|
"საქართველო "
რა ელის ავღანეთის ნარკოექსპორტს? ბნელი რეჟიმის დაცემამ ნარკოპლანტაციები გაალაღა
ავღანეთის რიგითი გლეხი ამბობს: "ჩვენი სარჩო დამოკიდებულია ყაყაჩოზე. თუ სხვა ალტერნატივა გვექნება, სხვას მოვიყვანთ. მთავრობის ბრძანებებს ვღებულობთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პრობლემებიც გვაქვს. არც ერთი კულტურა ისეთი შემოსავლიანი არაა, როგორც ყაყაჩო". წელსაც მას განზრახული აქვს, ყაყაჩო დათესოს. "სადაც სხვები, იქ მეც. ყაყაჩო იქნება - ყაყაჩოს დავთესავ, ხორბალი იქნება - ხორბალს". წელს მოსავალი შეადგენს 1,9-2,7 ათას ტონას. თალიბების ხელში კი, რომლებიც ნარკომცენარეებს კრძალავდნენ, იგი 185 ტონას უდრიდა (2001 წ.). პლანტაციების მომავალი ბედი THE EcONOMIST-ის სიტყვით, კარგი მაჩვენებელი იქნება იმისა, თუ რამდენად ფლობს სიტუაციას ქვეყანაში მისი დღევანდელი პრეზიდენტი ჰამიდი. თალიბებმა თავისი 2000 წლის ამკრძალავი აქციით ნარკომოსავალი 94%-ით შეამცირეს. შეძლებს ამას დღევანდელი ხელისუფლება? ავღანეთი ევროპის ჰეროინის 80%-ს აწარმოებს. ამიტომ ამ წარმოებასთან ბრძოლა დასავლეთს უდიდეს პრიორიტეტად მიაჩნია. დიდი შვიდეულის პლუს რუსეთის შეთანხმებით, ამ საქმის ორგანიზება დავალებული აქვს ინგლისს, რომელიც ავღანეთის ახალშექმნილ უშიშროების საბჭოსთან და გაეროს ანტინარკოტიკულ უწყებასთან ერთად გეგმავს ეფექტიან ზომებს ამ მიმართულებით. დიდ სიძნელეს ქმნის პროვიცნიელ ლიდერთა წინააღმდეგობა, რომელთაც ნარკოწარმოებიდან დიდი შემოსავლები აქვთ.ამ ბიზნესთან ბრძოლის მეთოდებია ნარკოგზების გადაკეტვა, სპეციალური პოლიციური რაზმების შექმნა და გლეხებისთვის ეკონომიკური ალტერნატივის შექმნა. ერთ კგ ოპიუმში დღეს გლეხი 300 დოლარს იღებს, ჰექტარზე თუ 50 კგ მოდის, მას ჰექტარიდან 15000 დოლარი შემოსავალი აქვს. ალტერნატიული შემოსავალი, რომელსაც გაეროს დახმარების პროგრამა უგეგმავს დღეს გლეხს, მას ამ თანხის მეათედს თუ მისცემს. 1,8 მილიარდი დოლარი დახმარებიდან, რომელიც ავღანეთის აღდგენისათვის გაიღეს, თითქმის ნახევარი უკვე დაიხარჯა ლტოლვილთა დასახლებისათვის, ხოლო ნარკოტიკებთან ბრძოლის პროგრამას ჯერ არაფერი ჰრგებია. ნარკოყაყაჩოს უპირატესობა სასარგებლო მცენარეებთან შედარებით ისაა, რომ მას ნაკლები წყალი სჭირდება (ავღანეთს 4 წელიწადია, გვალვა ტანჯავს), მისი პროდუქცია უპრობლემოდ ინახება წლების მანძილზე, ხორბალი კი ჰექტარზე მხოლოდ 60 დოლარ შემოსავალს იძლევა).
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |