"საქართველო "
# 14 (1786)
19 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2002 წელი

ქურთების გეგმები ერაყში

ერაყის ჩრდილო-დასავლეთში ქურთებით დასახლებული ზონის განუყოფელი ბატონ-პატრონია მასუდ ბარზანი - ირანის ქურთთა ერთ დროს სახელგანთქმული ლიდერის მემკვიდრე. ამ ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იგივე მდგომარეობა აქვს მის მეტოქეს ჯალალ თალიბანის, რომელიც უფრო ლიბერალური მიმართულებისად ითვლება. სულ ქურთებს (მოსახლეობა - 3,5 მლნ) 100 ათასი მებრძოლი ჰყავთ თოფქვეშ. მათი მიზანია დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, თუმცა ტაქტიკური მოსაზრებით ზოგი მათგანი (ესაა თალიბანი) დღეს მზადაა ფედერაციაზე დათანხმდეს. 1951 წლიდან ქურთებს საკმაოდ ფართო ავტონომიური უფლებები და შესაძლებლობები აქვთ. როგორც "საქართველოს" წინა ნომრებში იყო აღნიშნული ("THE ECONOMIST"-ზე დაყრდნობით), თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად მათ დაგეგმილი აქვთ კირკუკის გამოცხადება - ქალაქისა, რომელიც ერაყის სანავთობე ცენტრია. დღეს მათ მეგობრული საუბრები აქვთ ერაყისავე არაბულ ოპოზიციასთან, რომელიც დღესდღეობით ეუბნება მათ, რომ, ალბათ, მათი პრობლემის წამოწევის დრო დღეს არ არის. მიუხედავად ამ მეგობრობისა, ორივე მხარემ იცის, რომ ქურთებს უნდათ ორი იმდენი მიწა-წყალი, რასაც დღეს აკონტროლებენ, და რომ ამას ძნელად თუ დაეთანხმება რომელიმე არაბული მხარე. ქურთების მონაწილეობა მომავალ შესაძლო ამერიკულ-ერაყულ ომში, თითქოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ რეალურად ქურთები, საფიქრებელია, ვერ ასცდებიან მასში ჩაბმას, თუმცა ომი ძალიან არ უნდათ, რადგან თავის საწინააღმდეგოდ ზედმეტი საბაბის შექმნა არ სურთ.

ქურთების ფრიად ფართო გეგმას (ერთიანი ქურთული სახელმწიფოს შექმნას ერაყის, თურქეთის, სირიისა და ირანის ურთიერთმიმდგომი ქურთული ტერიტორიებისაგან) დღეს ფრიად აფერხებს ის გარემოება, რომ თვით ერაყშივე მათი მოსახლეობა უკვე ფრიად შეთხელებულია არაბების მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდისა და ქურთთა ნაცვლად არაბი მოახალშენეების შემოსახლების შედეგად. მაგრამ ქურთებს ეს იმედს არ უკლავს. მათ მიაჩნიათ, რომ არაბები გაიქცევიან საშიშროების შექმნისთანავე, რომელიც მათი სახელმწიფოს დაარსებას მოჰყვება.

თალიბანის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდულ ხედერი აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინის საქმე დამთავრებულია. ეს მან, თითქოს, იცის ერაყელი ოფიცრებისაგან, რომლებიც ჩქარობენ იმის აღბეჭდვას, რომ ჰუსეინის წინააღმდეგ მუშაობენ.

ერაყელი პარტიზანები წვრთნას გადიან ბარზანის მიერ კონტროლირებულ მთიანეთში იმ მიზნით, რომ რეგულარული არმიის ჯარისკაცებად ჩამოყალიბდნენ. მათი ლოზუნგია "ქურთისტანი ან სიკვდილი". მართალია, რეგულარული არმია ფედერალური ერთეულისათვის, "ეკონომისტის" სიტყვით, ცოტა არ იყოს ჭარბი ამბიციაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქურთების სამომავლო გეგმების მასშტაბს, იგი არც ისე გადამეტებული ჩანს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com