|
"საქართველო "
ბოროტების სათავე, ანუ როგორ შეთითხნეს "მეგრელთა საქმე" ვ. ნ. შონია
(გაგრძელება. დასაწყისი "საქართველო" #8,9,10,11,12. 2002 წ)
სერგო ბერია გვიყვება
სერგო ბერია რაულ ჩილაჩავას კითხვაზე: "ვ ჩომ კონკრეტნო ზაკლუჩალოს "მეგრელსკოე ძელო?" ჩტო ვმენიალოს ვ ვინუ მეგრელამ?" პასუხობს: ..." ტო ჩტო ონი ვოზგლავილი პარტინიუ ორგანიზაციუ რესპუბლიკი ი მონოპოლოზირობალი ვლასტ ვო ვსეი გრუზიი. იმია ვდოხნოვიტელია ი ორგანიზატორა მეგრელსკიხ "პროისკოვ" მოჟნო ბილო ვსლუხ ი ნე პროიზნოსიტ. ტოლკო დურაკ მოგ ნე დოგადატსია, პროტივ კოგო ნაპრავლენა ეტა გრიაზნაია ვოზნია, კოტოროი აკტივნო ზანიმალსია მინისტრ გოსბეზოპასნოსტი სსსრ ს. დ. იგნატევ. პოდ ეგო რუკოვოდსტვომ ბ გრუზიი ბილი პროვედენი პოვალნიე არესტი ოტვესტვენნიხ რაბოტნიკოვ, ნაჩინაია ს სეკრეტარეი ცკ ი კანჩაია პარტორგამი კოლხოზოვ. ეტო ვსიო დელალოს პოდ პრიკრიტიემ იაკობი ლიკვიდაციი "ბურჟუაზნო-ნაციონალისტიჩესკოგო ცენტრა" რა თქმა უნდა, ს. ბერიას აზრისაა ყველა საღად მოაზროვნე. დღეს ნათელია ყველასათვის, რომ "მეგრელთა საქმე" შეკოწიწებული იყო პირდაპირ ლ. ბერიას საწინააღმდეგოდ. საკითხავია, რატომ იყო იგნატიევი ასე დაინტერესებული აელაგმა ბერია? შესაძლოა, ყველაფერი ხდებოდა სტალინის დავალებით, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც: უდავო ფაქტია, რომ ბერია სტალინისათვის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, ყველაზე საიმედო დასაყრდენი იყო იმათ შორის, ვინც მაშინ მას გარს ეხვია. თუ კი ამ დასაყრდენს გამოაცლიდნენ ბებერ ბელადს, ამის შემდეგ მისი წაქცევა ადვილი იყო. ერთი რამ ცხადია, რაც უფრო ფართო მასშტაბს ღებულობდა "მეგრელთა საქმე", ბერიას გარშემო წრე სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა.
რაჟდენ ბოხუა
როგორც ომამდე, ისე ომის შემდეგაც ი. ბ. სტალინი სისტემატიურად დადიოდა დასასვენებლად რიწის აგარაკზე. ომის დამთავრების შემდეგ სტალინი და ბერია უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტალინს ბერია ერთ-ერთ დასაყრდენ კაცად მიაჩნდა, უიმისოდ არცერთ მნიშვნელოვან საკითხს არ წყვეტდა. ეს ტანმორჩილი, ჩაფსკვნილი, მელოტი, სათვალებიანი კაცი ავიდა დიდების ოლიმპზე. დღითი დღე მაღლა მიიწევდა მისი ავტორიტეტი. განსაკუთრებით იმ დღიდან, როცა ბერიას მზვერავებმა შეძლეს პაულიუსის მეუღლის და მისი საყვარელი ნაგაზის ბერლინიდან მოსკოვში ჩამოყვანა, სტალინი უდიდესი სიმპატიით და სიყვარულით განიმსჭვალა მის მიმართ. კაპიტანი ილია ბარქაია, როცა სტალინი და ბერია დასასვენებლად ჩამოდიოდნენ, მათი დაცვის უცვლელი მონაწილე იყო. სტალინი დასასვენებლად ჩვეულებრივ ჩამოდიოდა სექტემბრის მიწურულს და მოსკოვში ბრუნდებოდა მხოლოდ დეკემბრის ბოლოს. სტალინს აგარაკები ჰქონდა: სოჭში, მიუსერაში, ავადჰარაში, სინოპში, წყალტუბოში, ლიკანში (ბორჯომი), ყირიმსა და კისლოვოდსკში. ყველაზე უფრო უყვარდა "ხოლოდნაია რეჩკას - მეორე აგარაკის" (გაგრასთან ახლოს) სახელწოდებით ცნობილ აგარაკში დასვენება. აქ მას ჰქონდა სამუშაო იარაღები, თვითონ მუშაობდა ბაღში, მიწას ბარავდა, თოხნიდა და ხეხილს უვლიდა. ერთხელ, იგონებს ბატონი ილია, თურმე სტალინმა გორის ლეღვზე ჩამოაგდო ლაპარაკი და აქო იგი. ამას ისმენდა ბერია, მისი ყველა ნატვრის ამსრულებელი. დაუყოვნებლივ გაცემული იქნა განკარგულება - გორში ძირიანად ამოეთხარათ რამდენიმე ძირი ლეღვი და სასწრაფოდ წამოეღოთ "ხოლოდნაია რეჩკაში". მეორე საღამოს ხეები ჩამოიტანეს და წინასწარ გამზადებულ ორმოებში აგროტექნიკის წესების სრული დაცვით ჩარგეს. როცა სტალინი მეორე დღეს სასეირნოდ გამოვიდა (მას მარტო უყვარდა სეირნობა) "საოცრება" ნახა. მის ნატვრას ხორცი შესხმოდა. ერთხანს შეჩერდა, თავი გაიქნია და ჩაიცინა. იგი უმალ მიხვდა, თუ ვისი ნახელავი იყო ყოველივე ეს. შემდეგ მიუახლოვდა ლეღვის ხეს, მოწყვიტა მწიფე ლეღვი, გემო გაუსინჯა და მეტად კმაყოფილი დარჩა. ბერია შორიდან უთვალთვალებდა ამ სანახაობას და უზომო შინაგან კმაყოფილებას განიცდიდა თავისი ორიგინალური მიხვედრილობის გამო. ყვებიან ასეთ შემთხვევებზეც: გაგრის მეციტრუსეობის მეურნეობის აგრონომი რაჟდენ ბოხუა "ვილისით" მიდიოდა სოხუმში. მანქანიდან დაინახა, რომ მანდარინის პლანატაციას ძროხები შესეოდა. ერთგან ღობე იყო გარღვეული. ბოხუამ მძღოლს გააჩერებინა მანქანა. ორივენი გადმოვიდნენ და დაუწყეს ძროხებს გამორეკვა. პირუტყვს საგრძნობლად დაეზიანებინა რამდენიმე ძირი ნაყოფით დახუნძლული მცენარე. ბოხუამ, ვიდრე ვილისს გააჩერებდა მძღოლი, შენიშნა, რომ 150-200 მეტრზე მათ ორი მანქანა მოსდევდა. როგორც კი ბოხუა და მძღოლი პლანტაციაში გადავიდნენ, ვილისის უკან გაჩერდა ის ორი მანქანაც. ერთ-ერთი მანქანიდან გადმოვიდნენ სტალინი და ბერია. ისინი დაინტერესდნენ, თუ რას მოიმოქმედებდა პლანტაციაში შესული ორი უცნობი. ბოხუამ და მისმა მძღოლმა პლანტაციიდან გამორეკეს ძროხები, შეაკეთეს ღობე და ის იყო აპირებდნენ წასვლას, ამ დროს თავზე დაადგათ სტალინი და ბერია. შეკრთა ბოხუა, იცნო ორივე, ენა ვერ დაძრა, ადგილზე გაქვავდა, გაირინდა. - ვინა ხარ, შეეკითხა სტალინი. მან უპასუხა, რომ მეციტრუსეობის მეურნეობის აგრონომი იყო. სტალინმა უთხრა: "მერე რა შენი საქმეა, თქვენი მეურნეობის ხომ არაა ეს პლანტაცია, აი რა დღეში ხარ, წელამდე დაუსველებიხარ დილის ნამს". ბოხუა არ დაიბნა და უნდა ითქვას, რომ ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდა. მან უპასუხა: "ამხანაგო სტალინ! მართალია, ჩვენი მეურნეობისა არაა, მაგრამ ხომ ხალხის ქონებაა, ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას იგი". სტალინმა გვარი ჰკითხა, მადლობა მოახსენა, შემდეგ დაემშვიდობა. სტალინი და ბერია მანქანაში ჩასხდნენ და სეირნობა გააგრძელეს. "აი, როგორი ადამიანები გვინდა ჩვენ ყველგან", - ჩაილაპარაკა სტალინმა. ეს ამბავი იმავე დღეს იცოდა აფხაზეთის მაშინდელმა საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა აკაკი მგელაძემ. სულ მალე რაჟდენ ბოხუა გამოიძახეს საოლქო კომიტეტში მგელაძესთან. მგელაძემ ბოხუას დაწვრილებით გამოჰკითხა, რაც მოხდა წინა დღეს, შემდეგ საქციელი მოუწონა. მალე რაჟდენ ბოხუა გუდაუთის რაიკომის პირველ მდივნად მოგვევლინა. ერთ საინტერესო ფაქტზეც მოგვიყვა ბატონი ილია: ..."როცა სტალინი და ბერია მანქანით სასეირნოდ გავიდნენ, ბერიამ მანდარინის პლანტაციის მცველს საინტერესო გამოცდა მოუწყო. პლანტაციის მცველს, რომელსაც გრძელტარიანი წალდი გაედო მხარზე და ღობის გასამაგრებლად მიდიოდა, ბერიამ მძღოლი მიუგზავნა. მძღოლმა მცველს ვინაობა ჰკითხა, იგი ადგილობრივი მცხოვრები აფხაზი აღმოჩნდა. მძღოლი შეეხვეწა: "მომყიდე ათ კილოგრამამდე მანდარინი, დასვენება დავამთავრე, ხვალ მივემგზავრები და სახლში ბავშვებს მინდა მივუტანოო. შედი პლანტაციაში და რაც შეიძლება კარგები ამომირჩიე, შენ აქ რისი გეშინია, ფასში კი არ გაწყენინებო"... მოხუცმა მცველმა მძღოლს თავაზიანად უპასუხა: "ამ გზაზე ბევრი დამსვენებელიც და მგზავრიც დადის, მათ ყველას მანდარინს თუ მივცემ, აქ დასაკრეფი არაფერი დარჩება, წამობრძანდით სახლში, მე სულ ახლოს ვცხოვრობ, ჩემი საკუთარი ბაღიდან რამდენიც გნებავთ, იმდენს მოგცემთ, ხოლო კოლმეურნეობის პლანტაციიდან ვერა". მძღოლი მანქანასთან მივიდა, ყველაფერი ბერიას მოახსენა, შემდეგ ბერია მანქანიდან ჩამოვიდა, მცველს ადამიანობა შეუქო, მადლობა მოახსენა და გაშორდა. ბერიამ სტალინს ყველაფერი უამბო. ბელადი მეტად კმაყოფილი დარჩა.
ჯუჭუ გოგოხია
ჯუჭუ შეძლებული კაცის შვილი იყო, მათი ოჯახი სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში ცხოვრობდა. ჯუჭუ სოხუმის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მამამ გორის სასულიერო სემინარიაში წაიყვანა. სემინარიასთან ახლოს ბინა უქირავა. სასმელ-საჭმელს ჯუჭუს დიასახლისი უმზადებდა. სემინარიაში ყოფნისას სოსო ჯუღაშვილი და ჯუჭუ ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ. ისინი მალე დამეგობრდნენ. ჯუჭუს ბინა სოსოს სახლთან სულ ახლოს იყო, ამანაც განაპირობა მათი ერთმანეთთან დაახლოება. სოსო ხშირად მიდიოდა ჯუჭუსთან. ჯუჭუ არაიშვიათი სტუმარი იყო სოსოსი. უნდა აღინიშნოს, რომ სოსოს დედა - კეკე ჯუჭუს საკუთარი შვილივით უვლიდა, ურეცხავდა, აჭმევდა და ღვიძლ შვილში გამორჩეული არ ჰყავდა. როგორც აღვნიშნეთ, ჯუჭუს მამა შეძლებული კაცი იყო, მრავალრიცხოვანი ჯოგის პატრონი. იგი შვილს ხშირად აკითხავდა, ჩამოჰქონდა ღორის და საქონლის შებოლილი ხორცი, განთქმული მეგრული სულგუნი და სხვა პროდუქტი. სოსომ აქ გასინჯა პირველად ღომში ჩაშუშული სულგუნის გემო. გადიოდა დრო, საქართველოში ნაროდნიკული მოძრაობის სიო ჰქროდა. სოსო ეზიარა რუსი განმანათლებლების: ჩერნკიშევსკის, დობროლუბოვის, გერცენის და პისარევის შეხედულებებს. მას გარკვეული შეხედულება ჩამოუყალიბდა საზოგადოებივი ცხოვრების საკითხებზე. იმ დროისთვის სასწავლებელში არაკჩეევშინა მეფობდა. სემინარიაში არსებული რეჟიმი მას სულს უხუთავდა და სოსომ აშკარა პროტესტი გამოთქვა როგორც სემინარიაში გამეფებული რეჟიმის, ასევე არსებული წყობილების წინააღმდეგ. ცხადია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩა სემინარიის ხელმძღვანელობისათვის. სოსო სემინარიის ბოლო კურსიდან გარიცხეს. სწავლაში რომ წარჩინებული მოსწავლე იყო, ამან ვერ უშველა. შემდეგ, როგორც ცნობილია, იგი პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. ჯუჭუმ სასულიერო სემინარია დაამთავრა, მღვდლად ეკურთხა, დაოჯახდა და დაიწყო მუშაობა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი დაიჭირეს, ძალით გაკრიჭეს, ეკლესია დაუნგრიეს და როცა წინააღმდეგობა სცადა, დააპატიმრეს. ორი წლის პატიმრობის შემდეგ ჯუჭუ სახლში დაბრუნდა, მაგრამ პოლიტიკურად არასაიმედოთა (საშიშთა) სიაში შეიტანეს. კოლექტივიზაციის პირველსავე დღეს მის მთელს ქონებას კონფისკაცია უყვეს, ხის ოდა დაშალეს და კოლმეურნეობის კანცელარიად წამოჭიმეს. სახლიდან წაიყვანეს რამდენიმე სული ხარ-ძროხა, კამეჩი და ცხენი. ჯუჭუს მეტისმეტად გაუჭირდა. როგორც "პოლიტიკურად საშიში" კოლმეურნეობაში არ მიიღეს. ისევ დაიჭირეს, ამჟამად ხუთი წლით გადაასახლეს. 1936 წლის ბოლოსათვის იგი დაბრუნდა პატიმრობიდან. მაშინათვე მუშაობა დაიწყო აგურ-კრამიტის ქარხანაში. ფიზიკურ შრომას შეუჩვეველი კაცისათვის ძნელი შეიქნა ტალახის ზელვა და ალიზის მოჭრა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. ცოლ-შვილი როგორმე უნდა ერჩინა. 1936 წელს ჯუჭუ გაეცნო ი. ბ. სტალინის მოხსენებას კონსტიტუციის პროექტის შესახებ, რომელიც პრესაში იყო გამოქვეყნებული. მოუვიდა აზრად, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ენახა სტალინი. ერთ დღეს შეძლებისდაგვარად ჩაიცვა, ყაბალახი, ნაბადი და ცხენი მეზობლისგან ითხოვა და სოხუმში გაემგზავრა. აქ იგი მიღებაზე მოხვდა ნესტორ ლაკობასთან. ლაკობამ გულისყურით მოუსმინა ჯუჭუს და დახმარება აღუთქვა. ლაკობა ორ-სამ დღეში ერთხელ ადიოდა რიწაზე სტალინის სანახავად. სწორედ მეორე დღეს აპირებდა იგი რიწაზე ასვლას, ამიტომ ჯუჭუს უთხრა: "ახლა არ ვიცი, მიგიღებთ თუ არა ბელადი, რადგან ორ-სამ დღეში მიემგზავრება, მაგრამ თქვენ დაწერეთ წერილი, ოღონდ რაც შეიძლება მოკლედ და ხვალვე გადავცემ, თუ იგი გაგიხსენებთ და მოისურვებს თქვენს ნახვას, მე ყოველმხრივ ხელს შეგიწყობთ". ჯუჭუმ მართლაც, როგორც შემდეგ ყვებოდა იგი, ლაკობას კაბინეტში დაწერა შემდეგი შინაარსის წერილი: "გამარჯობა ჩემო სოსო, იქნება არც გახსოვართ, მე ვარ თქვენი სიყრმის ამხანაგი ჯუჭუ გოგოხია. სამი წელი სემინარიაში ერთად ვიყავით, ერთად ვმეცადინეობდით, ერთად ვთამაშობდით. თუ გახსოვთ, დედათქვენი მეც ისე მივლიდა, როგორც თქვენ. წავიკითხე თქვენი მოხსენება კონსტიტუციის პროექტის შესახებ და გადავწყვიტე თქვენი ნახვა. პატივცემული ნესტორ ლაკობა დახმარებას დამპირდა. პატივისცემით ჯ. გოგოხია 1936 წლის 15 დეკემბერი". როგორც ცნობილია, ნ. ლაკობამ ჯუჭუს წერილი მართლაც გადასცა სტალინს. სტალინს, რა თქმა უნდა, გაახსენდა ჯუჭუ და მაშინვე გასცა განკარგულება ეჩვენებინათ ეს კაცი. დატრიალდნენ ჩეკისტები, მეორე დღეს, როცა ჯუჭუ ისევ სააგურე ტალახის მორიგ პარტიას ზელდა, მას ორი ფორმიანი კაცი თავზე დაადგა. ჯუჭუს ტანზე ჟრუანტელმა დაუარა, იფიქრა: "ეჰე, კვლავ დამიჭირეს". ერთ-ერთმა ფორმიანმა მიმართა: "შეწყვიტე მუშაობა. ჩქარა მოიყვანე თავი წესრიგში, ჩვენთან უნდა წამოხვიდე, სოხუმის ქალაქის მილიციის უფროსი გიბარებს". ყოფილ მღვდელს რა გზა ჰქონდა, უსიტყვოდ დაემორჩილა ფორმიანებს. მათ "ემკათი" ჯუჭუ სახლში მიიყვანეს, ჯუჭუმ ჩქარა ჩაიცვა და ფორმიანებს გაჰყვა. იგი მილიციის უფროსთან წარადგინეს. უფროსმა მეტად ტკბილი კილოთი მიმართა: - ბატონო ჯუჭუ, დიდ კაცს ხომ არ იცნობ ვინმეს? - ვიცნობდი ერთ დროს, მაგრამ ახლა არ ვიცი, ვახსოვარ თუ არა. - ახსოვხართ, ჯუჭუ ბატონო, როგორ არ ახსოვხართ. ახლავე გიჩვენებთ ამ კაცს. ამის თქმა და ყველანი ჩასხდნენ მანქანაში და გაემართნენ კელასურის სადგურისაკენ, სადაც იდგა სპეც-შემადგენლობა, რომლითაც უნდა გამგზავრებულიყო სტალინი (მაშინ რკინიგზა მხოლოდ კელასურამდე იყო გაყვანილი). სტალინი თბილისისა და ბაქოს გავლით უნდა გამგზავრებულიყო მოსკოვში. ჯუჭუ და ჩეკისტები ახლოს მივიდნენ ვაგონთან. ვაგონის კარებთან ბერია გამოჩნდა. მან თავისი კაცი გამოგზავნა, რათა ჯუჭუ აეყვანათ ვაგონში. იგი ვაგონში შევიდა, მაგრამ გული საგულეს არ ჰქონდა. ბერიამ ჯუჭუს ხელით აჩვენა, თუ საით უნდა წასულიყო. ჯუჭუმ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და სტალინიც გამოჩნდა. იგი ჩქარი ნაბიჯით გაემართა სტალინისაკენ, მანაც რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ჯუჭუს სიხარულის ცრემლები წამოუვიდა. შემდეგ სტალინმა შესთავაზა დამჯდარიყო, თვითონაც დაჯდა. პირველი კითხვა, რაც სტალინმა დაუსვა, იყო: ..."რამ გაგაჭაღარავა, ჩემო ჯუჭუ, ასე?" ჯუჭუმ არ დააყოვნა პასუხი: ..."შენმა კანონმა, ჩემო სოსო". სტალინმა ჩაიცინა, ულვაშებზე ხელი გადაისვა და ჯუჭუს სთხოვა მოეთხრო, თუ როგორ ცხოვრობდა, რას აკეთებდა, რა აწუხებდა და ა. შ. ჯუჭუ მოუყვა თავისი უმწეო მდგომარეობის შესახებ, უჩვენა დაშაშრული ხელები და უთხრა: ..."სააგურე ტალახს ვზელავ, რა ვქნა, ოჯახს რჩენა სჭირდება". სტალინმა სიყრმის მეგობარს თბილი კილოთი მიმართა: "რას მთხოვ, ჩემო ჯუჭუ, ნუ მოგერიდება, მითხარი". ამ დროს ჯუჭუმ სტალინის უკან მდგარი ბერია დალანდა. ბერიამ ჯუჭუს ტუჩზე ხელის მიდებით ანიშნა - არაფერი ეთხოვა ბელადისათვის. ჯუჭუმ მხოლოდ ეს უთხრა: ..."ჩემო სოსო, არაფერს ცუდს არ ვაკეთებ ხელისუფლებისათვის. აწი ნუ დამიჭერენ. კოლმეურნეობაში არ მღებულობენ, მასწავლებლად არ მამუშავეს, პოლიტიკურად საშიშთა სიაში ვწერივარ. გარწმუნებ - არა ვარ საშიში და მომეშვან". სტალინმა პირობა მისცა მეგობარს: ..."დარდი ნუ გექნება, ჩემო ჯუჭუ, დღეიდან ვერავინ დაგიჭერს, მე ლავრენტის ვთხოვ მოგხედოს". შემდეგ სტალინი ბერიას მიუბრუნდა და უთხრა: ..."ლავრენტი, ჯუჭუს მიხედე, მას თბილისში მიეცი ბინა, მე მასთან ღამე დარჩენა რომ შემეძლოს, ისეთი". განშორების დროც დადგა. ზარი მისცეს. მეგობრები კიდევ გადაეხვივნენ ერთმანეთს. ჯუჭუ ჩქარი ნაბიჯით ჩამოვიდა ვაგონიდან. მატარებელი დაიძრა, სტალინი ფანჯრიდან იხედებოდა, ხელს უქნევდა მეგობარს, ჯუჭუმაც სიხარულის ცრემლით სავსე თვალები გააყოლა თანაკლასელს. მატარებელი თვალს მიეფარა. ჩეკისტებმა დიდი პატივისცემით მიიყვანეს ჯუჭუ შინ. ერთ კვირაში იგი ბერიამ გამოიძახა თბილისში. ჯუჭუს თბილისში კეთილმოწყობილი ბინა მისცეს. იგი განათლებული კაცი იყო, სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატში საკმაოდ დიდი თანამდებობა უბოძეს. საქმე კარგად წაუვიდა, შვილებს ასწავლა. შემდეგ მისი ერთ-ერთი ვაჟი კაი ხანს აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის მინისტრად მუშაობდა... როგორც ადრე ვთქვით, სტალინზე ზოგიერთ პუბლიკაციაში შეხვდებით ცრუ ბრალდებას თითქოსდა უმადური კაცი იყო. ფაქტები კი სულ სხვა რამეზე მეტყველებენ. როგორც ცნობილია, სტალინი ციმბირიდან გამოქცევის დროს შეიფარა, საბუთები უშოვა, ფული მისცა, კარგად ჩააცვა, ერთხანს თავისთან დამალა, მერე უახლოეს სადგურამდე მიაცილა ვინმე კეთილმა რუსმა, გვარად კუზნეცოვმა. სტალინი, როცა დიდი კაცი გახდა, ეცადა მოეძებნა კუზნეცოვი. ის უკვე ცოცხალი არ იყო, მაგრამ მის შვილებს დიდად შეუწყო ხელი, მისცა სწავლის საშუალება. ამბობენ, რომ ცნობილი ადმირალი კუზნეცოვი იმ კაცის შვილი იყოო. თბილისში, როცა სტალინი და სხვა რევოლუციონერები არალეგალურად ცხოვრობდნენ, ვინმე მედუქნე "ცხონებულის" სახელით ცნობილი, მათ ხშირად აჭმევდა ნისიად. სტალინმა მოიკითხა იგი და როცა გაიგო, რომ ცოცხალი იყო, საკუთარი კერძო დუქანი შეუნარჩუნა და ვაჭრობის ნება მისცა.
პეტას გაუმარჯოს პეტრე კაპანაძე, რომელიც რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა ხაშურში, სტალინის სემინარიის ამხანაგი იყო. პეტრემ წერილი მისწერა სტალინს თავისი ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და დახმარება სთხოვა. ეს წერილი სტალინს ორი თვის დაგვიანებით გადასცეს. როგორც კი მიუღია პეტრეს წერილი სტალინს, იმავე წუთს ელვა დეპეშა გამოუგზავნა. აქ მოგვყავს დეპეშის ტექსტი. დეპეშა დათარიღებულია 1933 წლის 5 დეკემბრით. აი, დეპეშის ტექსტი: მოსკვა, N 1497 მოლნია. გრუზია სტ. ხაშური ნაროდნომუ უჩიტელუ პიოტრუ კაპანადზე. ტვოე პისმო პერედალი მნე პოზავჩერა ოპოზდანიემ დვა მესიაცა. ტაია პროსბა ბუდეტ ისპოლნენო. პრივეტ სტალინ. დეპეშის კვალდაკვალ სტალინს პეტრესათვის გამოუგზავნია წერილი. აი, ეს წერილიც (მოგვყავს უცვლელად): პეტას გაუმარჯოს! ჩემი დეპეშა, როგორც ჩანს, მიგიღია. გიგზავნი 2000 მანეთს. მეტი არა მაქვს. ეს ფული ჩემი ჰონორარია. ჩვენ აქ ჰონორარს არ ვიღებთ საზოგადოდ. შენი გაჭირვება ჩემთვის განსაკუთრებული შემთხვევაა და ამიტომ ავიღე ჰონორარი, რომ შენთვის გამოვიყენო. გარდა ამ ფულისა, შენ მოგცემენ სესხად 3000 მანეთს. მე ვუთხარი ამის შესახებ ბერიას (ამიერკავკასიის სამხარეო მდივანია) და იმან სიტყვა მომცა, უეჭველად აღვასრულებო. მაშ ასე, 2000 მანეთი მიიღე, როგორც ჩემი მეგობრული ნობათი და 3000 მანეთი - როგორც სესხი. იცოცხლე მრავალჟამიერ შენი სოსო, 7/12-33 წ." კიდევ მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება ამ გულქვად მონათლული კაცის გულისხმიერების, მეგობრის სიყვარულის და სხვა ბევრი რამ დადებითი თვისების დასადასტურებლად.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |