"საქართველო "
# 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი

უცნაურია, მაგრამ ფაქტია...

გაზეთში "მოსკოვსკიი კომსომოლეც" (14.VIII.2002), ვკითხულობთ წერილს "ბაქ ნა ბაქ" (რაც ნიშნავს "ბარიბარში"). "მუჟ ბილ ჟენუ, ი ანა უშლა კ დრუგომუ", რომელიც შემდეგი საგულისხმო ცნობით იწყება: თურმე ახალგაზრდა "მონკავშირელს" ("მოქალაქეთა კავშირელს") გიორგი ბარამიძეს, იმ დროს არც მეტი, არც ნაკლები, საქართვლოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გაზეთის თანამშრომელი ქალისთვის უთქვამს: რუსეთი ისე იქცევა, როგორც ქმარი, რომელიც ცოლს სცემს ხოლმე. ბოლოს და ბოლოს ცოლს მოსწყინდა და სხვასთან წავიდა. დიახ, ჩვენ შევალთ ნატოში და ჩვენი თხოვნით ჩვენთან მათი სამხედრო მრჩევლები ჩამოვიდნენ ჩვენს გასაწვრთნელად. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გვაქვს უფლება "გხჭ ჰ". (მიაქციეთ ყურადღება ამ მოწაფეთა არშიყობის ლექსიკონიდან აღებულ ზმნას!). რუსეთი ისეა ნაწყენი საქართველოზე, თითქოს ჩვენ მისთვის გვეღალატოს. მაგრამ აქ არანაირი ღალატი არ არის! უბრალოდ, რუსეთმა მეტისმეტად დიდხანს ურტყა საქართველოს და საქართველო სხვასთან წავიდა".

ამ საინტერესო ციტატას მოსდევს ჟურნალისტის კომენტარი, რომ "ცოლიც" (ე.ი. საქართველო), თავის მხრივ, თურმე ხელს არ აკლებდა კონფლიქტის მოწყობას იმით, რომ ეურჩებოდა ყოფილ სუპერიმპერიას თავის მიწა-წყალზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ამოქმედებაში ჩეჩნების წინააღმდეგ და სხვა ბატონყმურ ურთიერთობათა განახლებაში. ამიტომაც იყო (ყურადღება მიაქციეთ: ამიტომ, და არა იმის გამო, რომ თავისი იმპერიული მადა აქვს!) რუსეთი დაადგა საქართველოს დაქუცმაცების პოლიტიკასო. ამის შემდეგ მოდის საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მტრული აქტების მჭლე ჩამონათვალი, რომლიდანაც ერთ ყველაზე ინფორმაციით მდიდარ და, მაშასადამე, საინტერესო ადგილს მოვიყვან:

"(რუსი სამხედროები) აძლევდნენ აფხაზებს ტექნიკას, ეწეოდნენ მათს სამხედრო მომზადებას, ავსებდნენ ქვეგანაყოფთა პირად შემადგენლობას. სარწმუნოებით ძმების დასახმარებლად ჩამოვიდა შამილ ბასაევი "აფხაზური" ბატალიონით. გრუ-ს (რუსეთის სამხედრო დაზვერვის) პოლკოვნიკმა მიამბო, სხვა სამხედრო ექსპერტებთან ერთად როგორ მეცადინეობდა ბასაევთან და მის ბოევიკებთან და რა კარგი შთაბეჭდილება დამრჩა მისგან. "ყველაფერს წამის უმალ ითვისებდა, მხედართმთავრის ნიჭი აქვს და, ამასთანავე, სავსებით ნორმალური, მართვადი ადამიანია. მასთან ყოველთვის შეიძლება საერთო ენის მონახვა".

"93 წლის სექტემბერში აფხაზურმა ქვეგანაყოფებმა სოხუმის იერიში დაიწყეს. რუსი სამხედროები ეხმარებოდნენ, რაც შეეძლოთ. საჰაერო-სადესანტო ჯარების პოლკი, რომელიც სოხუმთანაა განლაგებული, მონაწილეობდა შტურმში, რომელსაც თან ახლდა მასირებული ავიადარტყმები (აფხაზურ მილიციას ამ დროს არტილერია არ ჰყავდა) და საარტილერიო დაშენა (არტილერიაც ძირითადად ჩვენი იყო)".

ამის შემდეგ მოდის ნიანგის ცრემლების ღვრა იმის თაობაზე, როგორი ბეცია და, ამდენად, უგეგმოა რუსეთის პოლიტიკა, რომელმაც თავის ერთგულ საქართველოს აწყენინა, და ამას მოსდევს სანატრელი დასკვნა, რომლის გამოტანაც წერილის ე.წ. "გამჭოლ მიზანს" შეადგენს: "ჩეჩნეთი" (ანუ ჩეჩნეთის ომი) და "აფხაზეთი" (ანუ აფხაზეთის ომი) ერთი რიგის მოვლენებია. ანუ რუსულ-ჩეჩნური და აფხაზურ-ქართული ურთიერთობები ერთი და იგივეა! (ანუ, როგორც საქართველოს მოღალატე პრეზიდენტმა "შეაგონა" თავის ძველსა და მარად ახალ მოსკოველ პატრონს, "აფხაზეთი რომ არ ყოფილიყო, ჩეჩნეთიც არ იქნებოდა").

მტერი რომ მტრულად იქცევა, ნორმალური მოვლენა გახლავთ. მაგრამ რა პათოლოგია აიძულებს ახალგაზრდას - ისიც, პარლამენტში ორგზის გაყალბებული არჩევნებით გათრეულ ახალგაზრდას, რომელსაც აფხაზეთში ომის გამოცდილება აქვს (გ. ბარამიძეს ასეთი გამოცდილება აქვს), რომ, ჯერ ერთი, რუსებს "ღალატის" ბრალდების მოხსნას ეხვეწოს, მეორეც - რუსეთი "ქმრად" წარმოადგინოს ყოფილ კოლონიურ ურთიერთობაში, საქართველო კი - "ცოლად"? ჭეშმარიტი ნათქვამია: მონობა ე.წ. "კონსტიტუციურ" პათოლოგიათა რიცხვს ეკუთვნის, ანუ ისეთებისას, რომლებიც პიროვნების თვით აღნაგობაში, მის ფიზიკურსა და ზნეობრივ აღნაგობაში დევს! მაგრამ იმისგან, ვინც ხმა მისცა "ესენგეში" საქართველოს ჩათრევას, მონური კონსტიტუცია არ უნდა გვიკვირდეს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com