|
"საქართველო "
კრიმინალური სნაიპერი და პოლიტიკა
ამ ცოტა ხნის წინ ამერიკაში პოლიციამ შეიპყრო სნაიპერი, რომელმაც 2 ოქტომბრიდან ხელი მიჰყო დიდი მანძილიდან ნადირობას "არაფერ შუაში მყოფ" ადამიანებზე: მოკლა კაცი, რომელიც თიბავდა, დიასახლისი, რომელიც ჩანთაში საყიდლებს ალაგებდა და ა. შ. თითქმის ყველა მისი მსხვერპლი ადგილზე მოკვდა. თავხედმა დამნაშავემ პოლიციას თავისი სავიზიტო ბარათიც დაუტოვა: "ძვირფასო პოლიციელო, მე ღმერთი ვარ". ამ სენსაციურმა მკვლელობებმა დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების ძალიან ფართო ფენების პოლიტიკურ განწყობილებაზე. სახელდობრ (ცხადია!), მან გააძლიერა ისინი, ვინც მხარს უჭერს იარაღის შეძენასა და ფლობაზე კონტროლის რადიკალურ გამკაცრებას, ან, სულაც, მის აკრძალვას. აქამდე იარაღის აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიოდნენ დემოკრატები (და ალ გორმაც, როგორც თვლიან, თავის საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენსამე შტატში სწორედ ამიტომ წააგო), მაგრამ ახლა კი, თითქოს, აკრძალვისკენ გადაიხარნენ. იარაღის დაშვება-არდაშვება ამერიკელებისათვის ძალიან ამაღელვებელი თემაა და ამ დამოკიდებულებას, თურმე, თავისი ძალიან მკაფიო გეოგრაფიული და სოციალური რუკა აქვს. სახელდობრ, ქალაქების გარეუბნები გამწარებით ემხრობიან ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვას, რადგან მისგან მიყენებული ვნება მუდამ ცოცხალია მათ თვალწინ. ქალაქების ცენტრალური უბნების მაცხოვრებლებს ამ თემისადმი უფრო მშვიდი დამოკიდებულება ახასიათებთ, რადგან, თუმცა მსხვერპლი ბევრი უნახავთ, ამ მდგომარეობას შეჩვეულები არიან. შეიარაღების ყველაზე გულმდუღარე დამცველნი კი სოფლის მაცხოვრებელნი არიან, რომელთათვისაც იარაღი, ტრადიციულად, მესამე ხელია. კითხვა დგას: რა ტაქტიკა უნდა აირჩიოს ამ საკითხში ხმების მაძიებელმა პოლიტიკურმა კანდიდატმა, რომელსაც მკაფიო "ჰოს" ან "არას" უთქმელობას არავინ შეარჩენს? პასუხის ერთი ნაწილი ნათელია: სოფლის მოსახლეობაზე წინ მან ჯობია გარეუბნებისა დააყენოს, რადგან პირველი მცირდება, მეორემ კი ზრდის აფეთქება განიცადა და დღესაც ამ სწრაფი ზრდის პროცესშია.
(THE ECONOMIST)
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |