"საქართველო "
# 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი

კაზახსტანმა ყველა სხვა პატიმრებსაც და მეციხოვნესაც გაუსწრო

იმ მონათმფლობელურ ორგანიზაციაში, რომელსაც "ესენგე" ჰქვია და რომელშიც საქართველოს ჩათრევას ხმა მისცა 126-მა მოღალატემ შევარდნაძის მეთაურობით, კაზახსტანი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც "საინვესტიციო" სტატუსი მიიღო. ეს უპირატესობა შუა აზიურ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას მიაკუთვნა მუდის (მოოდყ) კრედიტის რეიტინგის სააგენტომ, ანუ იგივე რეკომენდაცია მისცა, რომელიც საუდის არაბეთსა და ბაჰრეინს აქვთ. ეს რეიტინგი განსაზღვრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ექსპორტის მკვეთრმა ნახტომმა, რომელიც ყაზახეთმა მოახდინა ამ ბოლო დროს. ექსპორტი მოიცავს ძირითადად ნავთობს და ფერად ლითონებს. ყაზახეთის ეს წინსვლა მით უფრო საყურადღებოა, რომ იგი ისეთ დროს მოხდა, როცა მსოფლიოში ძალიან შესუსტებულია სურვილი მეტ-ნაკლებად სარისკო ახალ ბაზრებში დაბანდებისა.

"ფაინენშელ ტაიმსი" იმოწმებს დარგის სპეციალისტს, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი სტატუსი ყაზახებს გზას გაუხსნის პოტენციურ ინვესტორთა უფრო ფართო და უფრო მაღალი წრისკენ, ვიდრე აქამდე იცნობდა. ყაზახეთის წარმატება, იმავე წყაროთი, გააღიზიანებს რუსეთს, რომელსაც უფრო დაბალი რეიტინგი აქვს. ეს რეიტინგი ყაზახეთს მისცეს იმის მიუხედავად, რომ ნავთობის ექსპორტი მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშაა (სტრატეგიული არასტაბილობის გამო) და პრივატიზაციის პროცესი ჯერ კიდევ ნელა მიდის.

იმავე მუდის აზრით, ნავოთბსადენების განვითარება ხელს შეუწყობს ნავთობის ფასების დასტაბილებას მსოფლიოში (ანუ აღკვეთს ნავთობის ფასების ხელოვნურ აწევას მისი მომპოვებელი არაბული ქვეყნების მიერ). მუდის პროგნოზით, ყაზახეთის მომავალია ნავთობი, მანქანათმშენებლობა, პარალელურად - საკვები, სამშენებლო მანქანების დამზადება და, ზოგადად, საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეს ნავთობის წყალობით ყაზახეთს მუდმივად ნაჭარბიანი ბიუჯეტი აქვს.

"რუსეთისგან განსხვავებით" ("ფაინენშელ ტაიმსი") ყაზახისტანს აქვს პატარა, მაგრამ ჯანსაღი საბანკო სისტემა. იგი შორსაა დასავლური დემოკრატიისაგან, მაგრამ მას ჰყავს სტაბილური პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყანას მართავს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com