"საქართველო "
# 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი

ჰამაზის მიზნები

ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ისლამისტური ორგანიზაცია, რომელსაც ფაქტობრივად მთელი დღესდღეობით არაბული პალესტინის კონტროლი აქვს და რომელიც ახორციელებს "თვითმკვლელთა ტერორის" დიდ ნაწილს ისრაელის შიგნით. ამ ცოტა ხნის წინ ისრაელის ჯარებმა სცადეს ჰამაზის მთავარი ლიდერების შეპყრობა გაზაში, მაგრამ იმათ გარიდება მოასწრეს. დაიღუპა 16 პალესტინელი. ებრაელებმა ამ ოპერაციას წარმატებული უწოდეს. ჰამაზი დარწმუნებულია, რომ ეს მცირე შესავალია იმ მასირებული დარტყმისა გაზისკენ, რომელსაც ისრაელი აპირებს იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება ერაყის მომავალი ომისკენ იქნება მიპყრობილი.

პალესტინელებში შინაგანი სისხლისღვრაც არის, კერძოდ - პალესტინის ოფიციალურ ადმინისტრაციასა და მებრძოლ ორგანიზაციებს, მათ შორის - ჰამაზს შორის, რომელნიც ღია სამხედრო და ტერორისტული მოქმედების მომხრენი არიან.

მათი ეს პოზიცია ემყარება ისრაელის პრემიერ-მინისტრის შარონის სურვილს, რომ საკითხი სამხედრო ძალით გადაწყვიტოს, განხეთქილებებს არაფატის პოლიტიკურ მოძრაობაში და საყოველთაო მხარდაჭერას ოკუპირებული ტერიტორიების - იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და გაზას - მოსახლეობის მხრიდან. ჰამაზის პოზიცია იმდენად არაფატის ხელისუფლებასთან დაპირისპირება არაა, რამდენადაც მისი მორყეული რეჟიმისათვის ალტერნატივის შექმნა და ფუნქციონირება. ჰამაზის ოპერაციები, როგორიცაა თვითმკვლელთა ტერორი და ცეცხლის გახსნა (ნაღმმტყორცნთა ცეცხლის ჩართვით) ისრაელის სამხედრო ბაზებისათვის ან ებრაული დასახლებებისათვის, ხან ერთმხრივად ტარდება, ხან სხვა ორგანიზაციების მილიციასთან (მოხალისე ლაშქართან) ერთად, როგორებიცაა "ფათაჰი", "ისლამური ჯიჰადი" და "პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი".

არაფატმა და მისმა ორგანიზაციამ "ფათაჰმა" გასულ აგვისტოში სცადეს დაახლოება "ინტაფადასთან" ანუ არაბების არაოფიციალურ სამხედრო მოძრაობათან მის მთლიანობაში, სახელდობრ, მათ უნდათ ამ უკანასკნელის მიერ იმის აღიარება, რომ მისი მიზანია პალესტინური სახელმწიფოს დაარსება გაზას ზოლში და მარცხენა სანაპიროზე და რომ შეიარაღებული წინააღმდეგობის ეს მოძრაობა თავის მოქმედებას არ გაიტანს ამ ტერიტორიის გარეთ (ე. ი. ისრაელის სახელმწიფოში). მათ უნდოდათ აგრეთვე მომავალ არჩევნებამდე ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა. ჰამაზი შეყოყმანდა ამ ბოლო წინადადებებზე, ხოლო რადიკალური კრიტიკული გამიჯვნა მიზნების თაობაზე მოხდა. დაეთანხმა რა იმაზე, რომ უშუალო მიზანია ოკუპაციის შეწყვეტა, მან არ დათმო ლტოლვილთა პრეტენზიები მიწაზე. ებრაელთა გასვლა 1967 წელს დაკავებული ტერიტორიებიდან (რაც ჰამაზის პირდაპირ მიზანთა რიცხვში ეშდის), მისი ლიდერების თქმით, არ ნიშნავს კონფლიქტის დამთავრებას.

"ჰამაზის ბრძოლა პალესტინაში არის ალი, რომელიც დააგზებს ისლამური მოძრაობების ცეცხლს ყველგან, სანამ ეს ალი ანთია, ისლამისტებს შეუძლიათ მასების დარაზმვა ყველგან, ჩვენი მიზანი უფრო მცირეა: ჩვენ გვინდა თავისუფლება" - თქვა არაბების ერთ-ერთმა საერო ლიდერმა. THE ECONOMIST-ის აზრით, ამ ცეცხლს ძალუძს დაწვას პალესტინის ორსახელმწიფოვანი მოგვარების ყოველგვარი პერსპექტივა და ბოლო მოუღოს არაფატის ადმინისტრაციას.

პალესტინელებს მიაჩნიათ, რომ "ჰამაზის" ჩართვა პალესტინის ადმინისტრაციის სისტემაში, როგორც მშვიდი ოპოზიციისა, ვერ მოხდება. გამოსავალი შეიძლება მხოლოდ გარეგანმა დახმარებამ მოიტანოს, რომელიც არ ჩანს. პალესტინელებს მიაჩნიათ, რომ ჰამაზი ვერ დაითრგუნება, სანამ ისრაელის პოლიტიკა არაბების მიმართ არ შეიცვლება იმდენად, რომ მათ "ნორმალური ცხოვრება შეექმნათ", და არ იქნება საერთაშორისო გარანტია, რომ ოკუპაცია დამთავრდება. მანამდე კი "ყოველი პალესტინელის სიკვდილით ჰამაზი ძლიერდება".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com