"საქართველო "
# 13 (1785)
5-18 ნოემბერი, 2002 წელი

რატომ ითრევენ ფეხს ევროპელები ერაყის ომში მონაწილეობაზე?

(მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, მათ დიდი სურვილი აქვთ ამერიკელების სტრატეგიულ მოქმედებეში ჩართვისა)

ამ კითხვის პასუხს ეძებს "ფაინენშელ ტაიმსის" ავტორი ფილიპ სტივენსი. მისი აზრით, ევროპის დღევანდელი პოზიცია მის სისუსტეს ავლენს. ევროპელები, გარდა ტონი ბლეირისა, ფიქრობენ, რომ ომი მათ წარმატებას არ მოუტანს, მაგრამ თუ ამერიკელებმა შეუტიეს ერაყს, ევროპელი ლიდერებიც უხალისოდ ჩაგდებიან მათ რიგებში. რატომ?

"ქორული" განწყობილების ამერიკელი ანალიტიკოსები ამის ერთადერთ მიზეზად ევროპელთა სისუსტეს თვლიან. იმის თქმა, რომ ახლო აღმოსავლეთის გაღიზიანებისა ეშინიათ, სწორი არ იქნება, რადგან დიქტატორის დაშოშმინების პოლიტიკას, როგორც ცნობილია, შედეგი ვერ მოაქვს. ფრანგებსა და გერმანელებსაც რომ სტელსის ტიპის ბომბდამშენები ჰყავდეთ და გონიერი რაკეტები ჰქონდეთ, მათი მისწრაფება სხვა იქნებოდა, რადგან ჰუსეინის გადაგდება ყველას უნდა. მაგრამ სინამდვილეში, ავტორის აზრით, მიზეზია არა ერაყის შიში, არამედ ამერიკისა. მათ ძალიან არ უნდათ, რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ერაყში შევიდნენ და იქ საოკუპაციოდ დარჩნენ (რაც ნიშნავს, ცოტათი მაინც, ამერიკელთა ჩაფლობას ამ ამოცანაში), მაგრამ კიდევ უფრო აშინებთ მათ ის, რომ, თუ ეს მოხდა, ამუშავდება "ერთადერთი სუპერძალისადმი წინააღმდეგობის გაჩენის" მსოფლიო სისტემა, და, ამასთან დაკავშირებით, ტრანსატლანტიკურ სტრატეგიულ კავშირსაც, ანუ ამერიკა-ინგლისის კავშირს საფრთხე დაემუქრება.

ძლიერი ევროპისთვის, რომელიც დარწმუნებული იქნებოდა საკუთარ შეკავშირებულობაში და სამხედრო ძალებში, საქმე სხვაგვარად იქნებოდა. მას არ შეეშინდებოდა ერაყის მომავალი სამხედრო კონფლიქტისა და არ იდარდებდა, თუ ამერიკელებიც მას ერთმხრივად (ანუ მარტონი) დაიწყებდნენ. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ აშშ თავდაცვის მდივანი რასმფელდიც კი, რომელიც ჯიუტად ადგას თავის არაფრთხილ კონცეფციას, ერთი-ორჯერ კიდევ დაფიქრდებოდა, სანამ მოქმედებას დაიწყებდა. მაგრამ ევროპა სუსტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ძალუძს გადააიარაღოს და გადაასტრუქტუროს თავისი შეიარაღებული ძალები ცივი ომის დამთავრების აქეთ, არამედ იმიტომაც, რომ მას აკლია შინაგანი ძლიერებაც, თავდაჯერებულობაც და ეკონომიკური წარმატებაც. გარდა ამისა, მისი სისუსტეა ერთიანი პოლიტიკური ლიდერობის უქონლობაც.

ევროპისთვის ძალიან დამძაბავია ევროკავშირის რადიკალური გარდაქმნაც, რაც მას დღე-დღეზე მოელის ათი ახალი წევრის მიღების სახით. მისი ამ გაფართოების სტრატეგიული პლუსები ნათელია: ესაა ლიბერალური დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გატანა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში. მოგებაა ახალი ბაზრები და ინვესტიციის ახალი შესაძლებლობები, აგრეთვე ახალი მუშახელის შემოდენა დასავლეთი ევროპის შებერებული მოსახლეობის დასახმარებლად. მაგრამ ევროპის ლიდერები ამაზე სიხარულს არ გამოთქვამენ, პირიქით, მათ, უფრო, ავი წინათგრძნობა აწუხებთ. რატომ არ უნდათ მათ ევროკავშირის გაფართოება? ჯერ ერთი, ისინი ჩურჩულებენ, ეს ამომრჩევლებს არ უნდათო. ამ უკანასკნელებს ისლამისადმი ქსენოფობია სჭირთ და, ამასთან, იმიგრაციისა ეშინიათ. არც ის უნდათ, რომ მათგან აკრეფილი გადასახადები ჩეხებსა და სლოვენებს მოჰხმარდეთ, ფერმერებს კი, დამატებით, ეშინიათ, რომ ბრიუსელის (სადაც ევროკავშირის ცენტრია) დიდი სუბსიდიები მათი ჯიბის ნაცვლად პოლონელების და სლოვენების ჯიბეებში წავა.

ავტორის აზრით, ამომრჩეველთა ასეთი დამოკიდებულება საყვედურს არ იმსახურებს, რადგან მათ მათმა პოლიტიკურმა ლიდერებმა აქამდე არ აუხსნეს, რომ დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთ ევროპელთა იმიგრაცია თვითონ სჭირდება, თუ უნდა, რომ კეთილდღეობის დღევანდელი დონე შეინარჩუნოს. მათ არ აუხსნეს, რომ კავშირის გაფართოება ხელს შეუწყობს რეალისტური პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც, მაგალითად, არ მოიცავს სოფლის მეურნეობის იმ უზომო სუბსიდირებას, რომლის მიზანია ამ მეურნეობის სტიმულირება და რომელსაც ბიუჯეტების ნახევარი მიაქვს. რაც შეეხება სამუშაო ადგილების ნაკლებობას, მისი მიზეზი, ავტორის აზრით, არის არა იმიგრაცია, არამედ "არასწორი პოლიტიკა შიგნით". ისეთი პოპულისტები, როგორიცაა, მაგალითად, ლე პენი, ყალბ შთაბეჭდილებას უქმნიან მასას, თითქოს გამოსავალი იმაში იყოს, რომ რაც შეიძლება მძიმე პირობები შესთავაზოთ ახალ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ევროკავშირს კარებზე უკაკუნებენ და შეშვებას ევედრებიან.

ავტორი თვლის, რომ ევროპის ყველა ამ სისუსტეთა წყაროა ევროპის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გაბედულ რეფორმებს გაურბის, რასაც ხელს უწყობს ის, რომ მის სათავეში ისეთი პოლიტიკოსების თაობა დგას, რომელთაც ამგვარი ვერგაბედვის გრძელი გამოცდილება აქვთ.

"საქართველოს" რედაქციისაგან: მკითხველს შევახსენებთ, რომ ევროპელთა არაოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ პუნქტად კრიტიკოსები ასახელებენ მის გადატვირთულობას სოციალური დაცვის ამოცანებით, რაც მის კონკურენტუნარიანობას ამცირებს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com