|
"საქართველო "
ხომ არ სუსტდება ევროკავშირი?
ევროკავშირში მიღებას ამჟამად ათი სახელმწიფო ელოდება პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ლიტვია, ესტონეთი, სლოვენია, კვიპროსი და მალტა. ამათ ჰპირდებიან, რომ 2007 წლისთვის ამ ორგანიზაციის წევრები გახდებიან. ხოლო დეკემბერში ჩატარდება მოლაპარაკება მათი ამ ნატვრის განხორციელების პირობათა შესახებ. კიდევ ერთ პრეტენდენტს - თურქეთს - არც ვადას ეუბნებიან და არც მიღების პირობას აძლევენ მანამდე, სანამ იქ დამაკმაყოფილებელი დემოკრატიული პირობები არ შეიქმნება (მხედველობაში აქვთ, არსებითად, ქურთების ეროვნულ უფლებათა დაცვა). მაგრამ აქა-იქ კითხვაც ჩნდება, არის თუ არა ევროკავშირი ისეთი ყოველმხრივ მიმზიდველი ორგანიზაცია, როგორადაც ერთი შეხედვით ჩანს? ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში მას საკუთარი პრობლემები არ აკლია. ამათი არსი, ზოგადად რომ ვთქვათ, ის არის, რომ ზოგი სავალდებულო შეზღუდვა, რომელსაც ამ კავშირის წევრობა გულისხმობს, მათ თავისთვის საზარალოდ მიაჩნიათ. ერთი ასეთი შეზღუდვა არის აკრძალვა, რომ წევრმა-სახელმწიფომ თავისი საბიუჯეტო დეფიციტი მთლიანი ეროვნული პროდუქტის 3+-ზე ზევით აუშვას. შეთანხმებულია, რომ ბიუჯეტთა დაბალანსება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2004 წლისა. მაგრამ პორტუგალიამ უკვე დაარღივა ეს 3%-იანი ლიმიტი და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებსაც, როგორიც გერმანია და საფრანგეთია, ძლიერი ტენდენცია აქვთ იგი გადალახონ: გარდა ამისა, ევროს შემოღებამ, რომელმაც შიდაევროპული კავშირურთიერთობები გააადვილა და გააიაფა, მეორეს მხრივ, ევროპის ყველაზე ნაკლებ რეფორმირებულ დიდ ეკონომიკას - გერმანიისას - მოუტანა უფრო მაღალი პროცენტის გაჩენა კაპიტალზე, ვიდრე ეს მისთვის ხელსაყრელია და ვიდრე ეს მის მთავარ კონკურენტ ქვეყნებში - აშშ-სა და იაპონიაში - არსებობს. პოლიტიკური მიმართულებითაც საქმე მარტივად არაა, რადგან ევროსაბჭოს კონსტიტუციაში (დებულებაში), რომელიც დღესდღეობით არ არსებობს და რომელშიც თავმოყრილი იქნება დღემდე დადებული ყველა შეთანხმება იმ ახლებთან ერთად, რომლებმაც არსებული თეთრი ლაქები უნდა შეავსონ, მოსალოდნელია, ისეთი პუნქტები აღმოჩნდეს, რომლებიც არაპოპალურალი იქნება ევროპელებში მათი ურთიერთინტეგრაციის ზედმეტი ხარისხის გამო (ასეთი კონსტიტუცია დღემდე არ შემუშავებულა, ხოლო იმ დიდ შეთანხმებებს, რომლებიც უკვე არსებობს, ინგლისის საგარეო მდივნის ჯეკ სტროუს აზრით, შთამბეჭდაობა აკლია, რის გამოც იგი მაინცდამაინც ვერ აღაფრთოვანებს ძველსა და ახალ წევრებს. იხ. THE ECONOMIST, 12.X.2002, გვ. 37). ყველაზე მძიმე პუნქტი ეკონომიკურ პოლიტიკაში წევრი-ქვეყნებისათვის არის ფერმერებისათვის გადასახდელი დახმარების შეზღუდვის მოთხოვნა, რომელიც, პერსპექტივაში, სოფლის მეურნეთა სუბსიდირების სრულ აკრძალვად უნდა იქცეს. ამ მიმართულებით კავშირის მიერ წაყენებული მოთხოვნები ლამის "საბჭოურ სტილშია" გამართული. ფრიად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისუსტე: იმ ფორმით და ხელმძღვანელთა იმ ექვსთვიანი როტაციით, რომელიც იქ დღეს არსებობს, ქმედითობის მიღწევა ძნელია (ასე ფიქრობს ზემოხსენებული საგარეო მდივანი სტროუც). მაგრამ პოლიტიკური ამოცანები არის და პასუხს მოითხოვს, თუნდაც ერაყის მომავალ შეიარაღებულ კონფლიქტთან დამოკიდებულების საკითხი, სადაც ზოგნი ემხრობიან ან მიემხრობიან ამერიკელების სამხედრო აქციას, ზოგნი კი (გერმანია) კატეგორიულად ემიჯნებიან და ბოლომდე გაემიჯნებიან მას. კითხვა "ღირს თუ არა შესვლა ევროკავშირში?" ბუნებაში უკვე არსებობს. მას სვამს (ჯერჯერობით ყრუდ) თურქეთის ზოგი პოლიტიკოსი, რომელსაც არ ეთმობა ქურთების წინააღმდეგ ხელგახსნილი მოქმედების უფლება ევროპასთან შემდგომი დაახლოების ეშხით.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |