|
"საქართველო "
ალტერნატიული ენერგია ელგუჯა ჩხაიძე
საქართველოში მოსახლეობა ისე შეეჩვია სახელმწიფო კრიზისსა და პრობლემებს, რომ შიმშილი, სიცივე და სიბნელე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ქრონიკული სიღატაკე და ეკონომიკური სიდუხჭირე ენერგეტიკის დარგის დანგრევითა და მოშლითაა გამოწვეული. წლების მანძილზე გაურემონტებელი ენერგობლოკები და დანადგარები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან მწყობრიდან. ხოლო საბაზისო თბოელექტროსადგური, რომელიც სახელმწიფოსთვის საბაზისო ელენერგიას გამოიმუშავებდა, უცხოელებს ჩალის ფასად მივყიდეთ, მათ კი დაუდევრობით თუ შეგნებულად (ესეც არ გამოუკვლევიათ) ააფეთქეს და დღეს საქართველოს არ გააჩნია საბაზისო ელენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანას კრიზისს ააცილებს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი საქართველო დღეს ისე მიჰყვება დინებას, რომ ამ კრიზისის დაძლევის პროგრამა არც გააჩნია. არ არსებობს ალტერნატიული ენერგომომარაგება. ამან კიდევ უფრო გააღრმავა ელენერგიის კრიზისი. ენერგეტიკოსები კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ საშუალებად ალტერნატიული საწვავის, კერძოდ, თხევადი გაზის მოხმარებას მიიჩნევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ენერგეტიკის ერთ-ერთ ღვაწლმოსილ სპეციალისტს ბატონ შალვა ზარანდიას. - უკანასკნელ წლებში სოციალური დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზად ენერგოშემცველი რესურსების მაღალი ფასები და მასთან დაკავშირებული დეფიციტი სახელდება. განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობასთან გვაქვს ურთიერთობა საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სექტორში, სადაც საოჯახო-ენერგეტიკული კალათის ღირებულება მნიშვნელოვანწილად მაღალია, ვიდრე მომხმარებელთა მსყიდველობითი უნარიანობა. საოჯახო ენერგეტიკულ მოხმარებაში ფაქტობრივად უმნიშვნელოა თხევადი გაზის წილი, თუმცა ამ რესურსით 1980-იან წლებში სარგებლობდა 740 ათასამდე აბონენტი. მიზეზი მარტივია. კერძოდ, თხევადი გაზის იმპორტი იბეგრება 20% დღგ-თი 60% აქციზით, საბაჟო მოსაკრებელით და ეკოლოგიური გადასახადით. ჯამში თხევადი გაზის საცალო ფასი მის საიმპორტო ფასებთან შედარებით 2,5-ჯერ არის გადიდებული და მოსახლეობას არ ძალუძს მისი საჭირო რაოდენობით შეძენა. გარდა არამართლზომიერი დაბეგვრისა, თხევადი გაზის ამჟამად მოქმედი საცალო ფასი არ შეესაბამება კალორიული პროპორციის პრინციპს, ვინაიდან მომხმარებლებისათვის უფრო ეკონომიურია გამოყენება, თუმცა ცნობილია, რომ ელექტროენერგიის თბური კალორია 3-ჯერ უფრო ძვირი უნდა იყოს, ვიდრე თხევადი გაზისაგან მიღებული სითბო. ამ მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერებას უკვე რამოდენიმე წელი დასჭირდა, რისშედეგად თხევადი გაზის მოხმარება საშუალოდ 10-ჯერ არის შემცირებული. შედეგმა, ცხადია, არ დააყოვნა. იფლანგება და არადანიშნულებით გამოიყენება ელექტროენერგია, იჩეხება ტყის მასივები შეშის დასამზადებლად, საოჯახო ენერგეტიკული კალათის დეფიციტი, როგორც წესი, დატაცებული ელექტროენერგიის ხარჯზე ივსება და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნილია ელექტროენერგიის ქრონიკული დეფიციტი. თხევადი გაზის ბაზრის მოწესრიგებისა და ამ რესურსების უაზრო დაბეგვრისაგან განთავისუფლების საკითხი კომპეტენტური სპეციალისტების მუდმივი მსჯელობის საგანია, რომელიც მთავრობის დონეზე სწარმოებს, მაგრამ მისი გადაწყვეტა ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ისეთი ალტერნატიული სათბობი, როგორიც ბუნებრივი გაზია, აქციზით დაბეგვრას არ ექვემდებარება, თუმცა ეს რესურსები ყველა შემთხვევაში იმპორტზეა ორიენტირებული. საგულისხმოა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში დღემდე შენარჩუნებულია თხევადი გაზის შედარებით მარტივი, მაგრამ საიმედო ინფრასტრუქტურა და თუ სათანადო ცვლილებები შეტანილი იქნება მოქმედ საგადასახადო კოდექსში, კრიზისში მყოფ ენერგეტიკულ სექტორს წელიწადში 140 ათასი ტონა პირობითი სათბობი დაეზოგება, ხოლო მოსახლეობას განსაკუთრებით სოფლებში რადიკალურად გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები და შეწყდება ტყის მასივების ბარბაროსული განადგურება. მთავრობას, ამ ღონისძიების მოსაწესრიგებლად არავითარი დაბრკოლება არ ექმნება. საჭიროა მხოლოდ გადაწყვეტილება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |