|
"საქართველო "
თავისუფლება თუ უსაფრთხოება?
ამ მარადიულ არჩევანს ჟურნალი "THE ECONOMIST" ნაღვლიან ვრცელ კომენტარს უძღვნის. უდავოა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას ურჩევნია, აეროპორტში თუ საჯარო დაწესებულებაში შევლისას ჩანთა გაუჩხრიკონ, ვიდრე ხედავდეს, რომ ყველა მსურველი განუკითხავად შედის-გამოდის პოტენციური ამფეთქებლის ჩათვლით, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს და ამ ზომის დაცვა უფრო ძნელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ზოგ ქვეყანაში თავისუფლების ხარისხი ანტიტერირისტული ბრძოლის დაწყების წყალობით გაიზარდა (მაგალითად, ავღანეთში, განსაკუთრებით - ქალებისთვის), მაგრამ ზოგან დაზარალდა. მათ შორის თვით შეერთებულ შტატებშიც კი. ჟურნალს ასეთი დაზარალების რამდენიმე ნიმუში მოჰყავს. ერთი ის არის, რომ ხდება არსებული კანონის გვერდის ავლა. სახელდობრ, ეჭვმიტანილთა გარკვეული კატეგორია რჩება ვექილის გარეშე (პირველ ხანებში) და მათი პატიმრობა გრძელდება უსასასამართლოდ. მეორეც, ირღვევა ექსტადიციის პროცედურა, როცა ერთ ქვეყანაში შეპყრობილი ეჭვმიტანილი მეორე ქვეყანაში გადაჰყავთ, მაგალითად, ინდონეზიიდან - ეგვიპტეში ან იორდანეში, სადაც დაკითხვაში წამების გამოყენება არსებობს. მესამეც, სამხედრო კომისიებს რომ ტერორისტების გასამართლების უფლება ეძლევათ, ეს სასამართლოს უგულებელყოფაა. დასასრულ, გამოიყენება თვალთვალის (მათ შორის - მოქალაქეების მიერ ერთმანეთის თვალთვალის) სისტემა. ამ კონტექსტში ჟურნალი იხსენებს არც თუ შორეული ისტორიის სამწუხარო მაგალითებს, როგორიცაა "მეტისმეტად მკაცრი" დევნა კომუნისტებისა და ანარქისტებისა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და 110 ათასი იაპონელის ინტერნირება მეორე მსოფლიო ომის დროს. უკეთეს დღეში არც სხვა ქვეყნების მოქალაეები არიან. "ქვეყნების უმრავლესობამ ისარგებლა 11 სექტემბრის ტერაქტით, რათა გაეზარდა სიმკაცრე უსაფრთხოების სახელით". "საერთო" ყველა ამ სიახლეებისათვის, ისევე როგორც ბუშის შესაბამისი ნაბიჯებისათვის, ჟურნალის სიტყვით, არის "ის გრძელვადიანი მიზანი, რომელიც მათ უკან დგას". თვით ინგლისშიც კი ამ ტერაქტს მოჰყვა ცდა, რომ ძალიან გაფართოებულიყო მთავრობის უფლებამოსილებები ინფორმაციის მიღებაში ელექტრონული ფოსტიდან და კომუნიკაციის სხვა საშუალებებიდან. გარდა ამისა, იყო ცდა, შინაგან საქმეთა უწყებას მისცემოდა გარკვეული კატეგორიების უცხოელთა დაკავების უფლება მათთვის ბრალდების წაყენების გარეშე. მაგრამ ეს აქტები ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული და ვერ ამოქმედდა. ევროპის სხვა სახელმწიფოებმა გააფართოვეს პოლიციის უფლება სხვა ქვეყანაში პიროვნების დაკავებისა 32 დანაშაულის გამო (და არა მხოლოდ ტერორისტებისა), მათ გააფართოვეს "ტერორისტული ჯგუფის" ცნება და შემთხვევით ისარგებლეს, რათა გაემკაცრებინათ კანონმდებლობანი იმიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების შესახებ. ამერიკული ტერაქტი რომ არა, ესპანეთში ვერ აკრძალავდნენ "ბატასუნას". ბევრგან გამკაცრდა მანქანების კონტროლი. კომპანიებს დაევალათ მათ კლიენტთა ელექტრონული კორესპონდენციის და საუბრების შენახვა ერთი წლის განმავლობაში. უშიშროების სამსახურებს გზა გაეხსნათ ბანკების დოკუმენტაციისკენ. "ევროპის განაპირას რუსეთმა, რომელიც ჯიუტად ცდილობს ამერიკელებთან დაახლოებას, მეორე მხრივ გამოიყენა შემთხვევა ჩეჩნეთზე ზეწოლისათვის. თუმცა მრავალი საბუთი არსებობს იმისა, რომ ჩეჩნეთის ომი მხოლოდ ისლამურ ექსტრემიზმს არ უშვია. რუსეთი ძალიან ცდილობს საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოს ეს ომი მხოლოდ ოდნავ მეტია, ვიდრე ტერორიზმთან ბროლა. თუმცა ჩეჩნეთი სავსეა ისლამელი ექსტრემისტებით, მათი იქ ყოფნა არ არის გამართლება თვით რუსეთის ტერორისტული ტაქტიკისთვის ამ ქვეყანაში. მაგრამ რუსეთი დაცულია გმობისაგან ამ მიმართულებით, პირველ ყოვლისა, იმის წყალობით, რომ ამერიკელებს თვითონ ანტიტერორისტული პრობლემები აქვთ". ინდოეთმა დააკანონა პოლიციის უფლება, 90 დღით დააკავოს ეჭვმიტანილი სასამართლოს გარეშე და ჩვენებები მიიღოს არაიდენტიფიცირებული მოწმეებისაგან. გარეგნულად ეს ზომები პაკისტანიდან შემოსული მზვერავებისთვის განკუთვნილი ჩანს, მაგრამ ოპოზიცია ფიქრობს, რომ იგი ძირითადად საკუთარი მოქალაქეებისთვისაა გამიზნული. გაძლიერებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილთა კონტროლი ჰონკონგში, მათი ანგარიშების გაყინვის დაკანონების ჩათვლით. სინძიანის პროვინციაში (ჩინეთის დასავლეთი) გაძლიერდა ზეწოლა მუსლიმან უიღურებზე (თურქული მოდგმის წინაპრებზე), რომლებიც პროტესტს აცხადებენ იმის გამო, რომ მათი სამოსახლო წალეკილია ჩინეთის სხვა პროვინციებიდან შემოსულ მიგრანტთა მიერ. მთავრობას აქამდე ერჩივნა, ისინი არ შეემჩნია, მაგრამ ახლა ამჩნევს და ისლამისტ ტერორისტებად აცხადებს. ათასმა მათგანმა ბინ ლადენთან მომზადება გაიარა. ამერიკელებმა ერთ-ერთი მუსლიმანი სეპარატისტი ჯგუფი "ტერორისტულ ჯგუფად" აღიარეს. მანამდე "ამნესტი ინტერნეიშენელი" ლაპარაკობდა ათასობით პოლიტპატიმრებზე და წამებაზე ამ მხარეში. სიკვდილით დასჯის ახალი ტალღა 11 სექტემბრის შემდეგ აგორდა. ანალოგიურია მდგომარეობა შუა აზიაში, სადაც ხელისუფალნი, მაგალითად, ნაზარბაევი და აკაევი, ისლამური ტერორიზმის საბაბით საკუთარ მოწინააღმდეგეებს თრგუნავენ. ამერიკელები ერიდებიან მათ კრიტიკას, ვინაიდან დღეს მათი განწყობილება მნიშვნელოვანია მისი ოპერაციებისათვის ამ რეგიონში. ლიბერიის პრეზიდენტმა სამი თავისი ოპოზიციონერი, მათ შორის ერთი გაზეთის რედაქტორი "უკანონო მეომრებად" აღიარა და სამხედრო ტრიბუნალით გასამართლებას უპირებს. ხელისუფლებათა ეს ქცევა, ჟურნალის სიტყვით, სწორ გათვლას ემყარება: დღეს ხალხი უფრო უფრთხილდება თავის უშიშროებას, ვიდრე თავისუფლებას. ამ უკანასკნელის შეზღუდვის შედეგები მერეღა გამოჩნდება, არჩევნების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჟურნალი გვირჩევს, არ დავივიწყოთ, რომ კარგი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება და უსაფრთხოება, არც თუ იშვიათად მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, და არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას; თუმცა მთავრობებს არ უყვართ ხალხისთვის იმ უფლებათა დაბრუნება, რომლებიც ხალხისგან მიიღეს, ის ბზარი, რომელიც თავისუფლების ზარს გაუჩნდა, შეიძლება გამთელდეს კიდეც მომავალში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |