|
"საქართველო "
თავისუფლება თუ უსაფრთხოება?
ეს ადამიანის ერთ-ერთი უძველესი და უმძიმესი არჩევანი გახლავთ. ბოლოსდაბოლოს, მონაც იმიტომ ჩნდება, რომ ვიღაცამ ბრძოლის ველზე სიკვდილს იარაღის დაყრა და როგორც თავისი, ისე თავისი მომავალი შთამომავლობის სხვის საკუთრებად გახდომა არჩია. დღეს ტერორიზმის რეალური საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანაში მოსახლეობის ფართო მასა ანალოგიური პრინციპული არჩევანის წინაშე დადგა. გაწოდებთ (შემოკლებით) THE ECONOMIST-ის მსჯელობას ამ არჩევანზე და მის დღევანდელ ფორმაზე. 11 სექტემბრის ტერაქტს ბუშმა უწოდა "თავდასხმა თავისუფლებაზე". ჟურნალის მოსწრებული სიტყვით, მას შეიძლება ეწოდოს აგრეთვე "დარტყმა თავისუფლების გზით". რადგან ტერორისტებმა ამერიკული საზოგადოების სწორედ ეს ღიაობა გამოიყენეს. ახლა, დასავლეთის ხელისუფლებანი რომ ცდილობენ ანალოგიური დარტყმებისათვის საჭირო ყველა საძრომების ამოქოლვას, ბევრს ეშინია, რომ ისინი გარდუვალად მოამთავრებენ იმას, რაც ტერორისტებმა დაიწყეს - შეკრეჭენ სწორედ იმ თავისუფლებებს, რომელთათვისაც იბრძვიან. ბუში, რომელიც ხელისუფლებაში მივიდა იმ ზრახვით, რომ შეეკვეცა მთავრობის უფლებამოსილებათა ზომა, დღეს სწორედ ამ უფლებამოსილებათა ზრდას მეთვალყურეობს. ზოგი ამ მატებათაგანი შედის ახალ პროგრამათა და ახალნაირ აქტივობათა გეგმაში. მაგრამ ზოგი სხვა არა არის რა, თუ არ "ეფ-ბი-აის" (გამოძიების ფედერალური ბიუროს) და პოლიციის მიერ უშუალოდ კატასტროფის მომენტში გადადგმულ ნაიძულებ ნაბიჯთა ასახვა. საგანგებო ვითარების წესთა შესაბამისად დაკავებულთა რაოდენობამ უკვე 350 ათასი შეადგინა. ბრიტანეთში ახალი ძალა შეიძინა კამათმა შინაგანი საიდენტიფიკაციო ბარათების (პირადობის მოწმობების) შემოღების საჭიროების შესახებ. მრავალი ქვეყნის მთავრობები ეძებენ ანტიტერორისტული კანონების ახალ ფორმებს, მეთვალყურეობით და დაკავებით დაწყებული და ფინანსური შემოწმებითა და რასობრივი ნიშნის მიხედვით ადამიანთა კლასიფიკაციით დამთავრებული. როგორც პრესაში ითქვა, "ათასები დაიღუპნენ, მილიონებს სამოქალაქო თავისუფლებები წაერთვათ". პოლიტიკოსები პასუხობენ, რომ თეორიული თავისუფლებები ვერაფერში არგიათ ტერაქტის დროს დაღუპულებს. მაგრამ კამათის ორივე მხარეს ჰმართებს ერთი ფუნდამენტური კითხვის გათვალისწინება: სად უნდა მოთავსდეს ბალანსის წერტილი უსაფრთხოებასა და სამოქალაქო თავისუფლებას შორის? მეორეთა მომხრეებმა იმით უნდა დაიწყონ ბალანსის ძებნა, რომ დაგვეთანხმონ, რომ მიუხედავად მათი რიტორიკისა, ბალანსის რაღაცა წერტილები მუდამ იძებნებოდა და მუდამ ძალაში იყო. თვით ძირითადი თავისუფლებებიც კი, - მაგალითად, სიტყვისა - აბსოლუტური არაა. თუ გაჭედილ თეატრში დაიყვირებთ "ხანძარია!", დაგიჭერენ. თავისუფლებათა შეზღუდვა ყველაზე უფრო ხშირად თავდაცვის სფეროში ხდება. დემოკრატიათა უმრავლესობა უკვე, აქამდისაც, გარკვეულ უფლებამოსილებებს აძლევდა თავის პოლიციელებს და ფართო არეალს უტოვებდა ინფორმაციის გასაიდუმლოებას. ბევრი მათგანი თავის მოქალაქეებს პირადობის მოწმობის ტარებასაც სთხოვდა. მეორეც. თავისუფლების დამცველებმა უნდა აღიარონ, რომ თავისუფლების თვალსაზრისით 11 სექტემბერს მსოფლიომ ცვლილება განიცადა. თუმცა ყველაზე დრამატულად ეს ამერიკაში მოხდა, სადაც მანამდე ტერორისტული თავდასხმები შედარებით ცოტა იყო მომხდარი, თვით იმ დასავლური ქვეყნების წინაშეც, რომლებსაც უფრო მეტი ასეთი აქტები ენახათ. 11 სექტემბერს მომხდარმა საშიშროების ახალი დონეები გადაშალა. მსხვერპლის რაოდენობაც, გაფრთხილების სისტემის არარსებობაც, სამოქალაქო თვითმფრინავის გამოყენებაც - ყოველივე ეს საფუძველი უნდა იყოს დაცვის ძველი პროცედურებისა და დადგენილი თავისუფლებების გადასინჯვისთვის, თუნდ აეროპორტში ჯაყვის ყიდვას ეხებოდეს ეს, თუნდ დანომრილ ანგარიშზე ფულის შეტანას. მეორე მხრივ, ავტორიტარისტებმაც უნდა აღიარონ, რომ 11 სექტემბერს თუმცა ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ყველაფერი არ შეცვლილა. ყველა დაშვებული შეცდომა როდი წარმოდგება აღვირაყრილი თავისუფლებისაგან. პირადობის მოწმობათა ტარება დიდად არ შეაწუხებთ ბრიტანელებს, რომელთაც უმისოდაც ბევრნაირი პლასტმასი დააქვთ ჯიბით. შემაწუხებელი მხოლოდ ის იქნება, თუ მათ დააკავებენ ან ეჭვმიტანილად ჩათვლიან იმის გამო, რომ მოწმობა შინ დარჩათ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ "იდენტობის ქურდობა" ანუ ყალბი მოწმობების მოპოვება შესაძლებელია და ამ დანაშაულს უკვე დიდი მასშტაბები აქვს. ამგვარად, კატასტროფის მიზეზია მუშაობის არაეფექტურობა და, ამასთანავე, ინფორმატორთა არყოლის დრომოჭმული პრინციპი, თუმცა კანონები სატელეფონო მოსმენათა აკრძალვის შესახებ ამ მინუსის განეიტრალებას ხელს ვერ შეუწყობდა. აუცილებელია კარგად განვასხვავოთ დროებითი, საგანგებო ზომები ერთის მხრივ და სამუდამოდ სასურველი ზომები მეორე მხრივ. ომთან დაკავშირებული გამკაცრება მეთვალყურეობისა და დაკავების უფლებისა აუცილებელია ყველა ქვეყანაში, რომელიც საპასუხო დარტყმას მოელის. მაგრამ ასეთი უფლებამოსილებების მიცემა დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი სიტუაციებისათვის და მათი შემოღების გადაწყვეტილება მისაღებია მხოლოდ დემოკრატიული ფორუმის წინაშე. ამ უფლებათა გამოყენება უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ იურიდიულ კონტროლს ყოველი ცალკე შემთხვევის მიმართ - როგორც წინდაწინ, ისე პოსტ ფაქტუმ. საკითხს ართულებს ის, რომ სიფრთხილის ზომები მისაღები იქნება სამომავლოდ არა მხოლოდ ხილული, არამედ უხილავი მტრების საწინააღმდეგოდაც, რომელთა არსებობა მომხდარმა ტერაქტმა ცხადყო. ეფექტიანი დაცვა აეროპორტებშიც, თავისთავად, თავისუფლების შელახვაა, რადგან იგი მოითხოვს დროს, ჩხრეკას, მრავალ მომაბეზრებელ პროცედურას. მაგრამ საზოგადოება ამას ყველაფერს ნებაყოფლობით მიიღებს, თუ ეს ზომები არ იქნება დისკრიმინაციული, თუ იქნება კონტროლირებადი და თუ მათი მიღება მუდამ მოხდება ხალხის აზრის გათვალისწინებით, თუნდაც მის არჩეულ წარმომადგენელთა სახით.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |