"საქართველო "
# 14 (1786)
19 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2002 წელი

ბასკები და მათი პოლიტიკა ესპანეთში

ბასკური ტერორისტული ორგანიზაცია "ეტა" ცნობილია მსოფლიოში. მის მსხვერპლთა რაოდენობა 800 კაცს აღწევს. იგი, რა თქმა უნდა, კანონგარეშეა, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ აიკრძალა (სასამართლოს მიერ) პოლიტიკური პარტიაც "ბატასუნა", რომელიც, საერთო აზრით, სხვა არა არის რა, თუ არ "ეტას" პოლიტიკური ფრთა. სასამართლოს ეს აქტი შედგა მას შემდეგ, რაც სათანადო გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის პარლამენტმა. მაგრამ მრავალნი თვლიან (მათ შორის ბრიტანული ჟურნალიც "თHE EჩONOMIშთ"), რომ ეს გადაწყვეტილება და ეს აქტიც შეცდობა იყო. ჟურნალს, მაგალითად, მიაჩნია, რომ უმჯობესი იყო ამ პარტიის შეზღუდვა და ასეთი შეზღუდვის ფორმებად ასახელებს ორს: ფულადი პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი დემონსტრაციების შედეგად მიყენებული ზარალის გამო და ამ პარტიის გამორიცხვას იმ პოლიტიკურ ორგანიზაციათა სიიდან, რომლებსაც მთავრობა, კანონის თანახმად, ფინანსურ დახმარებას უწევს.

რა არის ბასკების ამ ორგანიზაციათა მიზანი? დამოუკიდებლობა და ბასკური სახელმწიფოს შექმნა, რომელიც მოიცავს ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს და საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, მაგრამ ესპანეთის ბასკებში "ეტას" ტერორისტული ტაქტიკა პოპულარული არაა (მას ბასკების 10+ თუ უჭერს მხარს), რადგან ბასკები ესპანეთში დაჩაგრულები არ არიან. პირიქით: მათ ფართო ავტონომიური უფლებები აქვთ და მათი ქვეყანა ესპანეთის ერთ-ერთ განვითარებულ და კეთილდღიან მხარედ ითვლება.

ბასკების ადგილობრივი ხელისუფლებები ძირითადად ბასკურია და ადგილობრივი მმართველები, ძირითადად, ბასკური დამოუკიდებლობის მომხრენი არიან. ესპანეთის დღევანდელი ლიდერი აზნარი მკვეთრად წინააღმდეგია ბასკების ამ ორგანიზაციებისა, სხვათა შორის, იმის გამოც, რომ "ეტას" თავის ერთ-ერთ მსხვერპლად იგიც ჰყავდა მონიშნული ადრე, თუმცა თავისი ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო.

ითვლება, რომ "ბატასუნას" აკრძალვა ვერ შეასუსტებს ტერორიზმს, მაგრამ, სამაგიეროდ, შეამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ, ტერორისტებთან მოლაპარაკების საჭიროების შემთხვევაში მათთან მისასვლელი გზა მოინახოს.

პარლამენტის გადაწყვეტილებისთანავე პოლიცია შეუდგა "ბატასუნას" ოფისების ჩაკეტვას. აიკრძალა მათთვის წყლისა და დენის მიწოდება. პარტიის თავმჯდომარე არნალდო ოტეგი გამოათრიეს მისი ოფისიდან. მან მაშინვე განაცხადა, რომ ესპანეთი "რეპრესიული სახელმწიფოა". პარტიის რისხვა დაატყდა ბასკების მეორე, უფრო ზომიერ, ეროვნულ პარტიასაც, რომელსაც დღეს ხელისუფლების მქონე ადგილობრივი ბასკი მმართველები ეკუთვნიან. მათ "მოღალატეები" უწოდეს და მისი მთავარი შტაბბინის წინ შეკრებილი "ბატასუნელები" ყვიროდნენ "ომი თუ გინდათ, ომს მიიღებთო".

ესპანელთა უმრავლესობა ემხრობა აზნარის მყარ კურსს ბასკების წინააღმდეგ, რადგან ფიქრობს, რომ დროა დამთავრდეს იმ 25-წლიანი გადამეტებული "თავის ნებაზე მიშვების" ეპოქა, რომელიც ფრანკოს მკაცრ უნიტარისტულ დიქტატურას მოჰყვა. აზნარის პარტიის წევრ ბასკებს, რომლებმაც ხმა არ მისცეს პარლამენტის გადაწყვეტილებას, "მხდალნი" უწოდეს. ასევე დაახასიათეს კატალონიელი ნაციონალისტები და "გაერთიანებული მემარცხენეები", რომელთაც კენჭისყრისას თავი შეიკავეს.

შიშობენ, რომ წინააღმდეგობამ შეიძლება სისხლიანი სახე მიიღოს მაისში ადგილობრივი არჩევნების დროს, სადაც "ბატასუნას" ტრადიციულად, ყველაზე ძლიერი პოზიციები აქვს ხოლმე.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com