|
"საქართველო "
რის და რის ეშინია ისრაელს?
ისრაელის დაზვერვის ყოფილმა ლიდერმა გენერალ-ლეიტენანტმა მოშე იალონმა განაცხადა ამ ცოტა ხნის წინ, რომ პალესტინელთა მიერ წარმოებული "ინტაფადა" - ტერორისტული ომი ებრაელების წინააღმდეგ არის არა მოსახლეობის სპონტანური ამბოხება ოკუპაციის წინააღმდეგ, არამედ წინასწარგანზრახული მიზანმიმართული ომი, რომელსაც ამოცანად აქვს ისრაელის საზოგადოების პარალიზაცია და, საბოლოოდ, ისრაელის სახელმწიფოს აღმოფხვრა. გენერლის სიტყვებს მისი რწმუნების საზღვრებიდან გასვლა უწოდეს მშვიდობის მომხრე ებრაელებმა და მიესალმნენ მემარჯვენეები. გენერალმა შემდგომ დააკონკრეტა თავისი სიტყვები ინტერვიუში, სადაც მან, სხვათა შორის, ისიც თქვა, რომ, პალესტინელების აზრით, დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. ეს მათი ტაქტიკა შედგება ტერორიზმისაგან და დემოგრაფიისაგან. მათი მოქმედება კიბოს მსგავსია, რასაც ისრაელი ვერ შეურიგდება. მისი ერთადერთი ხსნა იმაშია, რომ მყარად ჩაბეჭდოს პალესტინელთა ცნობიერებაში ის ჭეშმარიტება, რომ ტერორით ისრაელს ვერ დაამარცხებენ. მან თქვა, რომ ყოველგვარი ერთმხრივი უკანდახევა მიუღებელია, რადგან იგი გაიგება როგორც სისუსტის ნიშანი, და რომ დასავლეთ სანაპიროზე ზღუდეების ასაშენებლად დახარჯული ფული შეიძლება უფრო ნაყოფიერადაც იხარჯებოდეს, ვიდრე ამ გზით. გენერალმა თქვა, მე ვლაპარაკობ როგორც "ჰუმანისტი, ლიბერალი, დემოკრატი და მშვიდობის მაძიებელიო", თუმცა მშვიდობის არაერთ სხვა მაძიებელს, "THE ECONOMIST"-ის აზრით, ვერაფერში მოეწონება გენერლის ამგვარი პოზიცია. გენერლის აზრით, ბრალი ვრცელდება არა მხოლოდ პირადად არაფატზე, არამედ მოძრაობაზე მთლიანად. მისი არც ერთი მონაწილე სანდო არ არის და არ შეიძლება დაშვებულ იქნას მომავალ ადმინისტრაციაში. იგი შეეკამათა განსვენებული იცხაკ რაბინის აზრსაც, რომ პალესტინური მოძრაობა არ წარმოადგენს საშიშროებას ისრაელის არსებობისათვის. განსხვავებული პოზიციის დამცველთაგანაც ზოგჯერ არანაკლებ მოულოდნელი სიტყვები ისმის, ვიდრე გენერლის გამოთქმულია. მაგალითად, ბრიტანეთის მთავარმა რაბინმა საქსმა ინტერვიუში თქვა, როგორც ებრაელი, კარგად ვერ ვგრძნობ თავს იმის ფონზე, რაც ისრაელში ხდებაო, და მირჩევნია, ისრაელმა ყველა სადავო მიწები დათმოს მშვიდობის საფასურადო. მაგრამ - კითხვას სვამს ჟურნალი - რამდენი დივიზია ეყოლება ასეთ შემთხვევაში მთავარ რაბინს?
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |