოასწრონ ამა თუ იმ პერსპექტიული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ-კულტურული მიმართულებისადმი მომხრობა) ილია ჭავჭავაძის ძაგება მოდას წარმოადგენს. რისთვის? იმისთვის, რომ მას XIX საუკუნის ორბორტიანი "სერთუკი" აცვია, იმ დროისავე შესაბამისად თმა ორად აქვს გაყოფილი და ხელში, როცა ფეხზე დგას, არგანი (მდაბიურად - "ტროსტი") უჭირავს? იმას, რომ თვალში უტეხი ნებისყოფისა და გამჭრიახობის ღრმა ნაპერწაკლი უღვივის, ეს მაგინებლები, ბუნებრივია, ვერ ამჩნევენ, რადგან პიროვნების ეს განზომილება მათთვის, პრაქტიკულად, არ არსებობს (ამისგან განსხვავებით, ვაჟა ფშაველას, რომელსაც ჩოხა-ახალუხი აცვია და ხანჯალზე ხელი უდევს, ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს მრუდე სიტყვას გუნებაშიც ვერ უბედავენ).

დიდად შთამბეჭდავია ერთი საეკრანო შოუ, რომელიც ტელემაყურებლებისათვის ფართოდ ცნობილ გრანტების დისტრიბუტორს ბატონ ლევან ბერძენიშვილს მიჰყავს. ორიოდე ქალი და ოცდაათიოდე მამაკაცი - ზოგი ჯემპრიანი და ზოგი ჰალსტუხიან-პირგაპარსული, ზოგი ფეხზე მდგომი და ზოგი - წამოგორებული საუბრობენ (ალალად) აფხაზეთის ომზე, შემდეგ - ვაჟა ფშაველაზე (რომელიც სანახევროდაც კი არ ესმით) და ბოლოს - ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც მათი "დარტყმების" ძირითადი ობიექტია. შოუს დასასრულს ვხედავთ ნაწნავებიან თვალებმინაბულ ახალგაზრდას პროფილში, რომელიც კლავიატურას თითს ურტყამს და (მაპატიეთ!) კოიტუსის ტემპში დაუძლურებული ხმით იმეორებს "სა-ქართ-ვე-ლო! სა-ქართ-ვე-ლო", რათა ამ სიტყვისადმი, როგორც ლოზუნგისადმი, ირონია გამოხატოს. საკითხავია ისევ და ისევ: რისთვის? რა მინუსისთვის გაიმეტეს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თითქმის 50 წლის მედროშე? იმიტომ მოუვიდათ ასეთი სურვილი, რომ, ასე თუ ისე, ახალგაზრდები არიან და მოთხოვნილება აქვსთ, მიღებულსა და დაკანონებულს "პროტესტი" გამოუცხადონ, ხატები ამტვრიონ? თუ ასეა, მაშინ მათი მისწრაფება განუხორციელებელი დარჩა, და აი, რატომ. პროტესტს თავისი დონეები და სიმწვავის თავისი ხარისხები აქვს. არის პროტესტი, რომელსაც სამყაროს უცხადებთ ზოგადად - სამყაროს, რომელშიც ტანჯვა კანონია და უსამართლობაც - კანონი (ამაზე ამბობს დოსტოევსკის გმირი, "მე ღმერთს კი არ უარვყოფ, მე მისგან შექმნილ სამყაროს ვერ ვღებულობო"). ვაჟა ფშაველას პოეზიისა და დრამატურგიის ძარღვი ის არის, რომ იგი აშიშვლებს სამყაროს ძირში მდებარე ტრაგიზმს - რომ სამყაროს გარდუვალი კანონები სხვაა, ხოლო ადამიანის ზნეობის ასეთივე გარდუვალი კანონები სხვაა, და რომ მათ შორის შეურიგებელი და არაჰარომონიზებადი დაპირისპირება არსებობს. ასეთი პროტესტი ამ ახალგაზრდებისთვის უცხოა (უბრალოდ, მათი სულიერ-გონებრივი ტემპერამენტისა და გაქანების უკმარისობის გამო). არის, ამისგან განსხვავებით, ისეთი პროტესტიც, რომელიც ადამიანთა სოციალური ორგანიზაციის მარადიულსა და კანონზომიერ დეფექტებს ეხება. პირველად შექსპირმა აღმოაჩინა "ჰამლეტში" და ლირიკულად გამოსახა თავის ერთ-ერთ სონეტში ("ვეძახი სიკვდილს"), რომ ადამიანის ფუნდამენტურ ღირსებათა ჩამონათვალი სულ სხვაა, ხოლო მისი სოციალური დაწინაურებისთვის საჭირო თვისებათა ჩამონათვალი - სხვა, სწორედ პირველის მოპირდაპირე. ხსენებული ტიპის ახალგაზრდებიდან ვერც ამ სახის პროტესტს გამოთქვამს ოდესმე ვინმე, რადგან ვერც ერთი მათგანი ვერ გაბედავს კითხვას: "დღევანდელ მსოფლიო ესტაბლიშმენტში ფულის გასაკეთებლად საჭირო მახასიათებლები ადამიანისა იგივეა, რაც მისი ღირსების შემადგენელი თვისებები, თუ არა?" დარჩა ერთადერთი: ვეპროტესტოთ და ვეპროტესტოთ (უოპონენტოდ) ილია ჭავჭავაძეს, რომელიც ქართვლის დედას ათქმევინებს "ჩემის მამულისათვის მე შენ ძუძუს გაწოვებ, მისი სიკეთისათვის გაგწირავ და გაბრძოლებო", რადგან მას დღეს მსოფლიოში არავინ გამოექომაგება და თქვენი ნაკლებგონიერი თანამემამულეები თქვენს "პროტესტს" თქვენს გამორჩეულ ინტელექტუალურ ჰორიზონტს მიაწერენ.

არ მინდა, ეს მწუხარე ანალიზი გავაგრძელო. მირჩევნია იმ ახალგაზრდებს ორი გარემოება შევახსენო, რომელიც, თუ გაითვალისწინეს, დაეხმარება მათ, რომ ციურ სხეულებს შეფურთხება არ მოუნდომონ და აბუჩად არასაგდებისა და ვერასაგდების აბუჩად აგდებას არ ეცადონ.

პირველი ეხება ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოლიტიკურ მოაზროვნეს. მან თითქმის საუკუნენახევრის წინსწრებით განჭვრიტა ის ორივე ძირითადი ფაქტორი, რომელთა გამოც საქართველოს, თუკი თავს არ დათმობდა, რუსეთისგან განთავისუფლება ეწერა. პირველი. მსოფლიო დემოკრატიზაციის გზით ვითარდება და მასში კოლონიალიზმს პერსპექტივა არა აქვს. მეორე. რუსეთი ჩამორჩენილია და მას განვითარებული მსოფლიო არ მოანელებინებს იმ ლუკმას, დაპყრობილი ტერიტორიების სახით, რომელიც გადაყლაპული აქვს. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა. თუ ვინმე დაგვისახელებს სხვა ანალოგიურად გამართლებულ საუკუნენახევრიან პროგნოზს პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის სფეროში, მაშინ - მაგრამ არა სხვა შემთხვევაში - ექნება მას უფლება ი. ჭავჭავაძის პოლიტიკურ პოზიციას, როგორც იტყვიან, "ზევიდან" შეჰხედოს.

(შედარებისათვის გავიხსენოთ თუნდაც მარქსის სასაცილო პროგნოზები არა მხოლოდ სამოთხე-კომუნიზმის შესახებ, არამედ იმის შესახებაც კი, რომ საწარმოო ძალთა განვითარებას მოჰყვება არა მხოლოდ მდიდართა (კაპიტალისტთა) მეტი გამდიდრება, არამედ ღარიბთა (მუშათა) მეტი გაღარიბებაც).

მეორე გარემოება ეხება ი. ჭავჭავაძეს, როგორც მწერალს. შვილის საფლავზე გადაფარებული ოთარაანთ ქვრივის სცენა - გადაფარებულისა ისე, თითქოს უნდა "მთელი საფლავი, მკვდრითა და ლოდითურთ, გულში ჩაიკრას", - მოსდევს იმ სცენას, როცა საქართველოს სოციალურ კლასთა შერიგების პერსპექტივა ისახება და მოთხრობის სოციალური თემა, ამგვარად, ტრიუმფალური "ჰეპი ენდით" მთავრდება. მოსდევს იმიტომ, რომ ეს ერთი და იმავე აზრობრივი კომპოზიციის ელემენტებია. ამ ფონზე ამ უსაზღვრო, აბსოლუტური (თუ შეიძლება ასე ითქვას) ადამიანური ტკივილის მოთავსებით ი. ჭავჭავაძე აშიშვლებს სამყაროს ძირში მდებარე ტრაგიზმს, რომლის ხელის შეხება ხელოვანთა შორის მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

ილია ჭავჭავაძემ თავისი სიცოცხლე მტრის ტყვიით დაამთავრა, მაგრამ მას თავისი ცხოვრების მანძილზე ხელს იარაღის აღება არ მოჰხდომია და ფიზიკურ ომში მონაწილეობა არ მიუღია. ეს, მართალია, არ შეესაბამება ეროვნული გმირის სტანდარტს ისეთ ქვეყანაში, რომლის ისტორიაც მთლიანად ბრძოლაა. მაგრამ ამ გარეგანმა გარემოებამ არ უნდა მოგვატყუოს. ი. ჭავჭავაძე თავისი დროისა და პირობების მიხედვით იბრძოდა. იგი მებრძოლი გმირი იყო და ასეთად დარჩება ქართველი ერის ისტორიასა და ხსოვნაში.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com