"საქართველო "
# 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი

კაპიტალიზმი თუ კანიბალიზმი?!

წარმოდგენილი მაქვს, რა სახეს მიიღებს და როგორი ბინძური ენით შემაგინებს კომუნისტებისა და კომკავშირელი ნაძირალებისაგან კლონირების მეთოდით გამოყვანილი თანამედროვე კაპიტალისტი, რა თქმა უნდა, თუ ამ წერილს წაიკითხავს. ჩემის აზრით, გინებას რომ მორჩება, პირველ რიგში უცხო სიტყვათა ლექსიკონში მოძებნის კანიბალის შესატყვისს და რომ დარწმუნდება, კანიბალი კაციჭამიას ნიშნავსო, კიდევ შემაგინებს და იტყვის: "სად კანიბალიზმი და სად კაპიტალიზმიო".

ჩვენო ძვირფასო, ახალგამოჩეკილო კაპიტალისტებო! - ჯერ ერთი, რომ ჩემი თაობის ხალხს ტვინი გაგვიბურღეს კომუნისტებმა კაპიტალისტების ლანძღვა-გინებით, მათი მტაცებლური ბუნების დახასიათებით, ფულის მოხვეჭის მიზნით ათასგვარი არაადამიანური მეთოდების გამოყენებით და კიდევ, რა ვიცი, რით. მეორეც, როცა ადამიანი (არასრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) სხვა ადამიანების ცრემლისა და სისხლის, ანუ მათი სიკვდილის ხარჯზე მდიდრდება, ესეც კანიბალიზმია. რაც შეეხება ადამიანის ხორცის ჭამას ან სისხლის დალევას, მსხვერპლისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის არის, რომ იგი ვიღაცის ბარბაროსობას შეეწირა. უშუალოდ ხორცის ჭამა, გემოვნების საქმეა, "გემოვნებაზე კი არ კამათობენ". ღმერთმა დაგვიფაროს კაპიტალისტები ადამიანის ხორცის ჭამასაც თუ მიეჩვივნენ, მაშინ კაცი აღარ დარჩებათ საქართველოში შეუჭმელი. როგორც კანიბალები ამბობენ, უგემრიერელი ყოფილა ადამიანის ხორცი.

რა გულისამრევი სტრიქონებია არა?! - ნამდვილად ასეა, მაგრამ არა მგონია "ნეოკაპიტალისტების" საქციელზე გულისამრევი იყოს. და აი, რატომ:

ისტორიულადაც ასეა და ჩემი პირადი დაკვირვებითაც დავადგინე, რომ გამდიდრების მანიით დაავადებული ადამიანი ყველაფერს კადრულობს ამ მიზნის მისაღწევად, მათ შორის ქურდობას, ბანდიტობას, ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობას, ტერორს, კაცისკვლას და ვინ იცის, კიდევ რა ხერხებს არ მიმართავენ.

შორს წასვლა არ გვჭირდება მაგალითებისა და მისი შედეგების შესაფასებლად. რაც საქართველოში 10 წლის წინ ძალადობით, ძმათა სისხლისღვრით ხელისუფლებაში მოსულმა "დემოკრატებმა" ჩაიდინეს, მსგავსი რამ, ალბათ, ძნელი მოსაძებნი იქნება მსოფლიოში. კანონიერი ხელისულებაც იმიტომ დაამხეს, რომ ხალხისა და ქვეყნის სიმდიდრეს დაპატრონებოდნენ. რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ: შეიარაღებული პუტჩის, თუ აფხაზეთის "უაზრო ომის" (ეს პრეზიდენტის უკვდავი გამოთქმაა, ომის დამთავრების შემდეგ წარმოთქმული) დროს ნაძარცვ-ნაღლეტი, სამეგრელოს დარბევა-დაწიოკების დროს ნაშოვნი ნადავლი, შემნახველი სალაროებიდან მიტაცებული თანხები, საზღვარგარეთიდან დახმარებისა და ვალის სახით შემოსული და მათ მიერ მითვისებული მილიონები, ეგრეთ წოდებული "პრიხვატიზაციით" მითვისებული სახალხო ქონება, საწარმო-დაწესებულებათა სიმდიდრის დასაკუთრება და სხვა უამრავი დანაშაული, რამაც გააღატაკა ქვეყანაც და ხალხიც.

საქართველოში დღეს დემოკრატიისა და სტაბილურობის კი არა, კანიბალური კაპიტალიზმის დრო დგას. ის მოჩვენებითი სტაბილურობა სასაფლაოსა და მის ბინადართა სიმშვიდეს მოგვაგონებს. განა კანიბალიზმზე ნაკლები დანაშაულია უპატრონო ბავშავებისათვის გამოგზავნილი დახმარებების მითვისება, მოსახლეობისათვის უკანასკნელი დასამარხი ფულის წართმევა, ასეულობით ათასი ოჯახის უმუშევრად დატოვება! ზნეობის გაპარტახება? უუფლებობა? სიცრუე? ქვეყნის სიმდიდრეების უცხოთა ხელში გადაცემა? - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?!

ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება პატიოსან შრომაში აქვს გატარებული და ვიღაც ნაძირალა - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, 14 ლარ პენსიას უნიშნავს და იმასაც არ აძლევს, ეს ხომ კანიბალიზმთან ერთად, სადიზმიც, პენსიონერის მასხრად აგდებაც და ცოცხლად დამარხვაც არის!!!

ერთი რამე მინდა შეგახსენოთ, ჩვენო ფუფუნებისაგან არაადამიანებად ქცეულო "კაპიტალისტებო", განურჩევლად ცენზისა, უნდა დაიჯეროთ, რომ იმ სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს არაფრით არ ჯობიხართ! თქვენი საქციელით, არა მარტო ხალხის გულისწყრომა, კანიბალების, ვამპირების, სადისტების და ქვეყნის მაოხრებლის სახელიც დაიმსახურეთ.

მე კანიბალიზმად მიმაჩნია, როცა ადამიანს ექიმის და წამლის ფული არ გააჩნია, როცა ავადმყოფი რეანიმაციაში წევს და მაცოცხლებელ აპარატზე მიერთებულს დენს გამოურთავენ, როცა ავადმყოფს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება და უფულობის გამო არ უკეთებენ, როცა ფეხმძიმე ქალს სამშობიარო სახლიდან აგდებენ და აიძულებენ, ქალაქის ტუალეტში იმშობიაროს!

და მაინც, სად უნდა ვეძებოთ ბოროტების სათავე?! - თუ ანდაზის მიხედვით ვიმსჯელებთ - "თევზი თავიდან ყროლდებაო", ყველაფერი გასაგები იქნება, მაგრამ, ჯერ კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც დღევანდელი ხელისუფლების სჯერათ და ელიან იმ დღეს, როცა საქართველო მართლა სახელმწიფო იქნება, რომელსაც ექნება მყარი ვალუტა და არა ეს ფარატინა ქაღალდები ლარების სახით, რომელიც საკმარისია პენსიების, ხელფასებისა და ხალხისათვის წართმეული ვალების სახით დარიგდეს, რომ - მეორე დღესვე გაბონდება! ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, ბატონებო, და იმიტომ არ აძლევთ იმ მათხოვრულ 14 ლარ პენსიასაც კი. გარდა ამისა, სახელმწიფოს რომ თავისი სახე ჰქონდეს, უნდა ჰყავდეს ჯარი. დღეს თუ ვინმე გამოვა და საქართველოში არსებულ მშიერ-მწყურვალ, დატილიანებულ, ნახევრად შიშველ ჯარისკაცებს, რომელთა ნახევარი დეზერტირობს, ან დეზერტირობის კანდიდატია, ნამდვილ ჯარად ჩათვლის, ეს სამარცხვინოა!

მას შემდეგ, რაც ბატონი დავით თევზაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზეა, მისი გაბრაზებული ტონით ლაპარაკი კი არა, საერთოდ ხმა არ მქონდა გაგონილი და იცით, რაზე იყო ბატონი დავითი ერთ მშვენიერ დღეს აღელვებული? - "მილიონებს მაკლებენ იმ მიზნით, რომ უცხოეთიდან შემოყვანილ მგლებს ორალური ვაქცინაცია უნდა ჩავუტაროთო". ეს ხომ დაცინვაა მინისტრისაც, ოფიცრებისაც, ჯარისკაცებისაც და მთელი ქართველი ხალხისაც. თუ დაცინვაა, დაცინვა იყოს. მე ვურჩევდი, ვინც მგლების ორალურ ვაქცინაციის ჩატარებს აპირებს, ორალური სექსიც ჩაუტარონ ხოლმე. ამით ორ საქმეს გააკეთებენ, აღარც მგლები გამრავლდებიან და აღარც გამომძალველები.

მგლების ვაქცინაციას რომ დაამთავრებთ, ბატონებო, არ დაგავიწყდეთ ტურების და მელიების აცრა, თორემ დავიღუპებით. ჰო, მართლა, იმ უნიკალურ ფეხებგამრუდებულ მგლებს კარგად მივხედოთ, მადა არ გაუფუჭდეთ, თორემ ვეღარც შვლებს შეჭამენ, ვეღარც ირმებს და ვერც ჯიხვებს, რომლებსაც, თურმე მხოლოდ იმ მგლების სახეობა ანადგურებს (ეს მონაცემები მრუდეფეხებიან მგლებზე, პრესიდან შევიტყვე).

მაწანწალა ძაღლები გვყავს სასწრაფოდ მისახედი. უნდა ავაშენოთ მათთვის ფეშენებელური თავშესაფრები, მოვამარაგოთ ძვირფასი საკვებით და მედიკამენებით. არ იქნება ურიგო, თუ ზაფხულობით აგარაკზე წავიყვანთ, თუნდაც ბახმაროზე. იმას ნუ უყურებთ, რომ მიწისძვრისგან დანგრეული სახლების პატრონები ქუჩაში არიან დარჩენილები და ტელევიზიით მოუწოდებენ ისედაც გაღატაკებულ მოქალაქეებს, თითო ლარით დაეხმარეთო (ვაი, სირცხვილო!), ნურც იმას, რომ მთელი საქართველო შიმშილობს, მათხოვრობს, ქურდობს, ბოზობს. მერე რა მოხდა, თუ უპატრონო (ზოგჯერ პატრონიანიც) ბავშვები ქუჩა-ქუჩა მშიერ-მწყურვალები დაწანწალებენ? დღეს მთავარია ცხოველებს მივხედოთ, მით უმეტეს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაცხოველება-გადაგვარების გზაზე დგას.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სუფრაზე თამადა აგებს პასუხს, ნახირში - მენახირე, სახელმწიფოში კი პრეზიდენტი. აკი თვითონ ბატონი ედუარდი აცხადებდა და აცხადებს: "ყველაფერზე მე ვაგებ პასუხსო". რაში გამოიხატება ბატონი პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, თუ ქართველი ხალხი შიმშილით, ავადმყოფობით, ნერვული სტრესებით და უმუშევრობით იხოცება? სად არის ის დემოკრატია, რომელიც მთელი 10 წელია პირზე აკერიათ დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუ დემოკრატიაში ის იგულისხმება, რომ ჯერ "დარდუბალაში" და ახლა "ჩვენ ეზოში" პრეზიდენტს მასხრად იგდებენ, კუბოში ცოცხლად აწვენენ და ა. შ. ეს დემოკრატია კი არა, ქვეყნის თავის მოჭრა და ტრაგედიაა!

ჩვენო არაკანონიერი გზებით გაკაპიტალისტებულო ერთი მუჭა ბობოლებო! - ხანდახან წარმოიდგინეთ თქვენი თავები იმ სწავლულების როლში, რომლებიც თქვენი საქციელის გამო, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, ან იმ ადამიანების როლში, ვინც ბაზარ-ბაზარ, გამყიდველების მიერ გადაყრილ ნახევრად დამპალ ხილ-ბოსტნეულს აგროვებენ. წარმოიდგინეთ თქვენი ბებიები, პაპები, მშობლები, შვილები და შვილიშვილები იმ მათხოვრების ადგილზე, რომლებითაც გადავსებულია ქალაქის კუთხე-კუნჭული, ტრანსპორტი, ეზოები და თავშეყრის ადგილები. მიიტანეთ ხალხის გაჭირვება გულებამდე და თქვენივე სურვილით დააბრუნებთ მიტაცებულ ქონებას. ეს კი თავისთავად ნიშნავს ქვეყნის შემობრუნებას და აღმშენებლობას. მიეცით ხალხს საშუალება, რომ ადამიანებად იგრძნონ თავი და თქვენც მოგეშვებათ გულზე. კი, ვიცი, კიდევ ერთხელ დამცინებთ - რას მიქარავსო, მაგრამ, მე მაინც ვიყივლებ - მამლის არ იყოს!

დატერორებულ-დაყაჩაღებული ხალხის სახელით, ღატაკი მეცნიერი

ნიკოლოზ იოსებიძე



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com